მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმიდა გრიგოლ დიოლოღოსი

 

დიალოღონი
საუბრები იტალიელი მამების ცხოვრებისა და სულის უკვდავების შესახებ

 

წიგნი პირველი - თავი მეოთხე
ეკვიცი, რომელიც მონასტრის წინამძღვარი იყო ვალერიის ოლქში


გრიგოლი: ახლა იმას გიამბობ, რაც ფრიად ღირსეულმა ფორტუნატემ მიამბო, რომელიც მონასტერს წინამძღვრობდა პუტეოლში. ვალერიის პროვინციაში ერთი კაცი, სახელად ეკვიცი, ცხოვრობდა, რომელიც უჩვეულოდ წმიდა ცხოვრებას იმარხავდა. მას წინამძღვარი ფორტუნატეც კარგად იცნობდა და მისი სულიერი ღვაწლის მიმართ სხვებიც კრძალვით იყვნენ გამსჭვალულნი. ეკვიცი, როგორც დიდი სიწმინდით მცხოვრები კაცი, იმ ოლქში მრავალ მონასტერს წინამძღვრობდა. სიყრმეში მას ხორციელ გულისთქმებთან ბრძოლა ტანჯავდა, მაგრამ ბრძოლის სიმძიმემ უფრო გულმოდგინე ლოცვისთვის აღძრა. ამგვარად, ეკვიცი დაუცხრომელი ლოცვით ყოვლისშემძლე ღმერთისგან შეწევნას გამოითხოვდა და ბოლოს იგრძნო, რომ ხორციელი გულისთქმები განეშორნენ და თითქოს უსხეულო შეიქნა. როდესაც ღმერთის შეწევნით სათნოებებში განმტკიცდა, ეკვიცი დედათა მონასტრების წინამძღვარიც გახდა, რადგან იქამდე მხოლოდ მამათა მონასტრებს წინამძღვრობდა. თუმცა თავის მოწაფეებს მუდამ ჩააგონებდა, რომ მის მაგალითს განუსჯელად არ აჰყოლოდნენ და არ მოესურვებინათ იმის აღსრულება, რისი ნიჭიც არ ჰქონდათ.

