მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

ღირსი მაკარი დიდი, მეგვიპტელი (+390-391)

 

სწავლანი წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა მაკარი მეგჳპტელისანი ძმათა მიმართ

 

თავი მეთორთმეტე

 

1. თქუმული მისივე, მამისა მაკარისი, თავი 12
2. აჩრდილი აქუნდა პირველსა შჯულსა მერმეთა კეთილთაჲ და არა თჳთ იგი ხატი საქმეთაჲ.
3. დიდებაჲ იგი მოსესი, რომელი აქუნდა პირსა ზედა თჳსსა, სახჱ იყო ჭეშმარიტისა მის დიდებისაჲ, რამეთუ ვითარცა მუნ „ვერ შემძლებელ იყვნეს მიხედვად პირსა მოსესსა“,
4. მას დიდებასა ნათლისასა ეგრეთცავე სულთა მათთა შინა შეიწყნარებენ ქრისტეანენი და ბნელი იგი ვერ იტჳრთავნ ბრწყინვალებასა ნათლისასა და ივლტინ.
5. იგი წინადაცუეთითა ჩნდეს ვითარმედ ერი არს ღმრთისაჲ, ხოლო აქა ერი იგი ჭეშმარიტი ქრისტესი სასწაულსა მას წინადაცუეთისასა შინაგან გულთა მათთა შეიწყნარებენ,
6. რამეთუ მახჳლი ზეცისაჲ მოჰკუეთს ნამეტნავსა მას გონებისასა, ესე იგი არს არაწმიდებაჲ იგი წინადაუცუეთილებაჲ ცოდვისაჲ, მათ თანა იყო განბანაჲ განსაწმედელად ჴორცთა, ხოლო ჩუენთჳს არს განბანაჲ იგი ნათლისღებისაჲ სულითა წმიდითა და ცეცხლითა.
7. მუნ იყო კარავი გარეგანი და შინაგანი.
8. და პირველსა მას კარავსა მარადის შევიდოდეს მღდელნი აღსრულებად მსახურებასა მას, ხოლო მეორესა მას – ერთგზის წელიწადსა შინა თჳთ მღდელთმოძღუარი ოდენ.
9. რამეთუ ამას მოასწავებდა სული წმიდაჲ, ვითარმედ არღარა სადა გამოცხადებულ იყო გზაჲ იგი წმიდათაჲ.
10. აქა ღირსნი იგი ღირს იქმნებიან შესლვად კარავსა მას ჴელითუქმნელსა, „სადა-იგი წინამორბედად ჩუენდა შევიდა“ ქრისტჱ.
11. რამეთუ წერილ არს შჯულსა შინა, ვითარმედ: „აღიხუნეს მღდელმან ორნი ტრედნი და დაკლას ერთი იგი და სისხლი მისგან ასხუროს მეორესა მას და უტეოს იგი თავისუფლად ფრინვად“.
12. ხოლო საქმჱ იგი სახჱ იყო ჭეშმარიტებისაჲ და აჩრდილი, რამეთუ ქრისტეცა დაიკლა და სისხლი მისი გუესხურა ჩუენ და მოგუცნა ჩუენ ფრთენი წმიდისა სულისანი, რაჲთა ვფრინვიდეთ დაუყენებელად ჰაერთა მათ შინა ღმრთეებისათა.
13. მათ შჯული მოეცა „ფიცართა ზედა ქვისათა“ დაწერილი, ხოლო ჩუენდა მოცემულ არს შჯული სულიერი „ფიცართა ზედა გულისათა“.
14. რამეთუ წერილ არს, ვითარმედ: „მივსცნე შჯულნი ჩემნი გულთა მათთა და გონებათა მათთა ზედა დავწერნე იგინი“.
15. და იგი ყოველი განქარვებადი იყო, ხოლო აწ ჭეშმარიტ არს და წარუვალ, რომელი აღესრულების შინაგანსა კაცსა ზედა.
16. რამეთუ აღთქუმაჲ შინაგან არს და სამღდელოჲ შინაგან და საკურთხეველი შინაგან და სამკჳდრებელი შინაგან.
17. და აღთქუმაჲ კეთილისა მის ქუეყანისაჲ და ყოველივე, რომელი მაშინ სახედ იქმნა, აწ ჭეშმარიტებით აღესრულების.
