|
ღირსი მაკარი დიდი, მეგვიპტელი (+390-391)
სწავლანი წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა მაკარი მეგჳპტელისანი ძმათა მიმართ
თავი მეათე
1. თქუმული მისივე, წმიდისა მაკარისი, თავი 10
2. სიტყუაჲ იგი სასუფეველისაჲ, რომელი იქადაგების შვილთა მიმართ იქადაგების, და ითქუმის იგი, ვითარცა უფალი იტყჳს: „თქუენდა მოცემულ არს ცნობად საიდუმლოთა სასუფეველისათაჲ, ხოლო სხუათა მათ იგავითა“.
3. და კუალად სხუასა ადგილსა იტყჳს: „სადა არს საიდუმლოჲ სახლისა ჩემისაჲ, გარნა არა თუ ძეთა შორის ჩემთა“.
4. ხოლო აწ რაჟამს გუესმოდის სიტყუაჲ სასუფეველისაჲ და ვცრემლოოდით და ვტიროდით, ვისწრაფოთ, რაჲთა არა დავრჩეთ ცრემლთა და ტირილთა შინა ჩუენსა, არამედ სასმენელითა ჩუენითა, ვითარცა ჯერ-არს ვისმინოთ ჭეშმარიტებაჲ და ვწუხდეთ და ვტიროდით მას და ვიხილოთ ნებაჲ ღმრთისაჲ!
5. ეგრეთვე ვქმნეთ იგი.
6. რაჲთა არა სხუანი ყურნი და სხუანი თუალნი და სხუაჲ ტირილი და სხუაჲ გონებაჲ და სხუაჲ სული.
7. ესე არს საღმრთოჲ იგი და ზეცისაჲ სული, რომელი ისმენს და ტირს და ილოცავს და უწყის და იქმს ნებასა ღმრთისასა ჭეშმარიტებით.
8. რამეთუ მოციქულთა უფალი რაჟამს აღუთქუმიდა დიდთა მათ ნიჭთა, ესრეთ ეტყოდა: „მე წავალ და მოგივლინო თქუენ ნუგეშინისმცემელი იგი“, „რომელ არს სული ჭეშმარიტებისაჲ, რომელი მამისაგან გამოვალს“, რაჲთა თქუენ თანა იყოს უკუნისამდე.
9. მან გასწაოს თქუენ ყოველივე..............
10. რამეთუ სული იგი უძღოდა მათ ყოველსავე ჭეშმარიტებასა და იგი მთავრობდა და მეუფებდა სულთა ზედა მათთა.
11. ხოლო აწ ეგრეთვე ჩუენცა, რაჟამს გუესმოდის სიტყუაჲ ღმრთისაჲ და ვტიროდით, მაშინ ვევედრნეთ ღმერთსა და მოველოდით შეუორგულებელითა გულითა სულსა მას ჭეშმარიტებისასა, რომელი ისმენს და ილოცავს ნებისაებრ ღმრთისა,
12. რამეთუ თჳსნი იგი სულისა თჳსსა შუენიერებანი და ნაყოფნი კეთილნი – ლოცვაჲ, გინა თუ ტირილი, ანუ სიყუარული, ანუ მორჩილებაჲ, ანუ სარწმუნოებაჲ, ანუ სხუაჲ რაჲმე სახჱ სათნოებისაჲ,
13. რაჟამს შეერთოს და ეზიაროს ზიარებასა მას თანა სულისა წმიდისასა, მაშინ ვითარცა საკუმეველი რაჟამს ცეცხლსა შთავარდეს, ეგრეთვე გამოაცხადებს სურნელებასა თჳსსა, მაშინ არნ ჭეშმარიტად სლვაჲ ჩუენი ნებისაებრ უფლისა ღმრთისა,
14. მაშინ ყოველივე საქმჱ ჩუენი სიწმიდით აღესრულების, რამეთუ თჳნიერ სულისა წმიდისა ნებასა ღმრთისასა ვერვინ გულისჴმა-ჰყოფს.
15. რამეთუ ვითარცა დედაკაცი უქორწინებელი, რომელი არნ თჳსაგან, თავისუფალი არნ იგი და ნებისაებრ თჳსისა იქმნ, რომელიცა-რაჲ სთნავნ, ხოლო რაჟამს იქორწინის და შეეყვის ქმარსა,
16. მიერითგან ნებასა ქუეშე და მეუფებასა მამაკაცისასა არნ და არღარა აქუნ ნებაჲ მისი, არამედ ჰმორჩილობნ ნებასა მისსა, ეგრეთვე სულსა აქუს თჳსი ნებაჲ და თჳსნი შჯულნი და თჳსნი საქმენი.