იმ დროს რომში გრძნეულები შეიპყრეს. ვინმე ბასილი, რომელიც ყველაზე დახელოვნებული ჯადოქარი იყო, სამონაზვნო კაბაში გადაცმული ვალერიის ოლქში გაიქცა. ის ამითერნის ეპისკოპოსს, ღირს კასტორს ეახლა და შეევედრა ეკვიცის მონასტერში განეწესებინა, თან ჰპირდებოდა, მონასტერს სამკურნალო ხელოვნებით შევეწევიო. ეპისკოპოსი ცრუ მონაზონ ბასილთან ერთად მაშინვე მონასტრისკენ გაემართა და ღმრთის სათნო ეკვიცის სთხოვა იგი ძმებს შორის მიეღო. წმინდანმა შეხედა ბასილს და ეპისკოპოსს უთხრა: “შენ მიბრძანებ მივიღო არა მონაზონი, არამედ - ეშმაკი“. _ “შენ მხოლოდ მიზეზს ეძებ, რომ ჩემი თხოვნა არ შეასრულო“, _ უპასუხა ეპისკოპოსმა წინამძღვარს. “ვამბობ იმას, რასაც მასში ვჭვრეტ, - უთხრა ღმრთის მონამ, - მაგრამ შენ რომ არ იფიქრო, თავს ვარიდებ მორჩილებას, აღვასრულებ შენს ნებას“. ბასილი მონასტერში მიიღეს. რამდენიმე დღის შემდეგ ღმრთის მონა ეკვიცი ხანგრძლივი დროით მონასტრიდან წავიდა, რათა სულიერი ნუგეშის მაძიებელნი ჭეშმარიტებაში განესწავლა. წმიდა ეკვიცის წასვლის შემდეგ დედათა მონასტერში, რომელსაც აგრეთვე ის წინამ- ძღვრობდა, ერთი მონაზონი, რომელსაც სილამაზე ჯერ კიდევ ჰქონდა შერჩენილი, დასნეულდა, საშინლად იტანჯებოდა და ყვირილითა და სულთქმით იმეორებდა: “მოვკვდები, თუ მონაზონი ბასილი არ მოვა და თავისი ხელოვნებით ჯანმრთელობას არ დამიბრუნებს“. წინამძღვრის არყოფნის დროს ვერც ერთი მონაზონი დედათა მონასტერში შესვლას ვერ ბედავდა, მით უმეტეს ბასილი, რომელიც ძმობაში ახალი მიღებული იყო და არავინ იცნობდა. ეკვიცისთან მაცნე გაგზავნეს და შეატყობინეს, ესა და ეს მონაზონი ითხოვს, რომ ბასილმა მოინახულოს. ამის გაგონებაზე წმიდა მამამ მწარე ღიმილით თქვა: “არ ვამბობდი, რომ ეს ადამიანი კი არა, დემონია? დაბრუნდით და ის მონასტრიდან გააძევეთ, ხოლო სნეული დის გამო ნუ იღელვებთ; მისი ავადმყოფობა გაივლის და ის ბასილს აღარ მოუხმობს“. გაგზავნილები დაბრუნდნენ და შეიტყვეს, რომ სნეული სწორედ იმ დროს გამოკეთდა, როდესაც ისინი ღმრთის სათნო ეკვიცის მონასტრისგან მოშორებით ესაუბრებოდნენ. ამგვარად, მართალმა სასწაული თავისი მოძღვრისა და უფლის - იესო ქრისტეს მსგავსად აღასრულა; როდესაც უფალი მეფის მოხელემ ძის განსაკურნებლად მოიხმო (იოან. 4, 46), მან ერთი სიტყვით მიანიჭა მას კურნება და სახლში დაბრუნებულმა მამამ შეიტყო, რომ მისი ძე სწორედ იმ დროს განიკურნა, როდესაც ამის შესახებ თავად ჭეშმარიტების ბაგეთაგან გაიგო. მონაზვნებმა წინამძღვრის ბრძანება აღასრულეს და ცრუ მონაზონი ბასილი მონასტრიდან გააძევეს. ამის შემდეგ მან აღიარა, რომ თავისი გრძნეულებით წმიდა ეკვიცის სენაკი ჰაერში აჰქონდა, მაგრამ ვერაფერი ავნო. მალე ეს გრძნეული ხალხის მოშურნეობით რომში კოცონზე დაწვეს.

ერთხელ ერთი მხევალი ღმრთისა იმავე დედათა სავანიდან მონასტრის ბოსტანში შევიდა. ბოსტნეული რომ დაინახა, ხარბად დაიწყო ჭამა, პირჯვრის გამოსახვა კი დაავიწყდა. მას უეცრად არაწმიდა სული ეკვეთა და მიწაზე დასცა. როდესაც ის ამ მდგომარეობაში იხილეს, მამა ეკვიცის სთხოვეს, ლოცვით განეკურნა სნეული. როგორც კი ეკვიცი ბოსტანში შევიდა, არაწმიდა სული დაცემული მხევლის პირით აყვირდა, თითქოს შეწყალებას ითხოვდა: “განა რა ჩავიდინე, განა რა ჩავიდინე? ბოსტნეულში ვიყავ, ამან კი მათთან ერთად თავის წიაღში მიმიღო“. ღმრთის კაცმა არაწმიდა სულს რისხვით უბრძანა, დაეტოვებინა მონაზონი და ყოვლისშემძლე ღმერთის მხევალთან აღარასოდეს დაბრუნებულიყო. ბოროტი სული მყისვე განშორდა მას და ამის შემდეგ მასთან მიახლოებას ვეღარ ბედავდა.

