ამგვარი მხილების შემდეგ წმიდა ბენედიქტე ძმებთან ერთად ლოცვად დადგა. იმ ადგილას, სადაც ისინი ლოცულობდნენ, იდგა ცარიელი, თავდახურული კასრი. წმინდანი ლოცვას განაგრძობდა. ამ დროს კასრის სახურავი აიწია, რადგან მასში ზეთი აღმოჩნდა და მოულოდნელად მატება იწყო. კასრს სახურავი მოხადეს, მაგრამ ზეთმა გადმოსვლა დაიწყო და იატაკზე დაიღვარა. ამის დანახვაზე წმიდა ბენედიქტემ შეწყვიტა ლოცვა და აღარც ზეთი დაღვრილა იატაკზე. მაშინ ურჩი და ურწმუნო ძმა კიდევ ერთხელ დაარიგა, ის კი ამ მაცხოვნებელი შეგონების შემდეგ დარცხვენილი იდგა, რადგან ღირსმა მამამ სასწაულით უჩვენა ყოვლისშემძლე ღმერთის ძალა, რის შესახებაც თავის დარიგებებში საუბრობდა. მას შემდეგ აღარავის შეჰქონდა ეჭვი იმის დაპირებებში, ვისაც ერთ წუთში თითქმის ცარიელი მინის ჭურჭლის სანაცვლოდ ზეთით სავსე კასრის მოცემა შეეძლო.