|
წმიდა მარკოზი ეფესოს მთავარეპისკოპოსი (+1457)
წმინდა მარკოზის სასწაულები
ათენის გარეუბაში, წმინდა მარკოზის სახელობის ტაძრის აშენებისას, ფული გამოილია და მშენებლობის გაჩერების საშიშროება შეიქმნა. ტაძრის მღვდელი ძალიან ნერვიულობდა, წმინდა მარკოზს შეწევნა სთხოვა. წმინდანი გამოეცხადა მღვდელს და უთხრა, რომ მეორე დღეს ერთი კაცი მოვიდოდა და მშენებლობისთვის ფულს მოუტანდა (კონკრეტული თანხაც დაასახელა). მართლაც, მეორე დღეს მოვიდა უცნობი, რომელმაც განაცხადა: ძილში გამომეცხადა ბერი, რომელიც მარკოზ ევგენიკოსად გამეცნო და მთხოვა, - ქვემო პატსიაში ჩემი სახლის აშენებაში ფულით დამეხმარეო. კაცმა ჯიბიდან სწორედ ის თანხა ამოიღო, რომელიც წმინდანმა დაუსახელა წინა საღამოს. ტაძრის მშენებლობა გაგრძელდა.
სხვა სასწაული: ვინმე კიპსელელი ღვთისმოსავი კაცი სხვადასხვა ტაძრის დღესასწაულებზე დადიოდა ხოლმე, მაგრამ არც წმინდა მარკოზის და არც მისი წმინდა ტაძრის შესახებ არაფერი იცოდა. ერთხელ, როცა ფურნეში შევიდა, ვიღაც მონაზონი დაინახა, რომელმაც სეფისკვერი მისცა და უთხრა, ხვალ ჩემს ტაძარში მოიტანეო. "ვინ ხარ, მამაო?" - ჰკითხა გაოცებულმა კაცმა. "მე მარკოზ ეფესელი მქვია და ჩემი ტაძარი ქვემო პატისიაშია", - და უცნობმა კაცს მიასწავლა, თუ რომელი გზით უნდა მისულიყო ტაძარში.
სხვა სასწაული:...2005 წელს ერთი ოცი წლის ყმაწვილი, სახელად გიორგი, რომელიღაც იშვიათი დაავადებით იტანჯებოდა. ოპერაციის შემთხვევაში შესაძლოა, მთელი სიცოცხლე დავრდომილი დარჩენილიყო. დედამისი ღმერთს შვილის განკურნებას შესთხოვდა. ამ დროს ქალს დამ დაურეკა და უთხრა, რომ მას ვიღაც მონაზონი მარკოზ ეგვგენიკოსად წარუდგა და უთხრა: "გადაეცით ყმაწვილის დედას: ნუ დარდობთ, გიორგის ოპერაციას მე გავუკეთებ".
მართლაც, მეორე დღეს, ოპერაცია სირთულის მიუხედავად, წარმატებით ჩატარდა. ოპერაციის დროს ექიმებს შორის გამოჩნდა ექიმი-მონაზონი, რომელმაც თქვა, რომ ოჯახის მეგობარია და მარკოზი ჰქვია. განსაკუთრებით რთულ მომენტებში ის ექიმებს მიუთითებდა, როგორ ემოქმედათ. ყმაწვილი განიკურნა და დედასთან ერთად ტაძარში მივიდა სამადლობელოდ.
სხვა სასწაული:...2004 წელს ერთი ახალფილადელფიელი ახალგაზრდა ქალი ღმერთს შვილის მოცემას შესთხოვდა. საღამოს ლოცვისას გამოეცხადა მონაზონი, რომელმაც უთხრა, რომ მისი დღესასწაული 10 იანვარსაა. სთხოვა, ქვემო პატისიაში მის ტაძარში მისულიყო, ელოცა და იგი შეისმენდა მის ლოცვას. ქალი ასეც მოიქცა, სამი დღის მერე დაფეხმძიმდა და ჯანმრთელი ვაჟი შეეძინა.
|
|