წმიდა მოსაგრეს სხვა ნიჭებთან ერთად ღმერთისგან წინასწარმეტყველების ნიჭიც ებოძა. ის მომავალზე წინასწარმეტყველებდა და მასთან მყოფებს მოუთხრობდა, თუ რა ხდებოდა მათგან მოშორებით. მონასტრის განწესების თანახმად, მონასტრის გარეთ რაიმე საქმეზე გასული ძმები არც საჭმელს იღებდნენ და არც სასმელს და ამ წესს მკაცრად იცავდნენ. ერთხელ მორჩილების გამო მონასტრიდან გასულ ძმებს ძლიერ შეაგვიანდათ. მათ შეიტყვეს, რომ ერთი ღმრთისმო- შიში დედაკაცის სახლთან იმყოფებოდნენ, მასთან შევიდნენ და საჭმელი მიიღეს. მონასტერში გვიან დაბრუნებულებმა მამისგან ლოცვა-კურთხევა ითხოვეს. ის გამოცდის მიზნით დაეკითხა: “სად ჭამეთ?“ მათ მიუგეს: “არსად“. ამაზე მამამ მიუგო: “რად ცრუობთ? განა არ შეხვედით ამა და ამ დედაკაცთან სახლში? განა ესა და ეს არ მიიღეთ? განა ამდენი სასმისი არ შესვით?“ამგვარად, როდესაც ღირსმა მამამ დედაკაცის სტუმართმოყვარეობაზე, საჭმლის სახეობასა და სასმელის ოდენობაზე მოუთხრო, მათ ყველაფერი დაადასტურეს, მის ფერხთით ძრწოლით დავარდნენ და ცოდვა აღიარეს. მან შეცოდება მაშინვე მიუტევა და დაარიგა, რომ მასთან არყოფნის დროსაც ისევე მოქცეულიყვნენ, როგორც მისი თანდასწრებით და სცოდნოდათ, რომ ის სულით მუდამ მათთან არის.