მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმიდა გრიგოლ დიოლოღოსი

 

დიალოღონი
საუბრები იტალიელი მამების ცხოვრებისა და სულის უკვდავების შესახებ

 

წიგნი მეორე - თავი მეჩვიდმეტე
წინასწარმეტყველება მონასტრის დანგრევის შესახებ, რომელიც წმიდა მამამ გამოთქვა


სახელოვანი კაცი, სახელად თეოპრობი, რომელიც ბენედიქტეს ხელმძღვანელობით ცხოვრობდა, ღმრთის სათნო ცხოვრების გამო მისი უდიდესი ნდობით სარგებლობდა. ერთხელ ბენედიქტეს სენაკში შესულ თეოპრობს ის მწარედ ატირებული დახვდა. თეოპრობი დიდხანს იდგა და შესცქეროდა წმიდა მამა როგორ ღვრიდა ცრემლს, თანაც არა იმგვარს, როგორც ჩვეულებრივ ლოცვის დროს ღვრიდა, არამედ მტკივნეულად იურვოდა, და დაეკითხა, რა იყო მისი ასეთი ჭმუნვის მიზეზი. ღმრთის კაცმა მყისვე მიუგო: “ეს მონასტერი, რომელიც მე ავაშენე და ყოველივე, რაც ძმებისთვის არის მომზადებული, ყოვლისშემძლე ღმერთის განგებით წარმართების ხელში გადავა. ღმერთისგან ისღა გამოვითხოვე, რომ აქ მცხოვრებ ძმათა სულები მომმადლოს“. ეს წინასწარმეტყველება მხოლოდ თეოპრობმა იცოდა. ჩვენ ვხედავთ, რომ ახდა იგი, რადგან ვიცით, მონასტერი ლონგობარდებმა დააქციეს. ღამით, როდესაც ძმებს ეძინათ, ლონგობარდები მონასტერში შეიჭრნენ; მათ ყველაფერი გაიტაცეს, მაგრამ არც ერთი ადამიანი არ წაუყვანიათ: ყოვლისშემძლე ღმერთმა აღასრულა ის, რაც თავის ერთგულ მონა ბენედიქტეს აღუთქვა, ანუ ქონება წარმართებს გაატანა, ხოლო სულები დაიფარა. ამ შემთხვევაში წმიდა ბენედიქტესთან ისეთივე რამ აღსრულდა, რაც ერთ დროს მოციქულ პავლესთან (საქმე 27, 22-44), რომელსაც ზღვაზე ქარიშხლის შემდეგ ღმერთმა ნუგეშად თანამგზავრთა სიცოცხლე მიმადლა, თუმცა ხომალდი ტვირთთან ერთად დაინთქა.