მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმიდა გრიგოლ დიოლოღოსი

 

დიალოღონი
საუბრები იტალიელი მამების ცხოვრებისა და სულის უკვდავების შესახებ

 

წიგნი მეორე - თავი მეთხუთმეტე
წინასწარმეტყველება, რომელიც იმავე მეფე ტოტილასა და ქალაქ კანუზიუმის ეპისკოპოსის მიმართ გამოითქვა


მაშინ ტოტილა წმიდა მამას თავად ეახლა. როცა დაინახა, ახლოს მისვლა ვერ გაბედა და მიწაზე დაემხო. ღმრთის კაცმა ორჯერ და სამჯერ უთხრა: “წამოდექი“, მაგრამ ის მის წინაშე ადგომას ვერ ბედავდა. მაშინ ბენედიქტე, იესო ქრისტეს მონა, თვითონ მიუახლოვდა მიწაზე გართხმულ მეფეს, წამოაყენა, უჯერო საქმეთა გამო ამხილა და რამდენიმე სიტყვით მომავალი უწინასწარმეტყველა. “მრავალ ბოროტებას ჩადიხარ, - თქვა მან, - მრავალი ბოროტებაც ჩაგიდენია, თუმცა მომავალში მოინანიებ უკეთურებას. რომში შეხვალ, ზღვას გადალახავ, ცხრა წელი იმეფებ, მაგრამ მეათე წელს მოკვდები“. ამ სიტყვებმა მეფე ძლიერ შეაშინა, მისგან ლოცვა გამოითხოვა და მას შემდეგ უკლო სისასტიკეს. რამდენიმე ხანში ტოტილა თავს დაესხა რომს, შემდეგ სიცილიაში წავიდა, ხოლო მეფობის მეათე წელს, ყოვლისშემძლე ღმერთის ნებით, მეფობა სიცოცხლესთან ერთად დაკარგა.

ამ ღმრთის მონასთან ხშირად მოდიოდა კანუზიუმის ეკლესიის წინამძღოლი, რომელიც მისი ცხოვრების გამო ბენედიქტეს ძლიერ უყვარდა. ბენედიქტესთან საუბარში, მეფე ტოტილას თავდასხმისა და რომის დაქცევის გამო, ეპისკოპოსმა თქვა: “ეს მეფე ქალაქს ისე მოსპობს, რომ იქ ვეღარავინ იცხოვრებს“. წმინდანმა მიუგო: “რომს წარმართები კი არ დააქცევენ, არამედ საშინელი ქარიშხლების, თავდასხმებისა და მიწისძვრების შედეგად თავისით დაიქცევა“. ამ წინასწარმეტყველების საიდუმლო ჩვენთვის უკვე დღესავით ნათელია: ჩვენი თვალით ვხედავთ ამ ქალაქში დარღვეულ კედლებს, გადაქცეულ სახლებს, დამხობილ ტაძრებს, ვხედავთ თანდათან როგორ იქცევა ნანგრევებად ძველი შენობები. ეს ამბავი ბენედიქტეს მოწაფე ჰონორატმა მიამბო, რომელმაც ამის შესახებ შეიტყო არა თვით წმინდანისგან, არამედ - ძმებისგან.