მთავარი მწყემსი კეთილი სარჩევი

 

წმიდა მაქსიმე აღმსარებელი


მომზადებულია ახალმოწამე მიხეილ ნოვოსელოვის წიგნის "პისმა კ დრუზიამ" მიხედვით.

 

 ამ საოცარი წმინდანის ცხოვრებაზე რომ ვწერ, მსურს უფრო მხატვრულად გამოვხატო სახელოვანი აღმსარებლისა და ეკლესიის ერთ-ერთი უდიდესი მამის სულიერი სილამაზე. ღირსი მაქსიმე აღმსარებლის ცხოვრებასა და საქმიანობას ძალუძს გაქვავებული გულებიც კი მოალბოს და აღაფრთოვანოს.
  პიროვნული თვისებებითა და მოღვაწეობით გამორჩეული ეს უდიდესი მამა ბრწყინვალედ ადასტურებს იმ ჭეშმარიტებას, რომლის განმარტებასაც მივუძღვენით წინა თავები, სახელდობრ: ეკლესიის წიაღში სარწმუნოებრივი საკითხების ახსნისა და დამტკიცებისათვის არანაირი მნიშვნელობა არა აქვს პიროვნებათა არც რაოდენობას და არც იერარქიულ მდგომარეობას. ჭეშმარიტების მცველებად სულიწმიდის შთაგონებით არც ისე იშვიათად გვევლინებიან სწორედ იერარქიული ხარისხის უქონელი პირები. ნათელი მაგალითი ასეთი ღვთივრჩეული პიროვნებისა გახლავთ წმიდა მაქსიმე აღმსარებელი.
  რაკი არა მაქვს უნარი მხატვრულად გამოვძერწო ამ მართლაც საოცარი ადამიანის სულიერი სახე, გთავაზობთ მისი ცხოვრების საკმაოდ მშრალ სქემას.
  წმიდა მაქსიმე VI საუკუნის მიწურულს დაიბადა. იგი ბიზანტიური საგვარეულოს წარმომადგენელი გახლდათ. ღვთისმოსავი ქრისტიანული ოჯახის  შვილმა კარგი საღვთისმეტყველო და ფილოსოფიური განათლება მიიღო. სიჭაბუკეში შესული მაქსიმე ბიზანტიის იმპერატორმა ჰერაკლემ თავისთან მიიწვია და სამეფო კარზე პირველი მდივნის წოდება უბოძა.
  641 წელს, იმპერატორის სიკვდილის შემდეგ, წმიდა მაქსიმემ დატოვა მდივნის თანამდებობა და 57 წლის ასაკში ქრიზოპოლისის მონასტერს მიაშურა. აქ იგი ბერად აღიკვეცა და მალე წინამძღვრობაც მიიღო. ამ სავანის ძმობისათვის დაწერა წმიდა მაქსიმემ თავისი ღვთივსულიერი წიგნი `სიტყვა მოღვაწეობისათვის~. აქვე აპირებდა იგი მთელი ცხოვრება დარჩენას, მაგრამ აშკარად დაინახა საშიშროება _ არ ცხრებოდა შფოთი ბიზანტიაში, სულ უფრო მეტად იკიდებდა ფეხს მონოთელიტური მწვალებლობა. ამიტომ წმიდა მამა გადავიდა კართაგენს, ჩრდილოეთ აფრიკაში. აქ მან დაწერა უამრავი წერილი და თითქმის ყველა ქვეყანაში დააგზავნა. ამ ეპისტოლეების მეოხებით და პირადადაც მას ჰქონდა ზეგავლენა იერუსალიმის პატრიარქ სოფრონიზე, აფრიკელ ეპისკოპოსებზე, მეტადრე რომის პაპ მარტინეზე. წმიდა მაქსიმე ყველასთან შეურყევლად იცავდა მართლმადიდებლობას. სწორედ ეს არის ეკლესიის ისტორიაში მისი მთავარი ღირსება. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ იმხანად მონოთელიტებს მხარს უჭერდნენ ბიზანტიის იმპერატორები: ჰერაკლე, კონსტანტინე, კონსტანტინოპოლის პატრიარქები: სერგი, პიროსი, პეტრე, ალექსანდრიის პატრიარქი კიროსი. ასეთ მძიმე ფონზე გამოჩენილი პრინციპულობა, ბუნებრივია, ზრდის წმიდა მაქსიმეს ღვაწლს და უფრო მნიშვნელოვანს ხდის მის დამსახურებას.