18. ხოლო „დაიწერნეს სწავლად ჩუენდა, რომელთა ზედა მოიწინეს აღსასრულნი ჟამთანი“, რამეთუ აბრაჰამს აღუთქუა ღმერთმან და პირველვე უთხრა მომავალი იგი ორითა პირითა – სახედცა და ჰრქუა მას,
19. ვითარმედ: „მწირ იყოს ნათესავი შენი ქუეყანასა შინა არა თჳსსა და ტანჯნენ იგინი და დაიმონნენ იგინი ოთხას წელ.
20. და ნათესავი იგი, რომელსა ჰმონონ, მე ვსაჯო“ და ამით აღასრულებდა აჩრდილისა ამის ხატისასა, რამეთუ მწირ იქმნა ერი იგი და დამონებულ მეგჳპტელთა მიერ და იტანჯებოდა იგი თიჴითა და ალიზითა,
21. რამეთუ დაადგინნა მათ ზედა ფარაო ზედამდგომელნი და მაწუეველნი საქმისნი, რაჲთა იქმოდიან საქმეთა მისთა ჭირითა.
22. და „ვითარცა სულთ-ითქუნეს საქმეთა მათგან ისრაიტელთა ღმრთისა მიმართ, მაშინ მოიხილა მათ ზედა მოსეს მიერ და მრავლითა წყლულებითა ტანჯნა მეგჳპტელნი.
23. და მერმე თუესა მას ყუავილთასა, რაჟამს-იგი გამოჩნდების ზაფხული იგი ჰამოჲ და წარვალს მჭუნვარებაჲ იგი ზამთრისაჲ, მაშინ გამოიყვანნა იგინი ეგჳპტით.
24. ჰრქუა ღმერთმან მოსეს, რაჲთა აღიღოს კრავი უბიწოჲ და დაკლას და სისხლი მისი სცხოს კართა ზედა და წყირლთა, „რაჲთა მომსრველი იგი პირმშოთა მეგჳპტელთაჲსაჲ, არა შეეხოს მათ“.
25. რამეთუ იხილვიდა მივლინებული იგი ანგელოზი სასწაულსა მას კართა ზედა სისხლისასათა და გარე-წარჰჴდებოდა მათ, ხოლო სახლთა ,ზედა რომელთა არა იხილის სასწაული იგი სისხლისაჲ, მივიდის და მოსრნის პირმშონი მათნი.
26. და კუალად ბრძანა ყოვლისა გან-ვე-ფუვნებულისა ყოვლისაგან სახლისა უჩინო-ყოფაჲ და დაკლულისა მის კრავისაჲ უფუარითა და ველისყრდელითა ამცნო ჭამაჲ.
27. კუალად უბრძანა, რაჲთა რაჟამს ჭამდენ, იყვნენ მორტყმულ წელნი მათნი და კუერთხები ჴელთა მათთა და რაჲთა ესრეთ ყოვლითავე მოსწრაფებითა ჭამონ მიმწუხრი პასქაჲ იგი უფლისაჲ და არცა ძუალი შემუსრონ კრავისაჲ მისგანი.
28. და გამოიყვანნა იგინი ოქროჲთა და ვეცხლითა.
29. და უბრძანა, რაჲთა თითოეულმან მათმან მიიღოს მეზობლისა თჳსისა მეგჳპტელისა ჭურჭელი ოქროჲსა და ვეცხლისაჲ და გამოვიდოდეს იგინი ეგჳპტით.
30. ხოლო მეგჳპტელნი დაჰფლვიდეს პირმშოთა მათთა და ისრაჱლთა ზედა იყო სიხარული განთავისუფლებისთჳს მწარისა მისგან მონებისა.
31. ხოლო მეგჳპტელთა ზედა იყო მწუხარებაჲ წარწყმედისა მისთჳს შვილთა მათთაჲსა.
32. ამისთჳსცა მოსე იტყოდა ერსა მას: „ესე არს ღამჱ იგი” რომელი აღუთქუა ღმერთმან აბრაჰამს, აღუსრულა იგი შვილთა მისთა, რომელნი-ესე ვართ ჩუენ.
33. ხოლო ესე ყოველი აჩრდილი იყო და სახჱ ჭეშმარიტთა საქმეთაჲ, რამეთუ ესე ყოველი საიდუმლოჲ არს სულისაჲ, რომელი-იგი მიმოსლვითა უფლისაჲთა განრომილ არს, რამეთუ ისრაჱლი გამოითარგმანების: „გონებაჲ მხილველი ღმრთისაჲ“.
