იმასაც გადმოგცემ, რასაც ბენედიქტეს მოწაფე, სახელად პერეგრინე, ხშირად მიამბობდა. ერთ პატიოსან კაცს ვალები დაუგროვდა. მან თავის გადასარჩენად ერთადერთი საშუალება მოიფიქრა - წმინდანთან მისულიყო და ეთქვა, ვალი როგორ ამძიმებდა. წავიდა მონასტერში, მოძებნა იგი და უამბო, როგორ ითხოვდა მისგან მევალე თორმეტ ოქროს. ღირსმა მამამ საწყალი კაცი ტკბილი სიტყვით დაამშვიდა და უთხრა: “ორი დღის შემდეგ მოდი, რადგან ამჟამად არაფერი მაქვს, რომ მოგცე“. ეს ორი დღე წმინდანმა ჩვეულებისამებრ ლოცვაში გაატარა. როდესაც მესამე დღეს მოვალე დაბრუნდა, მონასტრის საკუჭნაოსთან, სადაც პურს ინახავდნენ, ცამეტი ოქრო აღმოაჩინეს. წმიდა მამამ ნაპოვნი ფული მოატანინა, ბრძანა საწყალი მოვალისთვის მიეცათ და უთხრა, თორმეტი მევალისთვის დაებრუნებინა, ერთი კი საჭიროებისამებრ თვითონ გამოეყენებინა.
დავუბრუნდეთ იმას, რაც წმიდა ბენედიქტეს მოწაფეებისგან შევიტყვე, რომლებიც წიგნის დასაწყისში ვახსენეთ. ერთ ადამიანს მტერი ფრიად აჭირვებდა. ის სიძულვილით იქამდე მივიდა, რომ ფარულად სასმელში შხამს ურევდა. თუმცა შხამმა ვერ მოკლა, მაგრამ კანი ისე აუჭრელდა, რომ კეთრიანს ჰგავდა. მაგრამ ღმრთის კაცთან მისვლისთანავე გამოჯანმრთელდა: ის იყო მას ბენედიქტე შეეხო, რომ კანის სიჭრელე მყისვე გაქრა და ძველებური იერი დაუბრუნდა.