   645 წლის ივლისში წმიდა მაქსიმე ჩავიდა ჩრდილოეთ აფრიკაში, კართაგენს და იქ კამათში დაამარცხა კონსტანტინოპოლის ექსპატრიარქი პიროსი, რომელმაც წერილობით უარყო (მოგვიანებით გაირკვა, რომ პირფერულად) მონოთელიტობა.
  იმპერატორი კონსტანტინე, როგორც აღვნიშნეთ, მონოთელიტი იყო. მან გამოსცა ახალი აღმსარებლობა სახელწოდებით `ტიპიკონი~ და სიკვდილით დასჯის მუქარით ყველა მართლმორწმუნეს უბრძანა მისი მიღება. რომის პაპმა წმიდა მარტინემ უარყო მეფის მკაცრი შემოთავაზება და საეკლესიო კრება მოიწვია. აქ წმიდა მაქსიმემ 105 ეპისკოპოსისაგან შემდგარ სამღვდელმთავრო დასს განუმარტა მონოთელიტობის სიმცდარე. პასუხად იმპერატორმა ორივე წმინდანს იმპერიის ღალატი დასწამა, შეიპყრო, ბორკილები დაადო და კონსტანტინოპოლში მეფის სამსჯავროზე წარადგინა.
  წმიდა მარტინე ჯერ კაკლადემის კუნძულზე გადაასახლეს, მერე ყირიმს-ტავრიდის ხერსონესში, სადაც 665 წელს აღესრულა კიდეც.
  რაც შეეხება წმიდა მაქსიმეს: იმპერატორმა გადაწყვიტა იგი როგორმე გადმოებირებინა. მეფის წარმომადგენლები ცდილობდნენ მის დარწმუნებას, დაყოლიებას, რომ `ტიპიკონისათვის~ მოეწერა ხელი. თუ იგი ამას არასდიდებით არ დათანხმდებოდა, საწინააღმდეგო აზრის გამოთქმაზე მაინც ეთქვა უარი. მცდელობა იმით დამთავრდა, რომ წმიდა მამა ჯერ მეფის სასახლეში გამოკეტეს, მერე კონსტანტინოპოლის საპყრობილეში ჩააგდეს, იქიდან თრაკიის ქალაქ ბესაში გადაასახლეს, ბოლოს კი დედაქალაქში დააბრუნეს და წმიდა თეოდორეს მონასტერში მოათავსეს.
  ბევრნი ედავებოდნენ წმიდა მაქსიმეს. მათ შორის იყვნენ სენატორები, ეპისკოპოსები. ზოგიერთი ცდილობდა აშკარად ეკარნახა მისთვის, როგორი ფორმულირებით შეეძლო დაეცხრო მეფის მრისხანება და არც რაიმე ვალდებულება ეკისრა.  მაგრამ წმიდა მაქსიმე შეუვალი აღმოჩნდა და მრუდე გზაზე შედგომას არა და არ დათანხმდა. მაშინ იგი მარმარილოს ზღვის ნაპირას პერვერაში გადაასახლეს, სადაც ორი წელი დაჰყო. აქ წმიდა მამას ათასგვარად ავიწროებდნენ, დევნიდნენ, მაგრამ იგი მტკიცედ იცავდა და წერილობით სხვებსაც უზიარებდა ჭეშმარიტებას. თუ ვინმე გაბედავდა და გადასახლებულს ფარულად მოინახულებდა, მას წმიდა მამა თავისი სიტყვებით ამხნევებდა.
  მაინც ვერ იყვნენ მშვიდად მონოთელიტობის მეთაურები. დაუმორჩილებელი და მართმადიდებლობის უტეხი მცველის სახე მათ მოსვენებას არ აძლევდა, სინდისსა და შეგნებას უშფოთებდა, გარეგნულად მიღწეულ წარმატებათა მოჩვენებითობას შეახსენებდა. წმიდა მაქსიმე კვლავ სამეფო ქალაქში იხმეს, სადაც მეფის დიდებულებმა _ სერგიმ და ტროილემ დაკითხეს.
