მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმიდა გრიგოლ დიოლოღოსი

 

დიალოღონი
საუბრები იტალიელი მამების ცხოვრებისა და სულის უკვდავების შესახებ

 

წიგნი პირველი - თავი მეცხრე
ბონიფაცი, თერენტის ეპისკოპოსი


ქალაქ თერენტში ეპისკოპოსად იყო ვინმე ბონიფაცი, კე- თილმოღვაწე კაცი, რომელიც თავისი ცხოვრებით საეპისკოპოსო კათედრას ამშვენებდა. მის შესახებ პრესვიტერი გავდენცი მიამბობდა, რომელიც ამჟამადაც ცოცხალია. ის ბონიფაცის ხელმძღვანელობით იზრდებოდა და მის მიერ აღსრულებულ საქმეთა მოწმე იყო, ამიტომაც შეეძლო მასზე უტყუარი ცნობების მოწოდება. თერენტის ეკლესია იმ ხანად უკიდურეს შეჭირვებას განიცდიდა (სიღარიბე კეთილი ადამიანებისთვის, როგორც წესი, სიმდაბლის მცველია): მისი საარსებო სახსარი ერთადერთი ვენახი იყო. ერთხელ ისეთი ძლიერი სეტყვა მოვიდა, რომ მტევნები მთელ ვენახში აქა-იქ შემორჩა. როდესაც ამის შემდეგ ხსენებული ღმრთის მონა, ეპისკოპოსი ბონიფაცი, ვენახში შევიდა, ყოვლადძლიერ ღმერთს მადლობა შესწირა იმისთვის, რომ უკიდურესი გაჭირვების ჟამს მწუხარება მოუვლინა. როდესაც ყურძნის დამწიფების დრო დადგა, ეპისკოპოსმა წესისამებრ ბრძანა მცველი დამ დგარიყო ვენახში და დაავალა, რაც შეიძლება ფხიზლად ედარაჯა. შემდეგ თავის შვილიშვილს, პრესვიტერ კონსტანტინეს უბრძანა ყველაფერი მოემზადებინა, რაც ღვინისთვის იყო საჭირო, უპირველეს ყოვლისა კი, საეპისკოპოსოში მოემზადებინათ ჭურჭელი და კასრები, რომლებიც წინასწარ გაფისეს. ამგვარმა ბრძანებამ პრესვიტერი შვილიშვილი გააოცა, მას უცნაურად ეჩვენა: რისთვის ბრძანა ეპისკოპოსმა ღვინის ჭურჭლის მომზადება, როდესაც ღვინო (ყურძნის სიმცირის გამო) თითქმის არ უნდა დაწურულიყო? მაგრამ არ გამოუკითხავს, რის გამო გაიცა ამგვარი ბრძანება და ყველაფერი შეასრულა. ამის შემდეგ ღმრთის სათნო ბონიფაცი ვენახში წავიდა, დარჩენილი ყურძნის მტევნები დაკრიფა, საწნახელში ჩააწყო და ყველას უბრძანა წასულიყვნენ, მხოლოდ მცირეწლოვან ყრმასთან ერთად დარჩა და უბრძანა მას ჩასულიყო საწნახელში და მტევნები დაეჭყლიტა. ყურძენი საკმაოდ ცოტა იყო. როდესაც მცირეოდენი წვენი გამოიწურა, ღმრთის კაცმა საკუთარი ხელით პატარა ჭურჭელში ჩაასხა და ლოცვა-კურთხევით ყველა მომზადებულ კასრსა და ჭურჭელში გაანაწილა, ისე, რომ ზოგიერთ მათგანში თითქმის არაფერი ესხა. ამის შემდეგ ეპისკოპოსმა პრესვიტერს უბრძანა გლახაკები მოეხმო. როგორც კი ეს ბრძანება აღსრულდა, საწნახელში იმდენი ღვინო აღმოჩნდა, რომ უპოვართა ყველა ჭურჭელი გაივსო. როდესაც მათი მოთხოვნილება დაკმაყოფილდა, წმინდანმა ყრმას უბრძანა საწნახელიდან ამოსულიყო; ამის შემდეგ მარანი დაკეტა, თავისი ბეჭდით დაბეჭდა და სახლში დაბრუნდა. მესამე დღეს პრესვიტერ კონსტანტინეს უხმო, ლოცვა აღავლინა და მარანი გახსნა. აღმოჩნდა, რომ ყველა ჭურჭელი, რომელშიც ეპისკოპოსმა რამდენიმე წვეთი ყურძნის წვენი ჩაასხა, ღვინით პირამდე ავსებულიყო და ცოტაც რომ დაეგვიანა, მარნის იატაკი ღვინით დაიფარებოდა. მაშინ მან პრესვიტერი მკაცრად გააფრთხილა, ბონიფაცის სიცოცხლეში ამ სასწაულის შესახებ არავისთვის ეთქვა. წმინდანს ეშინოდა, აღსრულებული სასწაულის გამო ადამიანთა მიერ არ განდიდებულიყო, რაც სულისთვის ზიანის მომტანი იქნებოდა. ამგვარად, იგი მოძღვარს ბაძავდა, რომელიც საკუთარი მაგალითით სიმდაბლეს გვასწავლიდა, როდესაც მოწაფეებს ამცნო მისი სასწაულების შესახებ არავისთვის ეთქვათ, ვიდრე “ძე კაცისაჲ მკუდრეთით აღდგეს” (მათ. 17, 9).

