მთავარი მწყემსი კეთილი სარჩევი

 

წმიდა მაქსიმე აღმსარებელი


ბიოგრაფია

წმიდა მაქსიმე დაიბადა 580 წელს ქალაქ კონსტანტინეპოლში. წარჩინებული და ღვთისმოშიში მშობლების, იოანესა და ანას ოჯახში. განათლებას წმიდა მაქსიმე პირველად ოჯახში ეზიარა და მართლმორწმუნე მშობლების მცდელობით ღთისმოშიშებითა და სიყვარულით იზრდებოდა. თანატოლებთან ერთად თამაშის ნაცვლად, მთელ დროს წმიდა წერილის კითხვასა და უფლის მცნებების დაცვას უთმობდა. ამიტომაც იქმნა იგი „ვითარცა ხე, დანერგული თანა-წარსადინელად წყალთასა, რომელმან გამოსცის ნაყოფი მისი ჟამსა თვისსა და ფურცელნი მისნი არა დასცვივენ, და ყოველივე რაიცა ყოს წარემართოს მას“ (ფს. 1,3).

მოგვიანებით, წმიდა მაქსიმე სიბრძნეში ისე წარემატა, რომ ამის შესახებ ბიზანტიის იმპერატორი ჰერაკლესთვისაც გახდა ცნობილი და მის მიმართ დიდ პატივისცემის გრძნობით განიმსჭვალა. იმხანად, ბიზანტიის იმპერატორმა ჰერაკლემ სპარსეთი დაიპყრო, ხოსრო მეფე მოკლა და იერუსალიმის პატრიარქი ზაქარია ტყვეობიდან გაანთავისუფლა. მეფე ხოსროს მიერ გატაცებული უფლის ჯვარი სპარსეთიდან იერუსალიმს დაუბრუნა და დიდი პატივით შეამკო. შემდეგ, მოუხმო წმიდა მაქსიმეს და მისი ღვთისათნო ცხოვრებისა და სიბრძნის გამო, თავის სურვილი გაუმხილა-სასახლეში ემოღვაწევა. ნეტარ მაქსიმეს ძალზე საპატიო თანამდებობა, მწიგნობართმთავრის პატივი ებოძა და მალე, ყველასათვის საყვარელ პიროვნებად იქმნა. როგორც მეფისთვის ასევე, მთავართა, მხედართა და მთელი ერისთვის.

იმხანად, ქრისტიანულ მსოფლიოში აღმოცენდა მონოფიზიტური ერესი, რომელიც ქრისტეს ორ ბუნებას, უარყოფდა და აღიარებდა მხოლოდ ერთს, ღვთაებრივს. ეს ერესი აღმოცენდა ევტიქიანური სწავლებიდან და დაუპირისპირდა მართლმადიდებლურ სწავლებას, რომელიც თავის მხრივ აღიარებს ქრისტეს ორ ბუნებას, ორ ნებას და ორ ქმედებას, ღვთაებრივსა და კაცობრივს. თავის დროზე, ამ საკითხთან დაკავშირებით მეფე მარკიანემ ქალკედონში საეკლესიო კრება მოიწვია, რომელსაც 360 საეკლესიო მამა ესწრებოდა. მათ კრებაზე შეაჩვენეს და ეკლესიიდან განკვეთეს ბოროტი მწვალებლები: დიოსკორე ალექსანდრიელი, ევტიქი მამასახლისი, სებერიოს ანტიოქიელი, პეტრე აპამიელი, იაკობი და ტიმოთე, ასევე სხვა მათი მიმდევარნი. წმიდა მამებმა აღიარეს ქრისტეს ორი ბუნება, სრული ღმერთი და სრული კაცი, ღმრთეებით უვნებელი, რომელმაც კაცობრივი ბუნებით ივნო ჩვენი ცხოვრებისათვის. ეს სწავლება დამტკიცდა ამ წმიდა კრების მიერ და ეკლესიაში იქადაგებოდა რამდენიმე წლის მანძილზე.

 

  • მოციქულთა 45-ე კანონი: „თუ ეპისკოპოსი, მღვდელი ან დიაკონი მწვალებელთან ერთად ილოცებს, აეკრძალოს მღვდლობა. თუ ნებას მისცემს მათ (ერეტიკოსებს), რომ შეასრულონ რაიმე სამღვდელო წესი, როგორც მღვდლებმა, განიკვეთოს“.

მაგრამ, სიკეთისმოძულე ეშმაკს არ ეძინა, როგორც კი ნახა, რომ წმიდა მამათა მიერ მწვალებლური სწავლება დაიგმო და ქრისტიანული მრევლი კვლავ ჭეშმარიტების გზას დაადგა, გაორმაგებული შურით აღივსო და სხვა ხერხს მიმართა: იმ ხანად, მრავალი ბრძოლიდან ძლევამოსილი გამარჯვებებით დაბრუნებული მეფე ჰერაკლე სპარსეთიდან ასურეთის იეროპოლისში გაემაგზავრა. აქ კი იკაობიტთა მთავარეპისკოპოსი იყო ათანასე, მრავალი უკეთურებითა და ბოროტებით აღვსილი, ამასთან ასურელთა მისნობაში კარგად გაწაფული. მასთან შეხვედრისას მეფემ საუბარი გამართა სარწმუნოებრივ საკითხებზე და ასეთი რამ უთხრა: თუკი ქალკედონის კრების დადგენილებას შეიწყნარებ ანტიოქიის პატრიარქად დაგადგენო. ათანასე, მეფეს ერთი შეხედვით კი დათანხმდა, რომ შეიწყნარებდა ქალკედონური კრების დადგენილებას ქრისტეს ორი ბუნების შესახებ, მაგრამ სინამდვილეში მას ფარული ორგულება ამოძრავებდა.

ათანასემ, როგორც კი დადგენილება აღიარა, მეფეს მიუბრუნდა და ჰკითხა: აი, ხომ ვაღიარე ქრისტეს ორი ბუნება, ნებაზე და ქმედებაზე რას იტყვი, ორი ითქმის თუ ერთი? მეფეს ამ საკითხზე არაფერი სმენოდა ამიტომ, ჯერ დაფიქრდა და ვერაფერი რომ ვერ გაიხსენა, ათანასეს სთხოვა, დრო მიეცა, მანამდე კი ეპისკოპოსებს მიმართავდა ამ კითხვით და პასუხსაც შეიტყობდა.

ამავე პერიოდში, კონსტატინეპოლის პატრიარქი იყო სერგი, ტომით ასურელი იაკობიტი. სერგი კონსტანტინეპოლში აღიზარდა, ბერძნული განათლება მიიღო, საეკლესიო იერარქიაში მალე დაწინაურდა, დიდ წარმატებებსაც მიაღწია, მაგრამ ამის მიუხედავად ბოლომდე ბუნებით მწვალებელი დარჩა და ქრისტეს ერთი ბუნებისა და ერთი ქმედების შესახებ ცრუ სწავლების მხურვალე დამცველად იქცა. ათანასემ ყოველივე კარგად უწყოდა და წინასწარგანზრახვით მოქმედებდა. ამიტომ, იყო რომ მეფის წინადადებას მაშინვე დათანხმდა, რადგანაც ხვდებოდა, რომ ქრისტეს ერთი ნებისა და ერთი ქმედების აღირების შემდეგ, ქრისტეს ერთ ბუნებას აღიარებდა.

მეფე ჰერაკლემ ამ საკითხთან დაკავშირებით მართლაც მიწერა წერილი პატრიარქ სერგის, მანაც არ დააყოვნა და შემდეგი აუწყა: ქრისტესთვის ერთი ნება და ერთი ქმედება ითქმისო. მეფემ ეს პასუხი რომ მიიღო, იგივე კითხვით მიმართა ალექსანდრიის პატრიარქ კვიროზს (იგი მანამდე კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს იურისდიქციაში შემავალი კოლხეთის ეპარქიის მღვდელმთავარი იყო), რომელმაც არ დააყოვნა და ანალოგიური პასუხი დაწერა, ჰერაკლე მეფემ სერგის და კვიროზის პასუხი შეიწყნარა. რის გამოც, უმეცრებაში ჩავარდა. მოგვიანებით მეფემ თხოვნით მიმართა რომის პაპ იოანეს თავისი მრწამსი ეცნობებინა ამ საკითხთან დაკავშირებით. პაპმა იოანემ კი თავის მხრივ დაგმო სამი პატრიარქის სწავლება ამ საკითხის შესახებ და მეფეს აუწყა, რომ ქრისტეს ორი ბუნების აღიარებით, ვამოწმებთ ქრისტეს ორ ნებას და ორ ქმედებას, რადგან ბუნება ნების და ქმედების გარეშე არ არსებობსო.

ხოლო, იერუსალიმის პატრიარქმა სოფრონიუსმა ეს რომ შეიტყო, ძლიერ შეწუხდა, მოიწვია ადგილობრივი კრება და ქრისტეს ერთი ნების მაღიარებელნი შეაჩვენა. შემდეგ კი ეპისტოლენი ცალ-ცალკე მიწერა კონსტანტინეპოლის პატრიარქ სერგის, რომის პაპ იოანეს და მეფე ჰერაკლეს. მეფემ ვეღარ გაერკვა, რომელი პასუხი ერწმუნა, რომიდან და იერუსალიმიდან მოწერილი, თუ კონსტანტინეპოლიდან და ალექსანდრიიდან უწყებული.

ამ გაუგებრობაში მყოფი შემდეგ გადაწყვეტილებამდე მივიდა: დიდი სიკეთე იქნებოდა თუ დაწერდა განჩინებას, რითაც ყველას მოუწოდებდა, შეეწყვიტათ ყოველგვარი კამათი ამ საკითხზე. შემდეგ კი, ვეღარავინ გაბედავდა აღიარებას ქრისტეს ვერც ერთი ნების, ქმედებისა და ბუნების, და ვერც ორის. პატრიარქმა სერგიმ კი მეფე ჰერაკლეს შთააგონა, „განჩინება“ მონოთელიტური ერესის სასარგებლოდ დაეწერა. მონოთელიტური სწავლებით განმსჭვალულ წერილს, მეფემ უწოდა „ექთესისი“. მას ბრძანების თუ ედიქტის ფორმა ჰქონდა და ყველასათვის სავალდებულო იყო. მართალია, „ექთესისი“-ის მიხედვით კამათი იკრძალებოდა, როგორც ქრისტეს ერთი ნების, ასევე მისი ორი ნების შესახებ. მეფემ ბრძანა „განჩინება“ უკლებლივ ყველას ეღიარებინა, რასაც ეკლესიაში განხეთქილება მოჰყვა.

ამ ამბიდან არც თუ დიდი ხნის შემდეგ, 639 წელს გარდაიცვალა კონსტანტინეპოლის პატრიარქი სერგი. მისი ადგილი ამავე ერესში მყოფმა პიროსმა დაიკავა, რომელმაც ადგილობრივ კრებაზე შეიწყნარა სერგის მიერ ნაკარნახევი „ექთესისი“ და მისი დაცვა განაგრძო. მალევე გარდაიცვალა ალექსანდრიის პატრიარქი კვიროზი. შემდეგ კი თავად მეფე ჰერაკლე. ერთის მხრივ, როდესაც მეფე ჰერაკლემ ნახა, რომ მრავალი დიდებული და მაღალი იერარქიის მქონე სასულიერო პირი, ღვთისათნო მამანი, არათუ უარყოფდნენ მის მიერ დაწერილ „ექთესის“-ს , არამედ ანათემასაც კი გადასცეს, ძლიერ შეწუხდა და სირცხვილში მყოფმა საჯაროდ განაცხადა, რომ ბრძანება შეადგინა პატრიარქმა სერგიმ, რომელმაც მეფე დაარწმუნა და ხელი მოაწერინა, ამიტომ არ შეიძლება თქვათ, რომ „ექთესისი“ მე მეკუთვნისო, დასძინა ბოლოს.

მეფე ჰერაკლეს გარდაცვალების შემდგომ გამეფდა მისი ძე კონსტანტინე. კონსტანტინემ მხოლოდ 4 თვე იმეფა, ვინაიდან მისმა დედინაცვალმა მარტინამ და პატრიარქმა პიროსმა საიდუმლოდ მოწამლეს. კონსტანტინეს გარდაცვალების შემდეგ, მარტინამ თავისი ძე ჰერაკლე გაამეფა. მაგრამ, ხალხი მალევე აუმხედრდა პატრიარქ პიროსს და დაადანაშაულა მეფის მკვლელობაში. იმავე წელს, სახახლხო მღელვარებით შეშინებულმა პატრიარქმა პიროსმა, დატოვა ტახტი და თავი ჩრდილოეთ აფრიკას შეაფარა. 650 წლამდე იგი ჯერ ჩრდილოეთ აფრიკაში იმყოფებოდა, შემდეგ კი რომში. რაც შეეხება მეფე ჰერაკლეს, იმავე ხანებში წარჩინებულნი მასაც დაუპირისპირდნენ. ექვს თვეში შეიპყრეს, დედასთან ერთად ცხვირი მოკვეთეს და გადაასახლეს.

მეფედ აკურთხეს იმპერატორ ჰერაკლეს შვილიშვილი და კონსტანტინე III ძე კონსტანცი (იგი მეფობდა 641-668წ.წ.) პატრიარქ პიროზის შემდეგ კონსტანტინეპოლის პატრიარქად აკურთხეს პავლე III (641-654წ.წ.), რომელიც, ასევე მონოთელიტობის მიმდევრი იყო. ამავე ერესის მოძღვრები მხურვალე მიმდევრად და გამავრცელებლად იქცა კონსტანციც.

საცდური ძალიან დიდი იყო. მაცხოვრის ბუნების, ნებისა და საქმის შესახებ ცრუ სწავლება, წმიდა მამათა მიერ მრავალი შრომისა და ბრძოლის მიუხედავად, არათუ სრულიად გაქარწყლდა, არამედ პირიქით, ხელისუფალთა უდებებით და მზაკვრული ხერხებით, კვლავ განახლდა და მთელს ქვეყანაში გავრცელდა. მეტიც, კაცთმოძულე ეშმაკმა, ქრისტიანთა მონადირება არ იკმარა და სამეფო სასახლეშიც მტკიცედ მოიკიდა ფეხი. საქმე იქამდე მივიდა, რომ მეფის ბრძანებით ქრისტეს ერთი ნების, ქმედებისა და ბუნების შესახებ ცრუ მოძღვრება გრაგნილზე დაწერეს და წმიდა სოფიას ეკლესიის ეზოში გამოაკრეს, რითაც დაგმეს ჭეშმარიტი მოძღვრება, ცრუ სწავლება კი ღიად აღიარეს.

წმიდა მაქსიმემ ყოველივე ეს საკუთარი თვალით რომ იხილა, შეშინდა არ ცდუნებულიყო ეშმაკის ხრიკებით. იმის მიუხედავად, რომ სამეფო კარზე საკმაოდ მაღალი თანამდებობა ეკავა, მის გულში უპირველესად დამარხულიყო შიში უფლისა და როგორც მეფსალმუნე იტყვის „წინასწარ ხედვიდა უფალსა წინაშე მარადის“ (ფს.15,8). ამიტომ, თავისი მონაგები გლახაკებს განუყო, როგორც ამას სახარება გვასწავლის, აღიღო ჯვარი, შეუდგა ქრისტესა და გაემგზავრა ხრისოპოლის მონასტერში.

ხრისოპოლის მონასტერი კონსტანტინეპოლის მოპირდაპირე მხარეს, ქალკედონთან ახლოს მდებარეობდა. იგი განთქმული იყო იქ მოღვაწე მრავალი წმიდა მამის სახელით. წმიდა მაქსიმე ბერად აღიკვეცა და შემდეგ ამ მონასტრის წინამძღვრობა იტვირთა.

მონასტერში მოღვაწეობის დროს, ნეტარი მამა ატარებდა ძაძას და მხოლოდ ხმელი პურით და ველური მხალით იკვებებოდა. მისი უპირველესი და უასყვარლესი საქმე იყო ლოცვა და შრომა, ხოლო თუ თვალს ოდნავ მაინც მიეკარებოდა რული, მაშინვე დგებოდა და ლოცვას და გალობას იწყებდა. წმიდა მაქსიმე სიმდაბლის გამო, თავს ყველაზე ცოდვილ ადამიანად თვლიდა, ხოლო სიყვარულის უნარი ისეთი ჰქონდა, რომ უფლის სიტყვები ჭეშმარიტად აღესრულებოდა მასზე: „შეიყვარო მოყვასი შენი, ვითარცა თავი თვისი“ (მათ.22,39); ან კიდევ „შეიყვარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა“(მათ.22,37). ასევე მოწმობს, წმიდა მაქსიმეს მიერ დაწერილი სწავლანი სიყვარულის შესახებ. ამ სათნოებასთან ერთად, მასში სიმდაბლის სათნოებაც წარმოჩინდა სრული სისავსით. დღითი დღე ამაღლდებოდა და აღემატებოდა სულიერ ცხოვრებაში, ვიდრე სრულყოფილებას არ მიაღწია და წამების გვირგვინით, ქრისტეს აღმსარებელთა კრებულს არ შეუერთდა. რაზეც ქვემოთ მოთხრობილი ისტორიაც აშკარად მოწმობს.