34. ხოლო კაცი განთავისუფლდა მონებისა მისგან მწარისა და ულხინა მათ მეგჳპტელთაგან, რომელ არიან ეშმაკნი.
35. რამეთუ ვინაჲთგან პირველითა მით ურჩებითა მოკუდა პირველი იგი კაცი სიკუდილითა მით ძნელოანითა სულისაჲთა სიტყჳსაებრ და შერისხვისა უფლისა რამეთუ ჰრქუა მას ღმერთმან, ვითარმედ: „რომელსაცა დღესა შჭამო ხისა მისგანი, სიკუდილითა მოჰკუდე“... და იქმნა ესრეთ.
36. და კუალად თქუა: „მიწაჲ ხართ და მიწადვე მიხვალ“.
37. და კუალად შესძინა წყევაჲ წყევასა ზედა და თქუა: „ოფლითა პირისა შენისაჲთა შჭამო პური შენი“.
38. „ეკალი და კუროჲსთავი აღმოგიცენო და იქმოდი ქუეყანასა“.
39. და „არა შესძინოს მოცემად შენდა ნაყოფისა მისისაჲ“, რამეთუ აღმოეცენნეს ქუეყანასა მას შინა გულისა მისისასა ეკალნი და კუროჲსთავნი და აღიღეს მტერთა დიდებაჲ მისი ცთომითა და შეჰმოსეს მას სირცხჳლი, აღჰსძარცუეს მას ნათელი მისი და შეჰმოსეს მას ბნელი;
40. მოაკუდინეს სული მისი და განაბნიეს, განკუეთნეს გულისსიტყუანი მისნი და დაამდაბლეს სიმაღლისაგან გონებაჲ მისი და იქმნა ისრაჱლი კაცი მონა ჭეშმარიტი ფარაოჲსა.
41. და დაადგინნა მის ზედა საქმისა მის ზედამდგომელად სულნი იგი უკეთურნი, რომელნი-იგი აიძულებდეს მას გინა თუ ნეფსით, გინა თუ უნებლიაჲთ ქმნად ბოროტთა მათ საქმეთა მისთა.
42. და ზედამდგომელთა მათ ეშმაკთა საქმე ესე მიეცა, რაჲთა აღასრულონ საქმე იგი თიჴისა და ალიზისაჲ.
43. ესე იგი არს, ვითარმედ განაშორეს იგი გონებისა მისგან ზეცათაჲსა და დაამდაბლეს ნივთიერთა ამათ საქმეთა გონებაჲ მისი და ზრუნვათა შინა ქუეყანისათა და სიტყუათა და მოგონებათა ბოროტთა.
44. რამეთუ, და-რაჲ-ეცა სული თჳსისა მის სიმაღლისაგან, პოვა მეფე კაცთა მოძულე და მთავარნი მწარენი, რომელნი-იგი იიძულებენ ქმნად ბოროტთა მათ საქმეთა.
45. ხოლო უკუეთუ სულთ-ითქუნეს სულმან მან ღმრთისა მიმართ და ღაღად-ყოს, მოავლენს მისა შემწედ სულიერსა ამას მოსეს, რომელმან იჴსნას იგი მონებისა მისგან მეგჳპტელთაჲსა.
46. არამედ პირველად უჴმს სულთქუმაჲ და ღაღადებაჲ და მერმე მიიღებს გამოჴსნასა.
47. და იგიცა „ახალსა მას თანა“ განერების ჟამსა მას ზაფხულისასა, რაჟამს-იგი შემძლებელ იყოს ქუეყანაჲ გულისაჲ აღმოცენებად და გამოღებად კეთილთა მათ ყუავილოვანთა რტოთა სიმართლისათა,
48. წარ-რაჲ-ჰჴდენ მწარენი ზამთარნი უგულისჴმოებისანი და ბოროტნი იგი სიბრმე ბილწთა საქმეთაჲ.
49. მაშინ ბრძანის უჩინო-ყოფაჲ სახლისა მისგან ყოვლისავე ცთომაჲ ძუელისაჲ, რომელ არიან საქმენი და გულისსიტყუანი ძუელისა მის კაცისა განხრწნადისანი, და განგდებაჲ ყოვლისავე საქმისა და მოგონებისა ბოროტისა.
