ერთხელ კამპანიის ოლქის იმ ნაწილში შიმშილობა მძვინვარებდა და ხალხი სანოვაგის დიდ ნაკლებობას განიცდიდა: თვით ბენედიქტეს მონასტერსაც აღარ ჰქონდა ხორბალი, პურიც თითქმის გამოილია, ტრაპეზის დროს ძმებისთვის ხუთიოდე პური ძლივს მოიძიეს. როდესაც ღირსმა მამამ მათი მწუხარება შენიშნა, შეეცადა მშვიდი მხილებით გამოესწორებინა მათი სულმოკლეობა და დაემშვიდებინა დაპირებით: “რად შეგიძრწუნდათ გულები პურის სიმცირით? მართალია, დღეს ცოტაა, ხვალ სამაგიეროდ უხვად გექნებათ“. მეორე დღეს მისი სენაკის წინ ტომრებით ორასი საწყაო ფქვილი ნახეს: დღემდე უცნობია, ყოვლისშემძლე ღმერთმა ეს შემოწირულობა ვისი ხელით გამოუგზავნა. როდესაც ამის შესახებ ძმებმა შეიტყვეს, ღმერთს მადლობა აღუვლინეს და ისწავლეს, სიუხვის მოკლების გამო თვით უქონლობის ჟამსაც არ შეორგულდნენ.
პეტრე: მითხარი, გეთაყვა, ამ ღმრთის მონაში წინასწარ ხედვის სული მოუკლებელად იყო, თუ მხოლოდ დროდადრო აღივსებოდა მისი გონება წინასწარმეტყველების სულით?
გრიგოლი: წინასწარმეტყველების სული, პეტრე, წინასწარმეტყველთა გონებას ყოველთვის არ განანათლებს. როგორც სულიწმინდის შესახებ არის დაწერილი: “სულსა ვიდრეცა უნებნ, ქრინ“ (იოან. 3, 8). უნდა ვიცოდეთ, რომ ის “ქრინ“ - როდესაც და რატომაც ინებებს. მაგალითად, როდესაც დავითმა ჰკითხა ნათანს (2 მეფ. 7, 3-17), შეძლებს თუ არა (დავითი) ტაძრის აგებას, ნათანმა ჯერ დადებითად უპასუხა, ხოლო შემდეგ უარყოფითად. როდესაც ელისემ მტირალი დედაკაცი დაინახა და მისი ტირილის მიზეზი არ იცოდა, ყრმას, რომელიც მას ტირილს უკრძალავდა, უთხრა: “აცადე და ნუ ეტყჳ, რამეთუ ტკივნეულ არს, და უფალმან დამალა ჩემგან და არა მითხრა მე“ (4 მეფ. 4, 27). ამ შემთხვევაში ყოვლისშემძლე ღმერთი მოქმედებს უდიდესი გულმოწყალებით: წინასწარმეტყველების სულს ზოგჯერ ანიჭებს, ზოგჯერ მოუღებს. ამ გზით წინასწარმეტყველის გონებას აღამაღლებს და სიმდაბლეშიაც იცავს, რათა სულის მოსვლისას ხედავდნენ, ღმერთი მათზე რას აღასრულებს, ხოლო მასთან განშორებისას შეიცნონ, საკუთარი ძალების ამარა როგორი უძლურნი არიან.
პეტრე: დარწმუნებული ვარ, მართლაც ისეა, როგორც შენ ამტკიცებ. გთხოვ, მიამბე, თუ გაგონდება კიდევ რაიმე ღირსი ბენედიქტეს შესახებ.