მანამდე კი აღვნიშნავთ, რომ სულიერი ღვაწლისა და ღვთისათნო ცხოვრების გამო, მრავალი მონაზონი, ახლობელი თუ შორეული ცდილობდა შეხვედროდა წმიდა მაქსიმეს და მისი ქადაგება მოესმინა. მის მიმართ, მორწმუნე მრევლთან ერთად, მეფესაც დიდი პატივისცემა ჰქონდა და ამიტომ იყო, რომ მონასტრის წინამძღვრად დაადგინა.

წმიდა მამა კი ვერ მშვიდდებოდა. ხედავდა რა ბოროტის მანქანებით, როგორ ღელავდა მთელი კონსტანტინეპოლი და მისი შემოგარენი. ამიტომ იყო, რომ მეფე და პატრიარქი მრავალგზის ამხილა, შეევედრა განშორებოდნენ ცრუ სწავლებას, მის ნაცვლად კი ეღიარებინათ ქრისტეს ორი ბუნება, ორი ნება, ორი ქმედება, სრული ღმერთი და სრული კაცი და ამასთან დაკავშირებით არაერთგზის დამოძღვრა ბერძნული სწავლებით. მაგრამ, „რამეთუ ვეშურე უშჯულოთა, მშვიდობასა რაი ცოდვილთასა ვხედავ. ამისთვის შეიპყრნა იგინი ამპარტავნებამან სრულიად, შეიმოსეს უღმრთოება და სიცრუე თვისი. და გამოხდის ვითარცა ცრემლისაგან სიცრუე მათი, რამეთუ ვიდოდეს იგინი ზრახვითა გულისაითა. განიზრახეს და იტყოდეს უკეთურებით და სიცრუვესა მაღლად ზრახვიდეს“(ფს. 72, 3-8).

წმიდა მაქსიმე მეფის და პატრიარქის ცდომილებაში საბოლოოდ რომ დარწმუნდა, დატოვა საბერძნეთი და რომში გაემგზავრა, რადგან შეიტყო, რომ იქ ჭეშმარიტ სარწმუნოებას ქადაგებდნენ. რომში მყუდრო ადგილას იპოვა გამოქვაბული და იქ დაეყუდა. იგი ნათლისმცემლის მსგავსად იკვებებოდა უდაბნოს გამხმარი ბალახითა და ველური თაფლით.

მცირე ხანში, წმიდა მაქსიმეს მოღვაწეობის შესახებ ხმა შორს გავრცელდა. ერთ დღეს, მასთან ორი ღვთისმოსავი ადამიანი გამოჩნდა. ორივეს სახელად ანასტასი ერქვა. ისინი ტომით ბერძნები იყვნენ, მაგრამ ძირითადად რომში ცხოვრობდნენ და სასულიერო მოღვაწეობის დაწყებამდე წარჩინებულ თანამდებობებზე მუშაობდნენ. ანასტასი და ანასტასი წმიდა მაქსიმეს შეევედრნენ, უფლება მიეცა დარჩენილიყვნენ და მისი მოწაფეები გამხდარიყვნენ. წმიდა მამას განმარტოებით ცხოვრების სურვილი ჰქონდა, მაგრამ სულიწმინდის შთაგონებით შეიტყო, რომ ორივე ანასტასი, ღვთის განგებით არიან მისულნი, ამიტომ, უფლის ნების წინააღმდეგ აღარ წავიდა და დათანხმდა. მათ ძლიერ გაუხარდათ და სიხარულით დარჩნენ. სულ მალე მოძღვრის გამოქვაბულის სიახლოვეს, მცირე სენაკი ააშენეს და იქ დამკვიდრდნენ.

ნეტარი მამა მოწაფეებს უპირველესად ანგელოზებრივ ცხოვრებას ასწავლიდა, რითაც ისინი იქცნენ ზეცისა კაცნი და ქვეყნისა ანგელოზნი: „არა სცეს ძილი თუალთა მათთა, არცა ჰრული წამთა მათთა, არცა განსუენებაი ხორცთა მათთა“ (ფს. 131,4), ვიდრე სულიერი მამის მოძღვრებით არ მიაღწიეს უვნებლობის სისრულეს და სიმაღლეს გულისხმისყოფისას. მოწაფეები კი თავის მხრივ ცდილობდნენ, შრომით მოპოვებული საზრდელით ნეტარი მამა გამოეკვებათ, რადგან უზომო მარხვით, ძალიან არ დაუძლურებულიყო მისი სხეული. „უკეთუ შეითქუენ ორნი ანუ სამნი თქუენგანი სახელსა ზედა ჩემსა, მუნ ვარ მე შორის თქვენსა“ (მათ. 18,20), ჭეშმარიტად ქრისტე იყო მათ შორის. წმიდა მაქსიმემ ამ უდაბნოში მოღვაწეობის დროს, დაიწყო ფართოდ ცნობილი, საღმრთო სიბრძნით სავსე, მართლმადიდებლური სწავლების განმამტკიცებელი და ყოველგვარი მწვალებლობის მამხილებელი ეპისტოლეების წერა. ეპისტოლეებს მათ მოწაფეების ხელით გადასცემდა. არც სამღვდელოებას და ერისკაცთ ივიწყებდ, რომლებიც ნეტარი მაქსიმეს ეპისტოლეებს, ისეთი დიდი სიხარულით ხვდებოდნენ, თითქოს თავად პავლე მოციქულს მიეწერა მათთვის. ეპისტოლეები დაეჭვებულებს და მორწმუნეებს, ყველას, ერთიორად განამტკიცებდა რწმენაში. ერთ ღამეს, ნეტარ მაქსიმეს ღმრთის ანგელოზი გამოეცხადა და ასეთი რამ უთხრა: „მაქსიმე ღვთის მონავ, რისთვის გარჯილხარ ამ უდაბნოში, მხოლოდ მოწაფეების და შენი სულის გადასარჩენად რომ ზრუნავ? სოფელი კი, ამ დროს, ბოროტის მანქანებით მღელვარებს. უფლის ბრძანებით აღსდექ, და შედი ქალაქ რომში: მიმართე პაპ იოანეს და იღვაწე მართალი სარწმუნოებისათვის, რათა მართლაღმსარებლის გვირგვინი მიიღო ქრისტესგან“ ნეტარმა მაქსიმემ ნანახის შესახებ თავის სულიერ შვილებს ანასტასის და ანასტასის აუწყა. სამი დღის მანძილზე ერთად ილოცეს, შემდეგ მწუხარებით გამოემშვიდობნენ ადგილს, რომელიც მყუდროების გამო ძლიერ უყვარდათ და დაადგნენ რომისკენ მიმავალ გზას.

პაპ იოანეს მრავალი რამ სმენოდა ნეტარი მაქსიმეს საღმრთო მოქალაქეობის შესახებ და მრავალგზის წაეკითხა მისი სიბრძნით სავსე ეპისტოლეები. ამიტომ, როგორც კი შეიტყო წმიდა მამის მისვლის ამბავი, მაშინვე დიდი სიხარულით შეეგება. სასიხარულო მოკითხვის შემდეგ, ლოცვა აღავლინეს, დასხდნენ და დიდი ინტერესით მოუსმინეს ნეტარი მამის საღმრთო მადლით განმსჭვალულ ქადაგებებს. პაპმა იოანემ სტუმრებს თავის მახლობლად გამოუყო მყუდრო სავანე. შემდეგ კი, ნეტარი მაქსიმეს რჩევით, რომში ადგილობრივი საეკლესიო კრება გამართა. დიდ კრებაზე რომის ეპისკოპოსებმა და სხვა სასულიერო პირებმა შეაჩვენეს ქრისტეს ერთი ბუნების, ერთი ნებისა და ქმედების მქადაგებელთა მწვალებლობა.

რამდენიმე ხანში გარდაიცვალა რომის პაპი იოანე და მისი ადგილი თეოდორემ დაიკავა. უფლის განგებით, წმიდა მაქსიმე აფრიკაში გაემგზავრა საქადაგებლად, რადგან რომის მსგავსად, ქრისტიანები იქაც განემტკიცებინა რწმენაში. აქ იგი შეხვდა კონსტანტინეპოლის პატრიარქ პიროსს, რომელიც არ წყვეტდა ცრუ მოძღვრების ქადაგებას და მრავალი ქრისტიანის სულის მონადირების ცდაში იყო. რომ არა წმიდა მაქსიმეს აფრიკაში გამგზავრება, გაცილებით მეტად დაზარალდებოდნენ ქრისტიანები. ისინი არაერთხელ გამხდარან სარწმუნოებრივ საკითხებზე ნეტარ მაქსიმესა და პიროსს შორის გამართული მნიშვნელოვანი კამათების მოწმე. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ აფრიკის ეპისკოპოსებმა გადაწყვიტეს სპეციალური შეხვედრა გაემართათ და თავად მოესმინათ ორივე მამის პაექრობა.

შეხვედრა 645 წლის ივლისში კართაგენში შედგა. შეხვედრის მთავარი ინიციატორი ამავე მხარის მმართველი გრიგოლი იყო. კართაგენი ხმელთაშუაზღვასთან, ტუნისის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობდა. კართაგენი საუკუნეების მანძილზე რომის იმპერიის დაქვემდებარების ქვეშ იყო. 439 წელს, ეს ტერიტორია ვანდალების მიერ იქნა დაპყრობილი, რის შემდეგაც 533 წელს, კვლავ რომის იმპერიის შემადგენლობაში შევიდა. ჩვენს მიერ ხსენებული პაექრობის გამართვიდან, არც თუ დიდი ხნის შემდეგ, კერძოდ 697 წელს, იგი საბოლოოდ დაიპყრეს არაბებმა.

შეხვედრას აფრიკის მრავალი ეპისკოპოსი, სასულიერო და წარჩინებული პირი ესწრებოდა. პაექრობის დროს, ნეტარმა მაქსიმემ წმიდა წერილზე და წმიდა მამათა სწავლებაზე დაყრდნობით, პიროსის ყველა არგუმენტი გააქარწყლა და ცხადყო, რომ ქრისტეში არის ორი ბუნება, ორი ნება და ქმედება, განუყოფელი და ერთპიროვნული. დამარცხებულმა პიროსმა უარყო ცრუ სწავლება და მართლმადიდებლური სწავლება აღიარა, რასაც ეკლესიის მამები დიდი სიხარულით შეხვდნენ და მისი პატრიარქობის ტიტული დიდი პატივით აღიარეს. ნეტარმა მაქსიმემ პიროსი რომის პაპ თეოდორესთან მიავლინა, რომელიც მას დიდი პატივით შეხვდა. აქ, პიროსმა, კიდევ ერთხელ დაგმო ცრუ სწავლება და ჭეშმარიტი მოძღვრება აღიარა, არამხოლოდ სიტყვით, არამედ წერილობითაც.

ამის შესახებ, კონსტანტინეპოლში ხმა გავრცელდა და ყველამ შეიტყო, რომ პიროსმა მართლმადიდებლური სწავლება აღიარა. ერეტიკოსები საშინელი სიძულვილით აღივსნენ. შეთხზეს არაერთი ჭორი და ხალხში ხმა გაავრცელეს, თითქოს აფრიკის ეპისკოპოსებმა და რომის პაპმა, პიროსი მისი ნების წინააღმდეგ აიძულეს მართლმადიდებლური ეკლესიის წევრი გამხდარიყო. ამ ჭორმა მეფის კარსაც მიაღწია. მეფემ, რომში სასწრაფოდ მიავლინა თავისი ქვეშემრდომი ოლიმპოსი, რათა პიროსი კვლავ მონოთელიტურ სწავლებაზე დაებრუნებინა. ოლიმპოსმა, იტალიაში ქალაქ რავენაში გაჩერება გადაწყვიტა

ადრიატიკის ზღვასთან მდებარე უძველესი ქალაქი რავენა, თავის დროზე, თესალონიკელმა ბერძნებმა ააშენეს და მას შემდეგ, არაერთი რომის იმპერატორის მთავარ საბრძანებელ ადგილს წარმოადგენდა.

ამიტომაა, რომ ამ მხარეს ისტორიულად რომანია ეწოდება.

მეფის ქვეშევრდომმა პიროსი რომიდან გამოიწვია და მის გადაბირებას შეეცადა. პიროსი კი ძაღლის მსგავსად, თავადვე მიუბრუნდა თავისივე ნარწყევს. დადებული აღთქმა დაივიწყა, აღარც ხელწერილი გაახსენდა და ისევ მწვალებელთა თანაზიარი გახდა.

პაპმა თეოდორემ ეს რომ შეიტყო, მაშინვე შეკრიბა ეკლესიის წევრნი და მოციქულთა თავის პეტრეს სამარხთან წავიდა. მოითხოვა წმიდა ბარძიმი და მაცხოვრის პატიოსანი სისხლით თავისივე ხელით ეკლესიიდან პიროსის და მის თანამოაზრეთა განკვეთის აქტი დაწერა.

ამავე ხანებში, კერძოდ 648 წელს მეფე კონსტანციმ კონსტანტინეპოლის ერეტიკოსი პატრიარქის პავლეს შთაგონებით, თავის პაპის ჰერაკლეს მსგავსად დაწერა მონოთელიტური სწავლებით სავსე „ტიპოსი“. ამ ედიქტის მიხედვით, განსაკუთრებულ საკითხზე-ქრისტეს ერთი ნების შესახებ-ყოველგვარი კამათი უნდა შეწყვეტილიყო და მხოლოდ იმას დაყრდნობოდნენ, რაც 5 მსოფლიო კრებამ აღიარა. ედიქტმა რომში იმ დროს ჩააღწია, როცა პაპი თეოდორე სასიკვდილო სარეცელზე იწვა. მისი გარდაცვალების შემდეგ რომის პაპი გახდა მართლმადიდებლური სარწმუნოების მხურვალე მქადაგებელი ღმერთშემოსილი მარტინე, რომელიც დიდი ხნის მანძილზე კონსტანტინეპოლში მოღვაწეობდა. მეფე ითხოვდა რომ, პაპს უპირობოდ ეღიარებინა ედიქტი. პაპი არ დათანხმდა მეფის სურვილს და ასე უპასუხა:

_ სიკვდილის ფასადაც რომ დამიჯდეს და მთელმა მსოფლიომ რომ უარმყოს, არ ვუღალატებ სახარებისეულ და მოციქულთა სწავლებას.

წმიდა მაქსიმემ ეს ყოველივე რომ შეიტყო, დატოვა აფრიკა და ჩავიდა რომში პაპი მარტინეს მოსანახულებლად. 649 წლის ბოლოს პაპმა, ნეტარი მაქსიმეს რჩევით, რომში მოიწვია ე.წ ლათინთა კრება, რომელშიც ასხუთი ეპისკოპოსი იღებდა მონაწილეობას. კრებაზე აღიარებული იქნა სწავლება ქრისტეს ორი ნების და ორი ქმედების შესახებ, ხოლო ერეტიკული სწავლების მომხრენი: თეოდორე ფარანელი, სერგი კონსტანტინეპოლელი, პატრიარქები პიროსი და პავლე, კიროს ალექსანდრიელი, ასევე იმპერატორების ჰერაკლეს „ექთესისი“ და კონსტანცის „ტიპოსი“ ანათემას გადაეცა. კრების საქმენი მეფე კონსტანცის გაუგზავნეს. ასევე, დაწერეს საყოველთაო მიმართვა მორწმუნეებისადმი, სადაც განმარტავდნენ ერეტიკული ცდომილების მიზეზებს და აფრთხილებდნენ ყოველმხრივ მორიდებოდნენ ცრუ მოძღვრებას.

მეფე კონსტაციმ ამის შესახებ რომ შეიტყო, მრისხანებამ მოიცვა და თავის ნაცვალი თეოდორე კალიოპის უბრძანა, პაპი მარტინე შეეპყრო და ბრალად წაეყენებინა, თითქოს სარკინოზებთან ჰქონოდა კავშირი, ურჩევდა თუ როგორ შეჭრილიყვნენ ბერძნულ-რომაულ სამყაროში და ბრძოლები ეწარმოებინათ მეფის წინააღმდეგ. ასევე, თითქოს წმიდა მამების სწავლება სარწმუნოების შესახებ არასწორად გადმოსცა და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელი შეურაცხყო. მეფის ნაცვალმა თეოდორე კალიოპიმ პაპ მარტინეს რომში ეს ბრალდებები წაუყენა. ნეტარი მარტინეს მიმართ წაყენებული ყველა ბრალდება ყალბი იყო და ამიტომ პაპმა სცადა მათი გაქარწყლება.

