მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

ღირსი მაკარი დიდი, მეგვიპტელი (+390-391)

 

სწავლანი წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა მაკარი მეგჳპტელისანი ძმათა მიმართ

 

თავი ოცდამეხუთე

 

1. მისივე, მამისა ჩუენისა მაკარისი, თავი 25
2. რომელთა ენებოს თავისა თჳსისა მიცემაჲ ჭეშმარიტებით უფლისა და საუკუნოჲსა მისთჳს აღთქუმისა ბრძოლად უკეთურისა მის, რომელი-იგი ყოველსა სულსა ებრძვის, მათ თანა-აც,
3. რაჲთა უწინარეს ყოვლისა მოიგონ სარწმუნოებაჲ მტკიცე და სასოებაჲ შეურყეველი, რაჲთა მის მიერ შეუძლონ განჴურვებულთა ამათ უკეთურისა ისართა დავსებად.
4. ხოლო დაღაცათუ წინააღმდგომი იგი ბევრეულითა ღონითა წინააღუდგებოდის, რაჲთამცა დაჰჴსნნა იგინი სასოებისა და სიყუარულისა მისგან ღმრთისა, გინა თუ შინაგანითა ბრძოლითა სულთა მიერ უკეთურთა,
5. ანუ გულისსიტყუათა მათ ბოროტთა და შეგინებულთა, რამეთუ პირველად ცოდვათა მოაჴსენებნ და დაშჯინ სულსა, რაჲთამცა დაჴსნილობად მოიყვანა.
6. ვითარმედ შეუძლებელ არს ცხორებაჲ, რაჲთამცა სასოწარკუეთილებად მოიყვანა სული.
7. და ესრეთ შვის უკეთურებაჲ იგი ვნებათაჲ სულსა შინა, რაჲთა სულმან ვერ იცნას, თუ უცხო რაჲმე სული არს, რომელი ამაოდ აგონებს.
8. რამეთუ არა ჰნებავს ეშმაკსა, რაჲთამცა იცნა იგი, ვითარმედ არს გულსა შინა სული უცხოჲ ღმრთისაჲ, რაჲთა ესრეთ მოიყვანოს იგი უსასოებად და მერმე უძლურებანი ჴორცთანი მოაწინეს, ანუ თუ ყუედრებანი კაცთა მიერ.
9. და უკუეთუ ამით ყოვლითა უკეთური იგი ებრძოდის სულსა, ხოლო კაცი იგი სასოებისაგან ღმრთისა არა განეყენოს, არამედ უფროჲსად მას შეეჭრებოდის, ვითარცა მხოლოსა მკურნალსა ვნებათა სულიერთასა და ............
10. უკუეთუ ვინმე კუალად მოითმინნეს, იგინი უფროჲსად დასამტკიცებელ არიან მისა.
11. მითხარღა, უკუეთუმცა მეფედ ყოვლისა სოფლისა დაგადგინებდეს და შენმცა მხოლოჲ იყავ მეფე სოფლისაჲ, ვინაჲთგან ნათესავი კაცთაჲ დაიბადა, ვიდრე აღსასრულამდე ჟამთა, მიჰყიდემცა ეგევითარსა მას მეუფებაჲ ცათაჲ?
12. უკუეთუ მართლიად შჯიდე სთქუა ვითარმედ ნუ იყოფინ, ვითარმცა მივჰყიდე „საუკუნოჲ იგი და უხრწნელი ცხორებაჲ ხრწნილისა ამის და წარმავალისათჳს!“
13. ვითარცა უფალი იტყჳს ვითარმედ: „რაჲ სარგებელ არს, უკუეთუ შეიძინოს კაცმან ყოველი სოფელი და სული თჳსი დაიჭირვოს?
14. ანუ რაჲ მისცეს ნაცვლად სულისა თჳსისა?“
15. რამეთუ ყოვლისა სოფლისა და სუფევისა მისისა და დიდებისა და სიმდიდრისა სული უპატიოსნეს არს.
16. არა თუ ცათა იგი სუფევაჲ უპატიოსნეს არს, ამისთჳს რამეთუ არღარას შინა დაბადებულთა თჳსთაგანისა ინება ღმერთმან შეერთებაჲ თჳსისა მის შუენიერებისა სულისაჲ და ზიარებაჲ არცა ცასა, არცა მზესა, არცა ვარსკულავთა, არცა ზღუასა, არცა ქუეყანასა, არცა სხუასა რას,
17. არამედ კაცსა ოდენ, რომელსა უყუარდეს იგი უფროჲს ყოველთაჲსა.
18. ხოლო დიდნი დიდებანი და სუფევანი სოფლისანი უკუეთუ მართლ ვსაჯოთ, არა ღირს არიან ცხორებასა თანა საუკუნესა, მაშა ვითარ მრავალნი არარათა და უნდოთა საქმეთათჳს მივყიდით მას, ვითარ გულისთქუმისა დიდებისა რაჲსათჳსმე ამაოჲსა, ანუ შესაძინელისა ბოროტისა,
19. რამეთუ რომელნიცა ამის სოფლისა ნივთნი ვის უყუარდენ და რომელსა შემშჭუალულ იყოს, მასცა მიჰყიდის საუკუნესა მას ცხორებასა.