50. და დაკლვაჲ კრავისაჲ მის და სისხლისა მისისა ცხებაჲ კართა ზედა, რამეთუ ქრისტჱ, კრავი, დაიკლა და სისხლი მისი სცხო კართა და წყირთლთა გულისათა,
51. რაჲთა ქმნას სისხლი იგი ჯუარსა ზედა დათხეული სულისა ცხორება და საჴსარ, ხოლო მეგჳპტელთა მათ გლოვა და სიკუდილი, რამეთუ ჭეშმარიტად გლოვა მათა და არს სისხლი იგი უბიწოჲსა მის კრავისაჲ, ხოლო სულისა სიხარულ და მხიარულება.
52. და მერმე, შემდგომად ცხებისა ბრძანებს მიმწუხრ დაკლვად კრავისა მის და უფუვარი ველისყრდელი იგი თანა.
53. და რაჲთა იყვნენ წელნი მორტყმულ და ჴამლნი შესხმულ და რაჲთა იყვნენ კუერთხნი ჴელთა შინა მათთა.
54. უკუეთუ კულა პირველად არა მზა იყოს სული საქმეთა მიერ ჭეშმარიტთა და კეთილთა, რომელი იყოს ძალისაებრ მისისა, არა მიეცემის მას ჭამად კრავისა მისგან, რამეთუ კრავი იგი ჰამო არს და უფუვარი იგი – კეთილ ფრიად,
55. ხოლო ველისყრდელი იგი მწარჱ და ფიცხელ, რამეთუ ფრიადითა ჭირითა ჭამს სული კრავისა მისგან და კეთილისა უფოვარისაგან, შეაიწრებს მას ცოდვაჲ იგი, რომელი არს მის თანა.
56. კუალად თქუა: „მიმწუხრი შჭამოთ მისგანი“.
57. ხოლო მიმწუხრისა იგი ჟამი შუვა ნათლისა და ბნელისა არს.
58. ეგრეთვე სული ჟამსა მას გამოჴსნისასა შუვა ნათლისა და ბნელისა იქმნების, რამეთუ დგას ძალი ღმრთისაჲ და არა უტევებს ბნელსა ამას, რაჲთამცა ზედამოუჴდა და შთანთქა სული იგი.
59. და ვითარცა მოსე თქუა, ვითარმედ: „ესე არს ღამჱ იგი აღთქუმისა ღმრთისაჲ, რომელსა შინა გჳჴსნნა ჩუენ“, ეგრეთვე აქა თქუა ქრისტემან,
60. რაჟამს იგი მიეცა წიგნი ტაძარსა შინა, ვითარმედ: „წოდებად წელიწადი უფლისაჲ შეწყნარებულ მუნ იყო ღამჱ მისაგებელისაჲ, ხოლო აქა დღჱ მისაგებელისაჲ“.
61. და მართლად იქმნა ესე, რამეთუ იგი სახე იყო და აჩრდილი ჭეშმარიტებისაჲ.
62. რამეთუ ყოველივე, რომელიცა იქმნა საიდუმლოდ, მოასწავებდა ჭეშმარიტსა სულისა ცხორებასა, რომელი-იგი შეყენებულ არნ ბნელსა შინა და „შეკრულ რკინითა“
63. და შთაგდებულ არნ ფარულად „მღჳმესა შინა ქუესკნელსა“ და შეყენებულ ბჭეთა შინა რვალისათა და მოქლონთა რკინისათა, რომელი-იგი ვერღარა შემძლებელ არს თჳნიერ ქრისტესმიერისა მის გამოჴსნისა განრომად.
64. ხოლო გამოიყვანებს იგი სულსა ეგჳპტით დამონებისა მისგან მწარისა, რაჟამს-იგი პირმშონი მოსწყჳდენ ეგჳპტეს შინა გამოსლვასა მას
65. და უკუეთუ მცირე რაჲმე ძალი იგი ჭეშმარიტისა მის ფარაოჲსი, რომელ არს ეშმაკი, იგლოჳედ მეგჳპტელნი და ცხორებისათჳს ტყჳსა მის მათისა მწუხარე არიედ.
