მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმიდა გრიგოლ დიოლოღოსი

 

დიალოღონი
საუბრები იტალიელი მამების ცხოვრებისა და სულის უკვდავების შესახებ

 

წიგნი პირველი - თავი მეათე
ტუდერტის ეპისკოპოსი ფორტუნატე


გრიგოლი: იმავე ქვეყანაში, ქალაქ ტუდერტში, ეპისკოპოსად იყო ვინმე ფორტუნატე, რომელიც ღმრთის სათნოდ ცხოვრობდა. მან ღმერთისგან უჩვეულო ნიჭი მიიღო - არაწმიდა სულებს განაგდებდა, ზოგჯერ მისი ლოცვის ძალით ეშმაკთა მთელი ლეგიონები ტოვებდნენ მათ მიერ შეპყრობილ ადამიანებს. ასეთივე უმტკიცესი ლოცვის მეოხებით განაგდებდა ის მასზე თავდამსხმელ ეშმაკთა მხედრობას. წმიდა ფორტუნატესთან დაახლოებული იყო ჩვენი ეკლესიის დეფენსორი იულიანე, რომელიც ახლახან რომში აღესრულა. სწორედ მისი მონათხრობი მსურს გადმოგცე. იულიანე, ფორტუნატესთან სიახლოვის გამო, ხშირად მის მიერ აღსრულებულ საქმეთა მოწმე ხდებოდა და ისეთი საამო იყო წმინდანის შესახებ მისი მოგონებების მოსმენა, თითქოს მის ბაგეთაგან თაფლი მოწვეთავდა. ერთ დიდგვაროვან ქალბატონს ტუსციის მახლობლად ჰყავდა რძალი, რომელიც არცთუ დიდი ხნის წინ გაჰყვა ცოლად მის ვაჟს. ერთხელ დედამთილმა ის ქმართან ერთად მიიწვია, რათა ერთად დასწრებოდნენ წმიდა სებასტიანეს ტაძრის კურთხევას. ღამით რძალმა თავი ვერ შეიკავა ქმართან თანაცხოვრებისაგან. დილით ამ თავშეუკავებლობის გამო სინდისის ძლიერი ქენჯნა იგრძნო, მაგრამ შერცხვა უარი ეთქვა მიწვევაზე. ამგვარად, უფრო ადამიანთა მიმართ პირმოთნეობით, ვიდრე ღმრთისმოშიშებით, დედამთილთან ერთად ტაძრის კურთხევაზე გაემგზავრა. როდესაც ტაძარში წმიდა მოწამე სებასტიანეს წმიდა ნაწილები შეაბრძანეს, რძალს ბოროტი სული ეკვეთა და ყველას თვალწინ ტანჯავდა. ტაძრის ერთ-ერთმა პრესვიტერმა საკურთხევლიდან სინდონი[1] გამოიტანა და შეპყრობილს დაადო, მაგრამ არაწმიდა სული მასაც ეკვეთა. ამას მოწმობდა პრესვიტერის დაუცხრომელი შეტევები. დედაკაცი ტაძრიდან სახლში გადაიყვანეს. ძველისძველი კაცის მკვლელი (ეშმაკი) მუდმივად ტანჯავდა მას. შეპყრობილის მშობლებმა მისადმი სიყვარულით (თუმცა არა სულიერი, არამედ ხორციელი სიყვარულით), ყოველგვარ საშუალებას მიმართეს, რათა განეკურნათ, ბოლოს ვიღაც ექიმბაშებს მიჰგვარეს: თითქოსდა სურდათ, რომ ჯადოქრული საშუალებებით ხორციელად გაეჯანსაღებინათ, მაგრამ საბოლოოდ წარეწყმიდათ მისი სული. ექიმბაშებმა ის მდინარესთან მიიყვანეს, წყალში ჩაიყვანეს და ხანგრძლივი შელოცვა დაიწყეს, რომ მისგან არაწმიდა სული განედევნათ. მაგრამ აღსრულდა ყოვლისშემძლე ღმერთის გამოუკვლეველი განგებულება: ისინი ჯადოსნური ხელოვნებით მისგან ერთი დემონის განდევნას ცდილობდნენ, მაგრამ ქალს ეშმაკთა მთელი ლეგიონი დაეუფლა. ამის შემდეგ სნეული ძლიერ იგვემებოდა და ისე გაშმაგებით ყვიროდა, როგორც ეშმაკთა ლეგიონისგან იყო მოსალოდნელი. რაკი იხილეს თავიანთი ცრურწმენის ნაყოფი, სნეულის მშობლებმა ურთიერთშეთანხმებით ის ეპისკოპოს ფორტუნატესთან მიიყვანეს და მას მიანდეს. მას უარი არ უთქვამს სნეულის მიღებაზე და დიდხანს, დღედაღამ ლოცულობდა, გააძლიერა ლოცვები იმის გამო, რომ ცხადი იყო, ერთი ადამიანისგან მთელი ლეგიონი უნდა განედევნა. რამდენიმე დღის შემდეგ ფორტუნატემ ის სრულიად განკურნებული გადასცა მშობლებს, თითქოს მანამდე არაფერი აწუხებდა.