პეტრე: რამდენადაც შესაფერისი შემთხვევა მომეცა, მსურს დაგეკითხო, მამაო, რატომ აუკრძალა ჩვენმა მხსნელმა ორ ბრმას, რომელთაც თვალი აუხილა, გაენდოთ ვინმესთვის ეს სასწაული, მათ კი მთელ ქვეყანას ამცნეს (მათ. 9, 27-31)? ნუთუ მხოლოდშობილმა ძემ, მამისა და სული წმიდის თანასამარადისომ, ის განიზრახა, რაც არ აღსრულდებოდა, ანუ არ ესაუბრათ სასწაულის შესახებ, რომლის დაფარვაც შეუძლებელი იყო?

გრიგოლი: ყოველივეს, რასაც ჩვენი მხსნელი მოკვდავ სხეულში მყოფი აღასრულებდა, იმისთვის აღასრულებდა, რომ ჩვენთვის მისაბაძი მაგალითი მოეცა, რათა ჩვენ, ძალისაებრ გავყოლოდით მის ნაკვალევს და წაბორძიკების გარეშე გაგვევლო ამქვეყნიური ცხოვრების გზა. მან სასწაული აღასრულა და მისი გახმაურება აუკრძალა, თუმცა ეს შეუძლებელი იყო. ამით სურდა ეჩვენებინა, რომ თუკი ღმრთის რჩეულთ სურთ მიბაძონ მის მაგალითს და სწავლებას, როდესაც დიდ სასწაულს აღასრულებენ, გულის სიღრმეში უნდა ისურვონ, რომ ეს საქმე დაფარული დარჩეს, თუნდაც, მათი ნების საწინააღმდეგოდ, ეს საქმე სხვათა სასარგებლოდ გაცხადდეს. რადგან, როგორც სურვილი, რომ უდიდესი საქმეები დარჩეს დაფარულად, ნიშანია უდიდესი სიმდაბლისა, ასევე მათი გახმაურებით სარგებელს ჰპოვებენ სხვები. ამიტომ ღმერთს ენება არა ის, რომ შეუძლებელი რამ აღსრულებულიყო, არამედ მხოლოდ ჩვენი სწავლებისთვის სურდა საკუთარი მაგალითით ეჩვენებინა, რა უნდა სურდეთ მისი (საიდუმლო) სხეულის ასოებს და რა შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს მათ სურვილს.

