მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმიდა გრიგოლ დიოლოღოსი

 

დიალოღონი
საუბრები იტალიელი მამების ცხოვრებისა და სულის უკვდავების შესახებ

 

წიგნი მეორე - თავი პირველი
სასწაული, რომელიც წმიდა ბენედიქტემ გატეხილ საცერზე აღასრულა


როდესაც ბენედიქტემ მეცნიერებათა შესწავლა მიატოვა, გადაწყვიტა უდაბნოში განმარტოებულიყო. მას თან გაჰყვა აღმზრდელი, რომელსაც იგი ძლიერ უყვარდა. ის დამკვიდრდა ადგილზე, რომელსაც ჰქვია ენფიდე, და მრავალი ცნობილი მოღვაწე, რომელნიც სულის გადარჩენას გულმოდგინედ ესწრაფოდნენ, მასთან ერთად დასახლდა, ნეტარი მოციქულის, პეტრეს ტაძართან. ერთხელ ხსენებულმა აღმზრდელმა მახლობლად მცხოვრებ დედაკაცებს საცერი სთხოვა და მაგიდაზე დაუდევრად დადო, რის გამოც ის გადმოვარდა და შუაზე გატყდა. სახლში დაბრუნებული აღმზრდელი, საცერი გატეხილი რომ დახვდა, მწარედ ატირდა. ღმრთის მოყვარე და მოშიშ ბენედიქტეს ატირებული აღმზრდელი შეეცოდა, საცერის ნაწილები ერთმანეთს მიადო და ცრემლით ლოცვა დაიწყო. ლოცვის დასრულების შემდეგ საცერი ისე გამთელდა, რომ ბზარიც არსად ემჩნეოდა. მან აღმზრდელი ალერსიანი სიტყვებით დაამშვიდა და გამთელებული საცერი დაუბრუნა. ამ სასწაულის ამბავი მთელ იმ მხარეს მოედო და იქ მცხოვრებნი იმდენად გააკვირვა, რომ საცერი ეკლესიის შესასვლელში დაკიდეს, რათა შემსვლელთ და გამომსვლელთ სცოდნოდათ, რა დიდი მადლი მოიხვეჭა მონასტერში მყოფმა ყრმა ბენედიქტემ. საცერი მრავალი წლის მანძილზე ყველას თვალწინ იყო და თვით ჩვენს დრომდე, ლონგობარდების შემოსევამდე ტაძრის კართან ეკიდა. მაგრამ ბენედიქტემ მოისურვა დაეთმინა ამქვეყნიური ჭირი, ვიდრე ქება ესმინა და ამჯობინა უფლისთვის შრომით მოქანცვა, ვიდრე ადამიანთა კეთილგანწყობით თავის მოწონება. ის ფარულად გაექცა აღმზრდელს და შინაგან უდაბნოში განმარტოებულ ადგილზე დაემკვიდრა, რომელსაც ჰქვია სუბიაკო და რომისგან ორმოცი მილით არის დაშორებული. იქ უხვად არის ცივი და ანკარა წყაროები. წყალი ფართო ტბიდან გამოედინება. როდესაც ბენედიქტე გაიქცა, გზაში ერთი მონაზონი, სახელად რომანოზი შეხვდა. მან გამოჰკითხა საით მიდიოდა და მისი სურვილი რომ შეიტყო, არა მარტო მისი საიდუმლო დაფარა, შეეწია კიდეც - სამონაზვნო სამოსელი მისცა და შემდეგ ყოველივე აუცილებელს აწვდიდა. ღმრთის კაცი ყველაზე ვიწრო მღვიმეში დაეყუდა და სამი წლის მანძილზე, რომანოზის გარდა, არავინ იცოდა მისი ადგილსამყოფელი. რომანოზი მღვიმის სიახლოვეს მდებარე მონასტერში ცხოვრობდა, რომელსაც ადეოდატი მართავდა. იგი წინამძღვრისგან ფარულად ბენედიქტეს თავისი კუთვნილი პურის