იმხანად ქალაქ აკვინიუმის ეკლესიის კლერიკოსი დემონმა შეიპყრო. ამ ეკლესიის წინამძღოლი, ღირსი კონსტანტი, მას მოწამეთა საფლავებთან გზავნიდა. მაგრამ წმიდა მოწამეებმა მისთვის ჯანმრთელობის მინიჭება არ ინებეს იმის გამო, რომ გამოჩენილიყო, თუ როგორი მადლი განისვენებდა ბენედიქტეზე. კლერიკოსი ღმრთის მონა ბენედიქტესთან მიიყვანეს, რომელმაც იესო ქრისტესადმი აღვლენილი ლოცვით მყისვე განდევნა შეპყრობილი ადამიანისგან ბოროტი სული. განკურნებულს მან მცნებად დაუდო: “წადი, ამიერიდან არ ჭამო ხორცი და არასოდეს შეიმოსო სამღვდელო ხარისხი, თორემ იმ დღესვე, როდესაც გაკადნიერდები და სამღვდელო ხარისხს შეიმოსავ, კვლავ ეშმაკის ძალაუფლების ქვეშ აღმოჩნდები“. კლერიკოსი გამოჯანმრთელებული დაბრუნდა და რადგან ახალი სასჯელი, როგორც წესი, აშინებს სულს, ერთ ხანს იცავდა წმიდა მამის მითითებას. წლების შემდეგ, როდესაც მასზე უფროსები ამქვეყნიდან გავიდნენ, მან განიზრახა სამღვდელო ხარისხით უმცროსებზე უპირატესი გამხდარიყო, ღმრთის კაცის სიტყვები დროთა განმავლობაში დაივიწყა და სამღვდელო დასს შეუერთდა. ეშმაკი, რომელმაც ადრე დატოვა იგი, მყისვე დაეუფლა და სიკვდილამდე ტანჯავდა.
პეტრე: წმიდა ბენედიქტე, როგორც ჩანს, თვით საღმრთო საიდუმლოებს სწვდებოდა, რადგან განჭვრიტა, რომ ეს კლერიკოსი ეშმაკის ხელთ აღმოჩნდებოდა, თუკი სამღვდელო დასთან შეერთებით გაკადნიერდებოდა.
გრიგოლი: როგორ არ ეცოდინებოდა საღმრთო საიდუმლონი იმას, ვინც ღმრთის მცნებებს იცავდა, რადგან დაწერილია: “ხოლო რომელი შეეყოს უფალსა, ერთ სულ არს“ (1 კორ. 6, 17).
პეტრე: თუკი ის, ვინც უფალს შეეყოფა, ერთ სულ არს მასთან, მაშინ იგივე დიდებული მქადაგებელი (მოციქული პავლე) რატომ ამბობს სხვაგან: “ვინ ცნა გონებაჲ უფლისაჲ? ანუ ვინ თანა-მზრახვალ ეყო მას?“ (რომ. 11, 34). შეუსაბამოდ მეჩვენება, ერთ სულ იყო ვინმესთან და ვერ იცნა მისი გონება.
გრიგოლი: რამდენადაც წმიდა მამები ღმერთს შეერთვიან, ცნობენ ღმერთის გონებას. რადგან იგივე მოციქული ამბობს: “ვინ-მე უკუე იცის კაცმან კაცისაჲ, გარნა სულმანვე კაცისამან, რომელი არს მისთანა? ეგრეცა ღმრთისაჲ არავინ იცის, გარნა სულმანვე ღმრთისამან“ (1კორ. 2, 11), და იმის საჩვენებლად, რომ იცნობს ღმერთს, ამბობს: “ჩუენ სული არა ამის სოფლისაჲ მოგჳღებიეს, არამედ სული იგი, რომელ არს ღმრთისაგან”(1 კორ. 2, 12). და კიდევ: “რომელი თუალმან არა იხილა, და ყურსა არა ესმა, და გულსა კაცისასა არა მოუჳდა, რომელი განუმზადა ღმერთმან მოყვარეთა თჳსთა. ხოლო ჩუენ ღმერთმან გამოგჳცხადა სულისა მიერ თჳსისა“ (1 კორ. 2, 9-10).
