ერთ პატრიცს, სახელად ბენანცის, სამნიის ოლქში მამული ჰქონდა. იქვე ერთი გლეხი ცხოვრობდა. მას ვაჟი ჰყავდა, სახელად ჰონორატი. მან სიყრმიდან შეიყვარა თავშეკავებული ცხოვრება, რამაც ზეციური მამულისადმი სიყვარული აღუძრა. ის ამგვარად დიდხანს იღწვოდა, ყოველი უქმი სიტყვის წარმოთქმას ერიდებოდა და სხეულს თავშეკავებით წვრთნიდა. ერთხელ მისმა მშობლებმა ლხინი გამართეს და მეზობლები მოიწვიეს. სუფრისთვის სხვა სანოვაგესთან ერთად ხორციც მოამზადეს. ჰონორატს, მარხვის სიყვარულით, სურვილიც არ ჰქონდა ხორცს გაკარებოდა. მშობლებმა დაცინვა დაუწყეს და უთხრეს: “ჭამე, ხომ არ გგონია, შენთვის თევზს დავიჭერთ?“ - იმ მხარეში თევზის შესახებ მხოლოდ გადმოცემით იცოდნენ. როდესაც ჰონორატს ამგვარად დასცინოდნენ, წყალი შემოაკლდათ: წყალზე მყისვე მსახური გაგზავნეს ხის ჭურჭლით. ჭურჭელს წყლით ავსებისას თევზი ამოჰყვა. სახლში დაბრუნებულმა მსახურმა წყალი ყველას თვალწინ გადმოღვარა და უჩვენა თევზი, რომელიც საკმაოდ მოზრდილი იყო და ჰონორატს საჭმელად მთელი დღე ეყოფოდა. ყველანი გაოცდნენ. ჰონორატის მშობლები იძულებულნი გახდნენ შეეწყვიტათ დაცინვა. ამგვარად, ყრმის თავშეკავება, რომელსაც აქამდე დასცინოდნენ, პატივისცემის საგანი შეიქნა და მთაში დაჭერილმა თევზმა ღმრთის კაცი ღვარძლიანი დაცინვისგან იხსნა. როდესაც ჰონორატის სათნო ცხოვრების შესახებ ხმა გავრცელდა, ბატონმა გაათავისუფლა და მან ფუნდში მონასტერი დააარსა, სადაც თითქმის ორას განდეგილს ხელმძღვანელობდა. ის ყველასთვის სამაგალითო, ამაღლებული ცხოვრებით ცხოვრობდა.
ერთხელ მთას, რომლის ძირში მონასტერი მდებარეობდა, უზარმაზარი ლოდი მოსწყდა, მთის ფრიალო კალთაზე დაქანდა და მონასტერსა და ძმებს დანთქმით ემუქრებოდა. წმიდა მამამ ეს როგორც კი შენიშნა, მყისვე მაცხოვრის სახელს მოუწოდა, მოწყვეტილ ლოდს, რომელიც ის იყო მონასტერს უნდა დასცემოდა, ჯვარი გადასახა და ის მაშინვე შეჩერდა. ამის შესახებ ერთი ღმრთისმოსავი კაცი, სახელად ლავრენტი მომითხრობდა. მთის ბექობი, სადაც ლოდი შეჩერდა, ციცაბო იყო. ამბობენ, ახლაც რომ შეხედო, მოგეჩვენება, თითქოს ლოდი მოწყვეტას აპირებსო.
პეტრე: წმიდა მამაო, როგორ გახდებოდა ეს საკვირველი კაცი სხვათა ხელმძღვანელი, უწინ თავად რომ არ ჰყოლოდა დამრიგებელი?
გრიგოლი: არ მსმენია, რომ ის ვინმეს დამოწაფებოდა. სულიწმიდის ნიჭები ზოგჯერ ადამიანებს უჩვეულო გზით მიენიჭება. ჩვეულებრივ, ხელმძღვანელი ვერ იქნება ის, ვისაც მორჩილება არ უსწავლია და ხელქვეითებს მორჩილებას ვერ აღუძრავს ის, ვინც თვითონ არ იცის ზემდგომთა მორჩილება. მაგრამ, არსებობენ ადამიანები, რომლებიც ნათლდებიან სულიწმიდის მიერ; მართალია ისინი გარეგან ადამიანურ ხელმძღვანელობას მოკლებულნი არიან, მაგრამ, სამაგიეროდ, მათ სულთან მუდამ არის შინაგანი დამრიგებელი - სულიწმიდა. თუმცა სათნოებებში უმტკიცარმა ადამიანებმა წმიდა მამათა ცხოვრებებში გამოვლენილი ამგვარი ზებუნებრივი შემთხვევები მაგალითად არ უნდა დაისახონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვიღაცამ შეიძლება წარმოიდგინოს, რომ თვითონაც აღსავსეა სულიწმიდით, უგულებელყოს ადამიანური დარიგება და ცდომილებაში ჩავარდეს. სულიწმიდით აღვსილ სულს სრულიად ცხადი ნიშნები აქვს, რაც ააშკარავებს მის ამგვარ მდგომარეობას: ეს არის სიმდაბლესთან შეერთებული უდიდესი სათნოება. თუკი სული ამ თვისებებს სრულყოფილად ფლობს, ეს ცხადზე ცხადი ნიშანია მასში სულიწმიდის დავანებისა. მაგალითად, წმიდა წერილში არსად არის მოხსენებული, რომ წმიდა იოანე ნათლისმცემელს მოძღვარი ჰყოლოდა; თვით ქრისტეს - თავად ჭეშმარიტებას, რომელიც მიწაზე ხილული ყოფნის ჟამს მოციქულებს ასწავლიდა, მოწაფეთა შორის ხილული სახით არ შეურაცხავს იოანე. ვისაც შინაგანად განსწავლიდა, მას თითქოს ტოვებდა, რომ თავისი ნებით ეცხოვრა. ასევე, მოსესაც უდაბნოში ანგელოზი წინამ- ძღვრობდა (გამ. 23, 20 და შემდეგი), და არა - ადამიანი. სათნოებებში განუმტკიცებელი ადამიანებისთვის ეს ყოველივე უნდა იყოს არა მიბაძვის, არამედ - პატივისცემის საგანი.
პეტრე: გთხოვ, მითხარი: ამ წმიდა მამას, ჰონორატს, მოწაფეთა შორის მიმდევარი არ დარჩენია?