გრიგოლი: ვინ არის ამქვეყნად პავლეზე აღმატებული, რომელიც უფალს სამგზის ევედრა ხორცთა საწერტელისგან გაეთავისუფლებინა იგი, თუმცა საწადელს ვერ ეწია? ამასთან დაკავშირებით საჭიროდ მიმაჩნია ღირსი ბენედიქტეს შესახებ მოგითხრო, რადგან მან ვერ აღასრულა ის, რაც სურდა. წმინდანის დას, სახელად სქოლასტიკას, რომელიც ყოვლად- ძლიერი ღმრთისადმი ადრეული სიყრმიდან იყო შეწირული, ჩვეულებად ჰქონდა წელიწადში ერთხელ ბენედიქტესთან მისულიყო. წმიდა მამა მას მონასტრის სიახლოვეს მდგარ სახლში ხვდებოდა. ერთ დღეს და ჩვეულებისამებრ მოვიდა. წმინდანი მის სანახავად ძმებთან ერთად გამოვიდა. დღე ღმერთის დიდებაში, წმიდა და ამაღლებულ საუბარში გაატარეს, ხოლო როდესაც მოსაღამოვდა, ერთად იტრაპეზეს. ისინი ჯერ კიდევ მაგიდას უსხდნენ, საამო საუბარში დრო შენელებული ეჩვენებოდათ. ამ დროს წმიდა დედაკაცმა ბენედიქტეს ვედრება დაუწყო: “ნუ დამტოვებ ამ ღამით; დილამდე ვისაუბროთ ზეციური ცხოვრების სიხარულზე“. მან მიუგო: “დაო, რას ამბობ? მონასტრის გარეთ ვერ დავრჩები“. ამ დროს ცა სრულიად მოწმენდილი იყო და ერთი ღრუბლის ნაგლეჯიც არსად ჩანდა. ღმრთისმოშიშმა დედაკაცმა ძმისგან უარი რომ გაიგო, ხელები მაგიდაზე დააწყო და ყოვლადძლიერი ღმერთის მიმართ ლოცვისათვის თავი ხელებზე დახარა. როდესაც თავი ასწია, გაიელვა, ჭექა-ქუხილი ატყდა და ისეთი კოკისპირული წვიმა წამოვიდა, რომ ვერც ბენედიქტემ, ვერც მასთან მყოფმა ძმებმა ფეხი ვერ მოიცვალეს იქიდან, სადაც ისხდნენ. ამგვარად, ღმრთისმოშიშმა დედაკაცმა თავის დახრისას უხვად დაღვარა ცრემლი, რომელმაც მოწმენდილი ცა საწვიმრად გადააქცია და თანაც არა იმგვარად, რომ წვიმა ლოცვიდან რამდენიმე ხანში წამოსულიყო, არამედ ლოცვა და თქეში იმდენად ერთდროული იყო, რომ როდესაც თავი წამოსწია, უკვე ქუხდა და წვიმდა. წმიდა მოსაგრემ რომ იხილა, წვიმისა და ჭექა-ქუხილის გამო მონასტერში ვერ დაბრუნდებოდა, მწუხარედ დაიჩივლა: “შეგინდოს ყოვლადძლიერმა ღმერთმა, ეს რა ჩაიდინე?“ დამ კი მიუგო: “აჰა, შენ გთხოვე, მაგრამ არ ისმინე; ჩემს ღმერთს შევთხოვე - და მან შეისმინა ჩემი. თუკი შეძლებ, გამოდი გარეთ, მე გამაცილე და მონასტერში დაბრუნდი“. მაგრამ ეს შეუძლებელი იყო და ბენედიქტე თავისი ნების საწინააღმდეგოდ იქ დარჩა. ამგვარად, მთელი ღამე იფხიზლეს, სულიერ ცხოვრებაზე ისაუბრეს და ურთიერთს აამებდნენ. ამიტომ ვთქვი, რომ იყო ისეთი რამ, რაც მას სურდა, მაგრამ ვერ მიიღო. ღირსი მამის გულისსიტყვებიდან გამომდინარე ცხადია, რომ მას სურდა ცა ისევე ყოფილიყო მოწმენდილი, როგორც დასთან შეხვედრის ჟამს იყო, მაგრამ მისი სურვილის საწინააღმდეგო რამ მოხდა, დედაკაცის სულმა ყოვლისშემძლე ღმერთის ძალით სასწაული აღასრულა. გასაკვირი არ არის, რომ იმ დროს უმეტესის აღსრულება დედაკაცმა შეძლო, რომელსაც ძმის ხილვა დიდი ხნის მანძილზე სურდა, რადგან წმიდა იოანეს სიტყვით “ღმერთი სიყუარული არს“ (1 იოან. 4, 16). ამ მართალი მსჯავრის მიხედვით, უმეტესის აღსრულება იმან შეძლო, ვისაც მეტი სიყვარული ჰქონდა.
პეტრე: გამოგიტყდები, შენმა მონათხრობმა დამიპყრო.