მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმიდა გრიგოლ დიოლოღოსი

 

დიალოღონი
საუბრები იტალიელი მამების ცხოვრებისა და სულის უკვდავების შესახებ

 

წიგნი მეორე - თავი მეცამეტე
წმიდა მამამ შეიცნო, რომ მონაზონ ვალენტინიანეს ძმამ გზაში საჭმელი მიიღო


მონაზონ ვალენტინიანეს, რომელიც უკვე ვახსენეთ, ჰყავდა ძმა. ის ერისკაცი იყო, ფრიად ღმრთისმოყვარე. მას წესად ჰქონდა ყოველწლიურად გამგზავრებულიყო წმიდა ბენედიქტეს მონასტერში, რათა ღმრთის მონის სიტყვა მოესმინა და ღვიძლი ძმა მოენახულებინა. ის გზაში არასოდეს იღებდა საჭმელს. ერთხელ, როდესაც მონასტერში მიდიოდა, მას სხვა ადამიანიც დაემგზავრა, რომელსაც თან საგზალი მიჰქონდა. უკვე გვიანი იყო, როდესაც ამ უკანასკნელმა თქვა: “ძმაო, საზრდელი მივიღოთ, რათა გზაში არ დავუძლურდეთ“. მან კი მიუგო: “არა, ძმაო, რადგან ჩვეულებად მაქვს მამა ბენედიქტესთან უზმო მივიდე“. ამის გაგონებაზე თანამგზავრი დროებით დადუმდა, მაგრამ ცოტაოდენი მანძილის გავლის შემდეგ კვლავ არწმუნებდა მიეღოთ საზრდელი. ის, ვინც გადაწყვიტა გზა მარხვით გაელია, არ თანხმდებოდა. თანამგზავრი ისევ დადუმდა და გადაწყვიტა რამდენიმე ხანი თავადაც ემარხულა. შორეულმა მოგზაურობამ ისინი დაქანცა, გზაში მინდორი და წყარო შეხვდათ, სადაც დასვენებას შეძლებდნენ. მაშინ თანამგზავრმა თქვა: “აჰა, წყალიც არის, მინდორიც, საამო ადგილიც, დავისვენოთ, რომ შემდეგ გზის გაგრძელება შევძლოთ“. ეს სიტყვები ყურს ეამა, ადგილმა თვალი მოხიბლა; ვალენტინიანეს ძმა მესამე შეთავაზებაზე დათანხმდა თანამგზავრს და საჭმელი მიიღო. საღამოხანს მონასტერს მიაღწია, ღირს ბენედიქტეს მიეახლა და დარიგება სთხოვა, მაგრამ წმიდა მამამ მაშინვე იმისთვის ამხილა, რაც გზაში ჩაიდინა: “როგორ მოხდა, ძმაო, რომ ვერაგმა მტერმა, რომელიც თანამგზავრის პირით გესაუბრებოდა, ვერც პირველად გაცდუნა და ვერც მეორედ, მაგრამ მესამედ გაცდუნა და თავისი სურვილისამებრ დაგამარცხა?“ როდესაც მწირმა თავისი უნებისყოფობა შეიცნო, წმინდანის ფერხთით დავარდა და მით უმეტეს იგლოვდა თავის შეცოდებას და რცხვენოდა, რომ მამა ბენედიქტეს თვალწინ შესცოდა, მიუხედავად მისი იქ არყოფნისა.

პეტრე: ვხედავ, რომ წმიდა მოსაგრეში ელისეს შემეცნების სული იყო (4 მეფ. 5, 25-26), რომელმაც ისე შეიცნო, რა ჩაიდინა მისმა მოწაფემ მისი არყოფნის დროს, თითქოს იქ ყოფილიყო.