  როცა დარწმუნდნენ, რომ წმიდა მაქსიმე ურყევად იცავდა ჭეშმარიტებას, მაშინ იგი იმპერატორის ბრძანებით სასტიკად აწამეს, ენა ამოგლიჯეს, მარჯვენა ხელის მტევანი ჯერ ჩაქუჩით დაუმტვრიეს, მერე კი ხელი იდაყვამდე მოაჭრეს. ცოცხალმკვდარი წამებული ორი მოწაფის, ორი ანასტასის თანხლებით გადაასახლეს დასავლეთ საქართველოში. აქ, სქიმარის საპყრობილეში წმიდა მაქსიმემ სამი წელი დაჰყო. ბოლოს იგი ღირსი შეიქნა მაცხოვრის სასწაულებრივი გამოცხადებისა და ეუწყა მოახლოებული აღსასრული. ღვთის ხილვით ნუგეშცემული წმიდა მაქსიმე 662 წლის 13 აგვისტოს 78 წლისა მიიცვალა.
  ასეთია სქემატური სახე ღირსი მამის ცხოვრებისა. ახლა კი მსურს თქვენი ყურადღება წმინდანის ცხოვრების ზოგიერთ ეპიზოდს მივაპყრო.
   პირველყოვლისა, ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ წმიდა მაქსიმეს არ ჰქონდა იერარქიული ხარისხი. ის უბრალო ბერი იყო, თუმცა მან შეძლო ღირსეულად დაეცვა მაცხოვრის ბუნების შესახებ მართლმადიდებლურ-ეკლესიური სწავლება. მრავალი წერილით, ყველა მართლმადიდებლურ ქვეყანაში რომ დაგზავნა, აგრეთვე, პირადი ზეგავლენითაც იერუსალიმის პატრიარქ სოფრონიზე, აფრიკის ეპისკოპოსზე და განსაკუთრებით რომის პაპზე _ მარტინეზე, დიდი ღვაწლი გასწია წმიდა ბერმა. უშუალოდ მისი გავლენით აფრიკის ეპისკოპოსებმა ერთხმად დაგმეს აღნიშნული მწვალებლობა. წმიდა მაქსიმეს შთაგონებით მოიწვია კრება პაპმა მარტინემ და ანათემას გადასცა იმპერატორის ედიქტი, მთელი მონოთელიტური სწავლება.
   ამრიგად, უბრალო ბერი მართლმადიდებელთა და მონოთელიტთა ორთაბრძოლის შუაგულში აღმოჩნდა. ის, ვინც არანაირი იერარქიული ხარისხს არ ფლობდა, თვით პატრიარქებსა და ეპისკოპოსებს აძლიერებდა ამ ბრძოლაში.
   ყოველივე ზემოთქმული მაინც მეცოტავება. მსურს უფრო მკაფიოდ წარმოგიჩინოთ მდგომარეობა, რომელშიც იმყოფებოდა წმიდა მაქსიმე. მოვიყვან მისი ცხოვრების ცალკეულ ფაქტებს, დაკითხვასთან  დაკავშირებულს.
   უცნობები წმიდა მაქსიმე აღმსარებელთან საპყრობილეში მივიდნენ, ვით იმპერატორის წარგზავნილები და ჰკითხეს:
   _ `რომელი ეკლესიის წარმომადგენელი ხარ, ბიზანტიის, რომის, ანტიოქიის, ალექსანდრიის თუ იერუსალიმის? ვინაიდან ყველა ეს ეკლესია ერთობაშია, შენც, თუკი კათოლიკე ეკლესიას მიეკუთვნები, დაუყოვნებლივ წამოდი ჩვენთან, ჩვენს გვერდით იყავი, თუ არ გსურს გადაგასახლონ და განიცადო ის, რასაც არც ელი~.
  წმიდა მამამ უპასუხა:
  _ `ქრისტე ღმერთმა კათოლიკე ეკლესია უწოდა ჭეშმარიტი და მაცხოვნებელი აღმსარებლობის შემცველს, დამტევს. ასეთი აღმსარებლობისათვის მან პეტრესაც უწოდა ნეტარი და ამ ჭეშმარიტებაზე აღგვითქვა მსოფლიო ეკლესიის დაფუძნება (მათ. 16, 17-18). მაგრამ მე მსურს მოვისმინო თქვენი აღმსარებლობის შინაარსი, რომლის საფუძველზეც, როგორც თქვენ ამბობთ, ურთიერთკავშირშია ყველა ეკლესია.თუ ეს შინაარსი არ ეწინააღმდეგება ჭეშმარიტებას, მაშინ მეც არ უარვყოფ მას~.
   წმიდა მამამ მცდარი სწავლება მოისმინა უფალ იესო ქრისტეს ნების შესახებ. მან წარმოგზავნილთ, რა თქმა უნდა, მიუთითა ცდომილებაზე და მიუგო:
  _ `მე არ შემიძლია ამის აღიარება, წმიდა მამებისგან მსგავსი არაფერი მისწავლია. თქვენ კი, ვით ძალაუფლების მქონენი, მოიქეცით ისე, როგორც გენებოთ~.
