მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმიდა გრიგოლ დიოლოღოსი

 

დიალოღონი
საუბრები იტალიელი მამების ცხოვრებისა და სულის უკვდავების შესახებ

 

წიგნი პირველი - თავი მესამე
მონაზონი, რომელიც იმავე მონასტერში მებაღე იყო


გრიგოლი: შენთვის ცნობილი ფელიქსი, რომელიც არცთუ დიდი ხნის წინ იმავე მონასტრის ეკონომოსი იყო, მრავალ საკვირველ ამბავს მიამბობდა მონასტრის ძმების შესახებ. მის მონათხრობს სრულად არ გადმოგცემ, რადგან სულ სხვა რამეზე მსურს შენთან საუბარი, მაგრამ არ შემიძლია დავდუმდე ერთი შემთხვევის შესახებ, რომელიც მისგან გავიგე.

ფუნდის მონასტერში ერთი მონაზონი იყო, მებაღედ მსახურობდა და ამაღლებულ ცხოვრებას ეწეოდა. მის ბოსტანს ქურდი შეეჩვია. ის ღობეზე ფარულად გადადიოდა და ბოსტნეულს იპარავდა. მებაღემ შენიშნა, რომ რაც დათესა, იმაზე ბევრად ნაკლები მოიწია, რაც დარჩა - ისიც გათელილი და დაგლეჯილი იყო. მან ბოსტანი შემოიარა და იმ ადგილს მიაგნო, საიდანაც ქურდი იპარებოდა. როდესაც ბოსტანში ბრუნდებოდა, გველი დაინახა და უბრძანა: “გამომყევი“. იმ ადგილზე, საიდანაც ქურდი შედიოდა, ისევ უბრძანა გველს: “იესო ქრისტეს სახელით გიბრძანებ დაიცვა ეს შემოსასვლელი და ქურდს ბოსტანში შემოსვლის ნება არ მისცე“. გველი მაშინვე გზის გარდიგარდმო გაწვა, მონაზონი კი სენაკში დაბრუნდა. შუა დღეს, როდესაც მონასტრის ძმები ისვენებდნენ, ქურდი გამოჩნდა და ღობეზე გადასვლა სცადა. უეცრად მას გველმა გზა გადაუღობა. ქურდი ძლიერ შეშინდა და უკან გადავარდა, მაგრამ ფეხი ღობის წნულში გაეხლართა და მებაღის მოსვლამდე თავდაღმა დაკიდებული დარჩა. როდესაც მებაღე მოვიდა, დაინახა ქურდი ღობეზე ეკიდა; ის გველს მოუბრუნდა და უთხრა: “მადლობა ღმერთს, შენ აღასრულე ნაბრძანები, ახლა წადი“. გველი მიიმალა. მებაღემ ქურდს მიმართა: “ძმაო, ღმერთმა ჩემს ხელში ჩაგაგდო. როგორ გაკადნიერდი, მონაზვნის შრომის ნაყოფი მიგეთვისებინა?“ ამის შემდეგ მებაღემ ქურდს ფეხი გაუთავისუფლა, ღობიდან ჩამოიყვანა, თავის სენაკში მიიწვია და სიხარულით მისცა ბოსტნეული, რომელსაც ის ჩვეულებრივ იპარავდა, შემდეგ ბოსტნის კარებამდე მიაცილა და უთხრა: “წადი და ამიერიდან აღარ იქურდო; როდესაც დაგჭირდება, ჩემთან მოდი, სიხარულით მოგცემ იმას, რასაც აქამდე ცოდვის გზით იძენდი“.

პეტრე: ვხვდები, აქამდე ამაოდ ვფიქრობდი, თითქოს იტალიაში არ იყვნენ სასწაულებით სახელგანთქმული წმინდანები.