მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმიდა გრიგოლ დიოლოღოსი

 

დიალოღონი
საუბრები იტალიელი მამების ცხოვრებისა და სულის უკვდავების შესახებ

 

წიგნი პირველი


ერთხელ, ერთ მყუდრო, შვების მომგვრელ ადგილას განვმარტოვდი ამქვეყნიური საქმეებით დამძიმებული, რომლებიც არცთუ იშვიათად გვაიძულებენ მივატოვოთ სულიერი საქმე, რაც ყოვლად დაუშვებელია. იქ, თავისუფლებაში, შემეძლო უკეთ გავრკვეულიყავი დამამძიმებელ, უსიამოვნო შთაბეჭდილებებში და ზედმიწევნით განმეხილა ყოველივე, რაც ნაღველს მგვრიდა. როდესაც დანაღვლიანებულმა მარტოობაში საკმაო ხანი გავატარე, უსაყვარლესმა შვილმა, დიაკვანმა პეტრემ მომინახულა. ჩვენ ადრეული სიყრმიდან მტკიცე მეგობრობა გვაკავშირებდა, ერთად ვუღრმავდებოდით ღმრთის სიტყვას. როდესაც პეტრემ ესოდენ გულდამძიმებული მიხილა, მკითხა: რაიმე ახალი ხომ არ შეგემთხვა, რად დამწუხრებულხარ ჩვეულებრივზე მეტად? - არა, საყვარელო პეტრე, - ვუპასუხე, -მწუხარება, რომელსაც ყოველდღიურად ვითმენ, ჩემთვის მუდამ ძველია, იმიტომ, რომ ჩვეულია, და მუდამ ახალია, იმიტომ, რომ მზარდია. ამჟამად სული წუხს იმის გამო, რომ ჩემზე დაკისრებული უსიამოვნო საქმეები მასში ჩემი ძველი სამონასტრო ცხოვრების მოგონებებს აღძრავს. იმ დროს ჩემს სულს შეეძლო ყოველ შემთხვევითობას გამკლავებოდა, მსწრაფლწარმავალზე ამაღლებულიყო, რადგან მისი ყოველი ზრახვა ზეცისაკენ იყო მიმართული. მაშინ თვით ხორცის საკრველები არ აბრკოლებდა მას დამტკბარიყო მჭვრეტელობითი ცხოვრებით, რადგან თვით სიკვდილი, რომელიც თითქმის ყოველ ადამიანს აშინებს და ძრწოლას გვრის, მისთვის სანუკვარი იყო, როგორც გარდასვლა ცხოვრებაში, როგორც მისაგებელი ღვაწლისათვის. ახლა კი, სამწყემსო მსახურების გამო, ვალდებული ვარ საერო საქმეებს მივდიო. დავტოვე ძველი, მშვენიერი და უშფოთველი ცხოვრება და სული მიწიერი საზრუნავებით უნდა შევიბილწო, რადგან, როგორც კი სულის ყურადღება სხვების მიმართ შემწყნარებლობით გარეშე საგნებზე გაიფანტება, მა- შინ, უეჭველია, სულიერი საგნებისადმი ძლიერი ლტოლვაც მოუძლურდება. ამიტომ განვსჯი, რა შევიძინე და რა დავკარგე და დანაკარგის მიხედვით ვხედავ, რომ დავკარგე იმაზე მეტი, რაც მაქვს. ამჟამად ზღვის ტალღები მაშფოთებენ და ჩემი გონების ხომალდს ძლიერი ქარიშხალი არყევს; ხოლო როდესაც ჩემს ძველ ცხოვრებას ვიგონებ და მზერას ვაპყრობ, თითქოს ნაპირს ვხედავ და სულთვითქვამ. ძლიერი ღელვის გამო ძლივსღა ვხედავ ჩემ მიერ დატოვებულ ნავსაყუდელს, რადგან ჩვენს სულს ამგვარი რამ სჩვევია: როდესაც კარგავს იმ სიკეთეს, რომელიც ჰქონდა, პირველად ახსოვს დანაკარგი, მაგრამ დროთა განმავლობაში ავიწყდება და ამგვარად, ხსოვნაც კი არ რჩება იმისი, რაც უწინ ჰქონდა. ამიტომ, როგორც ვთქვი, განვაგრძობთ ცურვას და მხედველობის არიდან სრულებით გვეკარგება უშფოთველი ნავსაყუდელი. ზოგჯერ, ჩემდა სამწუხაროდ, მაგონდებიან ადამიანები, რომლებიც სულით სრულიად განეშორნენ ამ სოფელს. მათი ანგელოზთა მსგავსი ცხოვრების მხოლოდ გახსენებაც მიჩვენებს, როგორ დავკნინდი. ამ წმიდა მოსაგრეთა უმრავლესობა ამ სოფლისაგან ფარულად ემსახურებოდა თავის შემოქმედს. ყოვლისშემძლე ღმერთს არ სურდა, რომ მათი განახლებული სული ადამიანურ საქმეებს მოეუძლურებინა და მათ ყოველგვარ მიწიერ საზრუნავს აცილებდა.

