ერთ დღეს წმინდანი ძმებთან ერთად მინდორში გავიდა სამუშაოდ. იმ დროს ერთი გლეხი, რომელიც ხელით მიცვალებულ ძეს მოასვენებდა და მწარედ გლოვობდა დანაკარგს, მონასტერს მოადგა და წმიდა ბენედიქტეს ეძებდა. როდესაც უთხრეს, რომ ის ძმებთან ერთად მინდორშია, გლეხმა შვილის ცხედარი მონასტრის კარიბჭესთან მიაწვინა და დამწუხრებული ღირსი მამის საძებნელად გაემართა. ამ დროს წმინდანი ძმებთან ერთად უკვე ბრუნდებოდა მინდვრიდან. დაინახა თუ არა იგი შვილმკვდარმა კაცმა, ხმამაღლა აყვირდა: “დამიბრუნე ჩემი შვილი, დამიბრუნე ჩემი შვილი!“ წმინდანმა უთხრა: “ნუთუ მე წაგართვი შვილი?“ გლეხმა უპასუხა: “ის მოკვდა. მოდი და მკვდრეთით აღადგინე“. ამის გაგონებაზე ღმრთის მონა ძლიერ დამწუხრდა და თქვა: “გაეცალეთ, ძმებო, გაეცალეთ; ეს ჩვენი საქმე არ არის, არამედ - წმიდა მოციქულებისა. რად გინდათ ისეთი ტვირთი დაგვაკისროთ, რომლის ზიდვაც არ ძალგვიძს?~ მაგრამ ის, ვისაც განუზომელი მწუხარება სტანჯავდა, დაუცხრომლად ითხოვდა თავისას, ფიცით ირწმუნებოდა, რომ არ წავიდოდა, თუ ბენედიქტე მის ვაჟს არ აღადგენდა. ამის შემდეგ ღმრთის მონამ ჰკითხა: “სად არის ის?“ კაცმა მიუგო: “აჰა, მისი ცხედარი მონასტრის ალაყაფის წინ ასვენია“. წმინდანი იმ ადგილს ძმებთან ერთად მიუახლოვდა, მუხლი მოიდრიკა, ყრმის ცხედარზე განერთხა, გაიმართა, ხელები ზეცად აღაპყრო და ილოცა: “ღმერთო, ნუ მიჰხედავ ცოდვათა ჩემთა, არამედ ამ ადამიანის რწმენას შეეწიე, რომელიც ითხოვს მკვდრეთით აღვადგინო მისი ძე, და სული, რომელსაც შენთან მოუხმე, დააბრუნე ამ სხეულში“. ის იყო ლოცვა დაასრულა, ყრმის სხეული მასში სულის დაბრუნების გამო მთლიანად შეინჯღრა. ყველა იქ მყოფი ხედავდა, რა საოცრად ირხეოდა და თრთოდა იგი. შემდეგ წმინდანმა ყრმას ხელზე ხელი მოჰკიდა, წამოაყენა და ცოცხალი და ჯანმრთელი მამას გადასცა. ცხადია, საყვარელო პეტრე, რომ მას არ ჰქონდა ხელმწიფება ამ სასწაულის აღსრულებისა, არამედ განრთხმული ლოცულობდა, რათა მის აღსასრულებლად ღმერთს ძალა მიეცა.
პეტრე: ცხადია, ყოველივეს მართალს ამბობ, რადგან სიტყვას გამოცდილებით ადასტურებ. მაგრამ მითხარი, გეთაყვა, ყველა წმიდა მამას შეუძლია აღასრულოს ის, რაც ნებავს და ყველას ეძლევა ის, რასაც ისურვებს?