მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

ღირსი მაკარი დიდი, მეგვიპტელი (+390-391)

 

სწავლანი წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა მაკარი მეგჳპტელისანი ძმათა მიმართ

 

თავი ოცდამეოთხე

 

1. მისივე, წმიდისა მამისა მაკარისი, თავი 24
2. რომელნი-იგი განშორებულ არიან სოფლისაგან და ისმენენ კეთილად სიტყუასა ღმრთისასა და სათნოდ მოქალაქობდენ, ხოლო ჯერეთ არიან საბურველსა მას ქუეშე ვნებათასა, რომელი ურჩებითა ადამისითა ყოველთავე მოვიგეთ,
3. ესე იგი არს ჴორციელი იგი ბოროტთა გულისსიტყუათა გონებაჲ, რომელსა მოციქული სიკუდილად უწესს და იტყჳს, ვითარმედ: „ცნობაჲ იგი ჴორცთაჲ სიკუდილი არს“.
4. ესევითარნი იგი მსგავს არიან კაცთა, რომლნი ღამით ვიდოდიან და ვარსკულავთა მიერ ნათელსა მიიღებდიან, რომელ-იგი არიან წმიდათა წერილთა სიტყუანი,
5. არამედ ჯერეთ ბნელსავე შინა არიან, რომელ არს უხილავი იგი ძალი ვნებათაჲ, და მას შინა შებრკოლდებიან და ვერ შემძლებელ არიან ყოვლისავე წმიდად ხედვად სიბნელისა მისგან ვნებათაჲსა.
6. ამისთჳსცა ჯერ-არს მათდა, რაჲთა ტკივილითა და სარწმუნოებითა დიდითა ევედრებოდიან მეუფესა მას ცათასა, რაჲთა გამოუბრწყინდეს დღე იგი მზისა მის სიმართლისაჲ გულთა შინა მათთა და ესრეთ შემძლებელ იქმნენ ხილვად ყოველსავე კეთილად.............................
7. ხოლო რომელნი სოფელსა ამას შინა აღრეულ არიან, მსგავს არიან იგინი კაცთა, რომელნი ვიდოდიან ღამესა უკუნსა და სავსესა ღრუბლითა, რომელსა შინა არა ჩანნ ყოვლადვე სინათლჱ ვარსკულავისაჲ, რომელ არს სიტყუაჲ საღმრთოჲ,
8. არამედ იყვნიან იგინი ვითარცა ბრმანი აღრეულ ნივთთა სოფლისათა და შიშისა ღმრთისასა, არცა მცნებათა მისთა ეკრძალნიან ყოვლადვე, არამედ ცთომილ არიან იგინი საქმეთა შინა ამაოებისათა ბოროტთა.
9. ხოლო რომელნი მცნებათა მიერ ღმრთისათა, ვითარცა ვარსკულავთა მიერ, ესრეთ განათლდებიან, იგინი არა არიან სრულიად სიბნელესა შინა.
10. ამისთჳსცა შემძლებელ არიან ქონებად სასოებასა ცხორებისასა.
11. რამეთუ ვითარცა კაცნი სოფელსა შინა თითოფერთაგან სახეთა შეიკრბენ სიმდიდრესა და თითოსახითა ღონითა შეიკრბენ ოქროსა, ეგრეთვე თითოფერთა მადლთაგან, ვითარცა წერილ არს,
12. ვითარმედ: „გუქონან მადლნი თითოსახენი მადლისა მისებრ მოცემულისა ჩუენდა“და თითოსახეთა მოღუაწებათა და სათნოებათაგან შეკრბების სიმდიდრჱ იგი და ოქროჲ ზეცისაჲ.
13. ოდენ რაჲთა ყოველსავე ღმრთისათჳს ვიქმოდეთ სარწმუნოებისა მისებრ და ღონისძიებისა კეთილისა, ამისთჳს არა ჯერ-არს, რაჲთა კაცი განიკითხვიდეს, ანუ შეურაცხ-ჰყოფდეს მოყუასსა თჳსსა, არამედ თითოეული რბიოდენ ღმრთისათჳს მოღუაწებითა და სარწმუნოებითა.
14. არამედ ჩანან თუ, რომელნი ოქროსა თხრიან და თუალთა მათ ოქროჲსათა გამოიძიებენ.