66. ხოლო ბრძანებს ღმერთი მოღებად მეზობელთაგან „ჭურჭელსა ოქროჲსა და ვეცხლისა“ და ესრეთ გამოსლვად, რამეთუ მიიღებს სული იგი, რაჟამს გამოვიდოდის ბნელისა მისგან, ჭურჭელსა მას ოქროჲსა და ვეცხლისასა,
67. რომელ არიან თჳსნი იგი კეთილნი გულის-სიტყუანი გამოჴურვებულნი, შჳდწილ, რომელთა მიერ იმსახურების ღმერთი, და განისუენებს იგი სულსა ამას ზედა სულთა მათგან ბოროტთა, რომელნი იქმნნეს მეზობელ მისა,
68. რამეთუ განაბნინეს და განაქარვნეს გაულისსიტყუანი იგი მისნი და ესრეთ შეიპყრეს სული იგი.
69. ხოლო ნეტარ არს სული იგი, რომელი განერეს ბნელისა მისგან და ვაჲ არს სულისა მის, რომელი არა ღაღადებდეს და სულთ-ითქუმიდეს მჴსნელისა მის თჳსისა მიმართ, რომელი შემძლებელ არს ჴსნად მისა ბოროტთა მათ და მწარეთა ზედამდგომელთაგან.
70. წარვიდეს ისრაჱლნი გამოჴსნილნი და ქმნეს პასექი იგი.
71. ეგრეთვე წარემართების სული, რაჟამს მიიღოს ცხორებაჲ სულისა წმიდისაჲ და იხილოს გემოჲ კრავისაჲ მის და იცხოს სისხლი მისი და ჭამოს ჭეშმარიტი პური, რომელი-იგი არს სიტყუაჲ ცხოველი.
72. ისრაჱლთა წინა-უძღოდა სუეტი ცეცხლისაჲ და სუეტი ღრუბლისაჲ ჰფარვიდა მათ.
73. ხოლო ამათ სული წმიდაჲ ჰფარავს და უძღჳს მათ გულისჴმის-ყოფითა სულისა მათისაჲთა.
74. ცნა ფარაო და მეგჳპტელთა სივლტოლაჲ იგი ერისაჲ მის და რამეთუ დაემჴუნეს მონებისა მისგან მათისა.
75. და შემდგომად მოსრვისა პირმშოთა მათთაჲსა კუალად იკადრეს დევნაჲცა მათი, რამეთუ სწრაფით განმზადნა ეტლნი და განვიდა ყოვლითურთ ერით მისით მოკლვად მათ და.
76. და ვითარცა იგი მიეახლებოდა მათ, მეყსეულად ღრუბელი იგი შორის შევიდა მათსა, და ფარაოს დააბნელებდა და აყენებდა, ხოლო ისრაჱლთა განანათლებდა და უძღოდა.
77. ხოლო ერმან მან, იხილა რაჲ ძალი იგი ფარაოჲსი უკუანა მათსა, ხოლო ზღუაჲ წინაშე მათსა, აყენებდა სლვად და ღრუბელი იგი და სუეტი შორის მათსა.
78. მაშინ წარიკუეთეს სასოებაჲ და მოელოდეს სიკუდილსა, შთაცჳვეს რაჲ ჭირსა დიდსა და სიკუდილსა, რომლისა გემოჲ იხილეს.
79. ხოლო უფალი განაგებდა მათთჳს და უბრძანებდა მოსეს კუერთხითა განპებასა ზღჳსასა, რაჲთა განიპოს ზღუაჲ და განვლოს ერმან, და იქმნა ზღუდედ მარჯუენით და მარცხენით, ვიდრემდე განვლო ერმან მან, ვითარცა ჴმელი.
80. შევიდეს მეგჳპტელნიცა, რამეთუ სავალ და წრფელ ეგონა გზაჲ იგი.
81. განვიდეს ისრაჱლნი ზღჳსაგან და შევიდეს მეგჳპტელნი ზღუასა.
82. სწორ იყო მათ ორთავე შესლვაჲ, ხოლო არა სწორ იყო განსლვაჲ.
83. რამეთუ ჰრქუა უფალმან მოსეს: „მოაქციე კუერთხი შენი და ეც ზღუასა“.
84. მაშინ დანთქა ფარაო და ყოველი ძალი მისი მეწამულმან მან ზღუამან და იხილა ერმან მან დიდი იგი მაცხოვარებაჲ, რამეთუ მტერნი მათნი წარწყმდეს ზღუასა მას.
85. მაშინ განიხარეს დიდად განრომასა მას მათსა ზედა.
