|
ღირსი მაკარი დიდი, მეგვიპტელი (+390-391)
სწავლანი წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა მაკარი მეგჳპტელისანი ძმათა მიმართ
თავი ოცდამეექვსე
1. მისივე, წმიდისა მაკარისი, თავი 26
2. რაჲმე არს განგებულებაჲ იგი ქრისტეს მოსლვისაჲ, პირველი იგი და დიდი წმიდისა მის ბუნებისა უკმოქცევაჲ ჩუენდავე მონიჭებაჲ, რამეთუ მოსცა ბუნებაჲ იგი პირველქმნულისა ადამისი კაცთა და მოანიჭა მას ზედა სამკჳდრებელი სულისა წმიდისაჲ?..............
3. რამეთუ მოწევნულ არს ჩუენდა ჟამი იგავით გამოსახვად დიდსა მას განგებულებასა.
4. აღვიღო იგავი იგი, რაჲთა ესრეთ თქუმული ესე გამოგიცხადო.
5. გულისჴმა-ყავთ ქალაქი რაჲმე დიდი და სამეუფოჲ, რომელსა ზედა მოვიდეს უცხოთესლნი და მძლავრი მეფჱ ვინმე უსამართლოჲ და აჲძულა ქალაქი იგი და სამეუფოჲ, რომელი არა მისი იყო შევიდა იძულებით და დაიმონნა ყოველნივე იგი მუნ მყოფნი.
6. და აღჰმართნა მას შინა გოდოლნი მაღალნი და ზღუდენი ძნიად საბრძოლელნი, რაჲთა წინააღუდგეს ჭეშმარიტსა მას მეფესა მის ქალაქისასა და აღაშენნა ტაძარნი და აღჰმართნა მუნ თჳსნი ხატნი და დასხნა თჳსნი წესნი, წინააღმდგომნი პირველისა მის მეფისანი,
7. და დასცა მას შინა თჳსისა ხატისა დრაჰკანი და დრამაჲ და შეიყვანნა აღჭურვილნი განწყობილნი ქალაქსა მას, რაჲთა დაიპყრას და დაიმორჩილნეს მუნ მყოფნი იგი, ნუუკუე ივლტოდინ და წარვიდენ იგი, არამედ იძულებით დაიმორჩილნეს და აქმნევდეს საქმეთა თჳსთა.
8. ხოლო ჟამნი მრავალნი გარდაჴდეს და იყვნეს იგინი ესევითარსა სიმაგრესა ზედა და სცვიდეს ქალაქსა მას და მუნ მყოფნი იგი დაიმონნეს და მოვიდა მეუფჱ იგი ქალაქისაჲ მის და წარტყუენულთაჲ მათ და პირველ მიავლინნა და აუწყა მათ გამოჴსნაჲ მათი,
9. რაჲთამცა ცნა, თუ მიელიან-ძი მისმიერსა მას გამოჴსნასა, და ვითარცა ცნა განზრახვაჲ მათი, მოვიდა უშჯულოსა მას მთავარსა ზედა და დაარღჳნნა მაღალნი იგი ზღუდენი და სიმტკიცენი მისნი,
10. რომელთა ესვიდა და ხატნი მისნი უჩინო-ყვნა და შჯულნი მის მიერ განაქარვნა და შეცვალნა ყოველნივე წესნი მისნი დასხმულნი ქალაქსა მას შინა და იგი შეკრა და მისცა ხრწნილებასა.
11. და აღაშენა ქალაქი იგი მეორედ ახლად და შექმნნა მას შინა სიმაღლენი და ზღუდენი სწორნი სიმაღლესა ცისასა, რაჲთა ვერღარა შეუძლოს მტერმან შესლვაჲ და უფლებაჲ მისი.
12. და შჯულნი მშჳდობისანი დასხნა მას შინა და ხატნი სამეუფონი აღჰმართნა მას შინა და ვეცხლი გამოცდილი დასცა მას შინა და ყოველნი ბრძანებანი მშჳდობისანი და განსუენებისანი ბრძანნა
13. და თითოსახედ შეამკო ქალაქი იგი და ესრეთ დაემკჳდრა მას შინა და სათნო-უჩნდა მას იგი და აცხადებდა მოყუარეთა მისთა.
