მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმიდა გრიგოლ დიოლოღოსი

 

დიალოღონი
საუბრები იტალიელი მამების ცხოვრებისა და სულის უკვდავების შესახებ

 

წიგნი მეორე - თავი ოცდამეთხუთმეტე
მთელი ქვეყნიერება, რომელიც წმინდანს თვალწინ წარმოუდგა, და ქალაქ კაპუის ეპისკოპოს გერმანეს სულის შესახებ


კამპანიის ოლქში პატრიც ლიბერის მიერ აგებული მონასტრის დიაკვანი და წინამძღვარი, სახელად სერბანდი, წმიდა ბენედიქტეს მონასტერს მასთან საუბრის მიზნით ხშირად სტუმრობდა. ზეციურ სწავლებას ეს მოღვაწეც უხვად წარმოადენდა და ამგვარად, ურთიერთს მარადიული ცხოვრების შესახებ ტკბილი საუბრებით აღავსებდნენ და გულით ზეციური სამშობლოს საზრდელს იხმევდნენ, რომლით ტკბობა სრულად არ შეეძლოთ. როდესაც ძილის დრო დგებოდა, მონასტრის კოშკის ზედა ნაწილში ღირსი ბენედიქტე ადიოდა, ხოლო ქვევით დიაკვანი სერბანდი ისვენებდა. კოშკის ამ ორ ნაწილს კიბე აერთებდა. კოშკთან მდებარე სადგომში მათი მოწაფეები თავსდებოდნენ. ერთხელ, როდესაც ძმებს ჯერ კიდევ ეძინათ, ბენედიქტე შუაღამიან ლოცვაზე დადგა და ყოვლისშემძლე ღმერთის მიმართ სარკმლის წინ ლოცულობდა. უეცრად, შუაღამის სიბნელეში, მან ნათელი იხილა, რომელიც ისე კაშკაშებდა, რომ ღამე დღეზე უფრო მეტად განათდა. ნათებას უაღრესად საოცარი მოვლენა მოჰყვა: მთელი ქვეყნიერება, როგორც შემდეგ თავად ჰყვებოდა, მის თვალწინ თითქოს მზის ერთ სხივში მოიკრიბა. ღირსმა მამამ ზეციური ნათლის სიკაშკაშეს ყურადღებით მიჰხედა და ცეცხლოვან ციალში კაპუის ეპისკოპოს გერმანეს სული იხილა, რომელსაც ანგელოზები ზეცად მიაბრძანებდნენ. წმინდანმა ისურვა სასწაულის მხილველი სხვაც ყოფილიყო და სერბანდს ხმამაღლა მოუხმო, მისი სახელი ორჯერ და სამჯერ გაიმეორა. წმიდა მამის უჩვეულო ძახილმა სერბანდი მყისვე გააღვიძა, ზევით ავიდა, შეხედა და ნათლის მხოლოდ მცირედი ნაწილი იხილა. სასწაულმა ის გააოცა, წმინდანმა კი თანამიმდევრულად მოუთხრო, რაც მოხდა და დაუყოვნებლივ გაგზავნა ბრძანება კასინოს მონასტერში ღმრთისმოსავ თეოპრობესთან, რომელსაც დაავალა, იმავე ღამით ქალაქ კაპუაში ვინმე გაეგზავნა იმის გასაგებად, თუ რა დაემართა ეპისკოპოს გერმანეს და მისთვის ეცნობებინა. წარგზავნილს ეპისკოპოსი გერმანე მიცვალებული დახვდა. როდესაც გამოიკითხა, აღმოჩნდა, რომ ის სწორედ იმ დროს აღესრულა, როდესაც წმიდა ბენედიქტემ ზეცად აღმავალი იხილა.

პეტრე: საკვირველი და ფრიად განსაცვიფრებელი შემთხვევაა. მაგრამ სიტყვები, რომ ბენედიქტეს თვალთა წინაშე მთელი ქვეყნიერება მზის ერთ სხივში მოიკრიბა, ჩემთვის გაუგებარია, რადგან მსგავსი რამ არსად არავის განუცდია; ანუ გონებით ვერ ვწვდები, როგორ შეიძლებოდა ერთ ადამიანს მთელი ქვეყნიერება ეხილა.

გრიგოლი: მტკიცედ გწამდეს, პეტრე, ის, რაზეც გესაუბრები: შემოქმედის მჭვრეტელი სულისთვის ყოველი ქმნილება მცირეა. ვინც შემოქმედის ნათელს თუნდ ნაწილობრივ იხილავს, მისთვის ყოველი ქმნილება კნინდება იმიტომ, რომ შინაგანი ხედვის ნათელი გონების თვალსაწიერს განავრცობს და მას უფლის მადლის შეწევნით იმდენად განფენს, რომ გონება სამყაროს ზემოთ აღიტაცება; მჭვრეტელის სული თავის თავზეც მაღლდება. ხოლო როდესაც საღმრთო ნათელში თავის თავზე მაღლა აღიტაცება, იმ დროს მისი ძალა მის ქვევით მყოფ სამყაროზე მეტად განივრცობა და, როდესაც ქვევით ყოველივეს ჭვრეტს, ხვდება, რაოდენ კნინია ის, რასაც დამცრობილ მდგომარეობაში ყოფნისას ვერ შეიცნობდა. ამგვარად, წმიდა მამა, რომელიც ცეცხლოვან სფეროს შესცქეროდა და თვით ზეცად აღმავალ ანგელოზებს ხედავდა, უეჭველია, ამას ვერ იხილავდა, თუ არა საღმრთო ნათელში მყოფი. რა არის გასაკვირი, თუკი თვალწინ მოკრებილ სამყაროს ხედავდა ის, ვინც გონებრივი ნათლით აღტაცებული სამყაროს გარეთ იმყოფებოდა? როდესაც ნათქვამია, რომ სამყარო მის თვალთა წინაშე შემოიკრიბა, ეს არ ნიშნავს, რომ ცა და დედამიწა ერთგვარად შეიკუმშა, არამედ ეს ღმერთთან აღტაცებული მჭვრეტელის სულის განვრცობას ნიშნავს და ამ დროს მას ღმერთის მთელი ქმნილების ხილვა ძალუძს. ამგვარად, ხორციელ თვალთა წინაშე გაბრწყინებულ ნათელში იყო გონების შინაგანი ნათელი, რომელმაც ადამიანისთვის უმაღლეს სულიერ ზღვართან აღტაცებულ მჭვრეტელ სულს უჩვენა, რა ვიწროა ქვევით ყოველივე.

პეტრე: ის, რომ შენს ნათქვამს ვერ ჩავწვდი, ჩემთვის სასარგებლო აღმოჩნდა: ჩემმა მიუხვედრელობამ შენი საუბრის გაგრძელება გამოიწვია. რადგან ყოველივე სრულიად ცხადად განმიმარტე, გთხოვ დავუბრუნდეთ თხრობის თანამიმდევრობას.