გრიგოლი: დადუმდი პეტრე, რადგან უმეტესსაც შეიტყობ. გუთების შემოსევის ჟამს მეფე ტოტილამ გაიგო, რომ წმიდა მოსაგრეს წინასწარმეტყველების ნიჭი ჰქონდა. ის მონასტრისკენ გაემართა, მის შორიახლოს გაჩერდა და მსახური გაგზავნა, რომ წმინდანისთვის მისი მოსვლის შესახებ ეცნობებინა. წმინდანმა შემოუთვალა მისულიყო, თავად კი მის შესახვედრად გაემზადა. უნდობლობის გამო მეფე გაკადნიერდა გამოეცადა, მართლაც ჰქონდა თუ არა ღმრთის კაცს წინასწარმეტყველების ნიჭი. ერთ-ერთ საჭურველთმტვირთველს, სახელად რიგოს, მეფემ თავისი ფეხსაცმელი ჩააცვა, სამეფო სამოსით შემოსა და უბრძანა წმინდანს როგორც მეფე ისე წარდგომოდა, თან ამალის სამი წევრი გააყოლა, კერძოდ, ბულთი, როდერიკი და ბლინდინი. ისინი რიგოს აქეთ-იქით უნდა გაჰყოლოდნენ, რომელიც ღმრთის მონის წინაშე მეფე ტოტილად უნდა წარმდგარიყო. გარდა ამისა, სხვა მსახურები და საჭურველთმტვირთველნიც გააყოლა, რათა როგორც სამოსლის, ასევე ამალის მიხედვითაც ნამდვილ მეფეს დამსგავსებოდა. როდესაც სამოსლითა და ამალით დამშვენებული რიგო მონასტერში შევიდა, წმიდა მოსაგრე მყისვე ჩამოჯდა, დააცადა მოსულთ ისეთ მანძილზე მიახლოვებოდნენ, რომ მისი ხმა გაეგოთ და შესძახა: “განიშორე, შვილო ჩემო, განიშორე, რაც გიტვირთავს, არ არის შენი“. რიგო მაშინვე მიწაზე დაემხო, იგი შეძრწუნდა იმის გამო, რომ გაკადნიერდა მოეტყუებინა ასეთი ადამიანი. ყველა მისი მხლებელიც მიწას განერთხა. ფეხზე წამოდგომის შემდეგ წმინდანთან მიახლოება ვერ გაბედეს, დაბრუნდნენ თავიანთ მეფესთან და შიშით აკანკალებულებმა უამბეს, ბენედიქტემ მათი სიცრუე როგორ სწრაფად ამხილა.