მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმიდა გრიგოლ დიოლოღოსი

 

დიალოღონი
საუბრები იტალიელი მამების ცხოვრებისა და სულის უკვდავების შესახებ

 

წიგნი მეორე - თავი ოცდამეთერთმეტე
შეკრული გლეხი, რომელიც წმინდანის შეხედვით ღვედებისაგან გათავისუფლდა


ერთი გუთი, სახელად ცალა, რომელიც არიანულ ერესს მისდევდა მათი მეფის - ტოტილას დროს, მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო მოღვაწეების მიმართ საშინელი სიძულვილით იყო აღვსილი. თუკი რომელიმე მღვდელმსახურს ან მონაზონს თვალს მოჰკრავდა, ის ცოცხალი მას თავს ვერ დააღწევდა. ერთ დღეს ანგარებითა და ავაზაკობით აღძრულმა გუთმა წამება დაუწყო ერთ სოფლელ კაცს. წამებით ძლეულმა გუთს უთხრა, რომ თავისი საუნჯე ღმრთის მონა ბენედიქტეს მისცა, რათა დრო მოეგო და სიცოცხლე გადაერ- ჩინა, თუკი მტარვალი მის სიტყვებს ირწმუნებდა. ცალამ მისი წამება შეწყვიტა, ხელები სქელი ღვედებით შეუკრა და წინ გაიგდო, რომ გლეხს ეჩვენებინა, ვინ იყო ბენედიქტე, რომელსაც საუნჯე მისცა, ხოლო თვითონ უკან ცხენით გაჰყვა. სოფლელმა კაცმა გუთი წმიდა ბენედიქტეს მონასტერთან მიიყვანა. ამ დროს წმინდანი მონასტრის ალაყაფის წინ იჯდა და კითხულობდა. გლეხი მიუბრუნდა ცალას და უთხრა: “აი, ეს არის ბენედიქტე, რომლის შესახებ გითხარი“. გონებაგარყვნილმა და შეშლილმა ცალამ მრისხანე მზერა სტყორცნა წმინდანს, ეგონა მასაც სხვებივით შეაშინებდა და ხმამაღლა უყვირა: “ადექი, ადექი, დაუბრუნე ამ კაცს ის, რაც წაართვი“. მის ხმაზე წმიდა მამამ საკითხავს თვალი მოსწყვიტა, მას მიაპყრო მზერა და გვიან შენიშნა გლეხი, რომელიც იქვე ხელებშეკრული იდგა. მან როგორც კი მის შეკრულ ხელებს შეხედა, ღვედებმა სასწაულებრივად ისეთი სისწრაფით იწყეს გახსნა, რომ ვერავითარი ადამიანური სიმკვირცხლე ამას ვერ შეძლებდა. როდესაც შეკრული გლეხი წამში გათავისუფლდა, ამგვარი ხელმწიფების ძალით შეშინებული გუთი მიწაზე დაემხო, თავისი სასტიკი ქედი მოიდრიკა წმინდანის ფერხთით და თავი მის ლოცვას შეჰვედრა. წმინდანმა ძმებს მოუხმო და უბრძანა მონასტერში შეეყვანათ იგი კურთხევის მისაღებად.[1] როდესაც ცალა ისევ მასთან მიიყვანეს, შეაგონებდა დაეტევებინა უგუნური სისასტიკე. გულშემუსვრილებით მიმავალ გუთს აღარაფერი უთხოვია გლეხისთვის, რომელიც წმინდანმა ხელის შეხების გარეშე, მხოლოდ შეხედვით განხსნა საკრველთაგან. აი, რას ნიშნავს, საყვარელო პეტრე, ჩემი ნათქვამი, რომ იმათ, ვინც ყოვლისშემძლე ღმერთს კადნიერებით ემსახურება, ზოგჯერ სასწაულის აღსრულება თავისი ხელმწიფებითაც ძალუძთ. იმას, ვინც გუთის მძვინვარება მჯდომარემ მოათვინიერა, ხოლო ღვედები, რომლითაც უდანაშაულო ადამიანი იყო შეკრული, მზერით გახსნა, ხელმწიფება ჰქონდა იმაზე, რაც აღასრულა. ეს თვით სასწაულის აღსრულების სისწრაფით დაამოწმა. ამასთან ერთად გიამბობ, თუ რა დიდი სასწაულის აღსრულება შეეძლო მას ლოცვით.



[1] - კურთხევაში, როგორც ჩანს, აქ იგულისხმება პური, რომელსაც მონასტერში წინამძღვარი ტრაპეზის წინ აკურთხებს ან - უბრალოდ ტაძარში ნაკურთხი პური. წმიდა ბენედიქტემ ბრძანა ცალა, მიუხედავად მისი სისასტიკისა, სამონასტრო ჩვეულების თანახმად, ნაკურთხი პურით დაეპურებინათ, როგორც ჩვეულებრივ უმასპინძლდებოდნენ გზად მიმავალ ერისკაცებს.