15. ესე იგი არს, რომელნი ისწრაფიან გონებითა მაღლითა სისრულედ მიწთომად.
16. რამეთუ რომელნი სულგრძელებით და მოთმინებით იქმოდინ ჴელოვნებათა მათთა, გინა თუ ქუეყანასა რასმე იქმოდინ, განმდიდრდებიან და დიდებულ იქმნებიან სოფელსა შინა.
17. ხოლო მიზდურნი და უდებნი, რომელნი არა სულგრძელ იყვნიან, იგინი მარადის მშიერ და შიშუელ იყვნიან.
18. ეგრეთვე რომელნი საქმეთა სათნოებისათა სარწმუნოებით და სულგრძელებით და სასოებაჲ იგი ზეცისაჲ წინაშე თუალთა აქუნდეს ჭეშმარიტებით, იგინი მოიგებენ სიმდიდრესა მას სულიერსა, მოთმინებითა და სულგრძელებითა მათითა და ვედრებითა ღმრთისა მიმართ.
19. ამისთჳს დიდებულ იყვნიან.
20. ხოლო უთმინონი იგი, რომელნი მოღებად ზედა მადლისასა მზა იყვნიან, ხოლო ჭირსა და მოღუაწებასა შინა სულმოკლე და უთმინო, იგინი შიშუელ იქმნებიან მადლისა მისგან, რომლისა მიღებად ღირს იქმნეს,
21. რამეთუ უძლური იგი და უდები გონებაჲ რომელი არა შეეზავებინ მადლსა მას, არამედ შიშუელ არნ ყოვლისა საქმისა კეთილისაგან, ეგევითარი იგი გამოუცდელ და უჴმარ იპოვის წინაშე ღმრთისა დღესა მას.
22. რამეთუ რომელსა ჰნებავს ჭეშმარიტებით უფლისა სათნო-ყოფაჲ და უკეთურისა მის წინააღდგომად, მზა იყოს გონებასა მისსა, ორსა ღუაწლსა შინა აქუს ბრძოლაჲ:
23. ერთად – ცხადთა მათ მიმართ საქმეთა სოფლისა, ზრუნვათა და სიყუარულთა ჴორციელთა, ხოლო მეორედ – ფარულთა მათ სულთა უკეთურთა მიმართ, რომელთათჳს პავლჱ იტყოდა,
24. ვითარმედ: „არა არს ბრძოლაჲ ჩუენი სისხლთა მიმართ და ჴორცთა, არამედ მთავრობათა მიმართ და ჴელმწიფებათა სოფლისმპყრობელთა ბნელისათა, სულთა მიმართ უკეთურთა, რომელნი არიან ცასა ქუეშე“.
25. რამეთუ ვინაჲთგან გარდაჰჴდა კაცი მცნებასა, ორითა სახითა და ორითა საკრველითა შეკრულ იქმნა,
26. რაჟამს-იგი სამოთხით გამოვარდა და საქმითა ამის სოფლისაჲთა და სიყუარულითა მისითა, ჴორციელთა გემოთა და სიმდიდრისა და პატივისა და მონაგებთა, ცოლისა და შვილთა და ნათესავთა და მამულთა და ყოველთაგანვე საქმეთა სოფლისათა, რომელთათჳს უბრძანებს ღმრთისა სიტყუაჲ,
27. რაჲთა განიჴსნას მათგან ნეფსით, რამეთუ ყოველსავე შინა ნეფსით შეკრულ არს თითოეული კაცი, რაჲთა ამის ყოვლისაგან განიჴსნას და განათავისუფლოს თავი თჳსი და ესრეთ შეუძლოს სრულიად და მარტივად მცნებათა.
28. ხოლო ფარულად შეზღუდვილ არს და შეღობვილ და შეყენებულ ბნელსა სული სულთა მათგან უკეთურთა და შეკრულ არს ჯაჭჳთა ბნელისაჲთა და ვერ შემძლებელ არს სიყუარულად უფლისა, ვითარცა ჰნებავს.
29. არცა სარწმუნოებად გინა თუ ლოცვად, ვითარცა ჰნებავს, რამეთუ ყოვლისავე საქმისა წინააღდგომაჲ ჩუენ შორის იქმნა გარდასლვითა მით პირველისა კაცისაჲთა მცნება.