უკეთ რომ გადმოვცე ის, რაც ერთმანეთში ვისაუბრეთ, მას კითხვა-პასუხის სახეს მივცემ და ჩვენი სახელებით აღვნიშნავ.

პეტრე: თითქმის არაფერი ვიცი იმ მამათა ღვაწლის შესახებ, რომლებმაც წმიდა ცხოვრებით გაითქვეს სახელი იტალიაში. ამიტომ ვერ ვხვდები, ვის შესახებ საუბრობ ასეთი აღმაფრენით და ვის ცხოვრებას ადარებ შენს ცხოვრებას. რა თქმა უნდა, არ მეეჭვება, რომ იტალიაში მართლაც იყვნენ წმიდა მოღვაწეები, მაგრამ მათი სათნოებანი და სასწაულები ან სრულიად უცნობია ჩემთვის, ან მათ შესახებ იმდენად ცოტაა ნათქვამი, რომ ამ დუმილმა შესაძლოა ეჭვი აღძრას.

გრიგოლი: საყვარელო პეტრე, მათ შესახებ მხოლოდ ის ცნობები რომ გადმოგცე, რომლებიც მე, უბადრუკმა, სანდო მოწმეებისგან შევიტყვე, ვფიქრობ, ამისთვის დრო არ მეყოფა.

პეტრე: გევედრები, უწმიდესო მამაო, თუნდაც ნაწილი გამანდე. ვფიქრობ, არ დაბრკოლდები იმის გამო, რომ მათი ცხოვრების გახსენებით საკმაოდ ვრცელი მონათხრობი გამოვა. წმინდანთა ცხოვრების განხილვით ჩვენც ვისწავლით, როგორ მოვიპოვოთ და დავიცვათ სათნოებანი, მათი სასწაულები გვიჩვენებს, თუ როგორ იდიდება მოპოვებული და დაცული სათნოება. არსებობენ ადამიანები, რომელთა სულში ზეციური სამშობლოსადმი სიყვარულის ცეცხლს აღანთებს არა იმდენად დარიგებები, რამდენადაც - მაგალითები. ვინც წმინდანთა ცხოვრებას გაიაზრებს, ამით ორგვარ სარგებელს მოიპოვებს: პირველი, იმათი ცხოვრების მაგალითები, რომლებმაც ჩვენზე ადრე განვლეს ცხონებისკენ მიმავალი გზა, ჩვენში მომავალი ცხოვრების სიყვარულს აღძრავს; მეორე, თუკი ვინმე საკუთარ თავში სათნოებებს ხედავდა, თავს დაიმდაბლებს, როდესაც შეიტყობს, რომ წმინდანების ღვაწლი აღმატებული იყო.

გრიგოლი: მზად ვარ ახლავე გადმოგცე ყოველივე, რაც ამ მოღვაწეთა შესახებ ღმრთისმოსავ კაცთაგან მსმენია. მივბა- ძავ მარკოზისა და ლუკას წმიდა და ამაღლებულ, მზესავით მანათობელ მაგალითს, რომელთაც თავიანთი სახარებები დაწერეს არა ნანახის, არამედ მოსმენილის საფუძველზე. იმისთვის, რომ მომავალში ჩვენი მკითხველი არ დაეჭვდეს, ყოველი მოვლენის აღწერისას მივუთითებ წყაროს, რითიც ვისარგებლე. მხოლოდ წინასწარ გეტყვი, რომ ზოგიერთ შემთხვევაში მე მხოლოდ წყაროს აზრს გადმოვცემ, სხვა შემთხვევებში კი აზრთან ერთად თხრობის სიზუსტესაც დავიცავ. ყველაფერი ზუსტად რომ გადმოვცე იმათი სიტყვებით, ვინც ეს ამბები მაუწყა, ჩემი მონათხრობი არაერთგვაროვანი გამოვა იმის გამო, რომ ზოგიერთი მთხრობელი ძალიან უბრალო, მარტივი ენით გადმომცემდა ამბებს. უნდა აღვნიშნო, რომ ის, რის მოყოლასაც შენთვის ვაპირებ, ყველაზე სანდო კაცთაგან მეუწყა.