მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმიდა გრიგოლ დიოლოღოსი

 

დიალოღონი
საუბრები იტალიელი მამების ცხოვრებისა და სულის უკვდავების შესახებ

 

წიგნი პირველი - თავი მეორე
ლიბერტინი, იმავე მონასტრის ეკონომოსი


გრიგოლი: გუთების მეფის, ტოტილას მეფობის დროს იმავე მონასტერში ეკონომოსად იყო ღმრთისმოსავი კაცი, სახელად ლიბერტინი. ის ცხოვრობდა და იზრდებოდა მამა ჰონორატის ხელმძღვანელობით. ხალხი მრავალ სარწმუნო ამბავს ჰყვებოდა მისი სათნოებების შესახებ. მასზე განსაკუთრებით ბევრს მიამბობდა უკვე ხსენებული ღმრთისმოსავი ლავრენტი, რომელიც ამჟამადაც ცოცხალია და დაახლოებული იყო მამა ლიბერტინთან. შევეცდები მოკლედ გადმოგცე მისი ნაამბობი.

ერთხელ ღმრთისმოსავი ლიბერტინი სამონასტრო საჭიროებათა გამო სადღაც გაემგზავრა, გზად უკვე ხსენებული სამნიის ოლქი უნდა გაევლო. იმ დროს, იმავე გზაზე, გუთების ერთ-ერთი მხედართმთავარი დარდანიც მიდიოდა ჯართან ერთად. მისი მხედრები ღმრთის კაცს თავს დაესხნენ, მიწაზე გადმოაგდეს და ცხენი წაართვეს. წმინდანმა დანაკარგი დიდსულოვნად დაითმინა, ავაზაკებს მათრახიც მიაწოდა და უთხრა: “ესეც წაიღეთ, რომ ჩემი ცხენი გადენოთ“. ამის შემდეგ წმინდანი ლოცვად დადგა. დარდანის ჯარმა გზა განაგრძო და მალე მდინარე ბულტურნას მიუახლოვდა. მეორე ნაპირზე გადასასვლელად მხედრები ცხენებს ოროლებს სცემდნენ და წყალთან აგდებდნენ; პირუტყვს ბევრი ურტყეს და ტანჯეს, მაგრამ ფეხი ვერ მოაცვლევინეს. მათ ისე ეშინოდათ წყალში შესვლის, თითქოს ფრიალო კლდიდან გადაშვებას აიძულებდნენ. როდესაც პირუტყვის ცემით მხედრებიც დაიღალნენ, ერთ-ერთმა თქვა: “იმისთვის ვიტანჯებით, რომ გზაში ღმრთის კაცი შეურაცხვყავით“. რამდენიმე მათგანი მყისვე დაბრუნდა და ლიბერტინი იმავე ადგილზე, ისევ ლოცვად მდგომი იხილეს. “ადექი, - უთხრეს მას, - და დაიბრუნე ცხენი“. “ღმერთმა დაგლოცოთ, - მიუგო წმინდანმა, - ცხენი არ მჭირდება“. მაშინ მხედრები ცხენებიდან ჩამოქვეითდნენ, ლიბერტინი თავის ცხენზე ძალით შესვეს და დაუყოვნებლივ გაბრუნდნენ. ამის შემდეგ ცხენებმა მდინარე სწრაფად გადაცურეს, თითქოს იქ წყალი არც ყოფილიყოს. ამგვა რად, ღმრთის განგებით, როგორც კი წმინდანს ცხენი დაუბრუნეს, იმათაც დაემორჩილნენ თავიანთი ცხენები.

იმავე ხანებში კამპანიის ოლქში ფრანკების ჯარი მიდიოდა, რომელსაც ბუცელინი მთავრობდა. ხმა დადიოდა, რომ ჰონორატის მონასტერი დიდ განძეულს ფლობდა. ფრანკები ტაძარში შეიჭრნენ და ეკონომოს ლიბერტინს დაუწყეს ძებნა. ის იმ დროს მიწაზე გართხმული ლოცულობდა და ჰოი, საოცრებავ, რამდენი ეძებეს ფრანკებმა ლიბერტინი, მაგრამ ვერ დაინახეს, თუმცა მის სხეულს ხშირად ფეხითაც ეხებოდნენ. ამგვარად, თავისივე სიბრმავით მოტყუებულნი, მონასტრიდან ხელცარიელნი გაბრუნდნენ.