სხვა დროს ამ ღმრთის სათნო მოღვაწემ ასევე განაგდო არაწმიდა სული ერთი ადამიანისგან. დაბინდებისას, როდესაც ქალაქში სრული სიმშვიდე სუფევდა, ეპისკოპოსის მიერ განგდებულმა არაწმიდა სულმა მწირის სახე მიიღო, ქალაქის ქუჩებში მიმოდიოდა და ყვიროდა: “აი, რა მიყო წმიდა ეპისკოპოსმა ფორტუნატემ! თავისი სახლიდან გააგდო მწირი! და აჰა, თავშესაფარს ვეძებ ქალაქში და ვერ მიპოვია!“ ეს ხმა მოესმა ერთ კაცს, რომელიც სახლში იყო და ცოლთან და მცირეწლოვან ვაჟთან ერთად ბუხართან იჯდა. მან გამოჰკითხა მწირს, რა ჩაიდინა ეპისკოპოსმა, თავის სახლში მიიწვია და გვერდით მოისვა. მათ ერთმანეთისთვის რამდენიმე სიტყვის თქმა მოასწრეს და არაწმიდა სული მასპინძლის მცირეწლოვან ვაჟს ეკვეთა, ცეცხლში ჩააგდო და დაახრჩო. უბედური მამა მაშინვე მიხვდა, ვინ გააგდო ეპისკოპოსმა და თავად სახლში ვინ შეიფარა.

პეტრე: როგორ, მამაო, კაცთმოძულეს შეეძლო მკვლელობა ჩაედინა იმის სახლში, ვინც იგი მწირად მიიღო?

გრიგოლი: მრავალი რამ, პეტრე, ჩვენ კარგად გვეჩვენება, მაგრამ სინამდვილეში ეს ასე არ არის იმიტომ, რომ კეთილი მიზნით არ აღესრულება. ამიტომ ბრძანებს უფალი სახარება- ში: “უკუეთუ თუალი შენი ბოროტ იყოს, ყოველი გუამი შენი ბნელ იყოს“ (მათ. 6, 23). თუკი მოქმედებას არაწმიდა მიზანი უძღვის წინ, მაშინ იგი უკეთური იქნება, კარგადაც რომ გვეჩვენებოდეს. ასე იყო ამ შემთხვევაშიც: შემდგომმა სასჯელმა ცხადყო, რომ საქმე არაწმიდა მიზნით აღესრულა. ვფიქრობ, ეს ადამიანი, რომელმაც სტუმართმოყვარეობის გამო ვაჟი დაკარგა, დაისაჯა იმიტომ, რომ კეთილი საქმე არა ღმრთისმოშიშებით, არამედ ეპისკოპოსის დაკნინების მიზნით გააკეთა. არსებობენ ადამიანები, რომლებიც ცდილობენ კეთი53 ლი საქმე მხოლოდ იმიტომ გააკეთონ, რომ სხვების სიკეთე დაკნინდეს: მათ ახარებთ არა სიკეთის კეთება, არამედ თავიანთი სათნოებით სხვისი დამცირება. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ადამიანი, რომელმაც არაწმიდა სულს გაუწია მასპინძლობა, უფრო მეტად ამპარტავნებით იყო აღძრული, ვიდრე - სიკეთის ქმნის სურვილით; მას სურდა ყველას გაეგო, რომ ის სათნოებით ეპისკოპოსს აღემატა, რომ მან შეიწყნარა ის, ვინც ღმრთის სათნო ფორტუნატემ გააძევა.

