მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმიდა გრიგოლ დიოლოღოსი

 

დიალოღონი
საუბრები იტალიელი მამების ცხოვრებისა და სულის უკვდავების შესახებ

 

წიგნი მეორე - თავი მეორე
ძლეული ხორციელი აღძვრის შესახებ


ერთხელ, როდესაც წმიდა ბენედიქტე განმარტოებით იმყოფებოდა, მაცდური მიუხდა: სახის წინ პატარა შავი ჩიტი უფრენდა, რომელსაც ხალხში შაშვს ეძახიან, და იმდენად ახლოს ტრიალებდა მის წინ, წმიდა მამას რომ მოესურვებინა, ხელით დაჭერასაც შეძლებდა, მაგრამ მან ჯვარი გამოისახა და ჩიტი გაუჩინარდა. მისი გაუჩინარების შემდეგ წმიდა მამას ხორცის იმგვარი ბრძოლა დაატყდა, როგორიც არასოდეს უგრძვნია. უეცრად ქალი დაინახა, რომელიც ავმა სულმა მისი გონების თვალს წარმოუსახა. მის დანახვაზე ღმრთის მონას გული ისეთი ცეცხლით აენთო, რომ ვნების ალი გულში ვეღარ დაეტია და ვნებით გატაცებულმა თითქმის გადაწყვიტა უდაბნო დაეტოვებინა. მაგრამ, საღმრთო მადლით, სწრაფად მიაპყრო თვალთა ხედვა საკუთარ თავს და მასში აღმოაჩინა ვნების მარცვალი, გაიხადა სამოსი, ფიჭვის წიწვებსა და ჭინჭარზე შიშველი დაწვა და დიდხანს იწვა ასე. მხოლოდ მას შემდეგ ადგა, როდესაც მთელი სხეული დაესერა. სხეულის დაწყლულებით მან გრძნობისმიერი კვეთებანი განაქარვა, რადგან ავხორცობის ვნება მოაუძლურა: ამგვარი სასჯელით გარეგანი ანთება გამოიწვია და აღმოფხვრა ის, რაც შიგნით იწვოდა. ამგვარად დაძლია ცოდვა, რადგან ალს ადგილი შეუცვალა. იმ დროიდან, როგორც თავად უამბობდა მოწაფეებს, ხორცის აღძვრა მასში იმდენად დაითრგუნა, რომ მსგავსი აღარაფერი უგრძვნია. მაშინ მრავალთ დატოვეს ეს სოფელი და მისი ხელმძღვანელობით მოღვაწეობას ესწრაფოდნენ. ბენედიქტე, ბიწიერი აღძვრისაგან თავისუფალი, ღირსეულად გახდა სათნოებებში სხვათა განმსწავლელი. ამიტომ ბრძანა მოსემ (რიცხ. 8, 24-26), რომ ლევიტელნი ოცდახუთი წლის ასაკიდან შედგომოდნენ მსახურებას და მხოლოდ ორმოცდაა-თი წლისანი გამხდარიყვნენ სამღვდელო ჭურჭლის მცველნი.

პეტრე: გამოთქმული აზრი ნაწილობრივ ცხადია, მაგრამ გთხოვ, უფრო ცხადად განმიმარტო.

გრიგოლი: ცნობილია, რომ სიჭაბუკეში ხორციელი ბრძოლა მძაფრია, ხოლო ორმოცდაათი წლის შემდეგ სხეულის მხურვალება ცხრება; წმიდა ჭურჭელი მორწმუნეთა გონებაა. რჩეულნი, როდესაც ჯერ კიდევ ბრძოლაში არიან, აუცილებელია, სხვას ექვემდებარებოდნენ და იშრომონ, მორჩილებითა და ღვაწლით დაიქანცონ; როდესაც ასაკში ბრძოლის სიფიცხე სუსტდება, ისინი ჭურჭლის მცველნი - სულთა განმსწავლელნი ხდებიან.

პეტრე: ვაღიარებ, მომწონს შენი მსჯელობა; რადგან მოტანილი აზრი უკვე განმიმარტე, გთხოვ, მართლის ცხოვრების შესახებ დაწყებული საუბარი განაგრძო.