წმიდა გრიგოლ დიდი, დიოლოღოსი წმიდა გრიგოლი, რომის ეპისკოპოსი, დიოლოღოსად წოდებული, VI ს-ის II ნახევარში ცხოვრობდა. ის წარჩინებულ რომაელთა ჩამომავალი იყო, შინაგანად ასკეტურ ცხოვრებას ესწრაფოდა, უკვე ადრეულ ასაკში დატოვა ქონება და ამქვეყნიური პატივი, მონაზვნად შედგა და მალე დაიმკვიდრა მკაცრი მოღვაწის სახელი. მონაზვნური ცხოვრების თითქმის ოცი წლის მანძილზე წმიდა გრიგოლი სხვადასხვა მონასტერს წინამძღვრობდა და რომის სამღვდელო დასში სხვა დიდი საეკლესიო თანამდებობებიც ეკავა. ბოლოს, 590 წელს, მრევლისა და სამღვდელო კრებულის დაჟინებული და ერთსულოვანი თხოვნით, აღყვანილ იქნა რომის საეპისკოპოსო კათედრაზე.
წმიდა გრიგოლი 14 წლის მანძილზე ემსახურებოდა ამ მაღალ წოდებას. ის მუდამ დაუღალავად იღვწოდა არა მარტო თავისი, არამედ კათოლიკე (საყოველთაო) ეკლესიის კეთილდღეობისათვის. ამის დასტურად გამოდგება: ბრძნული მოქმედება, რომლითაც დასავლეთში V მსოფლიო საეკლესიო კრების გადაწყვეტილებებთან დაკავშირებული დავა ჩააცხრო; დონატისტების მწვალებლობის აღმოსაფხვრელად მიღებული მკაცრი და გონივრული ზომები; დაუღალავი ზრუნვა საეკლესიო მსახურების კეთილგანწესებისათვის; ქრისტიანული რწმენის განვრცობისათვის გაწეული ღვაწლი ინგლისში, რამაც წმიდა გრიგოლს ამ ქვეყანაში მოციქულისა და განმანათლებლის სახელი დაუმკვიდრა. ქრისტიანული ეკლესიის წინაშე ამ მღვდელმთავრის დამსახურება იმდენად მნიშვნელოვანი და მრავალფეროვანია, რომ კათოლიკე ეკლესიამ იგი წმინდანად შერაცხა, ხოლო მიუკერძოებელმა ისტორიამ სახელად - დიდი დაუმკვიდრა.
წმიდა გრიგოლის დამსახურება კათოლიკე ეკლესიის წინაშე არის აგრეთვე მისი მრავალრიცხოვანი და მრავალფეროვანი ნაწერები, რომლებშიც განმარტებულია წმიდა წერილი, მოცემულია სწავლებები ქრისტიანული ჭეშმარიტებების შესახებ, აღწერილია მამათა ცხოვრებანი და სასწაულები, განხილულია ეკლესიაში იმ დროს მიმდინარე მოვლენები.
წინამდებარე წიგნში გთავაზობთ წმიდა გრიგოლ დიოლოღოსის საუბარს პეტრე დიაკვანთან, იტალიელ მამათა ცხოვრებასა და სასწაულებზე. ეს წიგნი მუდამ სარგებლობდა ეკლესიის ყურადღებითა და პატივისცემით, რაც აისახა თავად წმიდა გრიგოლის ზედწოდებაზე. მას ამ წიგნის გამო ეწოდა დიოლოღოსი. საუბრებში სისადავითა და ბუნებრიობით არის გადმოცემული იტალიელ წმინდანთა ცხოვრებანი. იგი თითოეული ქრისტიანისთვის ძვირფასი შენაძენია. გარდა ამისა, წიგნი რომის იმპერიის დაშლის პერიოდში ეკლესიის ისტორიის საინტერესო მასალებს შეიცავს. როგორც თავად წმინდანი აღნიშნავს, ის ამ ცნობებს ღირსეულ და სანდო ადამიანთაგან, ხშირ შემთხვევაში მოვლენათა თვითმხილველთაგან კრებდა.
წიგნი საუბრის სახით არის წარმოდგენილი, რათა მისი კითხვა ადვილი და სასიამოვნო იყოს. დიაკვანი პეტრე, რომელსაც ავტორი ესაუბრება, არ არის გამოგონილი პირი, მას, როგორც წიგნიდან ჩანს, მღვდელმთავარი წმინდანთა ცხოვრებებზე მართლაც ხშირად ესაუბრებოდა.