17. ხოლო რაჟამს ღირს იქმნას ზიარებად ზეცისა სიძესა ქრისტესა, მიერითგან მას ჰმორჩილობს და არა იქმნ ნებასა თჳსსა, არამედ ნებასა თჳსისა სიძისა ქრისტესა.
18. უკუეთუ კულა იყოს იგი ურჩ და სიტყუას-უგებდეს და არა იქმოდის ნებასა მისსა და არცა შეუდგეს შჯულსა მისსა, ვერ ზიარ იქმნების იგი მადლსა მას სიძისა თჳსისასა, რამეთუ ვითარცა შჯულისმდებელი მოსე იტყჳს,
19. ვითარმედ: „უკუეთუ იყოს იგი ურჩ და სიტყუას-უგებდეს ქმარსა თჳსსა, რაჲთა დაისხნეს ორნივე ჴელნი თჳსნი პირსა ზედა მისსა და ესრეთ განაძოს იგი სახლისა თჳსისაგან“, ეგრეთვე სული იგი ურჩი განიძების სახლისაგან მამისა ზეცათაჲსა, ვითარცა უჴმარი.
20. და ვითარცა სოფელსა ამას შინა რაჟამს შეეყოფოდის სძალი სიძესა, სიხარული დიდი არნ და მხიარულებაჲ და დღესასაწაულობაჲ სახლსა შინა მათსა და ყოველნი საუნჯენი მათნი განეხუნიან,
21. ეგრეთვე რაჟამს ღირს იქმნას სული შეყოფად ზეცისა მეუფესა ქრისტესა, სიხარული არნ ცათა შინა და ყოველნივე სულიერნი და ზეცისა კეთილნი სახლსა მას შინა გუამისასა დაიუნჯებიან.
22. რამეთუ სახლი ზეცისა მის სიძისა და სძლისა სულისაჲ გუამი არს.
23. მუნ არიან რჩულნი სულისა ზეცათაჲსანი.
24. სადა-იგი შევალს დაფარული იგი და გამოუთქუმელი წმიდისა სულისა ზიარებაჲ, მუნ აღესრულებიან დღესასწაულნი და კრებანი ზეცისა ძალთანი მუნ დაიმარხვიან საუნჯენი იგი ზეცისა სიბრძნისანი დაფარულნი.....................
25. ხოლო შენ, რაჟამს გესმოდის საიდუმლოთათჳს სულიერთა, კრძალულებით და გულისჴმის–ყოფით ისმენდი და სარწმუნოებით შეიწყნარებდი, ვიდრემდე შენცა ღირს იქმნა მიწევნად ეგევითართა მათ საქმეთა.
26. მაშინ გამოიცადო და სცნა და იხილო თუალთა სულისაჲთა, თუ ვითართა კეთილთა, ანუ ვითართა საიდუმლოთა ღირს იქმნებიან აქაჲთვე სულნი ქრისტეანეთანი.
27. მას აღდგომასა ჴორცნიცა ღირს იქმნებიან ხილვად და ჴელითა შეპყრობად, რაჟამს.
28. ხოლო აწ იგავთაგან საჩინოდ და სახეთაგან ხილულთა ვიტყჳთ სულიერთა მათ საიდუმლოთა, რაჲთამცა გულსმოდგინე-ვყვენით სულნი იგი, რომელნი სარწმუნოებით ისმენდენ სიტყუასა ღმრთისასა, ესმოდის მათ კეთილთა აღთქუმანი,
29. რომელთა ღირს იქმნებიან აქაჲთვე სულნი ღირსთანი, მათცა ისწრაფონ და ჰრწმენეს ესევითართა მათ საიდუმლოთა ზიარ-ებად.
30. და იღუაწონ, რაჲთა პოვნენ იგინი.
31. რამეთუ უფალი, რაჟამს ასწავებდა მოწაფეთა თჳსთა, ესრეთ ეტყოდა მათ: „ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა, ხოლო მათი არს სასუფეველი ცათაჲ“.
32. მისაგებელად სიგლახაკისა თქუა სასუფეველი ცათაჲ, რამეთუ სული, რომელი იყოს გლახაკ, იგი ღირს იქმნების ქრისტეს სძალ-ყოფად და იგი დაიმკჳდრებს სასუფეველსა და იგი არს თჳთ უფალი და იგი არს კეთილ და შუენიერ და სათნო სიძესა მისისა ქრისტესა.
