მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმიდა გრიგოლ დიოლოღოსი

 

დიალოღონი
საუბრები იტალიელი მამების ცხოვრებისა და სულის უკვდავების შესახებ

 

წიგნი მეორე - თავი მეთვრამეტე
გადამალული ჭურჭელი, რომლის შესახებ წმიდა მამამ სულით შეიტყო


ერთხელ ჩვენი ექსილარატი, რომლის მოქცევის შესახებ თავადაც იცი, წინამძღვარმა ორი თიხის ჭურჭლით (რომლებსაც ხალხი ფლაკონებს უწოდებს) ღვინის მოსატანად გაგზავნა. მან ერთი მოიტანა, მეორე კი გზაში გადამალა, მაგრამ წმიდა მამამ, რომლისთვისაც მის არყოფნაში ჩადენილი საქციელი დაფარული არ რჩებოდა, მოტანილი ჭურჭელი მადლობით მიიღო და მიმავალი ყრმა დაარიგა: “გაფრთხილდი, შვილო ჩემო, იმ ჭურჭლიდან, რომელიც გადამალე, არ დალიო, ფრთხილად დახარე და ნახავ, შიგნით რა არის“. ღმრთის კაცისგან ის აღელვებული გამოვიდა და იმის შესამოწმებლად, რაც გაიგონა, წავიდა და ჭურჭელი დახარა, საიდანაც გველი გამოსრიალდა. მაშინ ყრმა ექსილარატი, მხილებული იმით, რაც ნახა ღვინოში, თავისივე ნამოქმედარით შეძრწუნდა.