მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმიდა გრიგოლ დიოლოღოსი

 

დიალოღონი
საუბრები იტალიელი მამების ცხოვრებისა და სულის უკვდავების შესახებ

 

წიგნი პირველი - თავი მეხუთე
კონსტანტინე, წმიდა სტეფანეს ტაძრის მნათე


გრიგოლი: ახლა იმას გიამბობ, რაც ერთ ნაცნობ ეპისკოპოსთან საუბრისას შევიტყვე. ის მრავალი წლის მანძილზე მონაზონი იყო ქალაქ ანკონში და ღმრთისმოშიშებით ცხოვრობდა. მის ნაამბობს იმავე ქალაქის სხვა, ხნიერი მოქალაქეებიც ადასტურებენ. ქალაქ ანკონის სიახლოვეს წმიდა მოწამე სტეფანეს ტაძარი მდებარეობდა, სადაც მნათის მოვალეობას პატივსაცემი კაცი, კონსტანტინე ასრულებდა. მისი უბიწო ცხოვრების შესახებ ხმა შორს გავრცელდა, რადგან ამ ადამიანმა ყოველივე ამქვეყნიური სრულიად მოიძულა და სულით მხოლოდ ზეციურს ესწრაფოდა. ერთხელ ტაძარში ზეთი შემოაკლდათ და ღმრთის მონა კონსტანტინეს აღარაფერი ჰქონდა, რომ კანდელები აენთო. მან სრულიად უშფოთველად, კანდელებში წყალი ჩაასხა და პატრუქიც ჩაუშვა. როდესაც პატრუქს ცეცხლი მოუკიდა, წყალი ისე იწვოდა, თითქოს კანდელებში ზეთი ესხა. დაფიქრდი, საყვარელო პეტრე, თუ რა დიდი მოსაგრე იყო კონსტანტინე, რომელსაც გაჭირვებისას სტიქიათა თვისებების შეცვლა შეეძლო.

პეტრე: ჭეშმარიტად, საკვირველია შენი მონათხრობი, მამაო, მაგრამ მსურს ვიცოდე, ეს ადამიანი, ასეთ უჩვეულო გარეგან საქმეებს რომ აღასრულებდა, შინაგანი თავმდაბლობის რომელ საფეხურზე იდგა?

გრიგოლი: კარგია, რომ სასწაულმოქმედებაში ადამიანის სულიერი მდგომარეობის გამოძიებას ცდილობ, რადგან გარეგანი სასწაულმოქმედება სულს ძლიერ განსაცდელში აგდებს. მაგრამ როგორი სიმდაბლით იყო მოსილი წმიდა კონსტანტინე, მაშინვე მიხვდები, როგორც კი მისი ერთ-ერთი საქმის შესახებ გიამბობ.

პეტრე: ასეთი დიდი სასწაულის შემდეგ ისღა დაგრჩენია, მისი სულიერი სიმდაბლის შესახებ მიამბო.

გრიგოლი: როდესაც კონსტანტინეს სიწმიდის ამბავი შორს გავრცელდა, უამრავმა ხალხმა იწყო მოსვლა დაუოკებელი სურვილით, რომ ენახათ იგი. ერთხელ შორეული ქვეყნიდან მის სანახავად ერთი გლეხი ჩამოვიდა. იმ დროს წმიდა კონსტანტინე ხის სკამზე იდგა და კანდელებს ასწორებდა. ის ტანდაბალი, გამხდარი და შეუხედავი იყო. მის სანახავად ჩამოსული კაცი ყველას ეკითხებოდა, სად შეიძლებოდა წმინდანის ნახვა და სთხოვდა ეჩვენებინათ იგი. ვინც წმინდანს იცნობდა, მისი წადილი აღასრულეს. უმეცარი ადამიანები ხშირად სულიერ სათნოებებზე გარეგნული სახით მსჯელობენ. ამ კაცმაც, როდესაც ტანდაბალი და შეუხედავი ადამიანი დაინახა, გაიფიქრა, რომ ეს წმინდანი არ იქნებოდა. მას მოეჩვენა, რომ რაც გაეგო წმინდანის შესახებ, თვალით ნანახს არ შეესაბამებოდა. შეუძლებელია, ფიქრობდა ის, ასე სახელგანთქმული ადამიანი ასეთი შეუხედავი იყოს. როდესაც მრავალმა დაუდასტურა, რომ ის სწორედ სახელგანთქმული წმინდანი იყო, მან უპატივცემულოდ და დაცინვით თქვა: “ვფიქრობდი ღირსეულ კაცს ვნახავდი, ეს კი ადამიანსაც არ ჰგავს“. გაიგო თუ არა ეს სიტყვები კონსტანტინემ, მაშინვე მიატოვა საქმე, გლეხს გახარებული მიეჭრა, გულში ჩაიკრა, უჩვეულო სიყვარულით ეამბორა და მთელი გულით მადლობდა, რომ ამგვარად მოიხსენია იგი: “შენ ერთადერთმა თქვი ჩემ შესახებ სიმართლე“, - ამბობდა წმინდანი. აქედან შეიძლება დავასკვნათ, რა დიდი იყო წმინდანის სიმდაბლე, მის შესახებ უხეირო ნათქვამის მიუხედავად, გლეხის მიმართ ასეთი სიყვარული რომ გამოხატა. ადამიანის სულიერი ხარისხი ყველაზე უკეთ იმით შეიცნობა, თუ როგორ ითმენს სხვებისგან შეურაცხყოფას. რამდენადაც ამპარტავანთ სხვებისგან პატივის მიგება უყვართ, იმდენად თავმდაბალნი მათი დამდაბლებით ხარობენ. ისინი სიმშვიდეს მაშინაც ინარჩუნებენ, როდესაც სხვები შეურაცხყოფენ, რადგან ხედავენ, რომ საკუთარ თავზე მათი შეხედულება სხვათა მიერ დასტურდება.

პეტრე: ვხედავ, რომ ეს წმინდანი დიდი იყო სასწაულმოქმედებით, მაგრამ უფრო დიდი იყო სიმდაბლით.