სხვა დროს ლიბერტინმა წინამძღვრისგან (რომელიც ლიბერტინის მოძღვრის - ჰონორატის მემკვიდრე იყო) ბრძანება მიიღო, რავენაში სამონასტრო საქმეზე გამგზავრებულიყო. წმიდა ჰონორატისადმი სიყვარულის გამო ლიბერტინს ჩვევად ჰქონდა, სადაც მიემგზავრებოდა, თან მისი ფეხსაცმელი მიჰქონდა. გზად მიმავალს ერთი დედაკაცი შემოხვდა, რომელიც ხელით გარდაცვლილ შვილს მოასვენებდა. ღმრთის კაცი რომ დაინახა, ლიბერტინის ცხენის ლაგამი მოზიდა და წმინდანი დააფიცა: “აქედან ვერ წახვალ, ვიდრე შვილს არ გამიცოცხლებ“. ლიბერტინი მიხვდა, რა უჩვეულო სასწაულის აღსრულებას ითხოვდნენ მისგან. ის ფიცთან შეერთებული თხოვნის მოსმენამ შეაძრწუნა და შეეცადა განშორებოდა დედაკაცს, მაგრამ ვერ შეძლო. იგი ორჭოფობდა. წარმოიდგინე, ამ დროს მის სულში რა ძლიერი ბრძოლა აღიძრა. მისი სიმდაბლე უბედური დედაკაცის მიმართ თანაგრძნობას ებრძოდა, შიში უჩვეულო სასწაულის აღსრულებისა ებრძოდა სამწუხარო გრძნობას, - უარი ეთქვა შეწევნაზე შვილმკვდარი დედისთვის. უკანასკნელ, სადიდებელად ღმრთისა, მის ურყევ სიმდაბლეს თანალმობამ სძლია, ურყევს სწორედ იმიტომ, რომ თანალმობით იძლია, რადგან ურყევს ვერ უწოდებ სათნოებას, რომელიც სხვათა განსაცდელის ხილვისას ქედუხრელი რჩება. ამგვარად, წმინდანი ცხენიდან ჩამოხდა, მუხლი მოიდრიკა და ზეცისკენ ხელაღპყრობით ლოცვის შემდეგ მიცვალებულ ყრმას მკერდზე წმიდა ჰონორატის ფეხსაცმელი დაადო. წმინდანის ლოცვით მიცვალებულის სული სხეულში დაბრუნდა. ლიბერტინმა გაცოცხლებული ყრმა მგლოვიარე დედას გადასცა, თვითონ კი გზა განაგრძო.

პეტრე: მითხარი, მამაო: წმიდა ჰონორატის სათნოების ძალამ აღასრულა ეს სასწაული, თუ წმიდა ლიბერტინის ლოცვამ?

გრიგოლი: ასეთი უჩვეულო სასწაულის აღსასრულებლად შეერთდა: დედაკაცის რწმენა და ორივე წმინდანის სათნოების ძალა; ვფიქრობ, ლიბერტინმა ამ სასწაულის აღსრულება იმიტომ შეძლო, რომ უფრო მეტად მოძღვრის სათნოებათა ძალას მიენდო, ვიდრე - საკუთარს. მას სწამდა, რომ იმისი სული, ვისი ფეხსაცმელიც მიცვალებულს მკერდზე დაადო, მის ლოცვას შეისმენდა. მსგავსად იმისა, როგორც ელისემ ვერ შეძლო თავისი მოძღვრის ხალენის მდინარეში ერთხელ ჩაგდებით ორად გაეპო წყალი იორდანეში, მაგრამ როგორც კი წარმოთქვა: “სადა არს უფალი ღმერთი ელიასი აფფო?“ (4 მეფ. 2, 14) და ჩააგდო ილიას ხალენი მდინარეში, წყალი გაიპო და გზა მისცა მას. ხედავ, საყვარელო პეტრე, სასწაულის აღსრულებისას სიმდაბლეს როგორი ძალა აქვს? მაშინ შეძლო მოძღვრის ძალის თანასწორი ძალა გამოეჩინა, როდესაც მის სახელს მოუხმო, და მისი მსგავსი საქმეც აღასრულა, რადგან მის სიმდაბლეს ბაძავდა.