პეტრე: სრულიად გულსავსე ვარ, მამაო, შენი განმარტებით.

გრიგოლი: რამდენადაც წმიდა ბონიფაცის შესახებ დავიწყეთ საუბარი, მის მიერ აღსრულებული კიდევ რამდენიმე სასწაული მსურს გადმოგცე. ერთხელ მოწამე პროკულეს ხსენების დღე ახლოვდებოდა. მაშინ თერენტში ერთი სახელგანთქმული კაცი, სახელად ფორტუნატე, ცხოვრობდა. ის მომეტებულად ევედრებოდა ღირს ბონიფაცის, რომ სადღესასწაულო ღმრთისმსახურების დასრულების შემდეგ, ნეტარი მოწამის პატივად, სახლში სწვეოდა და დაელოცა. ღმრთის სათნო მამამ ფორტუნატეს გულითად თხოვნაზე უარი ვერ უთხრა. ამიტომ სადღესასწაულო ღმრთისმსახურების დასრულების შემდგომ ეწვია კიდეც სახლში ტრაპეზის დროს. მაგრამ ვიდრე ტრაპეზის წინ ლოცვას დაასრულებდა, სახლის კართან ერთი კაცი გამოჩნდა მუსიკალური ინსტრუმენტებით და წინწილა აახმიანა (ზოგიერთებს აქვთ ამგვარი ჩვეულება, საჭმელი მუსიკის თანხლებით მიიღონ). წმინდანი უკმაყოფილოდ უსმენდა მუსიკის ჰანგებს და თქვა: “ჰოი, კვდება, კვდება ეს უბედური! მოვედი ამ სასიამოვნო ტრაპეზზე და უფლის დიდება ვერ მოვასწარი, რომ მან უკვე დაუკრა თავისი სიმღერა“. შემდეგ დაუმატა: “წადით, სიყვარულით შესთავაზეთ საჭმელ-სასმელი, მაგრამ იცოდეთ, რომ ის მკვდარია“. მართლაც, როდესაც ამ საცოდავ კაცს გაუტანეს პური და ღვინო და ის უკან გაბრუნდა, სახლის სახურავიდან უზარმაზარი ქვა გადმოვარდა და თავზე დაეცა. ის ცოცხალმკვდარი აიყვანეს და მეორე დღეს, წმინდანის წინასწარმეტყველების თანახმად, გამოეთხოვა სიცოცხლეს. დაფიქრდი, საყვარელო პეტრე, როგორი კეთილკრძალული შიში გვმართებს წმინდანთა მიმართ, რომელთა სულებშიც ცხადად მკვიდრობს ღმერთი! და როდესაც რისხვით აღივსება წმინდანი, ვისია ეს რისხვა, თუ არა იმისი, ვინც უხილავად მკვიდრობს წმინდანის სულში? ამიტომ მით უფრო უნდა გვეშინოდეს, რომ მართალი კაცი არ განვარისხოთ, რამდენადაც უეჭველია, რომ მის გულში მარად მკვიდრობს ის, რომელსაც თვისი ნებისაებრ ყოველთვის ძალუძს შურისგება.

