მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმიდა გრიგოლ დიოლოღოსი

 

დიალოღონი
საუბრები იტალიელი მამების ცხოვრებისა და სულის უკვდავების შესახებ

 

წიგნი მეორე - თავი ოცდამესამე
ორი ენკრატისი (მონაზონი დედები), რომლებიც სიკვდილის შემდგომ წმიდა ბენედიქტეს მიერ ევქარისტიაზე აღვლენილი ლოცვით ეკლესიის წიაღში იქნენ დაბრუნებულნი


გრიგოლი: წმიდა ბენედიქტეს სრულიად ჩვეულებრივი საუბარიც, პეტრე, სულიერ ძალას მოკლებული არ იყო: ვისი გულიც ღმერთისკენ ისწრაფოდა, იმის ბაგეთაგან გამოსული სიტყვა ამაო არასოდეს ყოფილა. თუკი ოდესმე რაიმეს დაუმტკიცებლად გამოთქვამდა, მხოლოდ მუქარით, მაშინაც კი მისი სიტყვა ისეთი ძალმოსილი იყო, თითქოს გადაჭრით გამოეთქვას, საბოლოო განაჩენის სახით. მაგალითად, მისი მონასტრის სიახლოვეს ორი წარჩინებული ღმრთისმოსავი ენკრატისი თავისსავე სახლში სულის ცხონებისთვის იღვწოდა. მათ ერთი ღმრთისმოშიში კაცი შეეწეოდა და სიცოცხლისთვის ყოველივე აუცილებელს აწვდიდა. ზოგიერთ ადამიანში წარმომავლობა სულმდაბლობას შობს და თავს მხოლოდ იმის გამო განიდიდებენ, რომ თავიანთი წარმომავლობა ახსოვთ. ხსენებულმა დედებმაც ენა სრულად ვერ მოთოკეს, თავს სათნოების გარეგანი საფარველით იფარავდნენ და იმ ღმრთისმოშიშ მონას, რომელიც მათ საარსებო საშუალებებს აწვდიდა, მოურიდებელი სიტყვებით ხშირად შეურაცხყოფდნენ. ის დიდხანს ითმენდა, მაგრამ შემდეგ ღმრთის კაცს ეახლა და უამბო, დედებისგან რა შეურაცხყოფას ითმენდა. წმინდანმა მათ შესახებ ეს რომ გაიგო, მაშინვე შეუთვალა: “ენები მოიზღუდეთ; თუკი არ გამოსწორდებით, ეკლესიისგან განგკვეთთ“. განკვეთის შესახებ მან, ცხადია, წარმოთქვა არა გადაჭრით, არამედ - მხოლოდ მუქარით. ქალწულებს ნაკლი ოდნავადაც არ გამოუსწორებიათ, რამდენიმე დღის შემდეგ კი აღესრულნენ და ტაძარში დაკრძალეს. როდესაც იმ ტაძარში ლიტურგია აღევლინებოდა და დიაკვანი წარმოთქვამდა სიტყვებს: “კათაკმეველნო განვედით“, - იმ მოწესე დედების აღმზრდელი ქალი, რომელსაც წესად ჰქონდა მათ სახელზე უფლის მიმართ შესაწირავი გაეღო, ხედავდა, ისინი საფლავებიდან როგორ დგებოდნენ და ტაძრიდან გადიოდნენ. რამდენიმე ხილვის შემდეგ აღმზრდელს მოაგონდა, თუ რა უთხრა მათ ღმრთის კაცმა, როდესაც ცოცხლები იყვნენ. მათ ეკლესიასთან ერთობა აქვთ ჩამორთმეული, - გადაწყვიტა აღმზრდელმა, - რადგან არ გამოასწორეს ენა და ზნე. მაშინ დამწუხრებულმა ქალმა ამის შესახებ ღმრთის მონას მოუთხრო. წმიდა ბენედიქტემ მყისვე სეფისკვერი მისცა და უთხრა: “წადი, ეს სეფისკვერი უფალს მათთვის შესწირე და განკვეთილები აღარ იქნებიან“. როდესაც ეს მსხვერპლი შეწირულ იქნა და დიაკვანმა კვლავ ჩვეულებისამებრ მოუწოდა, რომ კათაკმევლები ტაძრიდან გასულიყვნენ, მოწესე დედები გარეთ აღარ გასულან. სრულიად ცხადად ჩანს, რომ განკვეთილნი კათაკმეველთა რიცხვში იყვნენ, ვიდრე ღმრთის მონის მეოხებით უფალმა ეკლესიასთან ერთობის ღირსი არ გახადა.

პეტრე: საკვირველია, ჯერ კიდევ ამქვეყნად, ხრწნად ხორცში მყოფმა ღირსმა მამამ, როგორ გახსნა სულები, რომლებიც უკვე სხვა, უხილავ მსჯავრს იყვნენ დაქვემდებარებულნი.

გრიგოლი: საყვარელო პეტრე, ნუთუ ხორცში არ იყო ის, ვისაც ესმა აღთქმა: “რომელი შეჰკრა ქუეყანასა ზედა, კრულ იყოს იგი ცათა შინა; და რომელი განჰჴსნა ქუეყანასა ზედა, ჴსნილ იყოს იგი ცათა შინა“ (მათ. 16, 19)? შეკვრასა და გახსნაში მისი მემკვიდრენი ისინი არიან, ვინც რწმენისა და კეთილზნეობრიობის მეოხებით სამღვდელო ხელმწიფებას იღებენ. მიწიერ ადამიანს ამგვარი საქმის აღსრულება რომ შეძლებოდა, ცისა და მიწის შემოქმედი ზეციდან ქვეყნად გარდამოხდა, - ხორცს თვით სულთა განსჯაც რომ შეძლებოდა; ღმერთმა, რომელმაც ხორცნი შეისხნა ადამიანთათვის, იგი ამგვარი მადლის ღირსი გახადა, - ჩვენი უძლურება მაშინ დაიძლია, როდესაც იგი ღმერთის ძლიერებამ შეიმოსა.

პეტრე: სიტყვის ჭეშმარიტება სასწაულის ძალით მართლდება.