ნურსიის ოლქის წარჩინებულმა დიდებულმა ფელიქსმა, კასტორის მამამ, რომელიც ამჟამად რომში ცხოვრობს, შეიტყო, რომ ღმრთისმოშიშ ეკვიცის სამღვდელო ხარისხი არ ჰქონდა, ამავე დროს მოშურნედ ასწავლიდა სხვებს სიტყვით და ერთხელ მეგობრულად დაეკითხა: “მამაო, როგორ კადნიერდები, რომ ქადაგებ, როდესაც არც სამღვდელო ხარისხი გაქვს და არც რომის მღვდელმთავრის ნებართვა, რომლის დაქვემდებარებაშიც ხარ?“ წმიდა მოსაგრემ უპასუხა: “ამის შესახებ მეც მიფიქრია, მაგრამ ერთხელ ძილში მშვენიერი ჭაბუკი წარმომიდგა, ენაზე ის იარაღი შემახო, რომელსაც ექიმები სისხლის გამოსაშვებად იყენებენ, თან მითხრა: “აჰა, ჩემს სიტყვას დავდებ შენს ბაგეზე, წადი და იქადაგე“. მას შემდეგ, რომც მოვისურვო, ვერ დავდუმდები, რადგან ღმერთის ძალა აღმძრავს“.

პეტრე: მამაო, მსურს ვიცოდე, როგორ მოღვაწეობდა ეს წმიდა კაცი, რომელსაც, როგორც ცნობილია, ღმერთისგან ასეთი ნიჭები მიემადლა.

