მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

წმიდა მარკოზი
ეფესოს მთავარეპისკოპოსი (+1457)

 

მრწამსის შესახებ

 

"პირველი კრების მიერ გადმოცემული ”მრწამსის” შემდეგ სხვადასხვა კრებებზე ჩამოაყალიბეს ბევრი სხვადასხვა ”მრწამსი”, სადაც უარყოფილ იყო ”ერთარსება”. ყველა მათგანი გაუქმდა, ხოლო მეორე კრებამ, რომელი მსოფლიო იყო და ზედმიწევნით იცავდა პირველი მრწამსის შინაარსს, თვითვე ჩამოაყალიბა იგი, რასაც ამჟამად ჩვენ ვფლობთ შემატების გარეშე, თქვენ კი – შემატებითურთ. ამ კრებათაგან არც ერთს არ დაუწესებია აკრძალვა შეცვლაზე. შემდეგ, მესამე მსოფლიო კრების დროს, ნესტორის თანამოაზრეებმა წაიკითხეს მათ მიერ შედგენილი ”მრწამსი”, რაც შეიცავდა ერეტიკულ აზრს, და რითაც ლიდიაში ვიღაცის მონათვლაც გაებედათ მათ; როდესაც მამებმა მოისმინეს წაკითხული, შეუწყნარებლად მიიჩნიეს ”მრწამსის” ნებისამებრ შეცვლა და მყისვე განაჩინეს კანონი, რომ არასოდეს არავის გაებედა შეცვლა მამათა მიერ გადმოცემული ”მრწამსისა”, (ანუ, რაც იგივეა, ”სარწმუნოების სიმბოლოსი”). ამიტომ, ნეტარმა კირილემ, რომელიც თვით თავმჯდომარეობდა ხსენებულ დიდ კრებას და, რომელმაც, ცხადია, კარგად უწყოდა თავისივე განჩინება, იოანე ანტიოქიელისადმი მიწერილ ეპისტოლეში ეს გვამცნო: ”არანაირად არ შევიწყნარებთ მამათა ჩვენთა მიერ გადმოცემული მრწამსის, ანუ სარწმუნოების სიმბოლოს შერყევას, არცთუ ნებას მივცემთ საკუთარ თავს თუ ვინმე სხვას, სიტყვა შეცვალოს იქ დადგენილ ტექსტში ანდა გადაუხვიოს თუნდაც ერთ მარცვალს, რადგანაც გვახსოვს იგი, ვინც გვამცნებდა: ”ნუ ცვალებ საზღვართა საუკუნეთა, რომელი დადვეს მამათა შენთა” (იგავ. 22, 28). რამეთუ არათუ თვით ისინი იყვნენ მეტყველნი, არამედ სული მამისა, რომელიც მისგან გამოდის და რომელიც არსობრივად უცხო არ არის ძისა”.

გესმის? არათუ აზრის, არამედ სიტყვისა და მარცვლის შეცვლასა და გარდასვლასაც კი კრძალავს წმ. კირილე, რადგანაც ამბობს: ”არცთუ ნებას მივცემთ საკუთარ თავს თუ ვინმე სხვას...”; ამას ამბობს მთელი კრების პირით და თუმცა ეს კრებაც მსოფლიო იყო, მან მხოლოდ აკრძალვის კანონი განაწესა..."


თარგმანი: ედიშერ ჭელიძისა