პეტრე: სწორად მსჯელობ. შედეგი ცხადყოფს, რომ საფუძვლად ამ საქმეს არაწმინდა გულისსიტყვა ედო.

გრიგოლი: ერთხელ ამგვარი რამ მოხდა: ერთმა ადამიანმა თვალისჩინის დაკარგვის გამო წმინდანს მიმართა და მიიღო კიდეც შეწევნა. როგორც კი ღმრთის კაცმა ლოცვა აღავლინა და თვალებზე ჯვარი გამოსახა, წყვდიადი მის თვალთაგან მაშინვე გაიფანტა და მხედველობა აღუდგა. ერთი მეომრის ცხენი გაშმაგდა ისე, რომ რამდენიმე ადამიანი ძლივს აკავებდა და ვინც მიუახლოვდებოდა, სასტიკად კბენდა. ბოლოს შეკრეს იგი და წმიდა ფორტუნატეს მიჰგვარეს. როგორც კი მას წმინდანმა ჯვარი გადასახა, მისი სიშმაგე სადღაც გაქრა და ცხენი იმაზე უფრო თვინიერი გახდა, ვიდრე გაშმაგებამდე იყო. მეომარმა ცხენის სასწაულებრივი განკურნება რომ იხილა, გადაწყვიტა ის წმინდანისთვის ეჩუქებინა. წმინდანმა უარი თქვა საჩუქრის მიღებაზე, მაგრამ რადგან მეომარი დაჟინებით სთხოვდა არ უგულვებელეყო მისი საჩუქარი, წმინდანმა ორ უკიდურესობას შორის შუალედური ამოირჩია. მან შეიწყნარა მეომრის თხოვნა, მაგრამ იქამდე არ დათანხმდა ცხენის მიღებაზე, ვიდრე მისი საფასური არ გადაიხადა. წმინდანს არ უნდოდა შემომწირველის უარით შეურაცხყოფა და სიყვარულით აღძრულმა იყიდა მისგან ის, რაც სრულებით არ სჭირდებოდა.