გრიგოლი: ღვაწლი, საყვარელო პეტრე, მადლისმიერ ნიჭზეა დამოკიდებული და არა - მადლი ღვაწლზე; წინააღმდეგ შემთხვევაში, მადლი არ იქნება მადლი. ყოველ ღვაწლს წინ უძღვის მადლისმიერი ნიჭი, თუმცა შემდგომ მადლისმიერი ნიჭები იმდენად მრავლდება, რამდენადაც იზრდება ღვაწლი. თუ გსურს უტყუარი ცნობები შეიტყო ამ ღმრთის სათნო კაცის შესახებ, მიმართე რეათინის ეკლესიის ეპისკოპოსს, ალბინს- ის კარგად იცნობდა წმიდა ეკვიცის. მაგრამ, რად ეძიებ მის უმეტეს ღვაწლს, როდესაც იცი, რომ ეს კაცი უბიწო ცხოვრებას იცავდა და იმავდროულად მოშურნედ ასწავლიდა სხვებს. იგი უდიდესი მოშურნეობით ანთებული იღვწოდა, რამდენიმე მონასტერს ხელმძღვანელობდა და ამავე დროს მიმოდიოდა ყველგან: ტაძრებში, ქალაქებში, სოფლებში, ქრისტიანთა სახლებშიც კი და მსმენელთა გულებში ზეციური მამულისადმი სიყვარულს აღვივებდა. წმიდა მამას სრულიად უბადრუკი სამოსი ეცვა და გარეგნობაც იმდენად თავმდაბლური ჰქონდა, უცნობი ადამიანი რომ შეხვედროდა და იმისთვის თაყვანი ეცა, ის ღირსად არ ჩათვლიდა, სალმითვე ეპასუხა. ზოგან ცხენით მიემგზავრებოდა, რისთვისაც მონასტრის ცხენებს შორის ყველაზე უარესს ირჩევდა და ლაგამის ნაცვლად ყოველთვის ავშარას[1] იყენებდა, უნაგირის ნაცვლად კი - ცხვრის ტყავს. ტყავის აბგით თან ყოველთვის წმიდა წერილის წიგნები მიჰქონდა, რათა განაღებდა რა ღმრთის სიტყვის წყაროს, სულიერ სამკალზე ეწვიმებინა. ხმა მისი ქადაგებების შესახებ რომს მისწვდა. ზოგიერთი მლიქვნელი მოხელე რომის საეპისკოპოსოს სამღვდელო დასიდან (რომლებიც, როგორც წესი, ჯერ ენით მოინადირებენ, შემდეგ კი წარწყმედენ მსმენელის სულს) მყისვე ეახლა მღვდელმთავარს საჩივრით: “წმიდა მამაო, რომელიღაც უსწავლელმა კაცმა ქადაგების უფლება მიითვისა, უმეცარმა მიიტაცა მოვალეობა, რომელიც შენს უწმიდესობას ეკუთვნის. ხომ არ ინებებ მის მოყვანას, რათა შეაგონო საეკლესიო განწესება?“ ჩვეულებრივ, ვინც მოშურნედ აღასრულებს თავის მოვალეობას, ის ადვილად ემონება მლიქვნელობას, თუკი მას გულის კარიდან თავიდანვე არ განიშორებს. რომის ეპისკოპოსი სამღვდელო კრებულის შეგონებას დაჰყვა და დათანხმდა, ჩამოეყვანათ რომში წმიდა ეკვიცი, რათა მისთვის თავისი მოვალეობანი აეხსნათ. თუმცა პაპს არ სურდა, რომ ამ ბრძანებას ღმრთის სათნო მოღვაწე რაიმეთი გაენაწყენებინა და თავის მოციქულს, დეფენსორ[2] იულიანეს (შემდგომში საბინის ეკლესიის ეპისკოპოსი) დაავალა, წმიდა ეკვიცი რომში სრული ღირსების დაცვით ჩამოეყვანა. სამღვდელო დასის მიერ წაქეზებული იულიანე, ბრძანება სწრაფად რომ აღესრულებინა, წმიდა ეკვიცის მონასტერში აჩქარებით წავიდა. იქ რამდენიმე მონაზონი დახვდა, რომლებიც წიგნების გადაწერით იყვნენ დაკავებულნი და მათ დაეკითხა: “სად არის თქვენი წინამძღვარი?“ “აქვეა, მონასტრის მინდორში ბალახს თიბავს“, - უპასუხეს მონაზვნებმა. იულიანეს თან მსახური ახლდა, რომელიც იმდენად ამპარტავანი და თავხედი იყო, რომ მისი მომწყემსვა თვითონაც უჭირდა. იულიანემ ის გაგზავნა, რომ სწრაფად მოეხმო წინამძღვარი. მსახური ცქვიტად გაემართა, სწრაფად მიუახლოვდა მინდორს და მთიბავებს უტიფრად გასძახა: “სად არის ეკვიცი?