ნაწილს აწვდიდა. მღვიმე მაღალ კლდეზე მდებარეობდა და რადგან მონასტრიდან მისასვლელი გზა არ იყო, რომანოზი პურს კლდიდან გადმოშვებულ გრძელ საბელზე ამაგრებდა. საბელზე პაწაწინა ზარიც იყო დამაგრებული, რომლის ხმა ღმრთის კაცს ამცნობდა, როდესაც რომანოზი პურს მოიტანდა. ბენედიქტე ზარის ხმაზე მღვიმიდან გამოდიოდა და პურს იღებდა. ერთხელ კაცთა მოდგმის უძველესმა მტერმა, ერთის სიყვარულისა და მეორის ნუგეშის მიმართ შურით აღვსილმა, საბელს ქვა ესროლა, როდესაც მასზე პური იყო მიმაგრებული და გაწყვიტა. რომანოზს არც ამის შემდეგ მიუტოვებია ბენედიქტე და ემსახურებოდა მას, როგორც შეეძლო, მაგრამ მალე ყოვლისშემძლე ღმერთმა ინება რომანოზს ამ ღვაწლისგან შეესვენა და ბენედიქტეს ცხოვრებით განესწავლა ადამიანები, რათა კელაპტარს ყველასთვის გაენათებინა, ვინც ღმრთის სახლში იმყოფება. ერთ პრესვიტერს, რომელიც იმ ადგილიდან მოშორებით ცხოვრობდა და სააღდგომოდ საჭმელს იმზადებდა, ჩვენებაში ღმერთი გამოეცხადა და უთხრა: “შენთვის ნუგეშს იმზადებ, ჩემი მონა კი ამა და ამ ადგილზე შიმშილით კვდება“. პრესვიტერი მყისვე ადგა და ქრისტეს აღდგომის ბრწყინვალე დღეს თავისთვის მომზადებული საჭმლით იმ ადგილისკენ გაეშურა: გადაიარა კლდოვანი მთები, მაღალი გორაკები, უფსკრულები და ბოლოს მღვიმეში დაყუდებულ ღმრთის კაცს მიაგნო. ლოცვის დასრულების შემდეგ ისინი ჩამოსხდნენ და აკურთხევდნენ ყოვლისშემძლე ღმერთს. დამატკბობელი საუბრის შემდეგ მოსულმა პრესვიტერმა თქვა: “მივიღოთ საზრდელი, რადგან დღეს აღდგომაა“. წმიდა მამამ მიუგო: “ჭეშმარიტად - აღდგომაა, იმიტომ, რომ ღირსი შევიქენი შენი ხილვისა“. ადამიანთაგან მო- შორებით მყოფმა ბენედიქტემ არ იცოდა, რომ ამ დღეს აღდგომა იყო; მაგრამ ღირსმა პრესვიტერმა კვლავ დაამოწმა სიტყვებით: “ჭეშმარიტად, დღეს ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომაა; მარხვა არ ეგების, სწორედ იმისთვის ვარ წარმოგზავნილი, რომ ერთად მივიღოთ ყოვლისშემძლე ღმერთის მიერ ბოძებული“. ამგვარად, აკურთხევდნენ ღმერთს და მიიღეს საზრდელი, ხოლო როდესაც გული იჯერეს საუბრითა და საზრდელით, პრესვიტერი თავის ეკლესიაში დაბრუნდა.

იმავე ხანებში მღვიმეში შეფარული ბენედიქტე მწყემსებმა აღმოაჩინეს. თავიდან, ბუჩქნარში რომ შენიშნეს ტყავით შემოსილი, ცხოველი ეგონათ, მაგრამ როდესაც მასში ღმრთის მსახური შეიცნეს, თავიანთი მხეცური ზრახვები მისადმი თანალმობით შეცვალეს. ამგვარად, მისი სახელი ცნობილი გახდა. იმ დროიდან მრავალნი მიდიოდნენ მის სანახავად, მიჰქონდათ ხორციელი საზრდო და მის ბაგეთაგან სულის მაცხოვნებელ საზრდელს იღებდნენ.