გრიგოლი: იმავე ხანებში ღირსი ანასტასი, რომელიც უკვე ვახსენეთ, ნოტარიუსად მსახურობდა რომის ეკლესიაში[1], რომელსაც ამჟამად, ღმრთის წყალობით, მე ვემსახურები. მან მოისურვა, ცხოვრება ღმერთისთვის მიეძღვნა, წერილობითი საქმეები მიატოვა და საცხოვრებლად სწორედ ის სუპენტონის მონასტერი აირჩია, რომელიც უკვე ვახსენეთ. ანასტასი, როგორც მზრუნველი მწყემსი, მართავდა მონასტერს და ღვაწლში მრავალი წელი გაატარა. მთის წვერზე უზარმაზარი კლდე იყო გადმოშვებული, მის ქვემოთ კი ფრიალო კალთა ეშვებოდა. როდესაც ყოვლისშემძლე ღმერთის ნებით უკვე მოახლოვდა დრო, მიწიერ ცხოვრებაში აღსრულებული ღვაწლისათვის ანასტასის მისაგებელი მიეღო, ერთ ღამეს ამ მაღალი კლდიდან ხმა გაისმა, რომელსაც დიდი ხმაური ახლდა: “ანასტასი, მოდი!“ ამის შემდეგ სხვა შვიდი ძმაც სახელდებით იქნა მოხმობილი. შემდეგ ხმა ცოტა ხნით მიჩუმდა, მაგრამ მალე კიდევ ერთ ძმას მოუხმო. ეს მთელ საძმოს ესმოდა და არავის ეეჭვებოდა, რომ იმათ აღსასრულს მოასწავებდა, ვისაც ხმამ მიმართა. მართლაც, რამდენიმე დღეში ჯერ ანასტასი აღესრულა, ხოლო შემდეგ დანარჩენებიც იმ თანამიმდევრობით, როგორც ხმამ მოუწოდა. იმ ძმამ, რომელიც ხმამ მცირეოდენი ხნის შემდეგ მიიხმო, დანარჩენ ძმებზე მეტ ხანს იცოცხლა და შემდეგ აღესრულა. აქედან ცხადია, რომ ხმის დუმილი რამდენიმე დღის სიცოცხლეს ნიშნავდა. ამ დროს ამგვარი სასწაული მოხდა: როდესაც წმიდა ანასტასის აღსასრული უახლოვდებოდა, მასთან ერთი ძმა მივიდა, რომელსაც არ სურდა წინამძღვრის გარდაცვალების შემდეგ დიდხანს ეცოცხლა, წმინდანის ფერხთით დავარდა და ცრემლით შეევედრა: “ღმერთის სახელს გაფიცებ, რომელთანაც მიიცვლები, არ დაუშვა, რომ შენი გარდაცვალების შემდეგ შვიდ დღეზე მეტ ხანს ვიცოცხლო“. მართლაც, არ გასულა შვიდი დღე ანასტასის გარდაცვალების შემდეგ, რომ ეს ძმაც აღესრულა, თუმცა იგი სხვებთან ერთად იმ ღამით ხმას არ მოუხმია. ცხადია, რომ მხოლოდ წმიდა ანასტასის ლოცვას შეეძლო მიენიჭებინა მისთვის აღსასრული.
პეტრე: მამაო, თუკი ძმა ამქვეყნიდან მხოლოდ წმიდა ანასტასის ლოცვით გავიდა და მას ხმამ არ მოუწოდა, ხომ არ შეიძლება აქედან გამოვიტანოთ დასკვნა, რომ დიდ წმინდანებს თავიანთი ლოცვით ზოგჯერ შეუძლიათ მიიღონ ის, რაც არ იყო ღმერთის მიერ წინასწარ განსაზღვრული?
გრიგოლი: არა, რაც ღმერთის მიერ წინასწარ განსაზ- ღვრული არ არის, იმას ისინი ვერ მიიღებენ; რასაც თავიან თი ლოცვის პასუხად იღებენ, ის განსაზღვრულია, ანუ ის ლოცვის მეოხებით ისე უნდა აღესრულოს კიდეც. ყოვლისშემძლე ღმერთის მიერ თვით ცათა სასუფევლის დამკვიდრება იმგვარად არის წინასწარ განსაზღვრული, რომ რჩეულნი მას ღვაწლისათვის იღებენ; ისინი ლოცვით მოიპოვებენ ნი ჭებს, რომლებიც ყოვლისშემძლე ღმერთის მიერ მათთვის იყო წინასწარგანსაზღვრული უწინარეს ყოველთა საუკუნეთა.
პეტრე: გთხოვ, მამაო, სრულად განმიმარტე: ლოცვა როგორ აღასრულებს წინასწარგანსაზღვრულობას?
გრიგოლი: საყვარელო პეტრე, ჩემ მიერ გამოთქმული მოკლედ ამგვარად შემიძლია განგიმარტო. შენ, უეჭველია, იცი, რა უთხრა ოდესღაც ღმერთმა აბრაამს: “ისაკისაგან გეწოდოს შენ ნათესავად“ (დაბ. 21, 12) და აგრეთვე სხვა ადგილას: “მამად მრავალთა თესლთა დაგდევ შენ“ (დაბ. 17, 5). მას კიდევ ამგვარი აღთქმა მიეცა: “კურთხევით გაკურთხო შენ და განმრავლებით განვამრავლო ნათესავი შენი, ვითარცა ვარსკულავნი ცისანი და ვითარცა ქჳშაჲ ზღჳსკიდისაჲ “ (დაბ. 22, 17). ეს აღთქმანი ცხადად გვიჩვენებს - ყოვლისშემძლე ღმერთმა წინასწარ განსაზღვრა, რომ აბრაამის თესლი ისააკს გაემრავლებინა. ამავე დროს, აი რას ვკითხულობთ სხვა ადგილას: “და ევედრებოდა ისაკ ღმერთსა ცოლისა თჳსისა რებეკასთჳის, რამეთუ ბერწ იყო. და შეისმინა მისი ღმერთმან და მუცლად-იღო ცოლმან მისმან, რებეკა” (დაბ. 25, 21). თუკი წინასწარგანსაზღვრულობით აბრაამის შთამომავლობა ისააკისგან უნდა გამრავლებულიყო, მაშინ მისი ცოლი ბერწი რატომ იყო? სწორედ აქედან ჩანს, რომ წინასწარგანსაზღვრულობა ლოცვით აღესრულება, რადგან იმას, ვისაც აბ რაამის შთამომავლობა უნდა გაემრავლებინა, შვილები მხოლოდ ლოცვით მიეცა.
პეტრე: მამაო, შენი სიტყვებით საიდუმლო გამეხსნა და უკვე არავითარი ეჭვი აღარ მაშფოთებს.
გრიგოლი: თუ გსურს, იმ წმიდა მამათა შესახებ გიამბობ, რომლებიც ტუსციაში ცხოვრობდნენ, რათა იცოდე როგორი მოღვაწეები იყვნენ იქ და თავიანთი შემეცნებით როგორ უახლოვდებოდნენ ღმერთს.
პეტრე: გულითადად გთხოვ, მიამბო მათ შესახებ.
[1] - ნოტარიუსი (რომის ეკლესიაში) ეკლესიის წერილობითი საქმეებით იყო დაკავებული.