ერთხელ ხსენებულმა პრესვიტერმა კონსტანტინემ, წმიდა ბონიფაცის შვილიშვილმა, თავისი ცხენი თორმეტ დრაჰკანად გაყიდა, ფული ზანდუკში ჩადო და საქმის გამო სადღაც გაემგზავრა. სწორედ ამ დროს ეპისკოპოსს სახლში გლახაკებმა მოაკითხეს და ევედრებოდნენ მათ უპოვარებას შეწეოდა, მაგრამ ღმრთის კაცს არაფერი ჰქონდა მათთვის რომ მიეცა და შეწუხდა, უპოვრებს ხელცარიელს რომ უშვებდა. უცებ გაახსენდა, რომ მისმა შვილიშვილმა ცხენი გაყიდა და ფული ზანდუკში ჩადო. მიუხედავად იმისა, რომ ის სახლში არ იყო, მოძებნა ზანდუკი, წმიდა განზრახვის აღსრულების მიზნით გატეხა საკეტი, ამოიღო თორმეტი დრაჰკანი და თავისი შეხედულებისამებრ გაუყო უპოვართ. როდესაც კონსტანტინე დაბრუნდა, ნახა, რომ ზანდუკი გატეხილი იყო და შიგ ფული აღარ იდო. ძლიერ განრისხებულმა ხმამაღლა იყვირა: “აქ ყველა თავის ნებაზე ცხოვრობს, მარტო მე არა მაქვს ჩემს ნებაზე ცხოვრების უფლება!“ ამის გაგონებაზე ეპისკოპოსი და საეპისკოპოსოს მცხოვრებნი გამოვიდნენ. წმინდანმა პრესვიტერის დამშვიდება სცადა, ის კი ყვირილს განაგრძობდა: “ყველა მშვიდად ცხოვრობს შენს მონასტერში, მარტო მე არ მაძლევ მოსვენებას! დამიბრუნე ფული!“ დამწუხრებული ეპისკოპოსი ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ტაძარში შევიდა, შეიმოსა სამღვდელო შესამოსელი, ხელები ზეცად აღაპყრო და ყოვლადწმიდას მიმართ ლოცვა დაიწყო, რომ ის შეწეოდა პრესვიტერის უგუნური მრისხანების დაცხრომაში. ლოცვის დასრულების შემდეგ ეპისკოპოსმა შესამოსლის უბეში თორმეტი დრაჰკანი აღმოაჩინა, რომლებიც ისე ბრწყინავდნენ, თითქოს ახალი მოჭრილი იყო. ის მაშინვე განრისხებულ პრესვიტერთან დაბრუნდა და დაუბრუნა ფული სიტყვებით: “აჰა, შენი ფული, მაგრამ იცოდე, სიძუნწის გამო ჩემი სიკვდილის შემდეგ ეპისკოპოსი ვერ გახდები!“ წმინდანის სიტყვებიდან ჩანს, რომ პრესვიტერი ამ ფულს ეპისკოპოსობის სურვილის გამო აგროვებდა. წმინდანის წინასწარმეტყველება ახდა: კონსტანტინე პრესვიტერის ხარისხში აღესრულა.

