|
ღირსი მაკარი დიდი, მეგვიპტელი (+390-391)
სწავლანი წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა მაკარი მეგჳპტელისანი ძმათა მიმართ
თავი მეცამეტე
1. თქუმული მისივე, წმიდისა მაკარისი, თავი13
2. კაცი ჭეშმარიტებისმოყუარე და ღმრთისმოყუარე, რომელსა ენებოს მისლვაჲ ცხორებასა საუკუნესა და სარწმუნოებითა თჳსითა ეხილვოს გემოჲ ჭეშმარიტებით სიტკბოებისა მის ზეცისაჲ სულისა ამის ცხოველისაჲ
3. და უხრწნელებისა მის სიტკბოებისა თანამდებ იქმნას და სულიერისა მის საზრდელისა გამოცდილებაჲ და გულისჴმის-ყოფაჲ მიეღოს და მადლი იგი დანერგულ და შეზავებულ იყოს სულსა შინა მისსა და სრულიად მიეცეს თავი თჳსი ნებასა მას მადლისასა.
4. ეგევითარსა ყოველივე იგი ამის საწუთროჲსაჲ შეურაცხ-უყოფია და არარად უჩნს მას, რამეთუ უზეშთაეს არს იგი ყოვლისავე სოფლისა და ყოველნივე ხილულნი საქმენი, დიდებულნი კაცთანი – ოქროჲ, გინა ვეცხლი, გინა ქვანი პატიოსანნი, ანუ დიდებანი და მთავრობანი,
5. ანუ ერისკაცთა მიერ პატივისცემანი, ანუ სხუანი რაჲმე საქმენი ამის სოფლისნი – საძაგელ და უპატიო უჩან და ვითარცა სავსენი სიმყრალითა,
6. ესრეთ შეურაცხიან ჭეშმარიტისა მის და გამოუთქუმელისა შუენიერებისათჳს სულიერისა მის ნათლისა და დიდებისა მის და სიმდიდრისა კეთილთა მათ ზეცისათა, რომელსა-იგი გემოჲს-ხილვად ღირს იქმნა შინაგანი იგი კაცი სულისა მორწმუნისაჲ.
7. და რამეთუ სრულიად თავი თჳსი მიუცემია ნებასა სულისასა.
8. ხოლო ესევითარსა ამას, რაჲცრა შეემთხჳოს დიდებაჲ ამის სოფლისაჲ – სიმდიდრე, ანუ პატივი, ანუ მთავრობაჲ, ანუ თაყუანისცემაჲ, ანუ ქებაჲ, ანუ ნეტარებაჲ კაცთაჲ – ვერარაჲ ამათგანი შემძლებელ არს დამჭირვად და დამდაბლებად მისა,
9. ამისთჳს რამეთუ სხჳსა სიმდიდრისა ჭეშმარიტისა გამოცდილებაჲ მოუღებდა და სხჳსა დიდებისა და პატივისა ზეცათაჲსა გემოჲ უხილავს და სული მისი იშუებს საშუებელითა და სიტკბოებითა უხრწნელითა და ყოვლითა გულისჴმის-ყოფითა და გულსავსებითა ზიარებისა მის სულისა წმიდისაჲთა.
10. ვითარცა სიტყჳერი იგი მწყემსი უზეშთაეს არს სიტყჳერთა მათ საცხოვართა ყოვლითურთ: სიბრძნითა და გულისჴმის-ყოფითა და განკითხვითა, .... ვითარცა მოციქულმან წამა და თქუა, ვითარმედ: „ვინ განგუაშორნეს სიყუარულსა ქრისტესსა“, და შემდგომი ამისი.
11. ხოლო სიყუარულსა მას სულისა წმიდისასა ვერვინ ჰპოებს, ვერცა მოიგებს სულსა შორის თჳსსა, უკუეთუ არა უცხო-ყოს თავი თჳსი ყოვლისაგანვე სოფლისა და მისცეს ყოვლითურთ ქრისტეს ძიებასა
12. და მოიცალოს გონებამან მისმან ყოვლისაგანვე საქმისა ნივთიერისა და ზრუნვისა ამის საწუთროჲსასა, რაჲთა ყოველივე ზრუნვაჲ მისი იყოს ერთსა საქმესა ზედა და ყოველთა მცნებათა მიერ იგი ოდენ საქმე წარჰმართოს,
13. რაჲთა ყოველივე ზრუნვაჲ და საურავი გონებისაჲ იყოს ძიებისათჳს და მოგებისა სიმდიდრისა მის სულიერისა, ანუ თუ ვითარ შეამკოს იგი სათნოებითა და სულიერითა მით სამკაულითა და სიწმიდითა მით ქრისტესითა.