14. ეგრეთვე პირველად წარეკიდა კაცსა, რამეთუ დაჰბადა იგი ღმერთმან ჴელითა თჳსითა ცხოველი, დიდებული, სიტყჳერი.
15. მერმე ზაკუევით გუელი ბოროტი და მტერი ჭეშმარიტისა მეუფისაჲ მოვიდა ქალაქსა მას ზედა ღმრთისასა და წარტყუენა იგი ურჩებითა თჳსითა და ტყუჱ-ყო სული მისი და მოქალაქობაჲ იგი გულისსიტყუათა მისთაჲ დაიმორჩილა
16. და დასთესნა მის შორის გულისსიტყუანი შეგინებულნი და ქალაქები უკეთურებისაჲ აღაშენა მის შორის, რომლისათჳსცა მოციქული იტყჳს, ვითარმედ: „ვინ მიჴსნას მე ჴორცთა ამათგან სიკუდილისათა?“
17. და აღამაღლა სიმაღლჱ გულისსიტყუათაჲ მეუფესა ზედა ცათასა და აღაშენნა სიმტკიცენი მოუგონებელთა ბოროტთანი, რომელნი-იგი იტყოდეს მაღლისათჳს უჯეროებასა.
18. და აღაშენნა სახლნი უკეთურებისნი სავსენი ურწმუნოებითა, უჯეროებითა, უკეთურებითა, შურითა, სიმწარითა, სიძვითა.
19. ესე არიან სახლნი უშჯულოებისანი.
20. ესევითარნი სახლნი აღაგნეს უცხოთესლთა სულსა შინა, ვითარცა ფსალმუნი იტყჳს: „აღივსო შესულებითა ქუეყანისაჲთა სახლები უშჯულოთაჲ“ და დადვა წესი მეუფისა მის წინააღმდგომი, შჯული იგი ცოდვისაჲ და ხატნი ნისლისფეროანნი აღჰმართნა მას შინა სავსენი სალმობითა თითოფერითა
21. და ვეცხლი გამოუცდელი და შეურაცხი დაჰბეჭდა და დასცა მას შინა და წესნი უკეთურებისანი ასწავნა მას და შეიყვანნა მას შინა მწყობრნი და დასნი სულთა უკეთურთანი, რაჲთა ეუფლოს მას და ყოველთა გულისსიტყუათა მისთა და შეკრას იგი საკრველითა განუჴსნელითა.
22. და დაჰმარხოს იგი მოქლონთა შინა რკინისათა და ბჭეთა რვალისათა და აჭირვებდეს მას ქმნად საქმეთა მისთა განზრახვისა მისისაებრ ბოროტისა.
23. ხოლო განხრწნა იგი და ისიძვა მის თანა სიძვითა ბოროტითა და დადვა საბურველი თუალთა ზედა მისთა, რაჲთა ვერ ხედვიდეს მეუფესა თჳსსა.
24. და იძულა იგი ფქვად წისქჳლთა ბნელთა და აღმოუცენა წყაროჲ მწჳრისაჲ და ერი მისი განაბნიეს.
25. აღსძარცუეს დიდებაჲ მისი და შეჰმოსეს ძონძი შეგინებული უპატიოებისაჲ.
26. და მრავალთა მათ ჟამთა დაჰვიწყდა მეუფე იგი თჳსი და ჰგონებდა, ვითარმედ ესევითარი დაბადებული არს პირველითგან და არღარა აჴსოვდა აზნაურებაჲ იგი თჳსი.