არ შემიძლია არ გიამბო ის, რაც ამ წმინდანის შესახებ შევიტყვე თორმეტიოდე დღის წინ. ჩემთან ერთი ღარიბი მოხუცი მოვიდა. რადგან განსაკუთრებით მიყვარს საუბარი მოხუცებთან, სადაურობა ვკითხე და შევიტყვე, რომ ქალაქ ტუდერტიდან იყო. “მითხარი, ხომ არ იცნობდი ეპისკოპოს ფორტუნატეს?“ - დავეკითხე. “ვიცნობდი და თან ძალიან კარგად“, - მიპასუხა მოხუცმა. “მითხარი, გეთაყვა, - განვაგრძობდი მე, - ხომ არ იცი მის მიერ აღსრულებული რაიმე სასწაული და აღმიწერე ეს წმიდა კაცი“. “ის არ იყო ჩვეულებრივი ადამიანი, - მითხრა მოხუცმა, - რასაც სთხოვდა ყოვლისშემძლე ღმერთს, ყოველთვის უსრულდებოდა. მხოლოდ ერთ სასწაულს გიამბობ, რაც ამწუთას მომაგონდა. ერთხელ რავენაში მიმავალმა გუთებმა ქალაქ ტუდერტში გაიარეს და ქალაქის ახლოს მდებარე სოფლიდან ორი ბიჭუნა გაიტაცეს. როგორც კი ამის შესახებ წმიდა ფორტუნატეს ამცნეს, მან დაუყოვნებლივ უხმო გუთებს. წმინდანმა მშვიდად დაიწყო მათთან საუბარი და ცდილობდა მათი სიფიცხე ალერსით დაეცხრო. შემდეგ დაეკითხა: “რას ისურვებთ გამოსასყიდად იმ ორი ბიჭუნას სანაცვლოდ? მე გამოსასყიდს მოგცემთ, ხოლო თქვენ, ჩემდამი კეთილგანწყობის ნიშნად, დამიბრუნეთ ყრმები“. ამაზე გუთმა, რომელიც პირველობდა დანარჩენებს შორის, უპასუხა: “გვთხოვე რაც გინდა, მზად ვართ შეგისრულოთ თხოვნა, მაგრამ ამ ბიჭებს არანაირი გამოსასყიდის ფასად არ დაგიბრუნებთ“. წმინდანი მშვიდად დაემუქრა: “ამაოდ აურვებ მამას, შვილო ჩემო, ნუ დამამწუხრებ, რათა უსიამოვნო არაფერი შეგემთხვეს“. მაგრამ გუთმა, გულქვაობის გამო, უარი უთხრა წმინდანს და წავიდა. მეორე დღეს, გამგზავრების წინ, იგივე გუთი კვლავ მივიდა წმინდანთან და მან კვლავ გაუმეორა თხოვნა, დაებრუნებინა ყრმები. გუთმა ისევ იუარა. “იცოდე, გზაში უბედურება შეგემთხვევა, რადგან დამამწუხრე“, - უთხრა უკმაყოფილოდ წმინდანმა. გუთმა ეს სიტყვებიც უყურადღებოდ დატოვა, დაბრუნდა სახლში, სადაც გაჩერებული იყო, ბიჭუნები ცხენზე შესვა და ამხანაგებთან ერთად გაამგზავრა, თვითონ კი ცხენით უკან გაჰყვა. როდესაც წმიდა პავლეს ტაძრის სიახლოვეს ჩაიარა, მისმა ცხენმა წაიბორძიკა, მხედარი ჩამოვარდა და ფეხი მოიტეხა. ის აიყვანეს და უკან დააბრუნეს. მან მაშინვე გაგზავნა კაცი ყრმების დასაბრუნებლად და წმიდა ფორტუნატეს სთხოვა თავისი მსახური გამოეგზავნა. როდესაც მსახური მოვიდა, სნეულმა, რომელიც ადრე უარს აცხადებდა ყრმების დაბრუნებაზე, მყისვე გადასცა ისინი მსახურს სიტყვებით: “წადი და უთხარი ჩემს ბატონ ეპისკოპოსს: შენ არ აკურთხე იგი და აჰა, დაშავდა; დაიბრუნე ყრმები, რომელთაც ითხოვდი და შეეწიე მას“. მსახურმა დაუყოვნებლივ მიჰგვარა ეპისკოპოსს ყრმები. ნეტარმა ფორტუნატემ მას ნაკურთხი წყალი მისცა, რათა სნეულისთვის ესხურებინა. მსახური დაბრუნდა გუთთან და ნაკურთხი წყალი აპკურა სხეულზე. საკვირველი და მიუწვდომელი საქმე აღესრულა! როგორც კი წყალი მტკივან ადგილზე ესხურა, სნეულება გაქრა და ძვალი ძველებურად გამთელდა, ისე, რომ გუთი მყისვე წამოდგა სარეცელიდან და გზა განაგრძო, თითქოს არაფერი მოსვლოდა. ამგვარად, გუთი, რომელმაც არ ისურვა წმინდანს დამორჩილებოდა და ყრმები ფულის სანაცვლოდ დაებრუნებინა, საღმრთო სასჯელმა აიძულა დაებრუნებინა ისინი გამოსასყიდის გარეშე“. გარდა ამ შემთხვევისა, მოხუცმა წმიდა ფორტუნატეს სხვა სასწაულებიც მიამბო, მაგრამ რადგან სულიერი რჩევის მისაღებად მელოდნენ და ძალიან გვიან იყო, მას დიდხანს ვერ მოვუსმენდი, თუმცა, როცა შესაძლებლობა მაქვს, მუდამ მზად ვარ სიამოვნებით ვუსმინო მონათხრობს ამ წმინდანის შესახებ.