“ მას მიუთითეს. როდესაც ჯერ კიდევ შორს მყოფ წინამძღვარს მოჰკრა თვალი, მსახური უჩვეულო შიშმა შეიპყრო: ათრთოლებულმა და აკანკალებულმა გზა ძლივს განაგრძო, ღმრთის კაცს ძრწოლით მიეახლა, დავარდა მის წინაშე, მუხლზე მდაბლად ემთხვია და თავისი ბატონის მოსვლა ამცნო. მისალმების შემდეგ ღმრთის სათნო კაცმა უთხრა: “აჰა, აიღე თივა და თქვენს ცხენებს წაუღე; მე საქმეს დავასრულებ და მალე გეახლებით“. ამასობაში პაპის ელჩს, დეფენსორ იულიანეს, ძალიან უკვირდა, მისი მსახური რომ იგვიანებდა. როდესაც დაინახა, რომ ის მინდვრიდან თივის ზვინით ბრუნდებოდა, განრისხებულმა დაუყვირა: “ეს რას ნიშნავს? მე შენ წინამძღვრის მოსაყვანად გაგგზავნე და არა თივის მოსატანად“. - “ის ახლავე მოვა“, - უპასუხა მსახურმა. ამ დროს ღმრთის კაცი, შემოსილი და მხრებზე თივის კონით, მონასტერში დაბრუნდა. როდესაც ჯერ კიდევ შორს იყო, მსახურმა მიუთითა ბატონს, რომ სწორედ ის იყო, ვის წასაყვანადაც აქ მოვიდნენ. იულიანემ დაინახა თუ არა ეკვიცი, მისი მდაბალი გარეგნობის მხილველმა, მასთან მკაცრად და მბრძანებლურად დააპირა საუბარი, მაგრამ როდესაც ღმრთის სათნო კაცი მიუახლოვდა, იულიანეს გულს უჩვეულო შიში დაეუფლა, სხეული აუკანკალდა და ძლივს გადასცა წმინდანს თავისი ჩამოსვლის მიზეზი, მდაბლად დავარდა მის ფერხთით, მისგან ლოცვა გამოითხოვა და ამცნო, რომ უწმიდეს პაპს მისი ნახვა სურს. წმიდა ეკვიციმ ყოვლისშემძლე ღმერთს მთელი გულით შესწირა მადლობა იმისთვის, რომ უმაღლეს იერარქს მისი მოწოდება ჩააგონა. მან რამდენიმე ძმას უბრძანა, ცხენები სამგზავროდ გაემზადებინათ და დაჟინებით მოითხოვა, დაუყოვნებლივ გამგზავრებულიყვნენ. `ეს შეუძლებელია, წმიდა მამაო, - უთხრა იულიანემ, - შორეული მგზავრობით დავიქანცეთ და დღესვე გამგზავრება არ შეგვიძლია“. “ვწუხვარ, შვილო ჩემო, - უპასუხა წმიდა ეკვიციმ, -  თუკი დღესვე არ გავემგზავრებით, ხვალ მით უმეტეს ვერ წავალთ“. ამგვარად, ელჩის დაღლილობის გამო ღმრთის სათნო მოსაგრე იმ ღამით მონასტერში დარჩა. მეორე დღეს, გათენებისთანავე, იულიანესთან სხვა, ახალგაზრდა მოციქული მოვიდა, რომლის ცხენი სიჩქარისგან სულს ღაფავდა. მან იულიანეს პაპის წერილი გადასცა, რომელშიც ის უბრძანებდა, ღმრთის სათნო მოსაგრე მონასტრიდან გამგზავრებით არ შეეწუხებინა. როდესაც იულიანე დაინტერესდა, რამ აიძულა პაპი შეეცვალა ბრძანება, შიკრიკმა მიუგო: სწორედ იმ ღამით, როდესაც იულიანე მონასტერში გამოემგზავრა, პაპს საზარელ ჩვენებაში საყვედურით უთხრეს - როგორ გაკადნიერდა, მონასტრიდან მოეხმო ღმრთის სათნო კაცი. იულიანე მაშინვე წმიდა ეკვიცისთან წავიდა, თავი მის ლოცვას შეჰვედრა და აცნობა, რომ პაპმა ბრძანა არ შეეწუხებინათ ის მონასტრიდან გამგზავრებით. ამის გაგონებაზე ეკვიცი დამწუხრდა და თქვა: “გუშინ ხომ გითხარი, თუ ახლავე არ გავემგზავრებით, შემდეგ საერთოდ ვეღარ წავალთმეთქი“. შემდეგ მოისურვა ახალგაზრდა შიკრიკის მიმართ სიყვარული გამოეხატა, თავის სენაკში წაიყვანა და გაწეული შრომისთვის გვარიანად დააჯილდოვა, თუმცა ყრმა უარზე იყო და ფულის აღება არ სურდა. გულისხმაყავ, საყვარელო პეტრე, უფალი როგორ იფარავს იმათ, ვინც ამ ცხოვრებაში თავს იმდაბლებენ, და ზეცის მოქალაქეთა შორის როგორ აღირაცხებიან ისინი, ვინც ადამიანთაგან უგულებელყოფას არ თაკილობენ; პირიქით, ღმერთის თვალში უგულებელყოფილნი არიან ისინი, ვინც ამაო დიდებას ეძიებენ მოყვასისა და საკუთარი თავის წინაშე. ამიტომ ბრძანებს თავად ჭეშმარიტება: “თქუენ ხართ, რომელნი განიმართლებთ თავთა თვისთა წინაშე კაცთა, ხოლო ღმერთმან იცნის გულნი თქუენნი, რამეთუ კაცთა შორის მაღალი საძაგელ არს წინაშე ღმრთისა“ (ლუკ. 16, 15).