_ სარკინოზებთან არავითარი კავშირი არ მქონია, იმ შემთხვევას თუ არ ჩავთვლით, როცა სარკინოზთა შორის უდიდეს გაჭივრებაში და სიღარიბეში მყოფ მართლამდიდებელ ძმებს მოვიკითხავდი. ხოლო, ის ვინც თაყვანს არ სცემს და არ აღიარებს ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს, დაე წყეული იყოს უკუნითი უკუნისამდე.

მეფის ნაცვალმა პაპის სიტყვები, თითქოს ვერც გაიგოო, დამნაშავედ სცნო იგი და დაამატა, თითქოს არაკანონიერი იყო მისი კურთხევა.

ღამით, სამხედრო პირებმა, ფარულად შეიპყრეს პაპი მარტინე. მანამდე კი, რამდენიმე დღით ადრე შეიპყრეს წმიდა მაქსიმე და მისი ორი მოწაფე. ეს მოხდა მეფის ბრძანებით, რომელიც უკმაყოფილო იყო კრების გადაწყვეტილებით, სადაც განიხილეს და დაგმეს მონოთელიტური ერესის სწავლების საკითხები. პაპი მარტინე, ნეტარი მაქსიმე და ორი მოწაფე გემით ერთად წაიყვანეს კონსტანტინეპოლში, სადაც მეფის წინაშე უნდა წარმდგარიყვნენ.

ერთი წლის მგზავრობის შემდეგ, 654 წლის სექტემბერში ისინი კონსტანტინეპოლში ჩაიყვანეს. როგორი იყო მათი ხვედრი ამ ერთი წლის მანძილზე უცნობია.

კონსტანტინეპოლში პაპი მარტინე გაასამართლეს სამშობლოს ღალატისა და მეფის შეურაცხყოფის ბრალდებით და გადაასახლეს ხერსონესში (ახლანდელი ყირიმი), სადაც 655 წლის 16 სექტემბერს შიმშილით აღესრულა. რაც შეეხება წმიდა მაქსიმეს და მის ორ მოწაფეს, კონსტანტინეპოლში ჩასვლისას მათი ბედი ასე წარიმართა.

როცა გემი კონსტანტინეპოლის ნაპირებს მიუახლოვდა, მათთან გამოცხადდა მეფისაგან წარგზავნილი ორი სამხედრო პირი. მათ საშინელი სიძულვილი ამოძრავებდათ წმიდა მაქსიმეს მიმართ, ამიტომ, არ მოერიდნენ წმიდა მამის მხცოვანებას, უსირცხვილოდ დაუწყეს ქუჩაში ცემა და ხელით თრევა. ასე მიიყვანეს ნეტარი მამა და მისი ორი მოწაფე საპყრობილემდე და ცალ-ცალკე გამოკეტეს ბნელ საკნებში.

რამდენიმე დღის შემდეგ, ნეტარი მაქსიმე დასაკითხად მეფის სასახლეში წაიყვანეს. დარბაზი სავსე იყო სამეფო ხელისუფლების წარმომადგენლობით და სხვა დაინტერესებული პირებით. დაკითხვას მეფე არ ესწრებოდა. ნეტარი მაქსიმეს გამოჩენას სიძულვილით სავსე შეძახილები მოჰყვა.

დაკითხვის წარმართვა დაევალა ცილისწამების და სიყალბის შეთხზვის საუკეთესო ოსტატს, ადამიანს, რომელსაც შეეძლო საკუთარი ინტერესების გამო, უდანაშაულო პირისათვის, ნებისმიერი შეურაცხყოფა მიეყენებინა და ამისათვის სირცხვილი ოდნავადაც არ შეაწუხებდა. სწორედ, ამიტომაც შეარჩიეს იგი, ვინაიდან, ამავე დროს, საუკეთესოდ შეეძლო ჭეშმარიტება სიყალბის საბურველში გაეხვია. ამ შემთხვევაშიც, საოცარი ღვარძლი და უსირცხვილობა გამოავლინა, არ მოერიდა, არც ნეტარი მამის ხანდაზმულობას, რომელიც ამდროს 70 წლის იყო, არც მის სიმშვიდეს, არც სიდარბაისლეს, მოსიყვარულე ბუნებას და სასულიერო წოდებას. უსამართლო ბრალმდებელმა, ხანგრძლივი საუბრის დროს, უსირცხვილობასთან ერთად ბოროტ განზრახულობა, მზაკვრობა და უგნურობა გამოავლინა, მას არ შეეძლო სიმშვიდითა და კეთილგონიერებით მოესმინა ნეტარი მამის სიტყვები. განუსჯელობა და უთავბოლობა იყო მისი იარაღი.

ის, რაც ამ კრებაზე მოხდა და ითქვა, როგორ ცდილობდნენ ცრუ ადამიანები სიყალბე ჭეშმარიტებად შეერაცხათ, რა სახის ბრალდებები მოუგონეს ნეტარ მამას, დაწვრილებით აღწერა მისმა მოწაფემ ანასტასი აპრიკრისიარმა, რომელიც თავის დროზე იყო, რომის ეკლესიის წარმომადგენელი სამეფი კარზე. ამ ვრცელი გადმოცემიდან, მხოლოდ ზოგიერთ ადგილს მოვიტანთ.

თავდაპირველად, უსამართლო ბრალმდებელმა ნეტარი მაქსიმეს ძაგებით დაიწყო თავისი გამოსვლა. ემუქრებოდა სალანძღავი სიტყვებით, უწოდებდა: უსინდისოს, მამულის გამყიდველს, მეფის მტერს და მიაწერდა მრავალ სამარცხვინო და დანაშაულებრივ საქმეს, როცა წმიდა მამამ ჰკითხა, თუ რომელ გამცემლობაში სდებდა ბრალს და რატომ, ადანაშაულებდა, მან ახალი ცილისწამება შეთხზა. თითქოს, ნეტარმა მამამ, რამდენიმე ქალაქი სარკინოზებს გადასცა და ქვეყნის საზღვრებს მოსწყვიტა მთელი ეგვიპტე ალექსანდრიით და ტრიპოლით. ამაზე, წმიდა მაქსიმემ უპასუხა, რომ წაყენებული ბრალდება სიყალბეა და სიცილს იმსახურებს. შემდეგ კი დასძინა:

_ ბერს რა კავშირი შეიძლება ჰქონდეს ქალაქის დამპყრობლებთან და როგორც ქრისტიანს, რა უფლება მქონდა სარკინოზებთან მეგობრული კავშირი დამემყარებინა? პირიქით, მე მხოლოდ სიკეთე მსურს ქრისტიანული ქალაქებისთვის.

უსირცხვილო ბრალმდებელმა, თითქოს, რაღაც მოჩვენება იხილაო, მოულოდნელად დარბაზისაკენ შებრუნდა და მთელი ხმით შემზარავად იყვირა, თითქოს, ნეტარმა მაქსიმემ აღმოსავლეთის მეფის პატივი დააკნინა და ბარბაროზთა მეფეები მასზე აღმატებულად მიიჩნია და ამაზე წინასწარმომზადებული ცრუ ჩვენებებიც დაიმოწმა, ნეტარმა მაქსიმემ ღრმად ამოისუნთქა და თქვა:

_ მადლობას ვწირავ უფალს, თქვენი მხრიდან ამდენი ცილისწამების მოსმენის გამო. რათა განვიწმინდო ჩემი ცოდვებისა და პიროვნული მანკიერებებისგან: მაგრამ იმის გამო, რომ თქვენს ცრუ ბრალდებებს მოკლედ ვუპასუხო, გკითხავთ: თავად მოისმინეთ ჩემგან მეფის ძაგება თუ სხვისგან შეიტყვეთ ამის შესახებ?

_ ჩვენ მათგან შევიტყვეთ, ვინც ეს სიტყვები უშუალოდ თქვენგან მოისმინა, _ იყო პასუხი.

ნეტარმა მამამ მოითხოვა შემოეყვანათ ის ადამიანები, რათა პირადად დაემოწმებინათ ყოველივე რაზეც უპასუხეს, რომ ცოცხლები აღარ არიან, ნეტარმა მაქსიმემ ასე მიუგო:

_ თუკი თქვენ ამბობთ, რომ ის ადამიანები, რომლებმაც თავად მოისმინეს ჩემი სიტყვები აღმოსავლეთის მეფის ძაგების შესახებ, უკვე გარდაიცვალნენ, რატომ მათივე სიცოცხლეში არ მომიყვანეთ დასაკითხად? ასე ხომ, თქვენც განთავისუფლდებოდით ზედმეტი გარჯისაგან და ჩემი სასჯელიც სრულიად აშკარა იქნებოდა. თუმცა, ერთი რამ უეჭველია, როგორი ცრუც არის თქვენი ბრალდებები ჩემს მიმართ, ასევე ცრუობენ ის ადამიანები, ვინც აქ მომიყვანა. დაე, არ გავხდე ღირსი უფლის ხილვისა და არ მეწოდოს ქრისტიანი, თუკი ოდესმე აზრად გამევლოს თქვენს მიერ მოგონილი სიყალბე და ვინმესთვის მეთქვას ეს სიტყვები, ან თავად ვინმესგან მომესმინოს!

ამის შემდეგ, დარბაზში შემოიყვანეს ცრუ მოწმე სახელად გრიგოლი, რომელიც ამტკიცებდა, რომ რომში თავად მოისმინა, მაქსიმეს მოწაფე ანასტასი, როგორ უწოდებდა მეფეს „შეურაცმყოფელ სიტყვას“. წმიდა მაქსიმემ ყოველმხრივ უარყო ეს ბრალდება თან, იქვე დასძინა:

_ როცა გრიგოლი რომში იმყოფებოდა, ჩვენი საუბრის თემა შეეხებოდა საკითხს ქრისტეს ერთი ნების შესახებ და გვთავაზობდა „ტიპოსზე“ დაყრდნობით გვეღიარებინა ეს სწავლება. რაზეც უარი განვაცხადეთ. უფალი არის მოწმე იმის, რომ ის რაც თქვენ ახსენეთ არასოდეს უთქვამს ჩემს მოწაფეს! არადა, კარგად მახსოვს, როგორ ვეუბნებოდი არა ჩემს მოწაფეს, არამედ თავად გრიგოლს:

სარწმუნოებრივი დოგმატების შესწავლის და გარკვევის საკითხი არის არა იმპერატორთა, არამედ ღვთისმსახურთა საქმე, ვინაიდან მათ ევალებათ მეფეთა მირონცხება და ხელდასხმა, საკურთხეველში შესვლა და ევქარისტიული და ყველა ღვთაებრივი საიდუმლოს შესრულება. აი, ეს ვთქვი მაშინ, და ახლაც იგივეს ვიმეორებ. ამ სიტყვებს, ვერც გრიგოლი უარყოფს და თუ მაინც უარყო, თავისი თავის წინააღმდეგ წავა. ახლა, თუ გინდათ გამასამართლეთ, როგორც გენებოთ.

ამის შემდეგ, ბრალმდებლებმა აღარ იცოდნენ რა გზას დასდგომოდნენ, ვინაიდან მთელს იმედებს ცრუ მოწმეებზე ამყარებდნენ. ბოლოს, გადაწყვიტეს, ნეტარი მამის მოწაფე ანასტასი შემოეყვანათ და მკაცრი მუქარით იძულებული გაეხადათ, თავისი მასწავლებლების წინააღმდეგ გამოთქმული ცრუ ბრალდებები დაედასტურებინა. მრავალი მცდელობის მიუხედავად, ანასტასიმ გაბედულად უარყო ყველა ცრუ ბრალდება. დარბაზში მყოფთ, ანასტასის ასეთი პირდაპირობა არ მოეწონათ და მუშტები დაუშინეს, ისღა დარჩენოდათ, ამ სახით გაემარჯვათ ჭეშმარიტებაზე. შემდეგ კი სასტიკად ნაგვემი ანასტასი, თავის ბნელ საკანს დაუბრუნეს.

იმის გამო, რომ შეთხზული ბრალდებებით მიზანს ვერ მიაღწიეს, შეეცადნენ, სხვა ბრალდებები მოეფიქრებინათ. შემდგომი ცილისწამების მიხედვით, წმიდა მაქსიმე ორიგენეს სწავლების მიმდევრობაში იმხილებოდა.

ორიგენე იყო III საუკუნის ცნობილი ქრისტიანი მოღვაწე. თავის მრავალ სწავლებიდან, რომლებიც ყოველთვის წმიდა მამათა დიდ ინტერესს იწვევდა, ზოგიერთი სწავლება ერეტიკული ხასიათისაა. ამიტომ, ეს მოძღვრებები გასამართლებული იქნა და არამართლმადიდებლურად გამოცხადდა. ასე იქნა განხილული მისი სწავლება სულის შესახებ 553 წელს მეხუთე საეკლესიო კრებაზე.

ნეტარმა მაქსიმემ აუღელვებლად უარყო მათი ცილისწამება ორიგენეს ერეტიკული სწავლებების გაზიარებასთან დაკავშირებით, როგორც სრულიად უსაფუძვლო. თავად ორიგენეს შესახებ კი თავის მოსაზრება გამოთქვა და აღნიშნა, რომ იგი განკვეთილია ქრისტიანული ეკლესიიდან და მისი მიმდევრები ღვთის სასჯელს იმსახურებენ.

ამის, შემდეგ კვლავ შეეცადნენ წმიდა მამის გამოცდას, ამჯერად ყურადღება შეაჩერეს კონსტანტინეპოლის პატრიარქ პიროსზე და დაინტერესდნენ იმ მიზეზებით, რის გამოც, პიროსი გაემიჯნა კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს.

მოგვიანებით, წმიდა მამას აიძულებდნენ ეღიარებინა სამეფო „ტიპოსი“ და დიდი ნდობა გამოეცხადებინათ მისთვის, როგორც სრულყოფილ და განსაკუთრებით მნიშვნელოვან რელიგიურ-დოგმატური სწავლებისათვის. ყველაფრის მიუხედავად, ვერაფრით შეძლეს წმიდა მაქსიმეს გადარწმუნება და საბოლოოდ მიხვდნენ, რომ შეუძლებელი იყო მისი დამარცხება. სანაცვლოდ კი თავგზააბნეულები, თავის მიერ დაგებულ მახეში თავადვე გაებნენ. კრება დახურეს და სასწრაფოდ მეფისკენ გასწიეს, რათა დაწვრილებით მოეთხროთ თუ როგორი მოუდრეკელობით აქარწყლებდა ნეტარი მაქსიმე ყველა ცრუ ბრალდებას.

_ მაქსიმე შეურყეველია, _ ეუბნებოდნენ მეფეს, _ და არავის შესწევს მისი გადმობირების უნარი, თავად წამებითაც კი ვერ მივაღწევთ მიზანს!

მაგრამ, იმედს ბოლომდე მაინც არ კარგავდნენ და ფიქრობდნენ, რომ მასთან ხშირი შეხვედრებითა და დაშინებით, ადრე თუ გვიან მიზანს მიაღწევდნენ. ამიტომ, რამდენიმე დღის შემდეგ, ნეტარ მაქსიმეს საკანში ესტუმრნენ და საუბარი კვლავ სარწმუნოებრივ საკითხებზე წარმართეს. სტუმრებმა განაცხადეს, რომ თავად პატრიარქის დავალებით ესტუმრნენ და განაგრძეს ნეტარი მაქსიმეს დაკითხვა. _ რომელი ეკლესიის წევრი ხარ, _ ჰკითხეს მათ, _ რომის, ანტიოქიის თუ ალექსანდრიის, ან იქნებ იერუსალიმის? რადგან ეს ეკლესიები, თავის მრევლთან ერთად ერთობაში იმყოფება. და, თუ შენც კათოლიკე ეკლესიის შვილი ხარ, გიჯობს შემოგვიერთდე, თუ არ გსურს, რომ დევნილობის სიმძიმე საკუთარ თავზე გამოსცადო ან კიდევ, ისეთი რამ შეეგემთხვეს, რასაც არ მოელი, თუ არ გსურს რომ წყალში ჩაიყაროს შენი შრომა, სიბრძნე და სწავლება, რადგან ორივე სოფელს გამოეთხოვები და აღარაფერში გამოგადგება ეს ყოველივე.