27. ამისთჳს ზეცისა მეუფემან ქრისტემან მოავლინნა პირველად წინაწარმეტყუელნი, რაჲთა მიუთხრონ კაცთა პირველი იგი პატივი მათი და ასწავა მათ, თუ ვითარსა სიბნელესა შინა არიან,
28. რამეთუ მოსლვად არს იგი და გამოჴსნად მათდა და დარღუევად და უჩინო-ყოფად ყოველთავე გოდოლთა და ქალაქთა ბოროტთა გულისსიტყუათაჲსა, რომელნი აღშენებულ იყვნეს გულისჴმის-ყოფასა ზედა ღმრთისასა, და შეცვალებად წესთა მათ ბოროტთა და მტერთა მეუფისათა................
29. რამეთუ პირველ სული შეპყრობილ იყო ტყუეობასა შინა ბნელისასა.
30. ვითარცა წერილ იტყჳს, ვითარმედ: „ჴმაჲ ჰრამას ისმა გოდებაჲ და ტირილი და გლოვაჲ ფრიადი.
31. რაქელ სტიროდა შვილთა თჳსთა და არა უნდა ნუგეშინის-ცემის, რამეთუ არა იყვნეს“.
32. ესე ცხადად იქმნა, რაჟამს ჰეროდე უფლისა შობასა ყრმანი მოსრნა.
33. ხოლო ფარულად გულისჴმა-იყოფების „ჴმაჲ ჰრამაჲთ“, რომელი არს ბორცჳ, ესე იგი არს, ვითარმედ ჴმაჲ ზეცას ისმა: გოდებაჲ და ტირილი და გლოვაჲ ფრიადი.
34. რაქელ ჭეშმარიტი იგი დედაჲ, მადლი ზეცისაჲ, სული წმიდაჲ სტიროდა ტყუეობასა კაცთასა, რომელნი-იგი მთავარსა მას ქუეშე ბნელისასა იყვნეს.
35. ხოლო სტიროდა რამეთუ არა იყვნეს ნათელსა შინა სულისასა.
36. ხოლო ოდეს სათნო-იყო ღმერთმან და მოჰფინა სული თჳსი მორწმუნეთა თჳსთა ზედა შვნა იგინი სულისა წმიდისა მიერ, მაშინ სიხარული იყოს ცათა შინა წინაშე ანგელოზთა ღმრთისათა, ვითარცა წერილ არს,
37. ვითარმედ: „ესრეთ სიხარული იყოს ცათა შინა ერთსა ცოდვილსა ზედა, რაჟამს შეინანოს“.
38. რამეთუ ზეცისა დედამან იერუსალჱმმან, რომელი-იგი პირველ ბერწ იყო, შვა მან ნათესავი კაცთაჲ, რომელნი-იგი იყვნეს არა პირველ მის თანა, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: „ზეცისა იერუსალჱმი აზნაურ არს, ჩუენ ყოველთა დედაჲ“.
39. და აწ რომელიცა არა შობილ არს დედისა მისგან ზეცათაჲსა, არამედ ჯერეთ ხატი ძუელისა მის კაცისაჲ ჰმოსია და საბურველსა ამას ქუეშე ბნელისასა იყოფების და მონებასა მას შინა მწარესა და საკრველთა მათ შინა ცოდვისათა არნ,
40. გლოვასა მწარესა აღუდგენს რაქელს დედასა და ზეცისა ქალაქსა წმიდათასა, რამეთუ მწუხარე არს იგი, რაჟამს ხედვიდეს კაცთა საუკუნესა მას შინა სიკუდილსა მდებარეთა და შეკრულთა საკრველითა განუჴსნელითა და უფროჲსად ჟამსა ამას გამოჴსნისასა.
41. რამეთუ ამან სახიერმან დედამან ყოველთა კაცთა მოუწოდა და ინება, რაჲთამცა იშვნეს ყოველნივე მის მიერ და იქმნეს ზეცისა.
42. ამისთჳს ქადაგნი განავლინნა ყოველთა მოწოდებად შობად მისგან, და რაოდენთაცა ირწმუნეს და ესვიდეს მას და შეიყუარეს ნათელი, ვიდრეღა ბნელი, მათ პოვეს აღთქუმაჲ მეორედ შობისაჲ, დიდებაჲ სახიერსა მას დედასა და ზეცისა ქალაქსა წმიდათასა, ამენ.
|
|