პეტრე: გაკვირვებული ვარ, ასეთ დიდ ადამიანს პაპის წინაშე როგორ დასწამეს ცილი?

გრიგოლი: რა არის საკვირველი, პეტრე? ჩვენ, ყველანი, როგორც ადამიანები, განა ცოდვებს არ ვემონებით? ნუთუ არ იცი, რომ დავითმა, წინასწარმეტყველების სულით აღვსილმა კაცმა, იონათანის ძე მონის ცილისწამების შედეგად დასაჯა? (2 მეფ. 16, 3-4). ჩვენ გვწამს, რომ მეფე დავითის განკარგულება, ჩვენთვის მიუწვდომელი საღმრთო განგებულებით, სამართლიანი იყო, მაგრამ ამავე დროს არ ვიცით, ადამიანური გაგებით როგორ შევუთავსოთ ეს ქმედება სამართლიანობას. განა საკვირველია ამის შემდეგ, რომ ჩვენ, ვინც წინასწარმეტყველნი არა ვართ, ზოგჯერ უფლებას ვაძლევთ ცილისმწამებელთა ენას, ცოდვაში ჩაგვაგდოს? მით უმეტეს არ არის საკვირველი, თუკი ამგვარი ბრძოლა რომელიმე უმაღლეს იერარქს შეემთხვევა, რომელსაც უამრავი საზრუნავი აქვს. როდესაც ყურადღება მრავალ საგანზე იფანტება, ის ერთერთ მათგანზე ნაკლებად ჩერდება და რაც უფრო მრავალ საგანს სწვდება ჩვენი გონება, ერთ-ერთი მათგანით მით უფრო ადვილად ტყუვდება.

პეტრე: მამაო, სრულიად მართებულია შენი სიტყვები.

გრიგოლი: არ შემიძლია არ გადმოგცე, თუ რა შევიტყვე ამ წინამძღვრის შესახებ ღირსი ვალენტინისგან. მისი თქმით, წმიდა ეკვიცის სხეული დაკრძალეს წმიდა მოწამე ლავრენტის ტაძარში. ერთხელ მის საფლავზე ერთმა გლეხმა ჭურჭლით პური დადო. მან არ იცოდა, ვინ განისვენებდა იქ, არც გამოუკითხავს და მისთვის არც თაყვანი უცია. უეცრად ძლიერი ქარი ამოვარდა, ტაძარში ყველაფერი უცვლელად იყო თავის ადგილზე, მხოლოდ საფლავზე მოთავსებული ჭურჭელი გადატყორცნა შორს. ამდენად, ყველასთვის ცხადი გახდა, რა დიდი წმინდანი განისვენებდა იმ ადგილზე. აგრეთვე მოგახსენებ იმას, რაც გადმომცა ადრე ხსენებულმა ფორტუნატემ, რომელსაც დიდ პატივს ვცემ როგორც ასაკის, ასევე - სულიერი ღვაწლისა და უბრალოების გამო. ვალერიის ოლქს თავს დაესხნენ ლონგობარდები (ერთ-ერთი გოთური ტომი); მაშინ წმიდა ეკვიცის მონასტრის მონაზვნებმა ხსენებულ მონასტერს შეაფარეს თავი. როდესაც გაშმაგებული ლონგობარდები ტაძარში შეიჭრნენ და მონაზვნები გარეთ გარეკეს, რათა ეწამებინათ და ამოეხოცათ, ერთ-ერ- თმა ძმამ სულთქმითა და მწუხარებით შესძახა: “ჰოი, წმიდაო ეკვიცი! ნუთუ ინებებ და მტარვალთა ხელში დაგვტოვებ?“ ამ ლოცვის შემდეგ გაცოფებულ ლონგობარდებს არაწმიდა სული ეკვეთა, მიწაზე დასცა და იქამდე აწამებდა, ვიდრე ამის შესახებ ტაძრის გარეთ მყოფი ლონგობარდები შეიტყობდნენ. ამის შემდეგ არც ერთი მათგანი აღარ გაკადნიერებულა ასე- თი სიშმაგით დასხმოდა თავს წმიდა ადგილს. ამგვარად დაიცვა წმიდა ეკვიციმ თავისი მოწაფეები და ამის შემდეგაც მრავალთ შეეწეოდა, ვინც მის საფლავს ლოცვა-ვედრებით მიეახლებოდა.




[1] -  ავშარა - ცხენის ულაგამო აღვირი. - მთარგმნ. შენ.

[2] -  დეფენსორი (დამცველი) - რომის ეკლესიაში დეფენსორის ძირითადი მოვალეობა იყო გაჭირვებულებზე ზრუნვა და ეკლესიის უფლებების დაცვა. ზოგჯერ რომის ეპისკოპოსი დეფენსორებს დავალებებით სხვადასხვა მხარეში აგზავნიდა. (ეს შენიშვნები დართული აქვს ამ წიგნის რუსულ გამოცემას).