   სხვა დროს, დაკითხვისას, ეპისკოპოსმა თეოდოსიმ წმიდა მაქსიმეს უთხრა:
  _ `იმპერატორსა და პატრიარქს შენგან პირველყოვლისა სურთ გაიგონ, თუ რატომ გაურბიხარ კონსტანტინოპოლის ეკლესიასთან ურთიერთობას?~
  წმიდა მამამ უპასუხა:
  _ `სანამ იქ არის ერეტიკული საცდურები, არიან ერეტიკოსი არქიეპისკოპოსები, ვერანაირი სიტყვა და საქმე ვერ დამარწმუნებს, რომ ოდესმე მაინც შევძლებ ასეთ ეკლესიასთან ურთიერთობას~.
   ამ საუბრისას ახსენეს რომში წმიდა მაქსიმეს ინიციატივით შემდგარი კრება, რომელზეც ნეტარმა პაპმა მარტინემ ანათემას გადასცა მონოთელიტობა. შემდგომ ამისა ეპისკოპოსმა თეოდოსიმ  თქვა:
   _ `ამ კრებას არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, რადგან ის მეფის ბრძანებით არ იყო მოწვეული~.
   წმინდანმა უპასუხა:
  _ `აღიარებული მხოლოდ მეფის მიერ მოწვეული კრებების დადგენილებები რომ იყოს, მაშინ მართლმადიდებელი სარწმუნოება არ იარსებებდა. გაიხსენეთ მეფის ბრძანებით მოწვეული კრებები, სადაც მკრეხელური სწავლებები დადგინდა, რომ ძე ღვთისა არ არის ერთარსი მამა ღმერთისა და ა.შ. ასეთი კრებები იყო: პირველი – ტირში, მეორე – ანტიოქიაში, მესამე – სელევკიაში, მეოთხე – კონსტანტინოპოლში, ევდოქსი არიანელის დროს, მეხუთე – ნიკეაში, მეექვსე – სირიაში, ხოლო გარკვეული ხნის მერე მეშვიდე _ ეფესოში დიოსკორეს ხელმძღვანელობით. მართალია, ეს კრებები მეფის ბრძანებით მოიწვიეს, მაგრამ  დღეს ყველა მათგანი უარყოფილია და დაგმობილი, ანათემას გადაცემული. ასე იმიტომ მოხდა, რომ ამ კრებებზე მიიღეს ჭეშმარიტი სარწმუნოების საპირისპირო, ღვთისმბრძოლი დადგენილებები. ისიც საკითხავია: რატომ არ უარყოფთ იმ კრებას, რომელმაც პავლე სამაოსატელი ანათემას გადასცა? ის ხომ მეფეს არ მოუწვევია და მეთაურობდნენ: დიონისე, რომის პაპი, დიონისე ალექსანდრიელი და გრიგოლ საკვირველთმოქმედი?! მაგრამ ამ კრების დადგენილებები მყარია და უცილობელი, შეუდავებელი. მართლმადიდებელი ეკლესია ჭეშმარიტად და წმიდად აღიარებს მხოლოდ იმ კრებებს, რომელზეც ჭეშმარიტი დოგმატებია დადგენილი.
   თქვენთვის ისიც ცნობილია, რომ ყველა ქრისტიანულ ქვეყანაში ადგილობრივი კრება წელიწადში ორჯერ უნდა გაიმართოს. ასეა საჭირო მაცხოვნებელი სარწმუნოების დასაცავად, აგრეთვე, იმის გამოსასწორებლად, რაც უთუოდ გამოსასწორებელია. მაგრამ ეკლესიის კანონებში არაფერია ნათქვამი მეფის ბრძანების შესახებ~.
   როდესაც წმიდა მაქსიმეს მოსთხოვეს წინასწარ დათანხმებოდა შესრულებას მეფის ბრძანებისა, რომლის შინაარსს მერეღა შეატყობინებდნენ, ბერმა თქვა:
  _ `ვინაიდან თქვენ არ გსურთ მითხრათ, რა სურს მეფეს, მაშინ მე ღვთისა და ანგელოზების წინაშე განვაცხადებ შემდეგს: თუ მეფე რაიმე ისეთს მიბრძანებს, რასაც დროებითი და წარმავალი მნიშვნელობა გააჩნია, თან ღვთისთვისაც სათნოა და სულის მარადიული ცხონებისათვის უვნებელი, მაშინ შევასრულებ~.