14. რამეთუ ჯერ-არს, რაჲთა განაშოროს კაცმან თავი თჳსი ყოვლისაგან ნივთისა ამის სოფლისა და სიყუარულისაგანცა დიდებისა და შუენებისა და არარას შეეყოს გონებაჲ მისი არცა პატივსა კაცთასა, არცა სიყუარულსა ჴორცთასა, არცა ზრუნვასა ქუეყანისასა,
15. არამედ ერთი ოდენ ზრუნვაჲ აქუნდეს გონებასა მისსა, რაჲთამცა მოიგო სიმდიდრჱ იგი სულიერი და მარადის მოელოდის მოსლვასა წმიდისა სულისასა, ვითარცა უფალი იტყჳს,
16. ვითარმედ: „მოთმინებითა თქუენითა მოიპოვნეთ სულნი თქუენნი“ და „ეძიებდეთ სასუფეველსა ცათასა და ესე ყოველი მოგეცეს თქუენ“.
17. და რაჟამს ესრეთ იღუწიდეს ლოცვითა და ღაღადებითა და მორჩილებითა და სხჳთა სათნოებითა საღმრთოჲთა არა განაშოროს გონებაჲ მისი ძიებისაგან ღმრთისა, ნეტარ თუ მაშინ ამით ყოვლითა განერეს და განვლოს უკეთურთა მათ ძალთა სიბნელჱ და მოიგოს სული თჳსი წარწყმედისა ამისგან,
18. რომელსა შინა იყოფოდა და შემძლებელ იქმნას გონებითა თჳსითა მარადის იძულებით და გულსმოდგინებით წარტყუენვად ღმრთისა მიმართ, რაჲთა მისა ოდენ შემშჭუალულ იყოს, ვითარცა წერილ არს,
19. ვითარმედ: „წარმოვსტყუენევდით ყოველსავე გულისჴმისსაყოფელსა სიტყუასა მორჩილებად ქრისტესა“.
20. რაჲთა ესევითარითა მით ღუაწლითა და ძიებითა გონებისაჲთა ღირს იქმნას ერთსულ ყოფად მადლსა მას ნიჭსა ქრისტესსა, რაჟამს-იგი განისუენის სულმან წმიდამან ჭურჭელსა მას შინა, რომელსაცა შევიდა პირველ განმზადებულისა მის სული,
21. რაჲთა შეამკოს იგი ყოვლითა საქმით კეთილითა და, რომელი იგი არა აგინებს სულსა ქრისტესსა ნებათა შინა თჳსთა და საწუთროჲსა ამის ზრუნვითა
22. და მას შინა განბნევითა გონებისაჲთა, დიდებითა, ანუ მთავრობითა, გინა თუ ნებისა თჳსისა შედგომითა, ანუ გემოჲთა ჴორციელითა და ზიარებითა და თანაშეყოფითა სულთა მათ უკეთურთაჲთა.
23. არამედ ყოვლითურთ ქრისტესა შეუდგეს და თავი თჳსი მას შეჰვედროს და მცნებათა შინა მისთა იქცეოდის და მის ზედა მოსრულსა მას ქრისტეს სულსა ღირსებით პატივ-სცეს და ამისთჳსცა ღირს იქმნების შეზავებად მისა და მის თანა ერთსულ-ყოფად,
24. ვითარცა მოციქული იტყჳს, ვითარმედ: „რომელი უფალსა შეეყოს, იყოს მის თანა ერთსულ“.
25. ხოლო უკუეთუ ვინმე მისცეს თავი თჳსი ზრუნვად, ანუ დიდებად, ანუ პატივსა კაცთასა ეძიებდეს და განიბნიოს სული თჳსი გულისსიტყუათა შინა სოფლისათა,
26. ეგევითარი იგი სული ვერ შემძლებელ არს განრომად ბნელისაგან სულთა მათ უკეთურთაჲსა, რამეთუ უყუარდა მას ნებაჲ იგი ბნელისაჲ და სრულიად არა მოიძულნეს საქმენი იგი უკეთურნი.
27. ამისთჳს უკუე, განვჰმზადნეთ თავნი ჩუენნი ღმრთისა მიმართ სლვად და შეუდგეთ ქრისტესა აღსრულებითა ნებისა მისისაჲთა.
28. და რაჲთა მარადის გუაჴსოვდენ მცნებანი მათნი და ვიქმოდით მათ და განვაშორნეთ ყოვლითურთ თავნი ჩუენნი სიყუარულისაგან სოფლისა და გულისთქუმათაგან ბოროტთა.
29. სულნი ჩუენნი აღვამაღლნეთ და მისი ოდენ ზრუნვაჲ გუაქუნდეს გონებასა შინა მარადის.
30. დაღაცათუ ჴორცითა ვიყოფოდით უცალოებასა შინა უფლისათჳს, არამედ გონებაჲ ნუმცა განეშორების ძიებისაგან ღმრთისა და სიყუარულისა მისისა, რაჲთა ესევითარითა მოღუაწებითა და გონებითა ვიდოდით გზასა მას სიმართლისასა და მარადის თავთა თჳსთა ვეკრძალებოდით
31. და ესრეთ „მივემთხჳნეთ აღთქუმასა მას სულისა მისისასა“ და მადლითა მისითა განვერნეთ სიბნელისაგან ვნებათაჲსა, რომელთა მიერ სული იგი იჭირვოდის, რაჲთა საუკუნოჲსა სასუფეველისა ღირსად გამოვჩნდეთ და ქრისტეს თანა ვიშუებდეთ უკუნითი უკუნისადმე, ამენ.
|
|