ერთ დღეს წმინდანი მთის მწვერვალზე აგებულ ნეტარი იოანეს ტაძარში მიდიოდა; გზად უძველესი მტერი შემოხვდა ცხენების ექიმის სახით, თან ბუკი და სამფეხა (ცხენების შესაკრავი იარაღი) მიჰქონდა. წმინდანმა ჰკითხა: “სად მიდიხარ?“ - მან უპასუხა: “ძმებთან მივდივარ, სასმელი უნდა მივცე“. წმინდანი ლოცვაზე წავიდა, რომლის დასრულებისთანავე უკან დაბრუნდა. ბოროტმა სულმა კი ერთი მოხუცი მონაზონი დაინახა, რომელიც წყალს ავსებდა, მყისვე მასში შევიდა, მიწაზე დასცა და საშინლად აწამებდა. როდესაც ეს ლოცვიდან დაბრუნებულმა წმინდანმა დაინახა, მონაზონს სახეში მსუბუქად შემოჰკრა და მყისვე განაგდო მისგან ბოროტი, რომელმაც მასში შესვლა გაბედა.
პეტრე: მსურს ვიცოდე, წმიდა ბენედიქტე ამგვარ სასწაულებს ყოველთვის ლოცვის ძალით აღასრულებდა, თუ მხოლოდ ნების გამოვლენით.
გრიგოლი: იმათ, ვინც კეთილი საქმეებით და გონების სიწმინდით მარადის უფალთან არიან, საჭიროების მიხედვით შეუძლიათ აღასრულონ სასწაულები როგორც ერთი, ისე მეორე გზით. ამგვარად, ზოგჯერ ლოცვით აღასრულებენ, ხოლო ზოგჯერ - თავისი ხელმწიფებით. წმიდა იოანე მახარებელი გვეუბნება: “რაოდენთა-იგი შეიწყნარეს, მოსცა მათ ჴელმწიფებაჲ შვილ ღმრთისა ყოფად“ (იოან. 1, 12). თუკი არსებობენ ისეთი ადამიანები, რომელთაც ხელმწიფება აქვთ შვილ ღმრთისა ყოფად, მაშ რად არის გასაკვირი, რომ ასეთებს თავიანთი ხელმწიფებით ძალუძთ აღასრულონ სასწაულები? მათ რომ ორგვარად ძალუძთ აღასრულონ სასწაულები, კარგად ადასტურებს წმიდა მოციქულ პეტრეს მაგალითი, რომელმაც გარდაცვლილი ტაბითა ლოცვით მკვდრეთით აღადგინა (საქმე 9, 39-41), ხოლო ცრუ ანანია და საფირა მხილების გზით სიკვდილს გადასცა (საქმე 5, 1-10). არ არის ნათქვამი, რომ ის მათი მოკვდინებისთვის ლოცულობდა, არამედ მხოლოდ მათი ცოდვა ამხილა. ამგვარად, ცხადია, რომ წმინდანები სასწაულებს თავიანთი ხელმწიფებით აღასრულებენ, ზოგჯერ კი - ლოცვით, როგორც პეტრემ წაართვა სიცოცხლე ანანიას და საფირას, ხოლო ტაბითას ლოცვით მიანიჭა იგი. ერთბაშად მაგონდება წმიდა ბენედიქტეს მიერ აღსრულებული ორი სასწაული, რომელთაგან ერთი უფლისგან მონიჭებული ხელმწიფებით აღასრულა, ხოლო მეორე - ლოცვით.