მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმიდა გრიგოლ დიოლოღოსი

 

დიალოღონი
საუბრები იტალიელი მამების ცხოვრებისა და სულის უკვდავების შესახებ

 

წიგნი პირველი - თავი მეშვიდე
ნონოზი, სარაქტის მთის მონასტრის ეკონომოსი


გრიგოლი: ახლა გიამბობ რა შევიტყვე ანკონის მეზობლად მდებარე ადგილის შესახებ, შენთვის ცნობილ პირებთან - ღირსეულ ეპისკოპოს მაქსიმინთან და მღვდელ-მონაზონ ლავრიონთან საუბრისას. ისინი ამჟამადაც ცოცხლები არიან. მოხუც ლავრიონს ქალაქ ნემეზის მახლობელ სუპენტონის მონასტერში მზრუნველობას უწევდა ვინმე ანასტასი, რომელიც წმიდა ცხოვრებას ეწეოდა. სუპენტონის მონასტერთან ახლოს, სარაქტის მთაზე, მდებარეობდა სხვა მონასტერი. იქ ერთმა ღირსმა მოსაგრემ, ეკონომოსმა ნონოზმა, ამაღლებული და მკაცრი ცხოვრებით გაითქვა სახელი. ამ მიზეზით და აგრეთვე მონასტერთან სიახლოვის გამო, ანასტასი ნონოზის სანახავად ხშირად მიდიოდა. ნონოზის მონასტრის წინამ- ძღვარს ძალიან ფიცხი ხასიათი ჰქონდა, მაგრამ ნონოზი მის მრისხანებას მუდამ საკვირველი სიმშვიდით ითმენდა. ის სიმშვიდით მთელ საძმოს აღემატებოდა და ხშირად თავისი სიმდაბლით წინამძღვარს ამშვიდებდა. რადგან მონასტერი მთის მწვერვალზე მდებარეობდა, ძმები ბოსტნის გასაშენებლად პატარა ადგილსაც ვერ პოულობდნენ. მთის ფერდზე ერთი ადგილი კი იყო, მაგრამ მას მთიდან გადმოშვერილი კლდე ფარავდა. ერთხელ წმიდა ნონოზმა გაიფიქრა, რომ ბოსტნისთვის ამ ადგილის გამოყენება შეიძლებოდა, მაგრამ კლდე იმდენად დიდი იყო, რომ ორმოცდაათი წყვილი ხარიც ვერ შეძლებდა მის გადაადგილებას, ადამიანური ძალა ამ საქმისთვის ხომ სრულიად უსუსური იყო. წმინდანმა ღმერთს მოუხმო შეწევნისთვის და ღამის სიწყნარეში ლოცვას მიეცა. დილით იქ მისულმა ძმებმა იხილეს, რომ უზარმაზარი ლოდი იმ ადგი ლიდან შორს გადავარდნილიყო და მათ ბოსტნისთვის ფართო სივრცე დარჩენოდათ.

ეს წმინდანი სხვა დროს ტაძრის სტოაში მინის კანდელებს ასუფთავებდა. ერთი კანდელი ხელიდან გაუვარდა და დაიმსხვრა. წინამძღვრის შიშით, ნონოზმა ნამსხვრევები მოაგროვა, საკურთხევლის წინ მოათავსა და სულთქმით ილოცა: ლოცვის შემდეგ წამომდგარმა ნახა, რომ კანდელი, რომლის ნამსხვრევებს შიშით აგროვებდა, გამთელებულიყო. ამგვარად, ამ ორი სასწაულის აღსრულებით, ის ორ წმინდანს მიემსგავსა: კლდის მოწყვეტით - წმიდა გრიგოლს, რომელმაც სიტყვით მთა გადააადგილა, ხოლო კანდელის გამთელებით - წმიდა დონატეს, რომელმაც დამსხვრეული ჭურჭელი აღადგინა.

პეტრე: ვხედავ, რომ წინათ აღსრულებული სასწაულები ამჟამადაც მეორდება.

გრიგოლი: თუ გსურს, იმასაც გიამბობ, რა აღასრულა წმიდა ნონოზმა წინასწარმეტყველ ელისეს მიბაძვით.

პეტრე: მოუთმენლად მსურს მოვისმინო.

გრიგოლი: ერთხელ მონასტერში ზეთი შემოაკლდათ. ამ დროს, თუმცა ზეთისხილის მოკრეფის დრო იყო, მონასტრის ბაღში ხეებს არაფერი ესხა. მონასტრის წინამძღვარმა ძმები ახლო მდებარე სოფლებში გაგზავნა, რომ სოფლელებს ზეთისხილის მოკრეფაში დახმარებოდნენ და შრომის საფასურით მონასტრისთვის ცოტაოდენი ზეთი შეეძინათ. ღმრთის კაცი ნონოზი უდიდესი სიმშვიდით წინ აღუდგა ამას, რადგან ეშინოდა, ძმათაგან ვინმეს, მონასტრიდან ზეთის მოსაპოვებლად გასვლის შემდეგ სულიერი ზიანი არ განეცადა. მონასტრის ბაღში ზეთისხილის ხეებს აქა-იქ ესხა ნაყოფი. წმიდა ნონოზმა ბრძანა მოეკრიფათ, გამოეწურათ მათგან ზეთი და მისთვის მიეტანათ. მისი ბრძანება შეასრულეს და ძმებმა გამოწურული ზეთი პატარა ჭურჭლით მიუტანეს წმინდანს. როდესაც ყველანი წავიდ-წამოვიდნენ, წმიდა ნონოზმა ზეთიანი ჭურჭელი საკურთხევლის წინ დადგა და ღმრთის მიმართ ილოცა. როდესაც ძმები დაბრუნდნენ, უბრძანა მონასტრის ყველა ჭურჭელში ცოტ-ცოტა ზეთი ჩაესხათ და ჭურჭლები დაეხურათ. როდესაც გახსნეს, აღმოჩნდა, რომ ისინი ზეთით ავსებულიყო.

პეტრე: ახლა ცხადია, როგორ მოუკლებელად აღესრულება უფლის სიტყვები: “მამაჲ ჩემი მოაქამდე იქმს და მეცა ვიქმ“ (იოანე 5, 17).