30. ხოლო რაჟამს კაცმან ისმინოს სიტყუაჲ ღმრთისაჲ და ისწრაფოს და განაგდოს თჳსაგან ყოველივესავე საკრველისა ამის სოფლისა და უვარ-ყვნეს ყოველნივე გემონი ჴორციელნი და ღმრთისასა ოდენ ზრუნვიდეს,
31. მერმე შემძლებელ არს გულისჴმის-ყოფად, ვითარმედ არს შინაგან გულსა და სხუაჲ ღუაწლი წინა-უც და უკუეთუ ესრეთ ხადოდის უფალსა მოთმინებითა დიდითა და სარწმუნოებითა შეუორგულებელითა,
32. მერმე შემძლებელ არს, რაჟამს მოელოდის შეწევნასა მისსა, პოვნად და შინაგანისა მისგან იჴსნის საკრველთაგან და ზღუდეთა და შუვა კედელთა განრომად, რომელი-იგი არიან ძალნი ვნებათანი.
33. ხოლო ესე ბრძოლაჲ მადლითა და ძალითა უფლისაჲთა შემძლებელ არს დაჴსნად, რამეთუ კაცსა თავით თჳსით მათგან განრინებად ვერ ძალ-უც, არამედ ესე ოდენ ძალ-უც, რაჲთა წინააღუდგებოდის და არა შეეყოფვოდის, არამედ სიტყუა-უგებდეს.
34. უკუეთუ კულა კაცი აღრეულ იყოს საქმეთა შინა სოფლისათა და შებღალულ ვნებათა მიერ, მან არცა უწყის, თუ არს სხუაჲ ბრძოლაჲ და სხუანი ბრძოლანი შინაგან და ნეტარ, თუ მაშინ შეუძლოს გულისჴმის-ყოფად ბრძოლისა მის,
35. რაჟამს განჴსნას თავი თჳსი საკრველთა მათგან სოფლისათა და განთავისუფლდეს ვნებათაგან.
36. რამეთუ უკუეთუ ვითარცა პირველად ვთქუ, არა უვარ-ყოს კაცმან სოფელი და განჴსნას თავი თჳსი სოფლისა ამის გულისთქუმათაგან და ყოვლითავე გულითა ღმერთსა შეევედროს, ვერ გულისჴმა-ჰყოფს ფარულსა მას ბრძოლასა ვნებათასა სულთა მათ უკეთურთასა.
37. არამედ ჯერეთ უცხო არნ თავისა თჳსისაგან და ვერ იცნობნ თავსა თჳსსა და ჰქონან დაფარულნი ვნებანი და წყლულებანი და არა უწყის, რამეთუ ცხადთა ვნებათა სოფლისათა შემშჭუალულ არს.
38. რომელმან ჭეშმარიტად სოფელი უყუარდა და იღუაწოს და განაგდონ ტჳრთი იგი სოფლისაჲ და უცხო-ყონ თავი თჳსი ზრუნვათა და გულისთქუმათაგან ქუეყანისათა და დიდებისა და პატივისაგან და მერმე ღუაწლსა მათ შინა უფალი შეეწევის მას საზომისაებრ სოფლისა უვარის-ყოფისა.
39. და დადგის რაჲ მსახურებასა შინა უფლისასა ყოვლითურთ სულით და ჴორცით, მუნ ჰპოვებს წინააღმდგომთა და ვნებათა ფარულთა და ბრძოლათა უჩინოთა და ვნებათა უხილავთა.
40. და ესრეთ რაჲ ევედრის უფალსა სარწმუნოებით და მიიღის ზეცით საჭურველი იგი სულისაჲ,
41. რომელთათჳს ნეტარი პავლჱ იტყჳს: „ჯაჭჳ სიმართლისაჲ“ და „ჩაფხუტი ცხორებისაჲ“ და „ფარი სარწმუნოებისაჲ“ და „მახჳლი სულისაჲ“, და მით შეიჭურის და „ესრეთ შეუძლის წინააღმდგომად ღონეთა ეშმაკისათა“.
42. რაჟამს შეიმოსოს საჭურველი ესე ლოცვითა და მოთმინებითა და ვედრებითა და, უფროჲს ყოვლისა, სარწმუნოებითა და სძლის რაჲ ბრძოლასა მას წინააღმდგომთასა ძალითა სულისა წმიდისაჲთა და თჳსითა ყოველთავე სათნობათა შინა მოსწრაფებითა,
43. ესრეთ პოვის ცხორებაჲ საუკუნოჲ დაუსრულებელი უკუნითი უკუნისამდე, ამენ.