პეტრე: თუკი ამ მოციქულს ღმერთის სულმა საღმრთო საიდუმლონი გამოუცხადა, მაშ როგორღა ამბობს: “ჰოი, სიღრმე სიმდიდრისა და სიბრძნისა და მეცნიერებისა ღმრთისაჲ! ვი- თარ გამოუძიებელ არიან განკითხვანი მისნი და გამოუკვლეველ არიან გზანი მისნი!“ (რომ. 11, 33). და ამ სიტყვებზე სხვა კითხვა მიჩნდება. წმიდა წინასწარმეტყველი დავითი უფალს ეუბნება: “ბაგითა ჩემითა მიუთხრენ ყოველნი სამართალნი პირისა შენისანი“ (ფს. 118, 13). რატომ ამტკიცებს წმიდა პავლე, რომ გამოუძიებელ არიან განკითხვანი უფლისანი, როდესაც დავითი მოწმობს, რომ არა მარტო იცოდა ყოველნი სამართალნი უფლისანი, არამედ მიუთხრობდა კიდეც თავისი ბაგეებით.
გრიგოლი: ორივე კითხვაზე უკვე გიპასუხე მოკლედ, როდესაც გითხარი: რამდენადაც წმიდა მოღვაწენი ღმერთს შეერთვიან, მათთვის უცნობი არ არის უფლის გონება, რადგან ყოველი, ვინც სათნოებათა გზით უფლის მიმდევარია, მას შეერთვის. მაგრამ, რადგან ხორცით არიან დამძიმებულნი, უფალთან მოუკლებელად ყოფნა არ ძალუძთ. ამიტომ, რამდენადაც შეერთვიან მას, იმდენად იციან ღმერთის დაფარული განგება; ხოლო რამდენადაც განეშორებიან მას - არ იციან. რადგან მისი საიდუმლოს წვდომა სრულყოფილად არ ძალუძთ, მოწმობენ, რომ გამოუკვლეველ არიან განკითხვანი მისნი. რადგან გონებით შეერთვიან მას, ამ ერთობის გზით წმიდა წერილის სიტყვით ან საიდუმლო გამოცხადებების საშუალებით გულისხმაყოფენ და შეიცნობენ საღმრთო განგებას და აუწყებენ სხვებსაც. ამგვარად, მათ არ იციან განგება, რომელზეც თვით უფალი დაიდუმებს, ხოლო ღმერთისგან ნაუწყები იციან. ამიტომ, როდესაც წმიდა წინასწარმეტყველმა დავითმა თქვა: “ბაგითა ჩემითა მიუთხრენ ყოველნი სამართალნი“, იქვე დაუმატა: “პირისა შენისანი“, თითქოსდა ამით ამბობს: ის განგება შევძელი შემეცნო და მეუწყებინა, რომელთა შესახებ მემცნო შენს ბაგეთაგან, რადგან იმას, რასაც არ ამბობ, უეჭველია ფარავ ჩვენი შემეცნებისგან. ამიტომ წინასწარმეტყველისა და მოციქულის აზრები ეთანხმება ურთიერთს - გამოუძიებელ არინ განკითხვანი ღმრთისანი; მაგრამ, რომელთაც ის გამოთქვამს თავისი ბაგეებით, ეხარება ადამიანთა პირით, რადგან ადამიანებს შეუძლიათ შეიცნონ მხოლოდ ის, რასაც ღმერთი გამოუცხადებს, ხოლო დაფარულს
ვერ შეიცნობენ.
პეტრე: ამგვარად, ჩემი კითხვა თავადვე შეიცავდა პასუხს. მიამბე, გეთაყვა, თუ კიდევ იცი რაიმე ამ მოსაგრის სასწაულთაგან.