20. რამეთუ რომელიცა ვის უყუარდეს, იგიცა ღმერთ მისა არს, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: „რომლითაცა ძლეულ არნ, მისიცა მონაჲ არნ“.
21. რამეთუ რომელსა სასუფეველისათჳს ცათაჲსა სუროდის, თანა-აც, რაჲთა ყოვლისავე ამის სოფლისა საქმეთა უზეშთაეს იყოს და წარჰჴდეს ყოველთავე საზღვართა ქუეყანისათა
22. და განხეთქნეს ყოველნივე საკრველნი სოფლისანი დიდებაჲ ოდენ შეიყუაროს და არღარაჲ შეჰრთოს სიყუარულსა მას თანა ამის სოფლისაჲ.
23. რამეთუ რომელსა სიყუარული საღმრთოჲ აქუნდეს, იგი ვითარცა მახჳლი ორპირი ყოველსავე სიყუარულსა სოფლისასა განჰკუეთს და ვერარაჲ ხილულთაგანი დააყენებს სულსა მას: არცა დიდებაჲ, არცა სიმდიდრე, არცა სხუაჲ რაჲმე საკრველი ქუეყანისაჲ................
24. რამეთუ უკუეთუ ხილულსა და განხრწნადსა ამას მეუფჱბასა შინა ესევითარნი ჭირნი და ღუაწლნი იქმნებიან,
25. რაჲთამცა პოა თჳთეულმან გულისსათქუმელი დიდებაჲ რაჲმე, ანუ პატივი წარმავალი, მაშა, ვითარ არა უფროჲსად ჯერ-არს, რაჲთა უხრწნელისა მის და წარუვალისა დიდებისა და სუფევისათჳს ვიღუაწიდეთ ტკივილითა, რაჲთა დავიმკჳდროთ იგი.
26. მითხარღა, კაცო, კეთილ-გიჩსა, რაჲთა წარმავალისა ამის დიდებისათჳს ესრეთ იღუწიდე, რომელი დღეს არს და ხვალჱ არა, და ესეზომნი თავს-ისხნე?
27. ხოლო სუფევისა მისთჳს საუკუნოჲსა ღმრთისა თანა წარუვალისა არცა ერთი რაჲ ჭირი ანუ შრომაჲ თავს-იდვა ამას სოფელსა, რაჲთა მცირედისა ჟამისა წილ უკუე ღმრთისა თანა ჰსუფევდე?
28. მე ვჰგონებ, ვითარმედ ფრიად სუბუქნიცა და ჩჩჳლნი გონებითა ამას გულისჴმა-ჰყოფენ, ვითარმედ კეთილ არს, რაჲთა მცირედსა ჟამსა იღუაწოს და უკუნისამდე ძლევაჲ მოიგოს და მძლედ გამოჩნდეს,
29. ვიდრეღა მცირედსა ჟამსა არა ებრძოლოს, არამედ უდებ იქმნას და სოფლისა ზრუნვათა შეემშჭუალოს და მერმე უკუნისამდე სირცხჳლეულ იყოს და ძლეულ.
30. რამეთუ რაჟამს კაცი კეთილთა შინა საქმეთა იყოფოდის და სიტყუასა წერილთასა აღასრულებდეს, ყოველნივე მას აქებდენ: წერილნიცა და გარეგანნიცა იგი ბრძენნი და ყოველნი კაცნი.
31. და იგი არს წინაშე ღმრთისა ჭეშმარიტი ბრძენი, რომელი ბოროტთა გულისთქუმათა თჳსთა წინააღუდგებოდის.
32. ხოლო რომელი სიტყუათა ზედა სიბრძნისათა იქადოდეს და ვნებანი ვერ დაემორჩილნეს, იგი ცოფ და უგუნურ არს, რამეთუ მონაჲ ვნებათაჲ არს იგი.
33. რამეთუ კაცსა ღმრთისასა არა უჴმს, რაჲთა მისცეს თავი თჳსი მრავალმეტყუელებასა, არამედ რაჲთა საქმეთა ოდენ საღმრთოთა იქმოდის და სიტყუასა წერილთასა აღასრულებდეს.
34. რამეთუ ყოველნივე წერილნი, გინა თუ საღმრთონი, გინა თუ სოფლისა შჯულნი კეთილთა საქმეთა აქებენ და ბოროტთათჳს სატანჯველსა განაგებენ.
35. ხოლო შენ უკუეთუ კეთილსა იქმოდი, ყოველნივე შენთჳს იტყჳან და შენ გაქებენ აღსრულებისათჳს სათნოებათაჲსა და ყოველთა პირთა შინა ხარ.
36. ვისწრაფოთ უკუე, ძმანო, აღსრულებად მცნებათა უფლისათა, რომელნი-იგი ესევითართა კეთილთა მომატყუებელ არიან და სულსა მას მოველოდით რაჲთა სულითა და ჴორცითა აქაჲთვე განვიწმიდნეთ აღსრულებითა მცნებათაჲთა და სულისა წმიდისა მიერ და ღირს ქრისტესა ვიქმნეთ.
37. ესრეთ ვიქმნეთ ძჱ მამისა მის ზეცათაჲსა ზიარებითა სულისა მისისაჲთა და „ვიქმნეთ მკჳდრ ღმრთისა თანა და თანამკჳდრ ქრისტესა“ – სიტყჳსაებრ მოციქულისა და ესრეთ ქრისტეს საუკუნენი კეთილნი დავიმკჳდრნეთ დაუსრულებელთა მათ საუკუნეთა უკუნითი. ამენ.