86. ხოლო მარიამ მოიღო ემბანი და ათძალი, უგალობდა ყოვლით ერითურთ ღმერთსა, რამეთუ განერნეს სრულიად სიკუდილისა მისგან.
87. მოიღე აქა იგავი, რამეთუ ოდეს პირველად სული ევლტოდა მეგჳპტელთა მათ, მაშინ შეეწია ძალი ღმრთისაჲ და უძღოდა ჭეშმარიტებისა მისა მიმართ.
88. ცნა სულიერმან მან ფარაო, მეფემან და მამამან ბნელისა და ცოდვისამან, ვითარმედ ივლტის იგი სრულიად მეუფებისა მისისაგან, რომელ არიან გულისსიტყუანი, რომელნი მის მიერ შეპყრობილ იყვნეს და სულიცა თჳთ მათ თანა.
89. ჰგონებდა ბოროტი იგი ფარაო, ვითარმედ კუალად მოქცევად არს სული იგი მისა მიმართ.
90. ხოლო ვითარცა ცნა, ვითარმედ ევლტის მეუფებისა მისისაგან სული და დაცემულ არს ძალი მისი მცირედ სივლტოლითა პირმშოთაჲთა, მაშინ ურცხჳნელად-რაჲ მოუჴდა, რამეთუ ეშინოდა თუ, ნუუკუჱ სრულიად განერეს სული იგი.
91. ენება აღსრულებაჲ ნებისა თჳსისაჲ, დევნა იგი ჭირითა და განსაცდელითა და ბრძოლითა უხილავითა.
92. მაშინ გამოუჩნდების სიყუარული იგი სულისაჲ, რომელი აქუნ მისა მიმართ, რომელმან გამოიყვანა იგი ეგჳპტით.
93. რამეთუ მიეცემის იგი გამოცდად და ჭირად თითოსახედ.
94. ხედავნ იგი ძალსა მას უკეთურისასა, რომელსა ენების ზედამოსლვაჲ და მოკლვაჲ მისი და ვერ შემძლებელ არნ, რამეთუ შორის მეგჳპტელთა და ისრაიტელთა დგა უფალი.
95. ხოლო ხედავნ წინაშე მისა ზღუასა სიმწარისა და ძალსა ბოროტისასა და ვერცა უკუმართ შემძლებელ არნ წარსლვად,
96. რამეთუ ხედავნ მტერთა მისთა მზათა, ვერცა წაღმართ ძალ-უცნ სლვად, რამეთუ ძალნი ბოროტნი და ჭირნი ძნელოვანნი და თითოსახენი გარემოდგომილ არიედ და სიკუდილისასა მოიყვანებედ მის ზედა.
97. მაშინ წარიკუეთის სასოებაჲ, რამეთუ „სასჯელსა მას სიკუდილისასა“ თავსა შორის თჳსსა ხედავნ ამბოხებისა მისგან, რომელი გარემოდგომილ არნ.
98. და რაჟამს იხილის ღმერთმან, რამეთუ შთავრდომილ არნ სული იგი შიშსა შინა სიკუდილისასა და მტერი მისი მზა არნ შთანთქმად, მაშინ მისცის მას მცირედი შეწევნაჲ,
99. რამეთუ ესრეთ სულგრძელ ექმნების ღმერთი სულსა მას და გამოსცდის, უკუეთუ დგას-ძია სარწმუნოებასა ზედა და უკუეთუ უმჭირავს სიყუარული მისი.
100. რამეთუ ეგევითარი დადვა ღმერთმან გზაჲ იგი ცხორებად მიმყვანებელი, რაჲთა საჭირო იყოს და გამოსაცდელ, რაჲთა ესრეთ მივიდეს სული ქუეყანასა მას ჭეშმარიტსა დიდებისა შვილთა ღმრთისათაჲსა.
101. ხოლო რაჟამს წარიკუეთოს სასოებაჲ ცხორებისაჲ, მერმე განაპებს ზღუასა „მკლავითა მაღლითა“ სულსა წმიდისა მიერ და განჰვლის სული განრომილი ადგილთა მათგან ბოროტთა და წიაღჴდების ზღუასა მას ბნელისასა და ცეცხლისა შემწუელისასა.
