მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმიდა გრიგოლ დიოლოღოსი

 

დიალოღონი
საუბრები იტალიელი მამების ცხოვრებისა და სულის უკვდავების შესახებ

 

წიგნი მეორე - თავი მესამე
მინის ჭურჭელი, რომელიც ჯვრის გამოსახვით დაიმსხვრა


გრიგოლი: საცდურის დამარცხების შემდეგ ღმრთის კაცმა, დამუშავებული მიწის მსგავსად, რომელზეც სარეველას ამოძირკვავენ, უხვად ინაყოფიერა და სათნოებანი მოიმკო. მისი სახელი განითქვა და უჩვეულო მონაზვნური ღვაწლის მეოხებით განდიდდა. შორიახლოს მონასტერი იყო, რომლის წინამძღვარი აღესრულა. იქ დარჩენილი ძმები ღირს ბენედიქტესთან მივიდნენ და გულმოდგინედ ევედრებოდნენ მათი წინამძღვარი გამხდარიყო. ის დიდხანს არ თანხმდებოდა, უხსნიდა, რომ თავისი წესებით მთელ საძმოს ვერ აამებდა, მაგრამ მათი თხოვნით ძლეული, დათანხმდა. როდესაც მონასტერში მკაცრი განწესება შემოიღო და უფლებას არავის აძლევდა თვითნებური ქცევით მონაზვნობის გზიდან მარცხნივ ან მარჯვნივ გადაეხვია (რაც ხდებოდა მანამდე), მაშინ უგუნურებით გაფიცხებულმა ძმებმა ჯერ ერთმანეთს დაუწყეს გაკიცხვა იმისთვის, რომ ასეთი მკაცრი წინამძღვარი მოიხმეს, რადგან მათი თავისუფალი ცხოვრების წესი მის წმიდა განაწესს არ ეთანხმებოდა; შემდეგ, როდესაც ნახეს, რომ ის მათ თავისუფლებას არ მიანიჭებდა, ხოლო ჩვეულებების დათმობა და დამყაყებული გონების ახალ საგნებზე მიპყრობა ეძნელებოდათ, რამდენიმე მათგანმა გადაწყვიტა მის სიცოცხლეზე ხელი აღემართათ - მოითათბირეს და ღვინოში შხამი შეურიეს. აი, რა მძიმეა სათნო ცხოვრება იმ ადამიანებისთვის, ვისაც ზნე წამხდარი აქვს! სამონასტრო ჩვეულების თანახმად, ლოცვა-კურთხევისთვის წინამძღვარს მინის ჭურჭელი მიართვეს, რომელშიც ეს მომაკვდინებელი სასმელი ესხა. წმიდა ბენედიქტემ ჯვარი გადასახა და ჭურჭელი, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში იყენებდნენ, ისე დაიბზარა, თითქოს წმიდა მამას მასში ქვა ჩაეგდოს. რადგან ჭურჭელმა ცხოვრების ნიშის გამოსახვას ვერ გაუძლო, ღმრთის კაცი მყისვე მიხვდა, რომ მასში მომაკვდინებელი სასმელი იყო. იგი მაშინვე წამოდგა და შეკრებილ ძმებს მხიარული სახით, გულდამშვიდებულმა მიმართა: “ძმებო, ყოვლისშემძლე ღმერთმა შეგიწყალოთ! რისთვის მოისურვეთ ჩემთვის ამის გაკეთება? განა უწინ არ გითხარით, რომ ჩემი ჩვეულებანი თქვენსას არა ჰგავს? წადით და თქვენი ზნის შესაფერი წინამ- ძღვარი მოიძიეთ, რადგან ამის შემდეგ თქვენი წინამძღვარი ვეღარ ვიქნები“. წმინდანი თავის საყვარელ უდაბურ ადგილს დაუბრუნდა და დაიწყო ცხოვრება განმარტოებით, საკუთარ თავში, ყოვლისმხილველი ღმერთის თვალთა წინაშე.

პეტრე: კარგად ვერ ვხვდები, რას ნიშნავს “დაიწყო ცხოვრება საკუთარ თავში“.

