იმ დროს, როდესაც კამპანიის ოლქში შიმშილობა მძვინვარებდა, წმინდანი ყველაფერს გაჭირვებულებს ურიგებდა, ისე, რომ საკუჭნაოში ცოტაოდენი ზეთის გარდა აღარაფერი დარჩა, რომელიც მინის ჭურჭლით ინახებოდა. მაშინ ერთმა იპოდიაკვანმა, სახელად აღაპიტემ, დაჟინებით მოითხოვა, რომ ცოტაოდენი ზეთი მისთვის მიეცათ. წმინდანმა, რომელსაც გადაწყვეტილი ჰქონდა მიწაზე ყველაფერი გაეცა, რათა ზეცაში დაეუნჯებინა, ბრძანა მთხოვნელისთვის დარჩენილი ზეთი მიეცათ. საკუჭნაოს ზედამხედველმა მონაზონმა წმინდანის მითითება თუმცა გაიგო, მაგრამ არ აღასრულა. როდესაც რამდენიმე ხანში მას ჰკითხეს, შეასრულა თუ არა ბრძანება, მონაზონმა უპასუხა, რომ არ გასცა ზეთი, რადგან მთხოვნელისთვის რომ მიეცა, დანარჩენი ძმებისთვის აღარაფერი დარჩებოდა. მაშინ განრისხებულმა წმიდა ბენედიქტემ სხვებს უბრძანა, რომ ის ჭურჭელი, რომელშიც ცოტაოდენი ზეთი იყო, ფანჯრიდან გადაეგდოთ, რათა მონასტერში დაუმორჩილებლობის გამო არაფერი დარჩენილიყო. ასეც მოიქცნენ. იმ ფანჯრის წინ ციცაბო, ბასრი ქვებით მოფენილი ფლატე იყო. მინის ჭურჭელი ქვებზე დაენარცხა, მაგრამ უვნებელი დარჩა, არც ზეთი დაღვრილა. წმინდანმა უბრძანა ამოეტანათ ჭურჭელი და რადგან მთელი გადარჩა, მთხოვნელისთვის მიეცათ. მაშინ მან ძმათა კრებულის წინაშე ამხილა ურჩი მონაზონი უნდობლობისა და ამპარტავნებისათვის.