მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმიდა გრიგოლ დიოლოღოსი

 

დიალოღონი
საუბრები იტალიელი მამების ცხოვრებისა და სულის უკვდავების შესახებ

 

წიგნი მეორე - თავი ოცდამეორე
ტერაცინის მონასტრის აგება, როგორც ამის შესახებ ხილვაში ემცნო წმიდა ბენედიქტეს


გრიგოლი: ერთმა ღმრთისმოშიშმა კაცმა წმიდა ბენედიქტეს სთხოვა თავისი მოწაფეები წარეგზავნა, რათა მის მამულში, ქალაქ ტერაცინის მახლობლად მონასტერი აეგოთ. ბენედიქტე მის თხოვნას დაეთანხმა, რამდენიმე ძმა გაგზავნა და მათ წინამძღვარი და მისი მოადგილეც დაუდგინა. გამგზავრების წინ მათ დაჰპირდა: “წადით, მე ამა და ამ დღეს მოვალ და გიჩვენებთ, სად უნდა ააგოთ ტაძარი, სად - ძმათა სატრაპეზო, სად - სასტუმრო მომსვლელთა მისაღებად და სხვა აუცილებელი ნაგებობები“. მათ ლოცვა-კურთხევა მიი- ღეს, იმ ადგილზე გაემგზავრნენ, დანიშნულ დღეს მოუთმენლად ელოდნენ და მონასტრის მშენებლობისთვის ყოველივე აუცილებელი მოამზადეს. დანიშნული დღის წინ, იმ ღმრთის მონას, რომელიც წინამძღვრად იქნა დადგენილი და მის მოადგილეს, წმიდა მამა ძილში გამოეცხადა და ზედმიწევნით მიანიშნა, სად რა უნდა აეგოთ. გაღვიძებულებმა ნანახი ერთმანეთს გაანდეს, მაგრამ ძილში ნანახს მთლად ვერ მიენდვნენ და ღმრთის კაცს დაელოდნენ, რადგან იგი მოსვლას დაჰპირდა. როდესაც დანიშნულ დღეს წმინდანი არ მოვიდა, დამწუხრებულები მივიდნენ მასთან და უთხრეს: “მამაო, გელოდით, გვეგონა, რომ დაპირებისამებრ მოხვიდოდი და გვიჩვენებდი, სად რა უნდა აგვეგო, მაგრამ არ მოხვედი“. მან უპასუხა: “ძმებო, ამას რად ამბობთ? ნუთუ დაპირებისამებრ არ მოვედი?“ კითხვაზე: “როდის მოხვედი?“ - მან მიუგო: “ნუთუ ორივე თქვენგანს ძილში არ გამოგეცხადეთ და ადგილები არ მიგითითეთ? წადით და რაც გესმათ და იხილეთ, მონასტრის შენობა იმგვარად ააგეთ“. მათ ეს სიტყვები დიდი გაკვირვებით მოისმინეს, ხსენებულ მამულში დაბრუნდნენ და მონასტრის ყველა შენობა ისე ააგეს, როგორც ძილში იხილეს.

პეტრე: მსურს ვიცოდე, როგორ შეიძლებოდა მომხდარიყო, რომ ძმებისგან შორს მყოფ წმინდანს მძინარეთათვის მითითება მიეცა, რაც მათ ძილში იხილეს და ესმათ.

გრიგოლი: პეტრე, რად ეჭვობ და გამოეძიებ, თუ რაგვარად აღესრულა ეს საქმე? სრულიად ცხადია, რომ სული ბევრად უფრო ადვილად გადაადგილდება, ვიდრე სხეული. წმიდა წერილის დამოწმებით უეჭველად ვიცით, რომ იუდეიდან აღტაცებული წინასწარმეტყველი (ამბაკუმი), უეცრად დაეშვა ქალდეაში საჭმლით ხელში (დან. 14, 33-39), რომლითაც წინასწარმეტყველი (დანიელი) ასაზრდოვა და შემდეგ ისევე მეყსეულად იუდეაში აღმოჩნდა. ამრიგად, თუკი ამბაკუმს შეეძლო სხეულით ასე შორს გადაადგილებულიყო და წამისყოფაში საჭმელი მიეტანა წინასწარმეტყველისთვის, რა გასაკვირია, თუკი ბენედიქტე იქ მივიდა, სადაც სულით ისწრაფოდა და მძინარე ძმების სულებს უთხრა ის, რაც საჭირო იყო? როგორც იმან სხეულით მიაღწია სხეულის გამოსაკვებად, ისე ამან - სულიერად, სულიერი ცხოვრების მოსაწყობად.

პეტრე: შენმა სიტყვამ, გამოგიტყდები, ეჭვი გამიფანტა, მაგრამ მინდა ვიცოდე, ეს მოსაგრე ჩვეულებრივ საუბარში როგორი იყო?