102. ხოლო ესე საიდუმლონი არიან სულისანი, რომელნი ისწრაფდეს მიწევნად ცხორებასა მას ჭეშმარიტსა და განერებოდეს მეუფებისაგან ბნელისა და სიკუდილისა და მიიღებდეს სულსა წმიდასა ღმრთისა მიერ.
103. მერმე განერეს რაჲ სული იგი მტერთა მისთაგან და განვლოს ზღუაჲ იგი ვნებათაჲ და იხილნის წარწყმედულად წინაშე თუალთა მისთა მბრძოლნი მისნი,
104. რომელთა პირველ ჰმსახურებდა, მაშინ იხარებდენ იგი სიხარულითა გამოუთქუმელითა და დიდებითა, ნუგეშინის-იცემებინ ღმრთისა მიერ და განისუენებნ უფლისა მიერ.
105. მაშინ სული იგი, მიიღონ ახლითა გალობითა ემბნითა მით, რომელ არიან ჴორცნი, და ათძლითა სულისაჲთა შესწირავნ ქებასა ცხოველსმყოფელისა ღმრთისა. ძალნი იგი ათძალისანი არიან წულილადნი იგი გულისსიტყუანი სულისანი და მცველი ათძალისაჲ არს საღმრთოჲ მადლი.
106. რამეთუ ვითარცა საყჳრისა მიერ განვალს სული და ყჳრის, ეგრეთცა წმიდათა კაცთა მიერ სული წმიდაჲ არს, რომელი გალობს და ილოცავს ღმრთისა მიმართ წმიდითა გულითა.
107. დიდებაჲ მისა, რომელმან იჴსნა სული მონებისაგან ფარაოჲსა და ყო იგი საყდრად თჳსა და ტაძრად და სძლად წმიდად და შეიყვანა იგი სასუფეველსა ცხორებისა საუკუნოჲსასა აქაჲთვე, ვიდრეღა არნ იგი სოფელსა შინა.
108. რჩულსა შინა პირუტყუთა შესწირვიდეს შესაწირავად და უკუეთუმცა არა დაიკლნიან, არა შეწირულ იყვნიან იგინი.
109. და აწ უკუეთუ არა დაიკლას ცოდვაჲ, არა შეწირულ არს შესაწირავი ღმრთისა.
110. მოვიდა ერი იგი მერანს, სადა იყო წყაროჲ წყლისა მის მწარისაჲ სასუმელად უჴმარი და ბრძანა ღმერთმან აღებად შეშისაჲ, რომელი მისცა და შთაგდებაჲ მისი წყალსა და ესრეთ დატკბის წყალი იგი ერსისათჳს.
111. ეგრეთვე სული დამწარდა, რაჟამს სუა გესლი იგი გუელისაჲ მის და მიემსგავსა სიმწარესა მისსა ბუნებით და იქმნა იგი ცოდვილ.
112. ამისთჳს შთაჰყოფს ღმერთი „ძელსა მას ცხორებისასა“ მწარესა მას შინა წყაროსა გულისასა და დატკბების იგი და შეიცვალების იგი სიმწარისა მისგან თჳსისა და შეეზავების წმიდისა მას სულსა ქრისტესსა
113. რამეთუ ესრეთ კეთილად და საჴმრად იქმნების სამსახურებელად მეუფისა, რამეთუ იქმნების იგი სულ ჴორცითა შემოსილ.
114. დიდებაჲ მისა, რომელსა შეცვალა სიმწარჱ ჩუენი სიტკბოებად და სახიერებად სულისა.
115. ხოლო ვაჲ არს მისა, რომლისა გულსა არა შთავარდეს „ძელი იგი ცხორებისაჲ, რამეთუ ეგევითარი იგი ვიდრე აღსასრულადმდე სიმწარესა შინა დაადგრების, რამეთუ უკუეთუ „ძელი იგი ცხორებისაჲ“ არა მოიღოს, ვერ შეიცვალების იგი კეთილისა მიმართ.
116. კუერთხი იგი მოსესი ორსახჱ იყო: მტერთა ეჩუენებოდა, ვითარცა გუელი მცემარი, ხოლო ისრაიტელთა, ვითარცა კუერთხი დამამტკიცებელი.
