ერთხელ, საღამოხანს, ღირსი მამა საზრდელს იღებდა, ერთ მონაზონს ხელში კელაპტარი ეპყრა და უნათებდა. წმიდა მამა მიირთმევდა, ხოლო ის მის წინ კელაპტრით ხელში იდგა და ბოროტი სულის წაქეზებით გულში ამგვარად ფიქრობდა: “ვინ არის ის, რომ მის წინაშე ვიდგე, მან ჭამოს, მე კი კელაპტარი მეჭიროს და ვემსახურო?“ღმრთის კაცმა მას მაშინვე მხილებით მიმართა: “გულზე ჯვარი გამოისახე, ძმაო, რას ფიქრობ? გამოისახე ჯვარი გულზე“. მყისვე ძმებს მოუხმო, უბრძანა მისთვის ლამპარი ჩამოერთმიათ, თვით მას კი უბრძანა დაეტოვებინა მსახურება და თავის სენაკში განმარტოებულიყო. ძმების კითხვაზე, თუ რას ფიქრობდა ის გულში, მან თანამიმდევრულად მოუთხრო, როგორი ამპარტავნული გულისთქმა დაეუფლა და წმიდა მამის წინააღმდეგ გონებაში რა სიტყვებს ამბობდა. მაშინ ყველასთვის ცხადი შეიქნა, რომ ღირსი ბენედიქტესგან დაფარული არაფერი რჩებოდა და მას იდუმალი ზრახვებიც ყურში ჩაესმოდა.