ვალერიის პროვინციაში ცხოვრობდა ვინმე მარტირი, ღმრთის სათნო კაცი, და აი, რა აღასრულა მან თავისი სიწმინდის ნიშნად. ერთხელ მასთან მცხოვრებმა ძმებმა ღუმელში პური შეაცხვეს და მასზე ჯვრის გამოსახვა დაავიწყდათ. იმ მხარეში ცომზე ჯვარს გამოსახავენ და ამის გამო პური თითქოს ოთხად არის გაყოფილი. წმინდანი იქვე იყო და შენიშნა, რომ პურზე ჯვარი არ გამოუსახავთ. როდესაც პური ღუმელში მოათავსეს და ნახშირით და ფერფლით დაფარეს, წმინდანმა იკითხა: “რატომ არ გამოსახეთ ჯვარი?“ და მყისვე გადასახა ჯვარი ცომის მიმართულებით. ამის გამო პურმა ისე დაიტკაცუნა, თითქოს ცეცხლმა თიხის ჭურჭელი გახეთქა. როდესაც ღუმელიდან პური გამოიღეს, მასზე ჯვარი იყო გამოსახული, რომელიც გამოისახა არა შეხებით, არამედ - რწმენით.