პეტრე: სასიამოვნოა შენი საუბრის მოსმენა, ყოვლადპატიოსანო მამაო! მითხარი, ჩვენს დასამოძღვრად ამ მოსაგრის შესახებ მსგავსი რამ კიდევ ხომ არ იცი?

გრიგოლი: ვიცი, მაგრამ მხოლოდ იმისთვის, ვისაც მისი მიბაძვა სურს, რადგან მიმაჩნია, რომ სიმდაბლე ყოველგვარ ნიშსა და სასწაულს აღემატება. მოხდა ამგვარი რამ: ერთხელ წინამძღვარი (რომელმაც ჰონორატის აღსრულების შემდეგ ის წინამძღვრის თანამდებობაზე შეცვალა) იმდენად განურისხდა სათნო ლიბერტინს, რომ მზად იყო მისთვის დაერტყა. ჯოხი რომ ვერსად მოიხელთა, ხელი სკამს სტაცა და ლიბერტინს ისე ურტყა, რომ მას თავი და სახე მთლიანად დაუსივდა და დაულურჯდა. ლიბერტინმა დაითმინა ეს სასტიკი ცემა და მშვიდად წავიდა თავის სენაკში. მალე სამონასტრო საქმის გამო იძულებული გახდა სადღაც წასულიყო. დილის კანონი აღასრულა და წინამძღვრის სენაკისკენ გაემართა, რათა მისგან ლოცვა-კურთხევა გამოეთხოვა. წინამძღვარმა იცოდა, რომ ლიბერტინს უსამართლოდ მიყენებული წყენის შემდეგ ყველა პატივისცემით და სიყვარულით ეპყრობოდა. მას ეგონა ლიბერტინს მონასტრის დატოვება სურდა და დაეკითხა: “საით გაგიწევია?“ - “მონასტრის გადაუდებელ საქმეთა გამო, - უპასუხა ლიბერტინმა, - ჯერ კიდევ გუშინ დავპირდი ამა და ამ ადგილას წასვლას და მსურს წავიდე“. მაშინ წინამძღვარმა სულის სიღრმეში აღიარა, რომ, ერთი მხრივ, სასტიკად და მკაცრად მოეპყრო ლიბერტინს, მეორე მხრივ, შეურაცხყოფილი მშვიდი და თავმდაბალი იყო. ის გამოვიდა სენაკიდან, ლიბერტინის ფერხთით დავარდა და აღიარა, რომ მძიმედ შესცოდა, დამნაშავეა მის წინაშე, რომ გაკადნიერდა სასტიკი შეურაცხყოფა მიეყენებინა ასეთი სათნო კაცისათვის. ლიბერტინიც დავარდა მიწაზე წინამძღვრის ფერხთით და არწმუნებდა, რომ მის მიერ მიყენებული შეურაცხყოფის მიზეზი არა წინამძღვრის გახელება იყო, არამედ თვითონ იყო ამაში დამნაშავე. ამ შემთხვევის შემდეგ წინამძღვარი ყველას დიდი კრძალვით ექცეოდა. ამგვარად, მოწაფის სიმდაბლემ გულისხმიერებაში ჩააგდო თვით მასწავლებელი. როდესაც ლიბერტინი მონასტრის საქმეზე წავიდა, რამდენიმე წარჩინებული დიდებული შეხვდა, რომლებიც მას უდიდეს პატივს სცემდნენ. მათ დიდი გაოცებითა და თანალმობით გამოჰკითხეს, რა დაემართა, რატომ ჰქონდა სახე დასიებული და დალურჯებული? “გუშინ, გვიან საღამოს, - უპასუხა ლიბერტინმა, - ჩემი ცოდვების გამო სკამს შევეჯახე და ძლიერ დავშავდი“. ამგვარად, ამ წმიდა კაცმა პასუხში ჭეშმარიტება განაცხადა, არც წინამძღვრის საქციელი გათქვა და არც ტყუილი უთქვამს.

პეტრე: მსურს შევიტყო, ყოვლადპატიოსანო მამაო, ისეთმა ღმრთისმოშიშმა ადამიანმა, როგორიც ლიბერტინი იყო, რომლის შესახებ ასეთ სასწაულებს მიამბობ, ნუთუ არ დატოვა მონასტერში თავისი სათნოებების მიმდევარნი?