33. ხოლო სული, რომელი არა იყოს გლახაკ, არა სთნავს მას, რამეთუ არა არს იგი შუენიერ, არცა კეთილ, არამედ უშუერ და არა მსგავს არს მისა.
34. ხოლო ყოველსავე ზედა მსგავსსა შეეყოფის, ბოროტი – ბოროტსა და ხენეში – ხენეშსა.
35. რამეთუ ვერ შემძლებელ არს მეძავი წმიდისა თანა ყოფად, რამეთუ არა მსგავს არს მისა.
36. ვერცა უწესოჲ და უჴმარი შემძლებელ არს ყოფად წესიერისა და განკრძალულისა თანა, რამეთუ არა მსგავს არიან ერთმანერთსა.
37. არამედ მსგავსი მსგავსსა თანა შეეყოფვის: უჴმარი – უჴმარსა და კეთილი – კეთილსა, მეძავი – მეძავსა და წმიდაჲ – წმიდასა.
38. ეგრეთვე სული გლახაკი კეთილ არს და სათნო ქრისტესა და საჴმარ არს შესაყოფლად, რამეთუ ესე არს შუენიერებაჲ მისი ღირსმყოფელი, რაჲთა გლახაკ იყოს.
39. ხოლო სული გლახაკი იგი არს, რომელმან უწყოდის წყლულებაჲ თჳსი და იცოდის ბნელი იგი ვნებათაჲ, რომელი მოხუეულ არს მისდა და იცნობდეს მონებასა მას მისსა და საკრველთა მათ, რომლითა შეკრულ არს და ითხოვდეს უფლისაგან გამოჴსნასა და, რაჲთა ეკიდნენ ტკივილნი.
40. და მარადის ევედრებოდის ღმერთსა, რაჲთამცა ულხინა მას.
41. და რაჲთა არარასა ზედა ამის სოფლისასა უხაროდის და, არცა რას ზედა განისუენებდეს, არცა საუნჯეთა ზედა სამეუფოთა, არცა სიმდიდრესა ზედა, არცა რას სხუასა ზედა საშუებელსა,
42. არამედ რაჲთა კეთილსა მას ოდენ მკურნალსა ეძიებდეს და მის მიერ მოელოდის ლხინებასა და კურნებასა და ესვიდეს განსუენებასა.
43. ხოლო ვითარ კეთილ არს და შუენიერ და საჴმარ და სძალ ქრისტესა ყოფად სული იგი, რომელსა ჰქუნდინ წყლულებანი და ტკივილნი,
44. რამეთუ დაღაცათუ ცოდვისაგან არს იგი წყლულ და გუემისაგან ვნებათაჲსა არს იგი უშუერ, არამედ პირველისა მისისა სახისაგან, რომელსა ზედა დაიბადა, არს შუენიერ და კეთილ.
45. და მართლისა მის გულისჴმის-ყოფისა მისისაგან, რომელმან უწყის სიგლახაკე თჳსი და იცნობს წყლულებათა თჳსთა, თუ ვითარ მოიწყლა იგი ვნებათა მიერ, და ტკივილით ეძიებდეს მკურნალსა მას, რომელი შემძლებელ არს განკურნებად მისა და ამისთჳს არს იგი კეთილ და შუენიერ.
46. ხოლო ვნებათა იგი წყლულებანი, რომელნი უნებლიეთ ჰქონან და მას არა ჰნებავს და არცა შეეწევის მით, მას უფალი არა შეურაცხს უშჯულოებად.
47. რამეთუ იგი, რაჟამს მოვიდეს, განჰკურნებს მას და პირველსა მას შუენიერებასა მოიყვანებს, ოდენმცა იგი ნეფსით თჳსით ნუ ეზიარების ვნებათა, ნუცამცა იწურთის,
48. რომელნი-იგი ჰბრძვიან მას, არამედ ღაღადებდინ უფლისა მიმართ ყოვლითა გულითა, რაჲთა სულისა მიერ მისისა ღირს იქმნას განრომად ვნებათაგან.
49. ხოლო ნეტარ არს სული იგი, რომელსა ეკიდნენ ტკივილნი და არა რასა ზედა განისუენებდეს, არამედ მარადის კეთილსა მას ოდენ მკურნალსა ქრისტესა ეძიებდეს, რაჲთა მოხედნეს უფალმან ტკივილსა ზედა ძიებისა მისისასა და ადრე ყოს ძიებაჲ მისი.