გრიგოლი: წმიდა მოსაგრეს იმ ადამიანთა მართვა მომავალშიც რომ მოესურვებინა, რომლებმაც ერთსულოვნად შეიძულეს და მისი ცხოვრების წესს სრულიად არ ეთანხმებოდნენ, შესაძლოა მას მხნეობა და სიმშვიდე დაეკარგა და საკუთარი თავის ჭვრეტას მოკლებოდა. შემდეგ იმათი გამოუსწორებლობით დაქანცული, საკუთარ თავზე ნაკლებად იზრუნებდა და ალბათ მასაც დაკარგავდა და ვერც იმათ შეიძენდა. ყოველთვის, გონების ძლიერი დაძაბულობის შემდეგ ჩვენ ჩვენი თავიდან გარეთ გავდივართ, იგივენი ვრჩებით, მაგრამ საკუთარ თავში აღარ ვიმყოფებით. რაკი საკუთარ თავს ვერ ვხედავთ, გონებით გარეშე საგნებს შორის მიმოვალთ. ჩვენ არ ვამბობთ, რომ საკუთარ თავში იყო ის ადამიანი, რომელიც წავიდა შორსა სოფელსა, მთელი ქონება გაფლანგა, შემდეგ მოჯამაგირედ დაუდგა იმ ქვეყნის მოქალაქეს, ღორებს უმწყემსავდა, უყურებდა, როგორ ჭამდნენ ისინი, თვითონ კი შიმშილით კვდებოდა. იმის შემდეგ, როდესაც დაკარგულ სიკეთეზე დაფიქრდა, მასზე წერია: “მოეგო რაჲ თავსა თჳსსა, თქუა: რაოდენთა სასყიდლით-დადგინებულთა მამისა ჩემისა- თა ჰმატს პური” (ლუკ. 15, 17). თავის თავთან რომ ყოფილიყო, მაშინ როგორ მოეგებოდა ”თავსა თვისსა”? აი, რა აზრით ვთქვი ამ ფრიად ღირსეულ მოღვაწეზე (ბენედიქტეზე), რომ დაიწყო ცხოვრება საკუთარ თავში. მოუკლებელად იცავდა თავს და მუდამ უფლის თვალთა წინაშე ვიდოდა, მუდამ გამოსცდიდა თავს, უკვე აღარსად მიაქცევდა გონების თვალს.

პეტრე: რას ნიშნავს ის, რაც წმიდა მოციქულ პეტრეს შესახებ არის დაწერილი, როდესაც ანგელოზმა გამოიყვანა საპყრობილიდან: “პეტრე მოეგო გონებასა თÂსსა და თქუა: აწ უწყი ჭეშმარიტად, რამეთუ მოავლინა ღმერთმან ანგელოზი თჳსი და განმარინა მე ხელთაგან ჰეროდესთა და ყოვლისაგან მოლოდებისა ერისა მის ჰურიათასა“ (საქმე 12, 11)?

გრიგოლი: საყვარელო პეტრე, ჩვენი თავის გარეთ ორგვარად გავდივართ: ან დაცემული გულისსიტყვით ჩვენს თავზე უფრო დაბლა ვეშვებით, ან ჭვრეტის დროს გარდამოსული მადლით ჩვენს თავზე ზემოთ ვმაღლდებით. ის ადამიანი, რომელიც ღორებს მწყემსავდა, გონების გარეთ განვარდნითა და უწმინდური ცხოვრებით თავის თავზე ქვევით იყო დაშვებული; ხოლო ანგელოზის მიერ გამოყვანილი და გონებით აღტაცებული, გონებით გარეთ კი იყო გასული, მაგრამ თავის თავზე ზევით იყო ამაღლებული. ისინი ორივენი გონს მოეგნენ, როდესაც ერთში, ცოდვების ჩადენის შემდეგ, სინდისი ამეტყველდა, ხოლო მეორე - ჭვრეტის სიმაღლიდან ჩვეულ მდგომარეობაში დაბრუნდა. ამგვარად, ღირსმა ბენედიქტემ უდაბნოში საკუთარ თავში ცხოვრება დაიწყო, რადგან თავს ღრმა განსჯით იცავდა, მაგრამ ყოველთვის, როდესაც ჭვრეტის სიყვარულს სიმაღლეზე აჰყავდა, ის უეჭველია, თავისი თავის გარეთ იყო.

პეტრე: ეს ასეა, მაგრამ მითხარი, გეთაყვა, ნუთუ შეიძლებოდა ძმების მიტოვება, რომელთა წინამძღვრობა თავის თავზე აიღო?