ერთხელ წმიდა ბონიფაცის მონასტერში ორი გუთი შემოვიდა, ისინი რავენაში მიიჩქაროდნენ. წმინდანმა მათ პატარა ჭურჭელში ღვინო ჩაუსხა, რათა გზაში ენუგეშათ. ამ პატარა ჭურჭელში გუთებს ღვინო თვით რავენამდე არ გამოლევიათ. მათ რამდენიმე დღე დაჰყვეს იქ, ღვინოს ყოველდღე სვამდნენ და ის არ იკლებდა. ბოლოს იმავე გზით დაბრუნდნენ თერენტში წმინდანთან, ღვინოს ყოველდღიურად სვამდნენ, მაგრამ ჭურჭელს სასმელი არ აკლდებოდა: ღვინო კი არ იმატებდა, არამედ არ აკლდებოდა. ახლახან იმ მხარიდან ერთი მოხუცი კლერიკოსი (სამ- ღვდელო დასის წევრი) მეწვია. არ შემიძლია არ გადმოგცე მისი მონათხრობი წმიდა ბონიფაცის შესახებ. ერთხელ წმინდანმა მონასტრის ბაღში ნახა, რომ მცენარეებს ჭია შესეოდა, განსაკუთრებით ბოსტნეული იყო განადგურებული. მაშინ მან მიმართა ჭიაღუას: “სახელითა იესო ქრისტესითა, გიბრძანებ, დატოვო ბოსტნეული და აღარ გაანადგურო“. ჭიაღუა მყისვე სადღაც უკვალოდ გაქრა. ეს სასწაულები წმიდა ბონიფაციმ ეპისკოპოსის ხარისხში მყოფმა აღასრულა, როდესაც ხარისხის მადლთან ერთად ზნეობრივადაც წარემატებოდა ღმერთის წინაშე, რაც არ არის იმდენად გასაკვირი, რამდენადაც ის სასწაულები, რომელთაც, როგორც ის მოხუცი კლერიკოსი მოგვითხრობდა, სიყრმეში აღასრულებდა. იმ დროს, როდესაც ის დედასთან ერთად ცხოვრობდა, ხშირად სახლში დაბრუნებულს სამოსი არ ეცვა, რადგან სხვადასხვა სახლში სტუმრობისას, თუკი შიშველ გლახას ნახავდა, იხდიდა და აძლევდა იმ იმედით, რომ თვით ღმერთი, რომლის თვალთა წინაშე აღასრულებდა სიკეთეს, მიაგებდა მას. დედა ხშირად ტუქსავდა და საყვედურობდა, რატომ აძლევდა სხვებს ტანსაცმელს, როდესაც თვითონაც ღარიბი იყო. ერთხელ ის ბეღელში შევიდა, სადაც მთელი წლის სამყოფი ხორბალი ეგულებოდა და ბეღელი ცარიელი დახვდა. მის ვაჟს ხორბალი გლახაკებისთვის მიეცა. დედა სასოწარკვეთილებამ მოიცვა და უნუგეშოდ ატირდა, რომ სარჩო მთელი წელი აღარ ექნებოდა. ბონიფაციმ დედის დამშვიდება სცადა, მაგრამ მისი სიტყვები არაფერს შველოდა. მაშინ მან სთხოვა დედას გასულიყო ბეღლიდან და ღმრთის წინაშე ლოცვას მიეცა. რამდენიმე ხნის შემდეგ დედას მოუხმო. ბეღელში იმაზე მეტი ხორბალი აღმოჩნდა, ვიდრე მას ზამთრისთვის ჰქონდა გადანახული. დედა გაოცდა ამ სასწაულის ხილვისას და ყრმის ლოცვის ძალა რომ შეიცნო, იმ დღიდან ხორბლის გაცემას თვითონ აიძულებდა. დედას ყოველთვის ჰყავდა სახლში რამდენიმე შინაური ფრინველი. მათ მელა შეეჩვია. ერთხელ, როდესაც ყრმა ბონიფაცი შემოღობილში იყო, სადაც ქათმები ჰყავდათ, მელამ მის თვალწინ მოიტაცა ერთი მათგანი. ყრმა მყისვე ეკლესიაში წავიდა და ღმერთს მიმართა: “ღმერთო, ნუთუ შენ გსურს, რომ დედის მიერ მომზადებული საჭმელი ვერც კი გავსინჯო? ის ზრდის ქათმებს, მელა კი გვიჭამს!“ ლოცვის დასრულების შემდეგ ტაძრიდან გამოსული ხედავს: მელა დაბრუნდა და პირით მოტაცებული ქათამი მოიყვანა; ქათამს პირი გაუშვა და ბონიფაცის თვალწინ უსულოდ დაეცა.

პეტრე: საკვირველია, როგორ აღასრულებს ღმერთი მსასოებელთა მისთა ვედრებას, თვით ამგვარ უმნიშვნელო საგნებთან დაკავშირებითაც კი.

გრიგოლი: ეს ყოველივე, საყვარელო პეტრე, ჩვენი ყოვლადბრძენი შემოქმედის განზრახვით აღესრულება, რათა როდესაც მივიღებთ მცირედს, აღვზარდოთ ჩვენში სასოება, რომ მივიღებთ უმეტესსაც. უბრალო და ღმრთისმოსავმა ყრმამ იხილა თავისი გულწრფელი სურვილის აღსრულება და ამით უნდა მიმხვდარიყო, როგორი კადნიერება შეიძლება ჰქონოდა ღმერთის წინაშე, როცა უმეტესს გამოითხოვდა.

პეტრე: მართალს ბრძანებ, მამაო.