   დადგა მორიგი დაკითხვის დრო. მეფის დიდებულები სერგი და ტროილე ყველაზე მეტად იმის გაგებას ცდილობდნენ, თუ ადრე რა საბუთებით დაარწმუნა მაქსიმემ პატრიარქი პიროსი მონოფიზიტობას განდგომოდა და მართლმადიდებლობა მიეღო. წმინდანმა მიუგო:
  _ `აქ რომ ის წიგნები მქონდეს, სადაც ჩემი და პიროსის საუბრები ჩავიწერე, სიამოვნებით გიპასუხებდით. მაგრამ წიგნები წამართვეს, შინაარსს კი მხოლოდ ნაწილობრივ თუ აღვადგენ. თუმცა საუბრებში ჩემი მოგონილი არც არაფერი იყო. ყველაფერს საღმრთო წერილისა და წმიდა მამათა ნაწერებში ნახავთ~.
   მაშინ წმიდა მაქსიმეს ამპარტავნებაში დასდეს ბრალი:
  _ `შენ გგონია, რომ ერთადერთი მართლმადიდებელი ქრისტიანი ხარ, რომელიც ცხონდება, სხვები კი ყველანი წარწყმედისთვის განწირული მწვალებლები გგონივართ~.
  _ `არა,  _ მიუგო წმიდა მამამ, _ როდესაც ბაბილონში ოქროს კერპს ყველა თაყვანს სცემდა, წმიდა სამი ყრმა არავის განიკითხავდა. ისინი მხოლოდ იმას ფიქრობდნენ, თვითონ არ განდგომოდნენ ჭეშმარიტ სარწმუნოებას. ასევე დანიელი, ლომთა ორმოში ჩაგდებული, არ განიკითხავდა მათ, ვინც მეფის ბრძანება შეასრულა და ჭეშმარიტი ღმერთის თაყვანისცემა დაუტევა. იგი მხოლოდ საკუთარი სინდისის წმიდად დაცვას ცდილობდა და ჭეშმარიტი ღმერთის წინაშე შეცოდებას სიკვდილი უჯობდა. მეც ღმერთმა დამიფაროს განკითხვის ან იმის ფიქრისგან, რომ მხოლოდ მე ერთი ვცხონდები, მაგრამ სიკვდილი მირჩევნია მართლმადიდებელი სარწმუნოებისაგან გადახვევას~.
   მაშინ სერგიმ და ტროილემ წმინდანს შეახსენეს, რომ Mმთელმა ქრისტიანულმა სამყარომ აღიარა კონსტანტინოპოლის მონოთელიტი პატრიარქი, აღმოსავლეთის ყველა პატრიარქმა დაამყარა მასთან ურთიერთობა, ხოლო რომის პაპის სრულუფლებიანი წარმომადგენლები მისი თანამწირველები გახდნენ და ეზიარნენ კიდეც მასთან ერთად. ამგვარად, მთელ მსოფლიოში მარტოა ბერი მაქსიმე, ერთადერთი ის არ ცნობს პატრიარქს.
   Aამაზე წმიდა მაქსიმეს პასუხი ასეთი იყო;
  _ `მთელი მსოფლიოც რომ ეზიაროს მონოთელიტ პატრიარქთან ერთად, მე მაინც არ ვეზიარები, რადგან ვიცი, რაც სულიწმიდისაგან პავლე მოციქულის პირით გვემცნო: ანგელოზებიც კი შეჩვენებულ იყვნენ, თუკი რაიმე სხვა, არასწორ ხარებას გვახარებენ~.
   მაშინ სერგიმ უთხრა:
  _ `მარტო შენ აბრკოლებ სხვებს, მრავალთ შენს გამო არ სურთ აქაურ ეკლესიასთან ურთიერთობა~.
   წმიდა მაქსიმემ მიუგო:
  _ `მაგრამ ვინ დაამოწმებს, რომ ვინმეს ვუბრძანე გაეწყვიტა კავშირი ბიზანტიის ეკლესიასთან?~
   პასუხად სერგიმ უთხრა:
  _ `ის ფაქტი, რომ შენ არა გაქვს ამ ეკლესიასთან ურთიერთობა, ყველაზე ძლიერ მოქმედებს ხალხზე~.
   ამის შემდეგ ბერს კიდევ ერთხელ ჰკითხეს:
  _ `შემოხვალ ბოლოს და ბოლოს ჩვენს ერთობაში თუ არა?~
  _ `არ შემოვალ~, _ უპასუხა წმიდა მამამ.