117. ეგრეთვე ძელი ჯუარისაჲ ჭეშმარიტისა, რომელ არს ქრისტჱ, მტერთა სიკუდილი, რომელი არიან სულნი უკეთურნი, ხოლო სულთა ჩუენთა არს კუერთხი და სიმტკცჱ უცთომელი და ცხორებაჲ, რომელსა ზედა განვისუენებთ,
118. რამეთუ პირველნი იგი აჩრდილნი და სახენი იყვნეს ჭეშმარიტთა ამათ საქმეთანი, რამეთუ ძუელი იგი მსახურებაჲ აჩრდილი იყო ახლისა ამის მსახურებისაჲ და წინადაცუეთაჲ და კარავი იგი კიდობანი და ტაკუკი იგი და მანანაჲ და მღდელობაჲ და საკუმეველი და ნათლისღებაჲ და ყოველივე,
119. რომელიცა იქმნა ისრაჱლთა თანა შჯულსა შინა მოსესსა და წინაწარმეტყუელთასა, ყოველივე სულისა მისთჳს იქმნა, რომელი-ესე დაიბადა ხატად ღმთისა და მერმე შთავარდა უღელსა მას ქუეშე ცოდვის მწარისასა.
120. რამეთუ ამისთჳს ინება ღმერთმან ზიარებად სძლად სამეუფოდ და განსწმედს მას ბიწისაგან და განჰბანს და განაბრწყინვებს მას სიშავისა მისისაგან და ცხოველს-ჰყოფს სიკუდილისაგან და ულხენს შემმუსრველისაგან და მშჳდობა-ჰყოფს მტერობასა მას მისსა.
121. რამეთუ დაბადებული იყო და მიეთხოვა იგი სძლად ძესა მას მეუფისასა და თჳსითა ძალითა ღმერთი შეიწყნარებს მას.
122. პირველად შეიცვალების იგი მის თანა, ვიდრემდის აღაორძინოს იგი თჳსითა აღორძინებითა, რამეთუ განაგრძოს მას დაუსრულებელითა აღორძინებითა, ვიდრერემდე იქმნას ღირსი და უბიწოჲ სძალი მისი.
123. რამეთუ პირველად შობს მას და მერმე აღაორძინებს თავისა თჳსისათჳს, ვიდრემდე მიიღოს სრული საზომი სიყუარულისა მისისაჲ.
124. რამეთუ იგი არს სრული სიძჱ და მიიღებს მას სძლად – წმიდასა მას და უხრწნელსა ზიარებასა ქორწინებისასა – და მერმე სუფევნ მის თანა.
125. უკუე ესე ნიჭნი და ესე მადლნი მოჰმადლნა უფალმან სულსა კაცისასა და ესრეთ მცირე იქმნების მის თანა და განადიდებს მას და მაშინ ყოვლად ეუფლებინ, რაჟამს მიიღოს ზეცისა იგი სიძჱ.
126. რამეთუ არარაჲ ესრეთ შეიყუარა ღმერთმან, ვითარ კაცი და არარამან დაბადებულთაგანმან შეიყუარა ღმერთი, ვითარ კაცმან.
127. ვითარცა რჩულსა მოსესსა აღიღის აჰრონ სამოსელი იგი წმიდაჲ და ზეწარი, რომელსა იყვნეს ათორმეტნი ეჟუანნი და სახელები ათორმეტთა ძეთა ისრაჱლისათაჲ ათორმეტთა თუალთა ზედა წერილ არნ და სხუანი ათორმეტნი თუალნი მჴართა ზედა
128. და ესრეთ შევალნ წმიდასა წმიდათასა და აღასრულებნ ყოველსავე შჯულისა მღდელობასა და საქმესა და მის მიერ მოასწავებდა ჭეშმარიტსა ქრისტეს მღდელობასა,
129. ეგრეთვე ქრისტემან აღიხუნა შვილნი თჳსნი მოციქულნი და ეტჳრთა სახელები მათი და ესრეთ შევიდა ზეცისა საკურთხეველსა წმიდასა წმიდათასა, „უშინაგანესსა მას კრეტსაბმელსა“, „წინამორბედ ჩუენდა იქმნა“.
130. ხოლო ზეწარი იგი თითოფერი, რომელსა შინა მრავალნი ეჟუანნი იყვნეს, ესე არს სული იგი ნუგეშინისმცემელი, რომელმან შემოსნა სულნი მოციქულთანი, რომელთა ქადაგეს ყოველსა სოფელსა სახარებაჲ სასუფეველისა ქრისტესისაჲ, რომელსა შუენის დიდებაჲ უკუნითი უკუნისამდე, ამენ.