სხვა სტუმრობის დროს, მოხუცმა წმიდა ფორტუნატეს მიერ აღსრულებული კიდევ უფრო საოცარი სასწაული მიამბო. “ქალაქ ტუდერტში, - მითხრა მან, - ორ ხორციელ დასთან ერთად ვინმე მარკელე ცხოვრობდა, ის პატიოსანი კაცი იყო. მარკელე ავად იყო და აღდგომის წინ, შაბათს საღამოს აღესრულა. რადგან სასაფლაო შორს იყო, ის იმ დღესვე ვერ დაასაფლავეს, მაგრამ როდესაც დაკრძალვის დრო დადგა, მარკელეს დები, დანაკარგით დამწუხრებულნი, წმიდა ფორტუნატესთან მივიდნენ და ცრემლითა და სულთქმით შეევედრნენ: “ვიცით, რომ მოციქულთა მსგავს სასწაულებს ახდენ: კეთროვანთ კურნავ, ბრმებს თვალისჩინს უბრუნებ, - მოდი და აღადგინე მკვდრეთით ჩვენი ძმა“. წმინდანმა მათი ძმის აღსრულების შესახებ რომ გაიგო, ატირდა და დებს უთხრა: “წადით, და ნუ ითხოვთ ამას; ყოველივე ყოვლისშემძლე ღმერთის ნებით ხდება, მისი წინააღდგომა არავის ძალუძს“. ისინი წავიდნენ, მაგრამ ეპისკოპოსი მათი ძმის სიკვდილის გამო კვლავ დამწუხრებული იყო. მომდევნო დღეს, კვირას, გათენებამდე, იგი ორი მსახურის თანხლებით მიცვალებულის სახლისკენ გაემართა. როდესაც მიუახლოვდა სარეცელს, სადაც უსულო გვამი ესვენა, ღმრთის მიმართ ლოცვა დაიწყო. ლოცვის დასრულების შემდეგ მიცვალებულთან ჩამოჯდა და ხმადაბლა მიმართა: “ძმაო, მარკელე!“ მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ხმადაბლა წარმოთქვა მან ეს სიტყვები, მიცვალებულმა, თითქოს ძილში ჩაესმაო, თვალები გაახილა, ეპისკოპოსს შეხედა და თქვა: “ჰოი, რა დამემართა, რა დამემართა!“ - “რა დაგემართა?“ -დაეკითხა ეპისკოპოსი. “გუშინ ჩემთან ორნი მოვიდნენ და სხეულთან განმაშორეს, ერთ მშვენიერ ადგილზე წამიყვანეს, დღეს კი ერთ-ერთი მათგანი ისევ მოვიდა ჩემთან და თქვა: “დააბრუნეთ ისევ იქ, იმიტომ, რომ ეპისკოპოსი ფორტუნატე ეახლა მას სახლში“. ეს თქვა და მაშინვე წამოდგა და ამის შემდეგ კიდევ დიდხანს იცოცხლა. არ უნდა ვიფიქროთ, რომ მან დაკარგა ის ნეტარება, რომელიც პირველი სიკვდილის შემდეგ მიიღო, რადგან, თუკი ის პირველ სიკვდილამდე სათნოეყოფოდა ყოვლისშემძლე ღმერთს, უეჭველია, წმინდანის ლოცვებით გაძლიერებული, კიდევ უფრო მეტი სათნოებით იცხოვრებდა მკვდრეთით აღდგომის შემდეგ. მაგრამ რად გვინდა ბევრი ლაპარაკი წმიდა ფორტუნატეს ღმრთის სათნო ცხოვრების შესახებ, როდესაც თვალწინ მისი უხრწნელი ნაწილები გვაქვს? როგორც სიცოცხლეში განდევნიდა ის ეშმაკებს, ყოველგვარი სნეულებისგან კურნავდა იმათ, ვინც რწმენით მიმართავდა, იმავეს აღასრულებს სიკვდილის შემდგომ უხრწნელი სხეულით.

- თუმცა, საყვარელო პეტრე, უნდა დავასრულო იმ წმინდანთა სასწაულების შესახებ თხრობა, რომლებიც ვალერიის ოლქში ცხოვრობდნენ, რომელთა შესახებაც მომითხრობდა ზემოთ ნახსენები ღირსი ფორტუნატე. ის ამჟამადაც ხშირად სტუმრობს ჩემთან, მიამბობს წმიდა მოღვაწეთა ცხოვრებებს და მუდამ სიხარულს მანიჭებს.




[1] – სინდონი – სუდარა, არდაგი.