ამაზე ნეტარმა მაქსიმემ ბრძნული პასუხი გასცა:

_ უფალმა იესო ქრისტემ ჭეშმარიტ სარწმუნოებას უწოდა კათოლიკე ეკლესია, როცა პეტრე მოციქულის ამ სიტყვებით მიმართა: „ამას კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესია ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას“ (მათ. 16, 18). უპირველეს ყოვლისა მსურს, გავიგო თქვენი სწავლების არსი, რის საფუძველზეც, როგორც ამბობთ, ეკლესიები გაერთიანდა. თუკი შევიტყობ რომ ეს სწავლება ჭეშმარიტებას არ ეწინაღმდეგება, მზად ვარ გავიზიარო იგი.

სტუმრებმა ეს სიტყვები რომ მოისმინეს, უპასუხეს:

_ თუმცა მოვალენი არ ვართ განგიმარტოთ, მაგრამ გეტყვით: ქრისტეს ორი ნება და ქმედება, ერთ იქმნა, ამიტომ ქრისტეს ერთ ნებასა და ქმედებას ქადაგებს ჩვენი ეკლესია.

თუკი თქვენ საუბრობთ ორ ქმედებაზე, რომლებიც ერთ პირში ერთ ქმედებად გაერთიანდა მათი შერევის შემდეგ, ეს იმას იშნავს, რომ ორი ქმედების გარდა, აღიარებთ ახალს, მესამე ქმედებას _ ღმერთკაცობრივს. _ არა, _ უპსუხეს ელჩებმა, _ ჩვენ ვაღიარებთ ორ ქმედებას, მაგრამ ვსაუბრობთ ერთზე, მათი შერევნის გამო.

_რა საჭიროა ამდენი ახსნა. თქვენივე სიტყვები ცხადყოფს, მათ უსაფუძვლობას. იმ მიზეზით, რომ თუკი თქვენ ორ ქმდებას აერთებთ, ერთ პირში ორი ჭეშმარიტების არსებობის გამო, შემდეგ კი ერთ ქმედებას ორად ყოფთ, ჭეშმარიტებების განსხვავებულობის გამო, მაშინ არც ერთობა იქნება და არც ორობა, ისე როგორც ორობა ერთით და ერთობა გაორებით ერთმანეთს გამორიცხავს და ამით, მაცხოვრის ღვთაებრივი და კაცობრივი ბუნების შესახებ დოგმატურ სწავლებას, მთლიანად უარყოფს. ამას კი ვერ შევურიგდები და არც წმიდა მამებისგან მისწავლია ასეთი რწმენა. ძალა თქვენს ხელშია და ახლა, რაც გინდათ ის მიყავით.

მათ სათქმელი არაფერი დარჩათ და მხოლოდ ის დასძინეს, რომ თუ არ მოინანებს, ანათემას გადასცემდნენ და სიკვდილით დასჯიდნენ, რაზეც ნეტარმა მაქსიმემ მორჩილად უპასუხა:

_ დაე, აღსრულდეს ჩემზე ნება უფლისა სადიდებლად ღვთისა.

ამ საუბრის შემდეგ, ელჩები პატრიარქთან გაემგზავრნენ და ყოველივე უამბეს. ისე, როგორც დიდი ხნის წინ, პილატესა და იუდევლებს შორის გარიგება მოხდა და იესო ქისტე სამჯავროს გადასცეს, ახლაც იგივე განმეორდა და მეფემ, პატრიარქის რჩევით, ნეტარი მაქსიმე ჯერ გაასამართლა, შემდეგ კი, თრაკიის პატარა ქალაქ ვიზიაში გადაასახლა.

ვიზია მდებარეობდა, თრაკიის აღმოსავლეთით, შავ ზღვასთან. ეს იყო ძალიან პატარა ქალაქი, რომლის მოსახლეობაც ძირითადათ მეკობრეობას მისდევდა.

იგივე ბედი ეწია წმიდა მაქსიმეს მოწაფე ანასტასის, რომელიც საბერძნეთის საკმაოდ მკაცრ მხარეში პერვერიაში გადაასახლეს. ეს ადგილი მდებარეობდა მაკედონიასთან, ოლიპოს მთის მახლობლად. რაც შეეხება მეორე მოწაფე ანასტასის, რომელიც თავის დროზე რომის ეკლესის წარმომადგენელი იყო სამეფო კარზე და მოგვიანებით ნეტარი მაქსიმეს ცხოვრება აღწერა _ თრაკიაში გადაასახლეს, კერძოდ, ქალაქ მესამბრიაში. თრაკიას ჩრდილოეთიდან ესაზღვრებოდა კარპატები, სამხრეთიდან _ მაკედონია, ეგოსის ზღვა და მარმრილოს ზღვა. აღმოსავლეთით შავი ზღვა. ამგვარად, ამ უძველეს და სახელგანთქმულ მხარეს თრაკიას, მიეკუთვნებოდა _ უნგრეთის აღმოსავლეთი ნაწილი, ტრანსილვანია, მოლდავეთი, ვლახეთი, ბულგარეთი და სერბია.

წმიდა მამების გადასახლებიდან მცირე ხანში, გარდაიცვალა კონსტანტინეპოლის პატრიარქი პავლე (655წ), მის შემდგომ აკურთხეს ჩვენს მიერ ხსენებული პიროსი, რომელიც ოთხ თვეში გარდაიცვალა. შემდეგ, პატრიარქად დაადგინეს პეტრე (655_666 წ.წ.) რომელიც მონოთელიტობის მხურვალე მქადაგებელი იყო.

გავიდა ხანი, მეფისა და კონსტანტინეპოლის პატრიარქის პეტრეს ბრძანებით, წმიდა მაქსიმეს გადასახლებაში საპატიო სტუმრები ესტუმრნენ. ესენი იყვნენ: ბითვინიის კეისარიის ეპისკოპოსი თეოდოსი და ორი მთავარი: პავლე და თეოდოსი. მათი მიზანი იყო სხვადასხვა ხერხით: პირფერობით, დაშინებით, რწმენაში გამოცდით, გამოკითხვით, როგორმე გადაებირებინათ ნეტარი მაქსიმე. შეხვედრისას, მოკითხვის შემდეგ ნეტარ მამას შესთავზეს დამჯდარიყო. ბითვინიის კეისარის ეპისკოპოსმა შემდეგი სიტყვებით დაიწყო:

_ როგორ ხარ მამაო?

_ როგორც განაწესა უფალმა, თავისი წინასწარმცნობელი განგებით. _ უპასუხა წმიდა მაქსიმემ. _ ეს როგორ გავიგოთ, განა ღმერთმა წინასწარ უწყის ყოველივე? _ იკითხა თეოდოსიმ. _ წმიდა პავლე მოციქული ამბობს, _ თქვა წმიდა მაქსიმემ, _ „რომელი იგი წინასწარ იცნა, წინაისწარაცა განაჩინა“ (რომ. 8,29) უფალმა განჭვრიტა ჩვენი აზრები, სიტყვა და საქმე, წინასწარ განსაზღვრა ის რაც აუცილებლად შეგვემთხვევა, მაგრამ არსებობს ისეთი საკითხები, რაც ჩვენ ნებაზეა დამოკიდებული.

_ რა არის ჩვენი ხელმწიფების ქვეშ და რა არა? _ იკითხა ეპისკოპოსმა თეოდოსიმ. _ მის შესახებ ყოველივე უწყი ჩემო ბატონო და ახლა, ჩემს გამოსაცდელად კითხულობ, მაგრამ გიპასუხებ: ჩვენი ხელმწიფების ქვეშაა ყოველი ჩვენი კეთილი და ბოროტი საქმე. ის, რაც ჩვენს ნებაზეა დამოკიდებული, ხოლო ყოველი ჭირი და განსაცდელი, ყოველგვარი წინააღმდეგობა და სასჯელი, რაც კი შეგვემთხვევა, ჩვენი ხელმწიფების გარეშე ხდება. არც ჩვენზე მოწეულ სნეულებაზე, არც ჯანმთელ მდგომარეობაზე გვაქვს ძალაუფლება, თუმცაღა, მიზეზი სნეულებისა და ჯანმრთელობისა ჩვენზეა დამოკიდებული, რამდენადაც საზრდელის მიღებისადმი უწესობა და უკრძალველობა, ჩვენი სნეულების მიზეზია, ხოლო კრძალვით და წესიერად ხმევა _ სიმართლის საფუძველი. ასე, რომ ჩვენზე მოწეული სენი, ჩვენი ნების გარეშე გვეწვევა, არც სიმართლეა ჩვენზე დამოკიდებული და არც სხვა ამქვეყნიური საქმენი: სიმდიდრე და სიგლახაკე, დიდება და შეურაცხყოფა. ასევე, სხვა მრავალი საქმენი. როგორც ვთქვი, სიმართლე და სნეულება ჩვენს ნებასა და ხელმწიფებაზე არ არის დამოკიდებული. თუმცა_ღა მათი მიზეზნი ჩვენ ვართ. ასევე, ცათა სასუფეველში დამკვიდრების საფუძველი არის ქრისტეს მცნებების დამარხვა, ხოლო მათი დარღვევა ხდება მიზეზი ჩვენი ჯოჯოხეთის ცეცხლში მოხვედრისა.

ეპეპისკოპოსმა თეოდოსიმ ეს რო მოისმინა, ჰკითხა:

_ გადასახლების შენი ტანჯვის მიზეზიც ის ხომ არაა, რომ რაიმე დანაშაული მიგიძღვის უფლის წინაშე?

_ შევთხოვ უფალს _ უპასუხა წმიდა მამამ, _ რომ ამ გადასახლების ყოფნის დროს გადატანილი ტანჯვით შემინდოს, ჩემს მიერ ჩადენილი ყოველი ცოდვა.

_ განა ჭირი და მწუხარება, ადამიანის მხნეობის და სათნოების გამოსაცდელდ არ არის დაშვებული? – იკითხა თეოდოსიმ.

_ჭირი და მწუხარება, გამოსაცდელად ეძლევათ, მხოლოდ წმიდა და მართალ ადმიანებს, რათა ამ განსაცდელით გამოჩნდეს მათი კეთილი და ამაღლებული აზროვნება და ადამიანებმა სცნონ მათში დაფარული სათნოება. ისევე, როგორც ეს მოხდა ნეტარი იობის და იოსების შემთხვევაში. განსაცდელში წარმოჩინდება, ერთის მხრივ, ამ ადამიანთა სიმხნე და მოთმინება, და მეორეს მხრივ, სიწმინდე და ღვთიმოშიშება. ასევე, ყოველ წმიდა ადმიანს, ვისაც კი ამ სოფლად, რაიმე ჭირი და ურვა შეემთხვევა, იმის გამო ხდება, რომ ასეთი განსაცდელით და ხორციელი უძლურებით დათრგუნოს ამპარტავნება და სძლიოს ეშმაკს. ცოდვილ ადმიანებზე კი ვიტყვი, რომ განსაცდელი მათზე მოიწევა ცოდვათა შესანდობად, რათა მადლობით შეხვდნენ ყოველივეს. ხოლო, განწირულთა და ღვთისმოწინააღმდეგეთა შესახებ ვიტყვი, რომ განსაცდელი მათ იმიტომ შეემთხვევათ, რომ სხვებმა იხილონ მათი უძლურება და ეკრძალებოდნენ მათ. საერთოდ კი მრავალგვარი განსაცდელია ამქვეყნად.

_ ჭეშმარიტად კეთილად სთქვი, _ უთხრა თეოდოსიმ, დიდი სურვილი მაქვს, ხშირად გესაუბრო ასეთ საკითხებზე, მაგრამ ვინაიდან მე და პატივცემული მთავრები სულ სხვა საქმისთვის მოვედით ასეთ შორ გზაზე, გთხოვთ, ჩვენი სიტყვა შეიწყნარო და სიხარული მოუვლინო მთელს ქვეყანას.

_ რას გულისხმობთ ბატონო ჩემო? _ იკითხა წმიდა მაქსიმემ, _ ვინ ვარ მე ასეთი, რომ თუ თქვენი სიტყვები შევიწყნარე, ჩემი გადაწყვეტილება, მთელ მსოფლიოს გაახარებს?

_ უფალმა უწყის ის ჭეშმარიტება, რაც ჩვენი დიდებული პატრიარქის და ღვთისმსახურის მეფისაგან გავიგონეთ მე და დიდებულმა მთავრებმა.

_ მითხარით, ბატონო ჩემო, _ უთხრა ნეტარმა მაქსიმემ, _ ასეთი რა გაიგონეთ და რისი თქმა გსურთ ჩემთან?

მაშინ კი თეოდოსიმ მიუგო:

_ იმპერატორსა და პატრიარქს პირველ რიგში ის აინტერესებთ, თუ რა მიზეზით არ ხართ კონსტანტინეპოლის ეკლესიის წევრი? ურწმუნონი არ ვართ მამაო, მართალია ცოდვილი ვარ, მაგრამ ვარ ეპისკოპოსი. ჩემთან ერთად მოსულნი კი დიდებულნი და თავისი მეფის ერთგულნი არიან, ამიტომ ნუ იფიქრებთ, რომ სიცრუით მოვედით შენს გამოსაცდელად.

_ ცხადად ვუპასუხებ თქვენს კითხვებს _ მიუგო წმიდა მაქსიმემ, _ სხვამაც მკითხა ამის შესახებ, მაგრამ თქვენ ყოველივე კარგად უწყით, რისთვისაც მიკვირს, რატომ მეკითხებით. უწყით, რამდენი უცხო და ახალი წესი შემოვიდა მართლმადიდებლურ ეკელსიაში. ეს ყოველივე დაიწყო ალექსანდრიის ეპისკოპოსმა კვიროზმა, რომლის ცხრა თავად ჩამოყალიბებული სწავლება შეიწყნარა თავად კონსტანტინეპოლის ეკლესიამ. ასევე, წმიდა მამათა მიერ დამტკიცებულ სწავლებაში, ცვლილებები შეიტანეს ბიზანტიის ეკლესიის ცნობილმა პირებმა: სერგიმ, პიროსმა და პავლემ. აი, ეს არის იმის მიზეზი, რის გამოც თანაზიარი არ ვხდები კონსტანტინეპოლის ეკლესიისა. დაე, განადგურდეს ამ ეკლესიაში დამკვიდრებული ყოველი ცრუ სწავლება. დაე, აღმოიფხვრას ამ პირთა მიერ დამტკიცებული ყოველი ეკალი და ღვარძლი, და თქვენს, ერეტიკული სწავლებისგან განწმენდილთ, სახარებისეული გზით გევლოთ. როცა ვიხილავთ კონსტანტინეპოლის ეკლესიას ისეთივეს, როგორც ადრე იყო, ადამიანთა მხრიდან ყოველგვარი შეგონების გარეშე გავხდები მისი სულიერი შვილი. მაგრამ, ვიდრე მას ერეტიკოსი ეპისკოპოსები ეყოლება და მწვალებლობაში იქნება, ვერანაირი სიტყვები და ვერავითარი ძალა ვერ მაიძულებს გავხდე მისი თანაზიარი.

_ რას ხედავთ ისეთს ჩვენს ეკლესიაში, რის გამოც არ გსურს მასთან ერთობაში ყოფნა? _ იკითხა თეოდოსიმ.

წმიდა მაქსიმემ უპასუხა:

_ თქვენ ამბობთ, რომ ერთი ქმედება ჰქონდა მაცხოვრის ღვთაებრივ და კაცობრივ ბუნებას, მაგრამ თუ ვენდობით წმიდა მამებს, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ვისაც აქვს ერთი ქმედება, მას ბუნებაც ერთი აქვს, მაშინ თქვენ წმიდა სამებასაც კი არ აღიარებთ, არამედ ოთხებას, თითქოს განკაცება თანაარსია სიტყვისა და იგი არ არის ადამიანური ბუნების ტოლფარდი, იმ ბუნებისა, რომელიც გვაქვს ჩვენ და ჰქონდა ყოვლადწმიდა ქალწულ ღვთისმშობელს. ადამიანურ ბუნებასთან იგივეობისაგან დაცილებით თითქოსდა შეიქმნა ახლი არსება, რომელიც თანაარსია სიტყვისა იმავე ხარისხით, ასე რომ, უკვე სამება კი არ არის, არამედ ოთხობაა, იგივენაირად, როცა თქვენ უარყოფთ ქმედებებს და აცხადბთ, რომ ქრისტეს ღვთაებრივ და კაცობრივ ბუნებას ერთი ნება აქვს, თქვენ აკნინებთ მის თავისუფალ თვითქმედებას სიკეთის ქმნისას. რადგან, თუ ერთ ან მეორე ბუნებას, არ გააჩნია საკუთარი, პირადად მისთვის კუთვნილი ქმედება, მაშინ თუ მოისურვებს, რომ ვინმეს სიკეთე გაუკეთოს, ვერ შეძლებს ამას რადგან, მას წართმეული აქვს სიკეთის კეთების შესაძლებლობა. თუ არა აქვს ქმედების უნარი, თუ არა აქვს ბუნებისთვის დამახასიათებელი ქმედების შესაძლებლობა, ვერაფრით შეძლებს გააკეთოს ან აწარმოოს.

