იმავე ოლქში არის ინტერორინის ხეობა, რომელსაც მდაბიონიინტეროკრინს უწოდებენ. მასზე აღმართულია ყოვლადწმიდა და მარადქალწულ მარიამის ტაძარი. ამ ტაძარში პრესვიტერად იყო ვინმე სევეროსი, რომელიც საკვირველ ცხოვრებას ეწეოდა. ერთხელ პრესვიტერს სთხოვეს სასწრაფოდ მოენახულებინა ერთი სახლი, სადაც მომაკვდავი ოჯახის უფროსი იწვა. ის სთხოვდა მღვდელს მისულიყო, რათა სინდისი განეწმინდა მისთვის სინანულის საიდუმლოთი, შევედრებოდა ღმერთს მისი ცოდვების გამო და მშვიდი აღსას59 რული გამოეთხოვა. როდესაც წარგზავნილნი მივიდნენ, პრესვიტერი ბაღში ხეებს სხლავდა და მთხოვნელთ დაჰპირდა, რომ დაუყოვნებლივ წავიდოდა, მაგრამ, რადგან ცოტაოდენი საქმე კიდევ ჰქონდა დარჩენილი, ოდნავ შეყოვნდა, რათა დაწყებული საქმე დაესრულებინა და შემდეგ წავიდა სნეულთან. გზაში მასთან მისული ადამიანები შემოხვდნენ და უთხრეს: “მამაო, რატომ დაიგვიანე? ნუღარ დაშვრები, ავადმყოფი გარდაიცვალა“. ამის გაგონებაზე პრესვიტერს ძლიერ შეეშინდა და საკუთარ თავს ხმამაღლა უწოდებდა ავადმყოფის მკვლელს. აცრემლებული მივიდა მიცვალებულის სარეცელთან და სულთქმით მიწაზე დაემხო. როდესაც ის უნუგეშოდ ტიროდა, თავს მიწას ახლიდა და თავს იდანაშაულებდა ავადმყოფის სიკვდილში, უეცრად მიცვალებულის სული სხეულში დაბრუნდა. იქ მყოფებმა (ისინი მრავლად იყვნენ) ამის დანახვაზე გაკვირვებისგან შეჰყვირეს და სიხარულით უფრო მეტი იტირეს, ვიდრე მანამდე დამწუხრებულნი ტიროდნენ. მკვდრეთით აღმდგარს დაეკითხნენ: სად იმყოფებოდა და როგორ დაუბრუნდა სული? “ვიღაც სამმა, - თქვა მან, - გამოიყვანა ჩემი სული და წამიყვანეს; მათი ნესტოებიდან და ბაგეებიდან აუტანელი ცეცხლი იფრქვეოდა. მათ ბნელი ადგილები მომატარეს; ამ დროს მშვენიერი გარეგნობის ჭაბუკი შემოგვხვდა, რომელმაც ჩემს მხლებლებს მიმართა: “დააბრუნეთ იგი, იმიტომ, რომ მას ცრემლით იგლოვს პრესვიტერი სევეროსი და ღმერთმა ეს სული მას მიმადლა ამ ცრემლებისთვის“. სევეროსმა ეს რომ მოისმინა, წამოდგა, გაცოცხლებულს სინანულის საიდუმლო განუმარტა და ღმერთს მისთვის ევედრებოდა. გაცოცხლებული კაცი შვიდი დღის განმავლობაში სინანულით წარხოცდა ჩადენილ ცოდვებს, ხოლო მერვე დღეს სიხარულით მიაბარა სული უფალს. დაფიქრდი, საყვარელო პეტრე, როგორი სიყვარულით შეისმინა უფალმა პრესვიტერ სევეროსის ლოცვა, როდესაც მისი მწუხარედ დატოვება არ ისურვა.
პეტრე: ჭეშმარიტად საკვირველი საქმეა! აქამდე მსგავსი არაფერი მსმენია. ამბობენ, რომ ამჟამად უკვე აღარ არიან ასეთი დიდი წმინდანები!
გრიგოლი: ვფიქრობ, საყვარელო პეტრე, ისინი ამჟამადაც მრავლად არიან. რაკი ეს მოღვაწეები ამგვარ სასწაულებს არ აღასრულებენ, არ უნდა ვიფიქროთ, რომ ისინი წმინდანები არ არიან. ცხოვრების შესახებ უნდა ვიმსჯელოთ არა გარეგნული ნიშნებით, არამედ - ღვაწლის ხარისხის მიხედვით. მრავალნი თუმცა სასწაულებს არ აღასრულებენ, მაგრამ სასწაულთმოქმედ მამებს არაფრით ჩამოუვარდებიან.
პეტრე: მითხარი, გეთაყვა, როგორ დავრწმუნდე, რომ ისინი, ვინც სასწაულებს არ აღასრულებენ, არაფრით ჩამოუვარდებიან მათ აღმასრულებელთ.
გრიგოლი: მაგალითად, ნუთუ არ იცი, რომ მოციქულები პეტრე და პავლე მოციქულთა თავნი არიან?
პეტრე: ვიცი და სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ, თუმცა პავლე მოციქულთა შორის უმცირესს უწოდებდა თავს, მაგრამ მან სხვებზე უმეტესი იღვაწა.
გრიგოლი: მოიგონე: პეტრე წყალზე დადიოდა (მათ. 14, 29), ხოლო პავლეს ხომალდი დაემსხვრა ზღვაში (2 კორ. 11, 25); ერთსა და იმავე სტიქიასთან მიმართებაში - პავლემ ხომალდითაც კი ვერ შეძლო ცურვა, ხოლო პეტრე წყალზე ისე დადიოდა, როგორც ხმელეთზე. განა ცხადი არ არის: თუმცა სასწაულთა აღსრულებაში ერთნაირი ძალა არ გამოუვლენიათ, მათი დამსახურება ღმერთის წინაშე ერთნაირია.
პეტრე: სრულიად საკმარისია შენი განმარტება. ახლა ცხადად ვხედავ, რომ ცხოვრებას უნდა შეხედო, და არა - სასწაულებს, მაგრამ, რადგან სასწაულები წმიდა ცხოვრებას მოწმობს, ამიტომ გთხოვ, კიდევ მიამბო რაიმე - კეთილი მაგალითებით გამოზარდე ჩემი მშიერი სული.
გრიგოლი: ჩვენი გამომხსნელის სადიდებლად გიამბობ წმიდა ბენედიქტეს ზოგიერთი სასწაულის შესახებ. ახლა თავისუფალი დრო არა მაქვს და ამის შესახებ სხვა დროს ვისაუბროთ.