50. ხოლო ვაჲ არს სულისა მის, რომელმან არა უწყნის წყლულებანი იგი თჳსნი, რომლითა მოწყლეს იგი ვნებათა, არამედ ეგონოს თავი თჳსი, ვითარმედ მთელ არს და არაჲ ბოროტი აქუს მას.
51. არამედ არს მდიდარ გულისჴმის-ყოფითა, გინა სიტყჳთა და არა უწყის მან სიგლახაკჱ თჳსი და სიბრმე და წყლულებაჲ, რამეთუ მკურნალი იგი არა მოვალს, რაჲთამცა განკურნა იგი.
52. ხოლო მას გონიეს, ვითარმედ სიმრთელესა შინა არს და არა რაჲ ბოროტი შჭირს მას.
53. რამეთუ ვითარცა მკურნალნი ამის სოფლისანი მარადის სნეულთა ჰკურნებენ და მრთელთა თანაწარჰჴდებიან, რამეთუ მათგან არარაჲ სარგებელი აქუს,
54. და კუალად, რომელთა ჰქონან ტკივილნი და წყლულებანი, იგინი ეძიებენ ტკივილით მკურნალსა, ეგრეთვე ქრისტჱ მოვიდა მათ ზედა, რომელნი სნეულებასა და უძლურებასა შინა არიან და იცნიან წყლულებანი მათნი, რომელნი ჰქონან ვნებათაგან.
55. და იგინი ეძიებენ მკურნალსა ყოვლითა გულითა მათითა .................
56. ხოლო მხოლოჲ იგი სახიერი მკურნალი სულთა ჩუენთა ცხორებასა მოანიჭებს, არა თუ სასყიდელსა ოდენ არა ითხოვს, არამედ გან-რაჲ-კურნის სული, მეყსეულად საზრდელითა სულიერითა გამოზრდის მას და განანათლებს ნათლითა
57. და შეამკობს მას ნათლითა სულისა წმიდისაჲთა და სამოსლითა ბრწყინვალითა ზეცისაჲთა და შეეყოფვის მას და შეიწყნარებს, ვითარცა სძალსა შუენიერსა და კეთილსა ზიარებითა სულისა წმიდისაჲთა.
58. და ამას იქმს უფალი სულთა თანა ყოველთა წმიდათა და კეთილთა, რომელთა აქუნდეს სარწმუნოებაჲ და გულსმოდგინებაჲ მართალი......................
59. ხოლო აწ მოვიდოდენ სძალნი იგი, რომელ არს სული, თჳსისა სიძისა მომართ უფლისა, საკუმეველითა კეთილითა საქმეთაჲთა.
60. არამედ ვითარცა პირველად ვთქუ, ვითარმედ საკუმეველი უკუეთუ არა შთავარდეს ცეცხლსა, არა გამოჩნდების სურნელებაჲ მისი მდიდრად,
61. ეგრეთვე უკუე კეთილნი იგი საქმენი სულისანი – ლოცვაჲ და ტირილი და მარხვაჲ ანუ მღჳძარებაჲ და სხუანი იგი საქმენი სათნოებათანი უკუეთუ არა შეეზავნენ ცეცხლსა მას სულისა ზეცათაჲსა,
62. არა გამოჩნდების ძალი იგი სურნელებისა სათნოებათა მისთაჲსა და არა სრულ იქმნებიან იგინი,
63. ვითარცა მოციქული იტყჳს: „ვითარმედ ქრისტეს სურნელებანი ვართ ჩუენ ღმრთისა მიერ“.
64. რამეთუ იკუმევის საკუმეველითა სული კეთილთა საქმეთა მიერ, რაჟამს-იგი აღენთის ცეცხლითა მით ზეცისაჲთა და იქმნენ სულად სულნელად.
65. ხოლო აწ ვითხოვდეთ ჩუენცა ცეცხლსა მას ზეცისასა,
66. რომელი-იგი მოვალს, დასწუავს და აჴურვებს დაუცადებელად სულთა სურვილითა მით ზეცისაჲთა და სიყუარულითა მით დაუცხრომელითა და შეუცვალებელითა ქრისტეს ღმრთისა ჩუენისაჲთა, რომლისაჲ არს დიდებაჲ უკუნითი უკუნისამდე, ამენ......................
|
|