მეორეს, მხრივ თქვენ ცნობთ ქრისტეს განკაცებას, მაგრამ ორ ბუნებაში ერთ ნებას აღიარებთ, ამით თქვენ აცხადებთ, რომ მისი ხორციელი ბუნება, თავისი ნებით იყოს შემოქმედი ყოველი დროისა და არსებისა, მამასთან, ძესთან და სული წმიდასთან ერთად, მაშინ, როცა მისი ხორციელი ბუნება თვითონაა შექმნილი. ან, უკეთ რომ ვთქვათ, სხეულს თავისი ნებით არა აქვს საწყისი, რადგან ღვთის ნებას საწყისი არა აქვს, ისევე როგორც ღმერთს არა აქვს საწყისი, ხოლო ბუნებით სხეული შექმნილია დროში. ასეთი აღმსარებლობა არა მხოლოდ უაზრობაა, არამედ უღმერთობაცაა, რადგან თქვენ მხოლოდ ქრისტეს ერთნებაზე კი არ საუბრობთ, არმედ მას ღვთაებრივს უწოდებთ, ხოლო ღვთაებრი ნებას არ შეიძლება ჰქონდეს არც დასაწყისი და არც დასასრული, როგორც არა აქვს დასაწყისი და დასასრული თვით ღმერთს. თქვენ ართმევთ, აგრეთვე უფალ იესო ქრისტეს ყველა გამოვლინებას და თვისებას, რომლითაც შეიმეცნება მისი ღვთაებრიობა და ადამიანურობა, როცა „ექთესისითა“ და „ტიპოსით“ მოითხოვთ არ ვილაპარაკოთ არც ერთ და არც ორ ნებაზე, არც მის ქმედებებზე. ეს ნება არ არის ერთი, რადგან თქვენ თითონ ჰყოფთ მას, როცა უქვემდებარებთ კაცობრივ ნებას ღვთაებრივს., მაგრამ ამვე დროს იგი ორიც არ არის, რადგან აერთიანებთ მას ერთი ნებაში.

როცა წმიდა მაქსიმე ამ და სხვა საკითხებზე საუბრობდა, თეოდოსიმ და მასთან ერთად მყოფმა მთავრებმა შეიცნეს თავისი ცდომილების მიზეზი. ეს საუბარი დაწვრილებით გადმოქვცა ანასტასი აპოკრისიარმა. მაგრამ, ეპისკოპოსმა თეოდოსიმ თავის მხრივ დასძინა:

_ აღიარე მეფის მიერ დაწერილი „ტიპოსი“, არა როგორც სარწმინოებრივი დოგმატი, არამედ, როგორც სადაო საკითხთა მოგვარების საშვალება. ეს არ არის კანონი, არამედ სარწმუნეობრივ საკითხთა განმარტების საშუვალება.

_ თუკი „ტიპოსი“ არ არის კანონის მნიშვნელობით დაწერილი, მაგრამ, ამავე დროს აღიარებს უფლის ნებას და ქმედებას, მაშ რისთვის მომისაჯეთ გადასახლება და წარმართთა შორის ცხოვრება? რატომ გააძევეთ ჩემი სულიერი ძმები ერთი პერვერიაში, მეორე, მესემბრიაში დამნაშავეების მსაგავსად? _ იკითხა ნეტარმა მაქსიმემ.

შემდეგ, როცა გაიხსენეს რომში პაპი მარტინეს მოწვეული ადგილობრივი კრება მონოთელიტების გასასამართლებლად, ეპისკოპოსმა თეოდოსიმ თქვა:

_ თუკი მხოლოდ მეფის მიერ მოწვეული კრებების განჩინებას ვაღიარებთ, ეს არა მართმადიდებლური იქნება. გაიხსენეთ მეფეების მიერ მოწვეული კრებები, ჭეშმარიტი სწაცვლების წინააღმდეგ რომ ეწყობოდა, შემდეგ კი ღვთისმგმობი სწავლებების გავრცელებას უწყობდა ხელს, _ თითქოს ძე ღვთისა ერთი არსი არ არის მამისა. ასეთი კრებები იყო: პირველი ტირის, მეორე, ანატოლიის, მესამე _სელევკიის, მეოთხე _ კონსტანტინეპოლის ერდოქსი არიანელის დროს, მეხუთე _ნიკეის, მეექვსე _ სირმიის, და მრავალი წლის შემდეგ, მეშვიდე _ ეფოსის, დიოსკორეს ხელმძღვანელობით. ყველა ეს კრება იმართებოდა მეფეთა სურვილით, რაც შემდეგ დაიგმო და ანათემას გადაეცა. ვინაიდან მათზე აიგო მწვალებლური სწავლება. საინტერესოა რატომ არ გმობთ კრებას, რომელზედაც გასამართლებულ იქნა და ანათემას გადაეცა პავლე სამოსატელი? განა ამ კრებას არ ხელმძღვანელობდა თავად რომის პაპი დიონისე ალექსანდრიელი, გრიგოლ საკვირველმოქმედი და მეფის გარეშე გაიმართა, თუმცაღა კრების განჩინებანი მტკიცე და შეურყეველია. მართმადიდებლური ეკლესია ჭეშმარიტ და წმიდა კრებას უწოდებს ისეთ კრებებს, რომლებზეც აიგო ჭეშმარიტი და დოგმატური სწავლებანი. ამის შესახებ თავადაც მოგეხსენებათ და სხვასაც ასწავლით, რომ კანონის თანახმად ყველა ქრისტიანულ ქვეყანაში ჩვენი სარწმუნეობის დასაცავად და გარკვეული ცრუ სწავლებების აღმოსაფხვრელად, ადგილობრივი კრებები, წელიწადში ორჯერ მაინც უნდა გაიმართოს. ერთის მხრივ კი, საეკლესიო კრებები, მეფის ბრძანების შესახებ არაფერს გადმოვცემს.

_ უფალმა უწყის _ თავის მხრივ დასძინა თეოდოსიმ, _ რომ როცა ეს „ტიპოსი“ დაიწერა, მაშინ ვთქვი და ახლაც ვამბობმ, რომ შეცდომაა და მრავალ ადამიანს შეიყვანს ცდომილებაში. მისი დაწერის მიზეზი იყოს ის, რომ ჩაეცხრო მორწმუნეთა შორის არსებული დაპირისპირება და ეკლესიაში სიმშვიდე დაემკვიდრებინა.

_ რომელმა მორწმუნემ მიანდო თავის თავს ასეთი რამის განგება,_ მიუგო წმიდა მაქსიმემ, _ რომ დაედუმებინა მოციქულთა, წინასწარმეტყველთა და მოძღვართა მიერ ხმამაღლა ნაქადაგარი?

მღვდელთმთავარო, გულისხმა ჰყავ თუ რამხელა ბოროტებას ემსახურება ეს საქმე, რადგანაც „ღმერთმა განაწესა ეკლესიათა შინა პირველად მოციქულნი, მეორედ, წინასწარმეტყველნი, და მესამედ _ მოძღვარნი“ (1 კორ. 12,28), და სახარებაში თქვა ყოველი მორწმუნის განსამტკიცებლად: „რომელმან შეგიწყნაროს თქვენ, მე შემიწყნარებს და რომელმან თქვენ შეურაცხვყვნეს მე შეურაცმხყოს“(მათ. 10,16), ამ სიტყვებით გვასწავლის, რომ რომელიც არ შეიწყნარებს მოციქულთა, წინასწარმეტყველთა და მოძღვართა, არამედ მათ სიტყვებს შეურაცხყოფს, თავად უფალი იესო ქრისტეს შეურაცხყოფს. და კვლავ გულისხმაყავთ, რადგან ღმერთმა აღადგინა რჩეულნი თვისნი: მოციქულნი, წინასწარმეტყველნი და მოძღვარნი, დამამტკიცებლად და მასწავლელად მორწმუნეთა, ხოლო ეშმაკმა აღადგინა ცრუ წინასწარმეტყველნი, ცრუ მოციქულნი და ცრუ მოძღვარნი, ღვთისმსახურების და ძველი და ახალი სჯულის წინააღმდეგობისათვის.

ასე, რომ რომელმაც ჭეშმარიტი მოციქულნი, წინასწარმეტყველნი და მოძღვარნი შეიწყნაროს, თავად ღმერთს შეიწყნარებს. ხოლო, რომელმაც ცრუ წინასწარმეტყველნი და ცრუ მოძღვარნი შეიწყნაროს, ეშმაკს შეიწყნარებს. და რომლებმაც დევნონ მართალი ადამანები უსჯულოთა და არაწმიდათა მსგავსად, ჭეშმარიტებით გეტყვით, ამით თავად წმიდანებს დევნიან.

განა შესაძლებელია, რომ ეს ყოველივე ჩემი გულის ფიცარზე ეწეროს, მე კი მშვიდად შევიდე ისეთ ეკლესიაში, სადაც უფლის შეურაცხმყოფელი სიტყვები იქადაგება ან გავხდე ამის თანაზიარი? დაე, ნუ დაუშვებს ამას უფალი, რომელიც ჩვენთვის მსგავსად ჩვენდა იქმნა გარდა ცოდვისა, რადგან კეთილ საქმეთა სრულყოფილებას კი არ ეძიებს უფალი, არმედ სათნოებათა ნაკლოვანებას წყალობით შეგვინდობს და თუ, კეთილ საქმეში მცირედით მაინც წარჩინებული ვიქნებით, როგორც ამას იტყვის: „სახლსა მამისასა მრავალ სავანე არიან“ (ინ. 14,2) და მოციქულის სიტყვები: „როგორც ვარსკვლავი ვარსკვლავს ჰმატებს დიდებითა, ეგრეთ იყოს აღდგომაი კვდართაი“ (1 კორ. 15, 41). ეს სიტყვები დიდ ღვაწლში მყოფ მორწმუნეებისათვის არის ნათქვამი და თუ ასეთი ღვაწლიდან, ოდნავ მაინც გადაიხარა, საკუთარ სულს წარწყმედს. ასე რომ ახლა რაც გინდათ ის დამიშავეთ, მე მწვალებლობის შემწყნარებელი არ ვარ.

ხანგრძლივი და შეუპოვარი საუბრის შემდეგ, ნეტარ მაქსიმეს ბაგე ღვთაებრივი სიბრძნით და მჭერმეტყველებით აღივსო. მოწინააღმდეგეები სული წმიდის მოქმედებით ხმას ვერ იღებდნენ და დიდხანს თავჩაქინდრულნი ისხდნენ. შემდეგ, დუმილი თავადვე დაარღვიეს, ფეხზე წამოდგნენ და თაყვანისცეს წმიდა მამას. წმიდა მაქსიმემაც ასევე უპასუხა. საერთო ლოცვა რომ დაასრულეს, ისევ დასხდნენ და მოემზადნენ წმიდა მაქსიმეს სწავლების ყურადღებით მოსასმენად. თავდაპირველად დუმილი ეპისკოპოსმა თეოდოსიმ დაარღვია და წმიდა მამას ჰკითხა:

_ ჩვენ ყველანი ამის თავდებნი ვიქმნებით, რომ თუკი შენ გახდები კონსტანტინეპოლის ეკლესიის წევრი, მეფე ამ „ტიპოს“_ს აუცილებლად გააუქმებს.

_ ის, რაც სერგიმ და პავლემ კრებაზე დაამტკიცეს, ერთი ნების და ერთი ქმედების შეახებ, ამასთან დაკავშირებით როგორ მოგვარდება? _ იკითხა წმიდა მაქსიმემ.

_ ეს უკვე ჩამოიხსნა კედლიდან, _ უპასუხა თეოდოსიმ.

_ ეკლესიის კედლიდან კი ჩამოიხსნა, _ უპასუხა ნეტარმა მამამ, _ მაგრამ, ყველას გულის კედელზე უწერია და ეკლესიაშიც იხსენიება. ამიტომ, ის, რაც რომის ეკლესიამ სჯულის მიხედვით დაამტკიცა, დაე აღასრულოს კონსტანტინეპოლის ეკლესიამ და მათ შორის აღმართული კედელი დაინგრევა და ყველა შეუორგულებლად გავხდებით მისი წევრი.

_ ღმერთმა უწყის, რომ შენში ვერაფერი ცუდს ვერ ვხედავ. _ უპასუხა თეოდოსიმ, _ მაგრამ, თუ შესაძლებელია პირობა მოგვეცი, რომ ჩვენი ეკლესიის წევრი გახდები.

_ თუკი მეფე და პატრიარქი ქრისტეს სიმდაბლეს მოიხვეჭენ და რომის პაპს ლმობიერ წერილს მიწერენ და მასთან გაერთიანდებიან, მაშინ ურთიერთშორის მართალი სარწმუნოება დამკვიდრდება და მეც შემოგიერთდებით, _ იყო პასუხი.

_ დაე, აღსრულდეს ასე, _ მიუგო თეოდოსიმ, _ აღთქმა მომეცი, რომ თუკი მე წარმავლენენ, შენც წამოხვალ.

_ უკეთესია, ჩემი ძმა წავიყვანოთ, რომელიც მესამბრიაშია, რადგან მან რომაელთა ენა უკეთ იცის და ყველას ძალიან უყვარს, იქ ხომ მრავალი იმოღვაწევა მართლმადიდებლობისთვის.

_მასთან მრავალჯერ მიკამათია. ამიტომ კარგი არ იქმნება თუ ერთად წავალთ, _ მიგო თეოდოსიმ. _ თუკი მეფე და პატრიარქი თანახმა იქნებიან ამ საქმის აღსასრულებლად და ჩემს გამოყოლას მოისურვებენ, არ დავზარდები, _ უპასუხა ნეტარმა მაქსიმემ.

ამ სიტყვების შემდეგ, სტუმრები სიხარულით წამოდგნენ, ლმობიერებით ილოცეს, მუხლმოდრეკით ემთხვივნენ წმიდა სახარებას და პატიოსან ჯვარს უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი, და ხატს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისა. ეს იმისთვის მოხდა, რომ ეპისკოპოსი თეოდოსის და მასთან ერთად მყოფ ორ მთავარს, ასეთი ქმედებით დაემტკიცებინა თავისი სიტყვები უფლის წინაშე. ამის შემდეგ, კვლავ დასხდნენ და დიდხანს ისაუბრეს და აღივსნენ დიდი სიხარულით. ხოლო, წასვლა რომ დააპირეს, თეოდოსი მთავარმა ასეთი სიტყვებით მიმართა წმიდა მაქსიმეს: _ ჩვენ ყველაფერს კეთილად განვიზრახავთ, მაგრამ მეეჭვება, რომ მეფემ რომის პაპს მიწეროს თხოვნის წერილი და იტვირთოს თავისი ბრალეულობის აღიარების სიმძიმე.

_ თუკი ქრისტეს სიმდაბლეს შეიმოსავს და ინებეს, საკუთარი სულისა და ერის ცხონებას, რატომ არ უნდა აღსრულდეს ეს საღმრთო საქმე, თავად მაცხოვარმაც ხომ ინება კაცთა ცხონება, თავი დაიმდაბლა და ამით ჩვენი ცოდვებისგან გამოგვიხსნა. ადმიანი რომელიც მაცხოვრის მსგავსად თავს არ დაიმდაბლებს და არ ძალუძს ნებით სულის ცხონება, სანაცვლოდ კი მხოლოდ ღვთისგან მოელის ამას, როგორ შეუძლია თავისი ანდა სხვების სულების ცხონება?

_შევთხოვ უფალს, _ წარმოთქვა თეოდოსიმ, _ რომ თუ მშვიდობით მიმიყვანს მეფესთან, შენს მიერ ნათქვამი სიტყვები გადავსცე, მათი ირწმუნოს და შესაბამისად კეთილად იმოქმედოს.

ამ სიტყვებით დაემშვიდობნენ ერთმანეთს. ეპისკოპოსმა თეოდოსიმ, წასვლის წინ, წმიდა მაქსიმეს გადასცა მეფისგან გამოგზავნილი თანხა, რამდენიმე შესამოსელი და სხვა ნივთები. ხოლო, როცა სატახტო ქალაქში ჩავიდნენ, პატრიარქს ყველაფერი აუწყეს ნეტარ მაქსიმესთან თქმული, რამაც მეფე ძლიერ განარისხა. ეპისკოპოსი თეოდოსი და ორივე მთავარი მეფის მრისხანების გამო შეშინდნენ და კვლავ დაუბრუნდნენ ძველ ერსს.

