მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმიდა გრიგოლ დიოლოღოსი

 

დიალოღონი
საუბრები იტალიელი მამების ცხოვრებისა და სულის უკვდავების შესახებ

 

წიგნი მეორე - თავი მეთერთმეტე
მონაზონი, რომელიც ჩამოქცეულმა კედელმა მოიყოლა და წმიდა ბენედიქტეს ლოცვით დაუბრუნდა სიცოცხლე


ერთხელ ძმები მონასტრის კედლებს ამაღლებდნენ, ხოლო წმიდა მამა ამ დროს სენაკში ლოცულობდა. მას ბოროტის მზრახველი მტერი გამოეცხადა და ჩააგონა მომუშავე ძმებთან გასულიყო. წმინდანმა მყისვე ძმებს ამცნო მაცნეს პირით: “ძმებო, ფრთხილად იმუშავეთ, იმიტომ, რომ ბოროტი სული მოგიხდებათ“. წარგზავნილს სიტყვა არ ჰქონდა დამთავრებული, რომ ბოროტმა კედლის ის ნაწილი გადააქცია, რომელსაც აგებდნენ და ერთი მონაზონის მორჩილს დაეცა. ყველანი დამწუხრდნენ და თავზარდაცემულნი იყვნენ არა კედლის გადმოქცევით, არამედ - ძმის სიკვდილით და მწარედ ატირებულნი მაშინვე მამა ბენედიქტესთან გაემართნენ, რომ მომხდარი მისთვის ემცნოთ. მან უბრძანა დაშავებული ყრმის სხეული მასთან მოესვენებინათ. ის ზედა სამოსში შეხვეული მიასვენეს, რადგანაც კედლის დაცემის გამო ძვლებიც კი შემუსვრილი ჰქონდა. წმინდანმა ბრძანა სენაკში დაფენილ ჭილოფზე დაესვენებინათ, რომელზეც ლოცვის დროს დგებოდა. ძმებს უბრძანა, გასულიყვნენ, კარი ჩაკეტა და მხურვალედ ილოცა. საკვირველი საქმე აღესრულა! მან მყისვე უვნებელი და ჯანმრთელი გაგზავნა მორჩილი იმავე სამუშაოს შესასრულებლად, ანუ ძმებთან ერთად კედლის მშენებლობის დასასრულებლად. ასე იქნა შერცხვენილი უძველესი მტერი, რომელსაც სურდა ბენედიქტესთვის ყრმის დაღუპვით დაეცინა.