   ამჯერად ღირსი მაქსიმე აღმსარებლის ცხოვრების ზემოაღწერილი ეპიზოდებით შემოვიფარგლებით. მსურს, აგრეთვე, აღვნიშნო რამდენიმე გარემოება, რომელიც არსებითად დაკავშირებულია ჩემს ბოლო წერილებთან.
   პირველყოვლისა, თქვენ დაინახეთ, რომ წმიდა მაქსიმე იყო უბრალო ბერი, მაგრამ რელიგიურ საკითხზე კამათისას იგი არავითარ ანგარიშს არ უწევდა არც საერო ხელისუფლების დიდჩინოსნებს, არც სასულიერო წოდების მაღალ იერარქებს. მისი ცხოვრებიდან ისიც გამოჩნდა, რომ არც რომის პაპი მარტინე გახლდათ მის თვალში გადამწყვეტი ავტორიტეტი. პირიქით, პაპი თითქოს თვითონვე ეყრდნობოდა ბერს. აკი სწორედ ამ ბერმა აფიქრებინა ეკლესიის მესვეურს კრების მოწვევა. კრებაზე კი, როგორც ვიცით, პაპმა ანათემას გადასცა მონოთელიტური მწვალებლობა.
   ყოველივეს მიუხედვად, მაქსიმე აღმსარებელი გახდა მთავარი ფიგურა, ვის გარშემოც გაჩაღდა დაუნდობელი ბრძოლა ერესსა და მართლმადიდებლობას შორის. მისი პიროვნება, ვით ცენტრი ერთგვარი, ირეკლავდა იმ დროის უმნიშვნელოვანეს სულიერ ორთაბრძოლათა შუქჩრდილებს და წყვეტდა კიდეც ნათლის ბედს. ერეტიკოსი პატრიარქები და ეპისკოპოსები, ბიზანტიის სამეფო კარი და თავად იმპერატორი დიდად არც იერუსალიმის პატრიარქ სოფრონის უწევდნენ ანგარიშს და არც რომის პაპს მარტინეს. მათ სულაც არ გაძნელებიათ ამ ორი მაღალი იერარქის გადასახლება და არც იმის გამო შეწუხებულან, რომ თვით პატრიარქებთან ჰქონდათ უთანხმოება.
   მხოლოდ ერთი _ ბერი მაქსიმე იპყრობდა მათ ყურადღებას და იწვევდა სიძულვილსაც კი. ერეტიკოსები არა მარტო იმას აცნობიერებდნენ, რომ ყველაფერი მაქსიმეზე იყო დამოკიდებული; ისინი იმის აუცილებლობასაც გრძნობდნენ, ყველასთვის ეთქვათ, გაემხილათ ეს გარემოება და მართლაც ხმამაღლა აცხადებდნენ ამის შესახებ. თუU მაქსიმე მათ შეუერთდებოდა, მაშინ დასრულდებოდა, დაგვირგვინდებოდა საქმე, დაწყნარდებოდა მსოფლიო, ვინაიდან მრევლი დაკვირვებით ადევნებდა თვალს, რა გზით ვიდოდა ღვთის რჩეული ბერი. მრევლი სწორედ მას ენდობოდა, მასში ხედავდა ღვთის მოუსყიდავ მსახურსა და ჭეშმარიტების ერთგულ აღმსარებელს. არ შემცდარან მიმნდობელნი _ წმიდა მაქსიმე არც თხოვნას დანებებია, არც საცდურს და არც მუქარას. დაკითხვებით დატანჯული და გადასახლებებით გვემული, 80 წელს მიტანებული მოძღვარი ურყევად დადგა და სულგრძელად დაითმინა მრავალრიცხოვანი მტრის სისასტიკე. ღვთივკურთხეული მამის გაუბზარავი, დაუმსხვრეველი სულის სიმაგრეს შეემსხვრა თითქოს იმ დროს აზვირთებული მწვალებლობის მღვრიე ტალღები.
   როგორი მოუდრეკელი რწმენა, საოცარი სიმტკიცე და ნათელი ხედვა ჭეშმარიტებისა ცხადყო წმიდა მამის ცხოვრებამ.
   ამით დავასრულებ, თუმცა მსურდა მეთქვა გაცილებით მეტი ამ ნეტარი მამის სიტყვებისა და საქმეების შესახებ. ვიმედოვნებ, რომ ჯეროვნად და სათანადოდ თავადაც დაასკვნით.