იმავე წლის 8 სექტემბერს, პავლე იპატოსი (მთავარი) ვიზიაში ჩავიდა. მას მეფისაგან ნაბრძანები ჰქონდა, რომ ნეტარი მაქსიმე, მისი ასკისა და უძლურების გამო, დიდი პატივით ჩაებრძანებინათ კონსტანტინეპოლში. ეს მოხდა 655 წელს. ნეტარი მაქსიმე სამეფო ქალაქის მახლობლად მდებარე წმიდა თეოდორეს მონასტერში დატოვეს, რის შესახებაც, მთავარმა მაშინვე აცნობა მეფეს. დილით, მეფის ბრძანებით, წმიდა მამას ესტუმრა ორი პატრიციუსი _ეპიფანე და ტროილე, ასევე მრავალი სამხედრო მაღალჩინოსანი თავისი მხლებლებით. მათთან ერთად იყო ეპისკოპოსი თეოდოსიც. წმიდა მაქსიმე თეოდოსისი მოლოდინში იყო, ვინაიდან იმედი ჰქონდა, რომ თეოდოსი თავის დანაპირებს შეასრულებდა, რის თანახმადაც, არამხოლოდ თავად უნდა გამხდარიყო ჭეშმარიტი აღმსარებლობის მიმდევარი, არამედ მეფეც და წარჩინებული პირებიც დაუბრუნდებოდნენ მართმადიდებლურ სარწმუნოებას. მაგრამ თეოდოსი ზეციური და წმიდა ეკლესიის მეუფისადმი მსახურებას, არჩია წარმავალი სოფლის მეუფის გულის მონადირება.

შეხვედრისას საუბარი პატრიციუსმა ტროილემ დაიწყო:

_ ყოვლისა სოფლისა მპყრობელმან მეფემ გვიბრძანა შენთან მოსვლა და ბრძანების გადმოცემა. მაგრამ, ვიდრე მას გაგაცნობდეთ, უპირველესად გვაუწყე: შეასრულებ თუ არა მეფის ნებას?

ამაზე წმიდა მაქსიმემ მიუგო:

_ ბატონო ჩემო, მაუწყეთ მეფის ბრძანება და ამის მიხედვით გიპასუხებთ. სხვაგვარად როგორ გიპასუხოთ, რაც ჯერ კიდევ არ ვიცი?

_ არ გეტყვი რისთვის გამოვცხადდით, ვიდრე არ გვიპასუხებ შეასრულებ თუ არა მეფის ბრძანებას, _ მკაცრად მიუგო ტროილემ.

წმიდა მაქსიმემ შენიშნა, რომ სტუმრები დაჟინებით, ღვარძლითა და უკმეხი სიტყვებით მოითხოვდნენ მისგან, გაეგოთ, შეასრულებდა თუ არა მეფის ბრძანებას, რაზეც შემდეგ უპასუხა:

_ ვინაიდან, არ გსურთ მაუწყოთ მეფისგან ჩემთან მოწერილი ბრძანების შინაარსი და უჩვეულო პასუხის მოლოდინში ხართ, მაშინ ვიტყვი უფლისა ღვთისა და წმიდათა ანგელოსთა წინაშე, რომ თუ მეფე ჩემგან ისეთს არაფერს ითხოვს, რაც წარმავალია და დროებითი ან უფლის წინააღმდეგ არ არის მიმართული და ჩემს სულს არაფერს ავნებს, მზად ვარ აღვასრულო ეს ბრძანება.

ტროილემ როგორც კი ეს მოისმინა, ფეხზე წამოიჭრა და ამ სიტყვებით კარისკენ გაემართა:

_ ბრძანეთ ლოცვა, რადგან ვხედავ, რომ არ შეასრულებს მეფის ბრძანებას.

ამ სიტყვებს იქ მყოფთაგან საშინელი ხმაური და ალიაქოთი მოჰყვა. მაშინ კი ეპისკოპოსმა თეოდოსიმ თქვა:

_ გამოუცხადეთ ბრძანება და მოუსმინეთ რა პასუხს გაგვცემს, რადგან არ არის კარგი აქედან ისე წასვლა, რომ არც თქვენ თქვათ რისთვის მოხვედით და არც მისი პასუხი მოვისმინოთ: ამის შემდეგ, პატრიციუსმა ეპიფანემ გამოუცხადა მეფის ბრძანება ნეტარ მაქსიმეს:

_ ამას გიბრძანებს მეფე, რომ: ვინაიდან, აღმოსავლეთიც და დასავლეთიც შენი მიზეზით ღელავს და განგვიდგებიან, რადგან არ ეზიარე ჩვენს სარწმუნოებას და არ აპირებ ამ ხრივ, რაიმე საერთო გქონდეს ჩვენთან. დაე, დაგადგინოს უფალმა და აღიარო ჩვენს მიერ დაწერილი „ტიპოსი“ და გახდე ჩვენი წევრი. შემდეგ , კი შეხვალ სამეფო ქალაქში, თავად მეფე გამოგეგებება სასახლიდან და დიდი პატივით შეგიყვანენ წმიდა სოფიას ეკლესიაში; ჩვენთან ერთად დადგები მეფის სიახლოვეს, ხოლო პატრიარქი აღასრულებს ჟამის წირვას და ერთად ვეზიარებით წმიდა საიდუმლოს _ უფლის ცხოველმყოფელ სისხლსა და ხორცს. შემდეგ კი _ ჩვენს წინამძღვრად დაგადგენთ და დიდი სიხარული მოიცავს, არა მხოლოდ სამეუფო ქალაქს, არამედ მთელს იმპერიას, რადგან უეჭველა, რომ თუ კი შენ ამ ეკლესიის წევრი გახდები, ყველა, ვინც შენი ძალითა და სწავლებით ჩვენთან განდგომილებაში იმყოფებიან _ შემოგვიერთებიან.

წმიდა მაქსიმემ ცრემლებით მიმართა ეპისკოპოსს:

_ არც თუ დიდიხნის წინ, რისთვის დაიფიცეთ წმიდა წერილის, ცხოველმყოფელი ჯვრის, უფლისა და ღვთისმშობლის წმიდა ხატების წინაშე?

ამ სიტყვების გაგონებაზე ეპისკოპოსმა მორიდებით თავი ძირს დახარა და დაბალი ხმით უთხრაწმიდა მაქსიმეს:

_ მე რა შემიძლია, როცა მეფე სხვაგვარად ფიქრობს?

_თუკი, მტკიცედ არ გქონდათ გადაწყვეტილი პირობის შესრულება, რატომ შეეხეთ წმიდა სახარებას და სხვასიწმინდეებს? – ჰკითხა წმიდა მაქსიმემ, შემდეგ კი სხვებს მიუბრუნდა და თქვა: _ მთელი ციური ძალები, რომ აღსდგნენ ჩემს წინააღმდეგ და მაიძულებდნენ, არ მოვუსმენ, რადგან რა სიტყვასაც ღმერთს და ჩემს სინდისს მივცემ, თუკი ეს სულის საცხონებელია, იმას არ გადავთქვამ.

წმიდა მაქსიმეს დამთავრებული არ ჰქონდა საუბარი, რომ ყველა იქ მყოფი წამოიმართა და მრისხანებით მისცვივდა მას. სცემდნენ ხელებით, ფეხებით, როგორც მისწვდებოდნენ, ათრევდნენ მიწაზე და ცდილობდნენ ნებისმიერი სახის ზიანი მიეყენებინათ. ალბად, ცემით მოკლავდნენ კიდეც, ეპისკოპოს თეოდოსის რომ არ შეეჩერებინა ისინი და მათი მძინვარება არ დაეცხრო. ხოლო, როცა ცემა შეწყვიტეს, ნერწყვა დაუწყეს და მთლიანად ამ სიბინძურით დაასველეს წმიდა მაქსიმეს ტანსაცმელი.

გარკვეული დრო დასჭირდა, წმიდა მამა გონს რომ მოსულიყო, შემდეგ მოსმენის უნარი რომ აღედგინა და მოწესრიგებულიყო, ეპისკოპოსმა თეოდოსიმ, ყველას მოუწოდა დამჯდარიყვნენ და მათ გასაგონად თქვა: _ ეს არ უნდა ჩაგვედინა, საჭირო იყო მოგვესმინა მისი პასუხი და მეფისთვის გვეუწყებინა, რადგან საეკლესიო წესი სიმშვიდით აღესრულება. პატრიციუსმა ეპიფანემ, მრისხანებისგან ძლივს რომ სუნთქავდა, წმიდა მაქსიმეს უთხრა:

_ მითხარი ეშმაკეულო, ღვარძლიანო ბებერო!… მწვალებლად გვთვლი ყველას, მეფეს და მთელ ქალაქს, რისთვის გვიწოდე ასე? იცოდე, რომ ჩვენ შენზე უკეთესი ქრისტიანები ვართ. იესო ქრისტეს მიმართ ჩვენი რწმენა ისეთივეა, როგორიც თავად ზეციური ძალების. ზუსტად, მათ მსგავსად გვწამს ქრისტეს ნება, ქმედება და ბუნება.

_ თუკი ისე გწამთ, როგორც ციურ ანგელოზებს, _ მიუგო წმიდა მაქსიმემ, _ მის ბუნებას და ქმედებას სჯულის მიხედვით აღიარებთ, რატომ მაიძულებთ ვცნო „ტიპოსი“, რომელიც სრულიად ეწინააღმდეგება იმას, რასაც ამბობთ.

_ „ტიპოსი“ იმისთვის დაიწერა, რომ ჭეშმარიტი სწავლების ძნელად გასაგები ადგილები ადვილი შესაცნობელი ყოფილიყო, რათა მის ზუსტად გადმოცემის დროს, მორწმუნე რაიმე გაურკვევლობაში არ ჩავარდნილიყო, _ უპასუხა ეპიფანემ.

_ „ტიპოსი“ არ უარყოფს ქრისტეს ორ ბუნებას, მხოლოდ ეკლესიაში შექმნილი ვითარების გამო ადამიანს აიძულებს ამაზე გაჩუმებას, _ უპასუხა პატრიციუსმა ტროილემ.

_ გაჩუმება ნიშნავს მის უარყოფას, როგორც ამას სული წმიდა ამბობოს წინასწარმწტყველის პირით: „არა არიან თქუმე არცა სიტყვა, რომელთა იგი არა ესმა ხმაი მათი“ (ფს. 18, 3). ამიტომ, უთქმელი სიტყვა ნათქვამად არ შეიძლება ჩაითვალოს.

_ დაე, გწამდეს გულით ის, რაც გსურს, არავინ გედავება, _ უთხრა ტროილიმ.

_ უფალსა და მაცხოვარს ჩვენსას, ესე არ უთქვამს, რომ ადმიანს რაც სურდეს ის იწამოს, არამედ ამბობს: „რომელმან მე არა აღმიაროს წინაშე კაცთა, არცა მე აღვიარო იგი წინაშე მამისა ჩემისა ზეცათაისა“(მათ. 10, 33); მოციქული კი გვასწავლის; `გულისა გრწამსცა სიმართლე და პირითა აღიარებდე საცხოვრებლად~ (რომ. 10, 10), „ვითრამედ აღ_თუ_იარო პირითა შენითა უფალი იესუ და გრწმენეს გულითა შენითა, რამეთუ ღმერთმა აღადგინა იგი მკუდრეთით, სცხონდეს“ (რომ.10,9). თუკი, უფალი ჩვენი იესო ქრისტე, ყოველი წინასწარმეტყველი და მოციქული მოგვიწოდებენ, რომ, სიტყვით, გონებით და საქმით ხმამაღლა აღვიაროთ ყოველი სოფლის განმაცხოველებელი მართმადიდებლური საიდუმლო, არ შეიძლება ამ ქადაგების დადუმება, რათა არ წარიწყმიდნენ ადამიანები.

ამაზე ეპიფანემ რისხვით ჰკითხა:

_ რომის კრების დადგენილებას ხელი მოაწერე?

_ მოვაწერე, _ უპასუხა წმიდა მაქსიმემ.

_ როგორ გაბედე ხელის მოწერა და ჩვენი ანათემაზე გადაცემა?! _ ჩვენ ხომ ისევე გვწამს, როგორც ზეციურ ძალებს და კათოლიკე ეკლესიას. ახლა, ისეთ გადაწყვეტილებას მივიღებთ, რომ წაგიყვანთ ქალაქში და ჯაჭვებით შებორკილს დაგაყენებთ მოედანზე. შევკრებთ ყველა მათხოვარსა და მეძავს, მთელს ერს და ვაიძულებთ გცემონ და გნერწყვონ სახეში.

_ დაე, აღსრულდეს რაც თქვით, _ უპასუხა წმიდა მაქსიმემ, _ თუკი შენ ამტკიცებ, რომ ჩვენ განვკვეთეთ ისინი, ვინც ქრისტეს ორ ნებასა და ქმედებას აღიარებს, მაშინ წაიკითხე ამ კრების წიგნი და თუ იქ იმას იპოვი, რაც თქვი, მაშინ თქვენი ნებისაებრ იმოქმედეთ. მე და ყველა ჩემმა თანამოაზრემ ხელი მოვაწერეთ კრების ოქმს და განვკვეთეთ ისინი ვინც არიოზის და აპოლინარის მსგავსად, ქრისტეს ერთ ნებასა და ერთ ქმედებას ქადაგებს და არ აღიარებს უფალში ორ ბუნებას, როგორც ამას მოციქულნი, მახარებელნი და მღვდელმთავარნი გვასწავლიან და არავის ხელეწიფება, არც მეფეს და არც მღვდელმთავარს სჯულში ახალი სწავლების შემოღება, არამედ ის, რაც წმიდა მოციქულებმა და კრებებმა დააწესეს, ერთი იოტისოდენადაც არ შეიძლება მისი შეცვლა. ხოლო, თუ ვინმე შეეცდება რაიმეს შეცვლას, შემატებას ან მოკლებას, მას კათოლიკე ეკლესია შეაჩვენებს. წმიდა მაქსიმემ ეს სიტყვები, რომ დაამთავრა, პატრიციუსებმა და ყოველმა იქ მყოფმა გადაწყვიტა ერთმანეთში მოელაპარაკათ და თქვეს:

_ თუ მას დიდიხანს მოვუსმენთ, ვეღარც შევჭამთ და ვეღარც დავლევთ, ამიტომ, წავიდეთ და ვისადილოთ, შემდეგ კი ვაცნობთ მეფეს და პატრიარქს მისი განზრახვის შესახებ, თორემ ხომ ხედავთ, ამ კაცს თავი ეშმაკისთვის მიუყიდია.

ადგნენ და სატრაპეზოდ წავიდნენ, ჭამეს და სვეს, იმდენი, ვიდრე ნაყროვანებაში არ ჩავარდნენ და უზომოდ არ დათვრნენ. მშიერ მდგომარეობაში მყოფი წმიდა მაქსიმე კი სხვებს ჩააბარეს. იმ დღეს ჯვართამაღლების დღესასწაული იყო. ღამისთევის ლოცვები რომ მოახლოვდა, უზომოდ მთვრალები და გულისწყრომით აღვსილნი ქალაქისაკენ გაეშურნენ. მეორე დღეს, დილით კი წმიდა მაქსიმესთან პატრიციუსი თეოდოსი გამოცხდადდა. ყველა ნივთი ჩამოართვა და მეფის სახელით უთხრა: _ ვინაიდან, პატივისცემა ღირსეულად ვერ შეიფერე, წადი იქ, სადაც იმსახურებ ყოფნას და შენზე იყოს ამის ბრალი, არა მხოლოდ შენი, არამედ შენ მოწაფეთა, რომლებიც იმყოფებიან მესამბრიაში და პერვერში, _ ეს თქვა თეოდოსიმ და წმიდა მაქსიმე მხედრებს გადასცა, რათა ვიზიაში წაეყვანათ. თავდაპირველად მხედრებმა იგი სელემბრიაში ჩაიყვანეს და იქ ორ დღეს დაჰყვეს. იმავე დროს, ერთი სელემბრიელი სამხედრო პირი ჯარში გაგზავნეს და დაავალეს ბანაკში ხმა გაევრცელებინა და ხალხი განერისხებინა ხუცესის წინააღმდეგ, თითქოს წმიდა მაქსიმე ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს აძაგებდა. ეს მოიმოქმედეს თეოდორე იპატოსის ბრძანებით, რათა ხალხს მოეკლა წმიდა მაქსიმე. ორო დღის შემდეგ, მხედრებმა იგი სამხედრო ბანაკში მიიყვანეს. ამის შესახებ შეიტყო ერისთავმა, რომელიც კეთილად იყო განწყობილი წმიდა მამისადმი და მასთან სამხედრო დიაკონი და ხუცესნი მიავლინა. წმიდა მაქსიმე მათ მუხლის მოდრეკით შეხვდა, მათაც ასევე უპასუხეს. ხუცესმა კრძალვით მიმართა:

_ მამაო, დაგვაბრკოლეს შენს მიმართ და გვითხრეს, რომ არ აღიარებ ყოვლადწმიდა მარიამს ღვთისმშობლად. ყოვლადწმიდა სამების სახელით გთხოვთ, გვაუწყოთ ჭეშმარიტება და წარხოცოთ ყოველი ეჭვი.