გრიგოლი: მე მგონია, საყვარელო პეტრე, რომ ბოროტ ადამიანთა ერთობლივი შემოტევა კეთილგონივრულად იქ უნდა აიტანო, სადაც რამდენიმე კეთილი ადამიანი მაინც არის და შეგეწევიან, ხოლო სადაც კეთილ ნაყოფს არ ელი, იქ ზოგჯერ ზედმეტია ბოროტთათვის გაწეული ძალისხმევა, განსაკუთრებით, თუ ისეთი გარემოებანი არსებობს, რომლებიც შეგეწევა უმჯობესი ნაყოფი შესწირო ღმერთს. ამგვარად, წმიდა მოსაგრეს ვისზე უნდა ეზრუნა, როდესაც შეიტყო, რომ ყველანი ერთსულოვნად სდევნიდნენ? სრულყოფილი მოღვაწეები ამგვარად ხშირად იქცევიან. როდესაც ხედავენ, რომ მათი შრომა უნაყოფოა, სხვა ადგილზე გადადიან, სადაც იმედოვნებენ ნაყოფიერად იღვაწონ. ამიტომ იმ სახელოვანმა მოსაგრემ (მოციქულმა პავლემ), რომელსაც გული უთქუმიდა განსლვად და ქრისტეს თანა ყოფად, რომლისთვისაც “ცხორება ქრისტე არს, და სიკუდილი - შესაძინელ“ (ფილიპ. 1, 23, 21), რომელიც არა მხოლოდ თავად ეძებდა ტანჯვას, არამედ სხვებსაც აღძრავდა, რომ დაეთმინათ ის, - თვით მან, დამასკოში დევნისგან თავი რომ დაეღწია, კედლით, საბლითა და გოდრით ისარგებლა (საქმე 9, 23-25) და ფარულად წასვლა გადაწყვიტა. ნუთუ მოციქულ პავლეს სიკვდილის ეშინოდა, როდესაც იესოს სიყვარულის გამო, როგორც თვითონ ამოწმებს, სიკვდილი სწყუროდა (2 კორ. 11, 22)? არა! არამედ, როდესაც იხილა, რომ იმ ადგილზე დიდი შრომა უნდა გაეწია და ნაყოფი მცირე იქნებოდა, სხვა ადგილზე ნაყოფიერი შრომისათვის თავი გადაირჩინა. როგორც ღმერთის მხნე მებრძოლმა, პატიმრობაში დარჩენა არ ისურვა და წავიდა, რომ ბრძოლის ველი მოენახა. ამგვარად, თუკი ყურადღებით ისმენდი, ალბათ მიხვდი, რომ ღირსმა ბენედიქტემ არა იმდენად აქ დატოვა განუსწავლელად ძმები, რამდენადაც სხვა ადგილებში აღადგინა ძმები სულიერი სიკვდილისგან.

პეტრე: მართალს ბრძანებ და შენს სიტყვებს მოყვანილი მაგალითიც ადასტურებს. განაგრძე თხრობა წმიდა მამის შესახებ.

გრიგოლი: იმ დროს, როდესაც წმინდანი მოუკლებელად იზრდებოდა სათნოებებსა და სასწაულთა აღსრულებაში, მის უდაბნოში მრავალნი შეიკრიბნენ ყოვლისშემძლე ღმერთის სამსახურისთვის. ბენედიქტემ, ყოვლისშემძლე უფალ იესო ქრისტეს შეწევნით, თორმეტი მონასტერი ააგო, თითოეულში თორმეტი მონაზონი დაასახლა და წინამძღვრები დაუდგინა. თავისთან კი რამდენიმე მონაზონი დატოვა, რომელთათვის უმჯობესად მიაჩნდა მისი თანდასწრებით აღზრდილიყვნენ. მაშინ მასთან თვით დიდებულებმა და რომაელმა წარჩინებულებმა დაიწყეს მოსვლა და შვილებს უტოვებდნენ, რათა მას ღმრთისმოშიშებით აღეზარდა ისინი. მას თავიანთი შვილები მიაბარეს: ეკვიციმ - მავრი, და პატრიცმა ტერტულიმ -პლაკიდი, რომლებიც ფრიად კეთილსაიმედონი იყვნენ. მათ შორის უმცროსი - მავრი - წინამძღვრის თანაშემწე გახდა, რადგანაც კეთილი ზნით გამოირჩეოდა, ხოლო პლაკიდი - ფიცხელ მოღვაწეობას ჯერ კიდევ სრულიად ყრმა შეუდგა.