წმიდა მაქსიმემ ეს რომ მოისმინა, აღმოსავლეთისაკენ მუხლი მოიდრიკა, ხელები ზეცად აღაპყრო და ცრემლებით წარმოთქვა:

_ ვინც არ აღიარებს და არ ქადაგებს ყოვლადწმიდასა და უხრწნელსა, უმეტესად კურთხეულსა და ზეცისა მხედრობათა პატივისმცემელსა დედოფალსა ჩვენსა მარადის ქალწულსა მარიამს, ჭეშმარიტად ღვთისმშობლად, ჭეშმარიტად დედად ღმრთისად, შემოქმედისა ცათა და ქვეყანისა, ზღვისა და ყოველთა, რაი არს მათ შინა. წყეულ იყავნ და შეჩვენებულ მამისაგან და ძისა და სულისა წმიდა მოციქულთა კრებულისაგან, წინასწარმეტყველთა და ყოველთა მართალთაგან, რომელლნიც საუკუნითგან სათნო ეყვნენ ღმერთსა.

ეს რომ მოისმინეს, ყველა ლმობირებით აღივსო წმიდა მამის მიმართ და თქვეს:

_ ღმერთმა გაგაძლიეროსმ, მამაო, და თავისი ნებით სრულყოს შენი სარბიელი.

შემდგომ კი, სულიერ საკითხებზე დაიწყეს საუბარი ნეტარი მაქსიმეს პირიდან საღმრთო სწავლება ედემის ბაღის ნაკადულივით მოედინებოდა. მრავალი ადამიანი შეუერთდა და ისმენდა მათ საუბარს. ერთმა სპასალარმა ეს რომ ნახა, როგორ უსმენდა ხალხი წმიდა მაქსიმეს და მათგან მეფის ძაგება მოისმინა, ასე რომ სტანჯავდა ღვთიურ ადამიანს შეშინდა. ვაი, თუ ხალხი მეფის წინააღმდეგ აღიძრასო და ბრძანა ნეტარი მაქსიმეს ბანაკიდან გაყვანა. ვიდრე მცველები მოვიდოდნენ წასაყვანად. ხუცესებმა და დიაკონებმა იტვირთეს მისი წაყვანა. თავისი ხელით შესვეს სახედარზე და ლოცვითა და კურთხევით მიაცილეს ნეტარი მამა საპყრობილემდე.

მიუხედავად მრავალგვარი სატანჯველისა წმიდა მაქსიმე ვერანაირად ვერ მოდრიკეს, თავად კი არ ისურვეს ჭეშმარიტების აღიარება. ამის გამო, მცირე ხნის შემდეგ, მეფის ბრძანებით წმიდა მაქსიმე და მისი ორი მოწაფე კონსტანტინეპოლში შეიყვანეს და სამეფო დარბაზში პატრიარქისა და ყოველი მთავრის წინაშე მოუწყეს გასამართლება. წმიდა მაქსიმეს თავდაპირველად პატრიარქმა მიმართა: _ მიკვირს შენი გონების სიფიცხე, მონაზონო მაქსიმე. თავი ყოველ კაცთა უბრძენეს ადამიანად რომ მოგაქვს და არ ინებე, არც მეფეთა, არც მღვდელმთავართა, არც მთავართა მოსმენა, არამედ შენი ნება_სურვილი, ყველაფერზე მაღლა დააყენე. ახლა კი მოინანიე შენი ცდომილება, შეგიყვან მეფესთან, თაყვანი_ეცი და გახდი ჩვენი თანაზიარი, შენი სულისა და ხორცის საცხოვნებლად. ველი შენს გონიერ გადაწყვეტილებას.

ვინაიდან ყოველივე ესმის ღმერთს და მის თვალთაგან არაფერი დაიმალება, მისი ნების წინააღმდეგ, არც სიტყვის და არც საქმის ქმნა არ მსურს. ამასვე მოგახსენებთ: თუკი ღვთივდიდებულ მეფეს ნებავს წმიდა მოციქულთაგან ქადაგებული მართალი სარწმუნოების აღიარება, დაგემორჩილები და თქვენი თანაზიარი გავხდები, ხოლო თუ კვლავ მართმადიდებლური სარწმუნოების შეცვლას მოითხოვთ, ჩემგან დადებით პასუხს ვერ მიიღებთ, რადგან წერია: „მორჩილებაი ჯერ არს ღმრთისაი და არა კაცთაი“.

_ რა არის შენი სარწმუნოება? _ ჰკითხა პატრიარქმა.

_ღვთის წყალობით ქრისტიანი ვარ.

_ ცრუობ! _ მრისხანებით შესძახა ეპისკოპოსმა.

_ შენ ამბობ, რომ მე არ ვარ ქრისტიანი. მე კი შეუცდომლად ვაღიარებ ქრისტიანობას. წმიდა მაქსიმემ ჯვარი გადაისახა და თქვა:

მრწამს ერთი ღმერთი მამა უშობელი, და ერთი ძე სიტყვა ღმრთისა, მამისაგან შობილი; ერთი სულიწმიდა, მამისაგან გამომავალი სამგვამოვანი და ღმრთეებით განუყოფელი. ამისთვის ვიტყვით სამგვამოვნებას და ერთიანობას, ღმრთეების ერთ ბუნებას, რამეთუ ზოგადი არს სამთავე ღმრთეება და სამღრთო ბუნების სახენი: მამისა _ მამობა უშობელი, ძისა _ ძეობა შობილი, სული წმიდისა _ გამოსვლაი. რამეთუ, არც მამა შეიცვლება ძედ ან სულად; არც ძე მამად ან სულად; არც სული წმიდა მამად ან ძედ; რამეთუ თითეულნი შეუცვალებელ არიან. ღმრთად აღვიარებ თითეულს, რამეთუ სრული ღმერთი არს მამა, სრული ღმერთი არს ძე, სრული ღმერთი არს სული წმიდა; არა სამნი ღმერთნი, რამეთუ ერთს არს ღმერთი, ერთი ღრმთეება, სამი თანაარსი გუამით. არც ბუნებით განიყოფიან, არც ადგილით. რამეთუ, სადაც არის მამა, იქ არის ძე და სული წმიდა. და, სადაც არის ძე, იქ არის მამა და სული წმიდა. და სადაც არის სული წმიდა, იქ არის მამა და ძე. სამებას თაყუანის ვსცემ ერთარსებით და ერთარსებასა სამებით. ერთარსებას სამ გუამოვანს და სამებასა ერთარსებასა. თანადაუსაბამოს, სწორს ძლიერებით და პატივით. აღვიარებ წმიდა სამების ერთ ღმრთეებას, ერთ ბუნებას,  ერთ არსებას, ერთ ძალას, ერთ ხელმწიფებას, ერთ უფლებას, ერთ მეუფებას, დაუსაბამოს და დაუსრულებელს, დაუბადებელს, უხილავს, გერეშემოოუწერელს, მოუგონებელს, უსაზღვროს, უცვალებელს, უკვდავს, უვნებელს, ყოველთა დამბადებელს, მპყრობელსა და განმგებელს ცისა და ქვეყნისა, ზღვისა და ყოველთა ხილულთა და უხილავთა არარაისაგან არსად მომყვანებელს, შემომქმედს და დამბადებელს: რომელმან დაჰბადა პირველად ზეცისა ძალნი და მხედრობანი აურაცხელნი. სიტყვით დაჰბადნა და სული წმიდით სრულ ჰყვნა. მერმე თქვა: იქმნეს ცაი და ქვეყანაი, ზღვაი და ყოველი რაი არს მას შინა. უკანასკნელად დაჰბადა კაცი, ხატად და მსგავსად თვისა. ესე იგი არს თვითმფლობლად და თვისითა ნებითა მიმავალად დაჰბადა კაცი, გამომრჩევლად კეთილისა და ბოროტისა; და დაადგინა იგი სამოთხესა ფუფუნებისასა. ხოლო ეშმაკის შურით შესცოდა და ღვთისგან მოცემულ ცნებას ნებით გარდაჰხდა, და სამოთხის დიებიდან გამოვარდა, სიკვდილის თანამდებ იქმნა და დაემორჩილა მტერსა მას განდგომილსა, მაგრამ, არ უგულებელყო იგი დამბადებელმან. ამისთვის მხოლოდშობილმა ძემან და სიტყვამან ღმრთისამან, გამოუთქმელითა კაცთმოყვარებითა, ნებითა მამისა და სულისა წმიდისა, თვისითა დაბადებულთა საძიებლად, მამის წიაღიდან გარდამოხდა და დაემკვიდრა საშოში ყოვლადწმიდა ქალწულისა, სულიწმიდის მიერ, და ხორციელი იქმნა: იშვა ღმერთი განხორციელებული; იშვა გამოუთქმელად და ქალწულებაი იგი დედისაი დაიცვა განუხრწნელად. შეიმოსა ხატი მონისა და ყოვლითურთ გვემსგავსა ჩვენ, თვინიერ ცოდვისა. რამეთუ აღვიარებ მას საუკუნოდ და ჟამიერად, დაუბადებელად და და დაბადებულად, უვნებელად და ვნებულად, უკვდავად და მოკუდავად: იგივე ღმერთი და კაცი: ერთი შეზავებული გუამი, ორი სრული ბუნებით და ორი ბუნებით ნებით, ორი ქმედებით, ერთგუამად შეერთებულით, უცვალებელად და შეურევნელად. თავისი ნებით ინება და იქმოდა კაცობრივ და უბრალო საქმეს, რამეთუ ბუნება უვნებელი და უსაქმო არ არის: არც იძუელებით დამორჩილებია ბუნების თვისებას, რამეთუ ნებით იშვა, ნებით შეემშია, ნებით დაიღალა, ნებით შეეშინდა, ნებით ჯვარს-ეცვა, ნებით მოკუდა. ეს ყოველივე თავისი ნებით კაცობრივი ბუნებით იტვირთა: შემდგომ ჯვარცმისა გემო სიკვდილისა იხილა უცოდველმა, დაეფლა და აღსდგა მესამესა დღესა: და ამით აღადგინა კაცობრივი ბუნება, ამაღლდა ზეცად კაცობრივი ბუნებით და დაჯდა მარჯვენით მამისა, და კულად მომავალ არს განშჯად ცხოველთა და მკუდართა, რათა ყოველ კაცს მიაგოს საქმეთა მისთაებრ, ოდეს იგი ბრძანებითა მისითა დასცეს მთავვარანგელოზმან საყვირს და აღადგენენ მკდუარნი, და გამოვიდნენ სამარეთაგან. მაშინ, რომელთა დაიმარხეს მართალი სარწმუნოება და კეთილი ქმნეს, წარვიდნენ საუკუნო ცხოვრებაში. ხოლო ცოდვილნი და მტარვალნი სარწმუნოების შეურაცხმყოფელნი, სატანჯველად მიეცნენ საუკუნოდ. აღვიარებ ერთსა ნათლისღებასა წყლისაგან და სულისა, განმწმენდელს ბრალის, სულის და ხორცის. ვეზიარები უხრწნელად ქრისტეს საიდუმლოს და მრწამს. რომ არს ჭეშმარიტად ხორცი და სისხლი, ჩვენთვის განხორციელებული ღმრთის სიტყვა, რომელმან მოგვცა ხორცი და სისხლი თვისი, მოსატევებლად ცოდვათა. შევიწყნარებ ყოველ წესს ეკლესიისა, მოციქულთა და წმიდა კრებათა დაწესებულს. თაყვანსვცემ და ამბორს ვუყოფ ქრისტეს პატიოსან ხატს, თაყვანსვცემ პატიოსან ჯვარს და ყოველთა სამღვდელოთა ჭურჭელთა, წმიდა სახარებას, წმიდა ბარძიმს, რაც უკავშირდება წმიდა ეკლესიას. თაყვანს ვცემ ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის და ყოველთა წმიდათა ხატებს, მხოლოდ ღმრთის სიყვარულისთვის და არა ფერთა და საღებავთა გამო, სულიერ თვალს ავამაღლებ მათ პირმშო სახეთა მიმართ თაყვანსვცემ წმიდა ნაწილებს, რამეთუ ღმრთის წმიდა მადლი აქვთ. ესრეთ მრწამს, ესრეთ აღვიარებ, ესრეთ ნათელღებულ ვარ, და ყოველთა მწვალებელთა და ყოველ წვალებას შევაჩვენებ. შევიწყნარებ და პატივს ვცემ წმიდა კრებას: ნიკეის, კონსტანტინეპოლის, ეფესოს, ქალკედონის, კონსტანტინეპოლის და სხვა კრებებს, რომლებზეც მართლმადიდებლური სარწმუნეობა დაამტკიცეს, და კათოლიკე ეკლესიამ შეიწყნარა. ხოლო, რაც ამ კრებებმა შეაჩვენა, მეც შევაჩვენებ. ვადიდებ და ვუგალობებ, თაყვანსვცემ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, რომელსა ჰშუენის დიდება, პატივი და თაყვანისცემა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

ყველა გააოცა ნეტარი მაქსიმეს ასეთმა კეთილშეწყობილმა ქადაგებამ, რამდენიმე ხანს ხმას ვერ იღებდნენ. ბოლოს, დუმილი პატრიარქმა დაარღვია:

_ სამეფო ქალაქის დიდებულ ეკლესიაში, ასეთ რა ცდომილებას ხედავ, რომ მწვალებლობას აბრალებ და მისი თანაზიარი არ ხდები? ხალხს კი ამით შფოთისა და განხეთქილებსაიკენ უბიძგებ, იმის ნაცვლად, რომ მშვიდობისკენ და ერთობისკენ მოუწოდო.

_ რადგან, მოციქულთა და წმიდა მამათაგან დამტკიცებული ქრისტიანული სარწმუნეობა შეურაცხყავით, არ გავხდები თქვენი თანაზიარი, _ უპასუხა წმიდა მაქსიმემ.

_ მაგას როგორ ამბობ უგუნურო ბერო, როდის შეურაცხყავით ქრისტიანული სწავლება? _ იკითხა პატრიარქმა.

 


წმ. მაქსიმე აღმსარებლის მარჯვენა

 

სასტიკი წამების შემდეგ, ნეტარ მამებს სასამრთლო დარბაზი დაატოვებინეს და სამეფო ქალაქის ქუჩები ლანძღვა_გინებით შემოატარეს. ყველას უჩვენებდნენ მათ მოკვეთილ ენას და ხელებს და აქილიკებდნენ.

მძიმე ჭრილობებით დაუძლურებული მოღვაწეები, ბრძანების მიხედფით, ლაზეთში გადაასახლეს. ნეტარი მაქსიმე… იმდენად დაუძლურდა, რომ გადაადგილება არც ცხენით შეეძლო და არც ეკიპაჟით. ამიტომ, მცველებმა წნელისაგან საკაცე დაწნეს და ასე მიიყვანეს საპყრობილემდე. თეოდოსი ხუცესის თქმით: „ქრისტესმოყვარე ლაზების ქვეყანაში“ ნეტარმა მამებმა ჩააღწიეს 662 წლის 8 ივნისს ოლქის უფროსმა მათი დაცილების განკარგულება გასცა. ესეც არ აკმარეს, ჩამოართვეს ყველაფერი. რაც კი გააჩნდათ, მათ შორის ის ნივთები, გზაში ღვთისმოსავი ადამიანები რომ ჩუქნიდნენ და გაანადგურეს.

დაცალკევების შემდეგ, ნეტარი მაქსიმე სქიმარში წაიყვანეს. სქიმარი, ეპისკოპოს სტეფანეს აზრით, დღევანდელი სკიმერი უნდა იყოს, რომელიც მდებარეობს ლენტეხის მაღალმთიან რაიონში, მდინარე სკიმერულასთან. გარკვეული ხნის მანძილზე, სკიმერის ხეობა, ლაზეთს ეკუთვნოდა და ხან ირანის დაქვემდებარების ქვეშ იყო, ხან კი ბიზანტიის. VII ს-ში, ანუ იმ დროს, როცა წმიდა მაქსიმე აღმსარებელი მოღვაწეობდა. ეს ტერიტორია ბიზანტიის დაქვემდებარების ქვეშ იყო და განსაკუთრებული სტრატეგიული მნიშვნელობის გამო, იქ ბიზანტიელთა გარნიზონი იდგა. ციხე-სიმაგრე სქიმარში, წმიდა მაქსიმემ თავისი ცხოვრების უკანასკნელი დღეები გაატარა და აღესრულა. დღეს, ნამოსახლარებით სავსე სკიმერის ხეობის ვრცელი ტერიტორია, ზაფხულის საძოვრებად გამოიყენება.

რაც შეეხება ანასტასი ბერს, იგი თავისი მასწავლებელისაგან განსხვავებით, წაიყვანეს აფხაზეთში და ციხე-სიმაგრე კოდორში გამოკეტეს. მალევე, 18 ივლისს, ჭრილობების გამო საკმაოდ დაუძლურებული ნეტარი ანასტასი, სვანეთის ერთ-ერთ ციხეში გადაიყვანეს, სადაც 24 ივლისს (ძვ. სტ.)

გარდაიცვალა. რაც შეეხება ანასტასი აპოკრისიარს, ორი თვის ავადმყოფობის შემდეგ, როგორც კი გამოჯანრმთელდა, გაგზავნეს აფშილთა და მისიმიანელთა საზღვარზე მდებარე ციხე – სიმაგრე ფუსტაში. მას შვიდი თვის მანძილზე ჩამოძონძილი ტანსაცმლით და ფეხშისველს აქეთ-იქით ატარებდნენ, რათა შიმშილით, სიცივით და წყურვილით, როგორმე გარდაცვლილიყო. უსჯულო მთავრებმა რამდენჯერმე შეუცვალეს საცხოვრებელი ადგილი. მოგვიანებით, მისი მდევნელი მთავრები გააძევეს, ხოლო ახლად დანიშნულმა მთავარმა გიორგიმ ( ექვთიმე ათონელის ცნობით), ნეტარი ანასტასი თავის მახლობლად თაკვერის ციხე-სიმაგრეში დაასახლა და მფარველობას უწევდა. ანასტასი აპოკრისიარი 666 წლის 11 ოქტომბერს (ძვ. სტ.) გარდაიცვალა.

გადმოცემის მიხედვით, წმიდა მაქსიმეს ღვთის დაშვებით აღუდგა მეტყველების და წერის უნარი და კვლავ არაერთი ეპისტოლე დაწერა. გარდაცვალებამდე, მას უფლის ანგელოზისაგან ეუწყა, რომ მალე დატოვებდა ამ სოფელს. ნეტარმა მამამ ეს რომ შეიტყო, თავისთან უხმო ციხე-სიმაგრეში მყოფ რამდენიმე პირს და აუწყა ამის შესახებ. წმიდა მაქსიმემ გარდაცვალებამდე, მცირე ხნით დაწერა ეპისტოლე და ციხე-სიმაგრის უფროს მისტრიანეს გადასცა, რათა გარდაცვალების შემდეგ ანასტასი აპოკრისიარისთვის გადაეცა. მისტრიანე პირობის თანახმად მოიქცა და დღეს ჩვენთვის ცნობილია, თუ როგორი სულიერი მადლით არის დაწერილი წმიდა მაქსიმეს უკანასკნელი ეპისტოლე. გრდაცვალებამდე წმიდა მამამ საზრდელის მიღებაზე უარი განაცხადა და მთელ დროს ლოცვაში ატარებდა. ანგელოზის უწყების თანახმად, წმიდა მაქსიმემ 13 აგვისტოს, შაბათ დღეს შეჰვედრა სული უფალს და მრავალი ღვაწლის შემდეგ. საუკუნო განსასვენებელში მოწამეობის გვირგვინით შეიმოსა. წმიდა მაქსიმეს ცხედარი ციხე-სიმაგრე სქიმარში დაკრძალეს.

დაკრძალვის დღიდან, წმიდა მამის საფლავზე სამი ღვთიური ლამპარი ჩნდებოდა. ციხის მცველები და მოსახლეობა ყოველ ღამით იყვნენ ამ სასწაულის მომსწრენი. ამასთან, ამ ადგილზე არაერთი კურნება აღესრულებოდა.

წმიდა მაქსიმე აღესრულა 662 წლის 13 (ახ. სტ. 26) აგვისტოს და წელიწადში ორჯერ მოიხსენიება მისი სახელი: გარდაცვალების დღეს და წამების დღეს 21 იანვარს (3 თებერვალს), როცა მოჰკვეთეს ენა და ხელი. გარდა ამ ორი საყოველთაოდ აღიარებული თარიღისა, ქართული ადგილობრივი ტრადიციის მიხედვით, წმიდა მამის ხსენება კიდევ ბრწყინვალე შვიდეულის ხუთშაბათსაც აღესრულება ეს თარიღი, შემდეგ მოვლენსათანაა დაკავშირებული. წმიდა მაქსიეს ცხედარი, ეპისკოპოს სტეფანეს აზრით, თავდაპირველი ადგილიდან გადასვენებული იქნა ცაგერის მახლობლად, მურის ციხე-სიმაგრესთან მდებარე წმიდა არსენის მონასტერში, რომელიც წმიდა აღმასრებელის იქ დაკრძალვის გამო წმიდა მაქსიემ აღმსარებლის სახელზე ეკურთხა. როგორც ჩანს, ბრწყინვალე შვიდეულის ხუთშაბათს, წმიდა მაქსიმეს ხსენების აღნიშვნის ტრადიცია, მისი ამ ადგილზე გადმოსვენებასთანაა დაკავშირებული. წმიდა მამის ცხედარი, გადმოცემით, მურის ციხე-სიმაგრესთან მდებარე, მისი სახელობის მონასტერში აგებულ, მცირე ეკლესიის ტარპეზის ქვეშ არის დაკრძალული.

სავარაუდოდ, თავდაპირველი ადგილიდან ამ მონასტერში წმიდა მაქსიმეს ნაწილთა გადასვენება მოხდა 680 წლიდან VIII სკ-ის ათიან წლებამდე, მანამ, სანამ საქართველოში არაბები შემოიჭრნენ და ეს ტერიტორია მათი გავლენის ქვეშ მოექცა.

უსჯულოების მოქმედ მეფეს კი სასჯელი მოეწია.

ყველაფერი ასე წარიმართა: მეფე კონსტანცის ჰყავდა ძმა, სახელად თეოდოსი. მეფეს ბოროტი განზრახვა ამოძრავებდა მის მიმართ და თეოდოსი მოკლა. ეს ამბავი მთელ ბიზანტიის იმპერიაში გავრცელდა და მეფე ხალხმა საშინლად მოიძულა. თუმცაღა, სიძულვილის მიზეზი მხოლოდ ეს არ გამხდარა. ყველაფერი ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როცა კონსტანციმ რომის პაპი მარტინე, მრავალგზის შეურაცხყო, შემდეგ კი ხერსონესში გადაასახლა, სადაც წმიდა მამა შიმშილით გარდაიცვალა. მოგვიანებით კი, ამ ყოველივეს ისიც დაერთო, რომ მეფემ, არც წმიდა მაქსიმე და მისი ორი მოწაფე დაინდო, ჯერ არაერთხელ გვემა, ენა და ხელი მოაკვეთინა და ხალხისაგან მოითხოვა მათი შეურაცხყოფა, შემდეგ კი, მძიმე მდგომარეობაში მყოფნი ლაზეთში გადაასახლა. მეფე კონსტანცი, როცა საბოლოოდ დარწმუნდა, რომ ყველამ მოიძულა, და შეუძლებელი იყო მათი გულის მოგება, რომის მთავრის მოკვლა განიზრახა. შეკრიბა ლაშქარი და რომისკენ გაემართა. თესალონიკს რომ მიუახლოვდა ცოლ_შვილის თან წაყვანა განიზრახა, მაგრამ კონსტანტინეპოლის მთავრებმა და ხალხმა ეს არ დაუშვეს. არც რომში ელოდა კარგი ამბები. ქალაქს რომ მიუახლოვდა, რომაელებმა გააფრთხილეს: აქ, ნუ მოხვალ მწვალებელო, თორემ არ დაგინდობთო. კონსტანციმ ეს რომ გაიგო, თავისი ლაშქრით სიკილიაში გაჩერდა და მარჯვე დროს დაელოდა.

ერთ დღეს, აბანოში შევიდა, მსახურად კი ტროილეს ძე ანდრია შეჰყვა. მეფემ თავზე საპონი რომ წაისვა, ანდრიამ დიდი სათლი აიღო, თხემზე დაარტყა და იქვე მოკლა, თავად კი ჩუმად გაიპარა. მოგვიანებით, იმ ადგილას სხვები შევიდნენ, მიცვალებული გაასვენეს და აბანოს გვერდით დაკრძალეს. ასე აღსრულდა მასზე წმიდა წერილის სიტყვები: „მოკუდა უსჯულოი და წარწყმდა სახსენებელი მისი“. მოწინააღმდეგებს არ დაუყოვნებიათ და მეფედ აკურთხეს სომეხი კაცი სახელად მიზიზე. ეს რომ კონსტანცის ძემ კონსტანტინემ შეიტყო, ხმელეთით და ზღვით დიდძალი ლაშქარი წაიმძღვარა და სიკილიაში ჩავიდა. შეიპყრო ცრუ მეფე მიზიზე, მისი თანამზრახველნი და სიკვდილით დასაჯა. დსავლეთში აღშფოთებული მდგომარეობა ჩააცხრო და კონსტანტინეპოლში დაბრუნდა, სადაც მეფედ აკურთხეს და თავის ძმებთან _ ტიბერიოსსა და ჰერაკლესთან ერთად, მართავდა ქვეყანას.

მეფე კონსტანტინე მიხვდა თავის მამის ცდომილების მიზეზს და შეეცადა მწვალებლობის დაძლევას. ამ მიზნით 680 წელს კონსტანტინეპოლში მოიწვია VI მსოფლიო საეკლესიო კრება, რომელშიც 168 საეკლესიო მამა იღებდა მონაწილეობას. კრებაზე მონაწილეობას იღებდნენ, კონსტანტინეპოლის პატრიარქი გიორგი, ხოლო ანტიოქიის პატრიარქი მაკარი განკვეთეს და მის ადგილას დაადგინეს თეოფანე. კრებაზე მრავალი სხვა მასწავლებლებიც განკვეთეს, მათ შორის: ონორი, რომელიც რომში ცხოვრობდა, კვიროზ ალექსანდრიელი, თეოფანე ფარანელი, სერგი, პიროსი, პავლე და პეტრე კონსტანტინეპოლელნი, რადგანაც მათ იკადრეს მრევლის წინაშე ექადაგათ, თითქოს იესო ქრისტეს, განკაცების შემდეგ ჰქონდა ერთი ბუნება, ნება და ქმედება, რაც უარყოფდა ქრისტეს ორ ბუნებას, ნებას და ქმედებას, ღვთაებრივსა და კაცობრივს.

ზემოთხსენებულ მწვალებლებთან ერთად შეაჩვენეს, როგორც თავად უწოდებდნენ უგუნური და შეშლილი ბერი პოლიხრონიოსი. მან იქადაგა, რომ ამ სწავლების საფუძველზე შეეძლო მკვდარი აღედგინა. წმიდა მამებმა დართეს ამის ნება, მაგრამ თავი კიდევ უფრო მეტად შეირცხვინა, რადგან მკვდარი ვერ აღადგინა.

კონსტანტინეპოლის სამეფო სასახლეში გამართული VI მსოფლიო საეკლესიო კრებაზე, 168 წმიდა მამის მიერ დამტკიცდა ჭეშმარიტი სარწმუნოება. ასევე, სარწმუნოდ მიიჩნიეს, ხუთი საეკლესიო კრების მიერ დამტკიცებული სწავლება, ხოლო რომის პაპის, წმიდა აგათონის მიერ კონსტანტინეპოლის მეფის მიმართ, მიწერილი ეპისტოლე შეიწყნარეს. ასევე, წმიდა აგათონის მიერ რომში გამართული კრება, რომელშიც 124 ეპისკოპოსი იღებდა მონაწილეობას, დაამტკიცეს.

კრებაზე, რომელსაც მრავალ წმიდა მამასთან ერთად კონსტანტინე მეფეც ესწრებოდა, პატრიარქის მწიგნობართმთავარმა, მართალი სარწმუნოების განჩინება ხმამაღლა წაიკითხა:

ღმრთის ნებით და მადლით, მორწმუნე ღმრთისმსახური მეფის კონსტანტინეს ბრძანებით, ღვთივდაცულ სამეფო ქალაქის დიდ ტაძარში შემოკრებულმა მეექვსე კრებამ, ესრეთ აღწერა და განაწესა, და ამას იტყვის: ღმრთისა და მამის მხოლოდ შობილი ძე და სიტყვა, რომელიც ყოველმხრივ მსგავს არს ჩუენდა, კაც იქმნა, თვინიერ ცოდვისა, ქრისტე, ჭეშმარიტი ღმერთი ჩუენი, წმიდისა სახარებისა ქადაგებით ბრძანებს: „მე ვარ ნათელი სოფლისაი. რომელი შემომიდგეს მე, არა ვიდოდის ბნელსა, არამედ აქუნდეს ნათელი ცხორებისაი“ (იოან. 8, 12). და კუალად თქვა: „მშვიდობასა და გიტევებ თქუენ, მშვიდობასა ჩემსა მოგცემ თქუენ“ (იოან. 14. 27).

საბედნიეროდ ჩვენამდე მოაღწია წმიდა მაქსიმეს შრომების დიდმა ნაწილმა, რის მიმართაც ეკლესიის მამათა ინტერესი, ყოველთვის განსაკუთრებულია. მაგალითად: დოგმატური სწავლება, 2 ტომი, დოგმატური სწავლება ქრისტეს ორი ნების, ქმედებისა და ბუნების შესახებ. ასევე, სხვა სწავლანი მონოთელიტური სწავლების წინააღმდეგ. მონოფიზიტთა წინააღმდეგ დაწერილი შრომებიდან კი ცნობილია: ჭეშმარიტი დოგმატური სწავლება რწმენის შესახებ: ქრისტეს ორი ბუნების შესახებ, სწავლება სულის შესახებ და წერილები პრესვიტერ მარინის მიმართ კვიპროსზე. ასევე, სწავლანი სიყვარულის შესახებ ელპიდესადმი, 400 თავი: „სამოღვაწო სწავლანი“კითხვა_მიგების სახით ელპიდესადმი და სხვა. წმიდა მაქსიმეს, აგრეთვე, ეკუთვნის წმიდა წერილის განმარტებანი, რომელთა შორისაა, სწავლანი წმიდა წერილის სადაო საკითხების შესახებ; 59_ე ფსალმუნის განმარტება; „მამო ჩვენოს“ განმარტება, ლიტურგიკული სწავლანი და მრავალი სხვა. წმიდა მაქსიმეს შრომები განსაკუთრებით გამოირჩევა ღრმა საღვთისმეტყველო დოგმატური და ზნეობრივი ხასიათის სწავლებით.

წმიდა მაქსიმეს სიცოცხლეშივე უწოდებდნენ სამყაროს ლამპარს. ამასვე მოწმობს, მის საფლავზე გარდაცვალების დღიდან გამოჩენილი სამი ღვთაებრივი ლამპარი, რაც უფალმა მისი ღვაწლის სიმბოლოდ უჩვენა ყველას. სიმბოლოდ, თავდაუზოგავი ღვაწლისა, მრავალი განსაცდელის მიუხედავად, რომ არ წყვეტდა წმიდა სამების სადიდებლად ქადაგებას. უფლის დაშვებით, წმიდა მაქსიმე გარდაცვალების შემდეგაც არ წყვეტდა თავის მოღვაწეობას და დიდი ხნის მანძილზე, მის საფლავზე, წმიდა სამების სადიდებლად ანთებული სანთლები არაერთ ადამიანს კურნავდა.

ტროპარი:

მართმადიდებლობისა წინამძღვარო და კეთილმსახურებისა და კრძალულებისა მოძღვარო მაქსიმე, ყოვლისა სოფლისა მნათობო და მღვდელმთავართა კანონო, ყოვლად ბრძენო, სწავლითა შენითა ჩვენ ყოველნი განგვანათლე, ვითარცა ქნარმაა სულიერმან, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებლად სულთა ჩვენთათვის.

კონდაკი:

სამებისა წმიდისა მქადაგებლისა მაქსიმეს ვაქებთ ყოველნი, რამეთუ სარწმუნეობა ღმრთისა ხმამაღლად ქადაგა, ერთი ღმერთი ორი გონებითა, ორითა ვნებითა და ორითა საქმითა, და ღირსად და სარწმუნოებით პატივს ვცემდეთ მას, და უღაღადებდეთ: გიხაროდენ მქადაგებელო სარწმუნეობისაო. ამინ.