|
ღირსი მაკარი დიდი, მეგვიპტელი (+390-391)
სწავლანი წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა მაკარი მეგჳპტელისანი ძმათა მიმართ
თავი მერვე
1. თქუმული მისივე, თავი 8
2. ვითარცა კაცი მდიდარი სოფელსა შინა, რომელსა აქუნ სიმდიდრე და საუნჯენი დაფარულნი და სიმდიდრითა მით თჳსითა ყოველივე, რაჲცა ენების სოფლისა საქმჱ, ადვილად მოიგის,
3. ეგრეთვე, რომელნი ითხოვდენ ღმრთისაგან და პოონ ზეცისა იგი სულისა წმიდისა საუნჯე და მოიგონ თჳთ უფალი გულთა შინა მათთა, რომელი განანათლებდეს მით ყოვლითავე სიმართლითა სათნოებათაჲთა,
4. მიერითგან ყოველსავე მონაგებსა კეთილსა მცნებათა ღმრთისათა ადრე ჰპოებენ საუნჯისა მის მიერ მათ თანა დამკჳდრებულისა, რომელ არს ქრისტჱ.
5. და მის მიერ უმეტესსა დიდებასა მოიგებენ და ყოველსავე სიმართლესა სათნოებათასა აღასრულებენ სასოებითა მით სულისა მის საუნჯისაჲთა, რომელ არს მათ შორის, ვითარცა მოციქული იტყჳს,: „გუაქუს ჩუენ საუნჯე ესე კეცის ჭურებითა“.
6. ესე იგი არს, რაჲთა, ვიდრეღა ჴორცთა შინა ვართ, მოვიგოთ განმწმედელი იგი ძალი სულისაჲ.
7. და კუალად იტყჳს: „რომელი-იგი გუექმნა ჩუენ სიბრძნე ღმრთისა მიერ, სიმართლე და სიწმიდე და გამოჴსნაჲ“ და ესრეთ,
8. რომელმან პოოს საუნჯე იგი ზეცისაჲ და მოიგოს გულსა შინა თჳსსა, ყოველსავე სახესა სათნოებათასა უბიწოდ და კეთილად მოიგებს და აღასრულებს მას უმანკოდ და ადვილად.
9. ხოლო აწ ვევედრნეთ ჩუენცა უფალსა და ვითხოოთ მისგან, რაჲთა მოგუმადლოს ჩუენ სულიერი იგი საუნჯჱ და ესრეთ ვიქცეოდით მცნებათა შინა მისთა უბიწოდ და წმიდად.
10. და აღვასრულოთ სრულიად ყოველივე სიმართლჱ სულისაჲ საუნჯისა მის მიერ ზეცათაჲსა, რომელ არს ქრისტჱ.
11. რამეთუ ვითარცა გლახაკი სოფელსა შინა, რომელსა არცა თუ პური აქუნდეს, რაჲთამცა განძღა, ვერცა რას შემძლებელ არს მოგებად სიგლახაკისა მისგან მისისა, დაღაცათუ ენებოს,
12. ხოლო მდიდარი, ვითარცა პირველ ვთქუ, რაჲცა ენებოს, ადვილად მოიგებს, ეგრეთვე სული, ვიდრემდის იყოს შიშუელ და ოჴერ ზიარებისა მისგან წმიდისა სულისა და სიგლახაკესა მას მწარისა ცოდვისასა,
13. დაღაცათუ ენებოს, ვერვე აღასრულებს ნაყოფსა მას სიმართლისასა სულიერსა, უკუეთუ არა მოიღოს პირველად ზიარებაჲ იგი სულისა წმიდისაჲ.
14. ამისთჳს ჯერ-არს, რაჲთა აიძულებდეს კაცი თავსა თჳსსა ვედრებასა შინა ღმრთისასა, რაჲთა ღირს იქმნას საუნჯესა მას სულისასა და მიერითგან აღასრულებდეს ყოველსა ადვილად,
15. რომელსა-იგი პირველად ჭირითა და შრომითაცა ვერ აღასრულებდა, რამეთუ შიშუელ იყო და იგი ზიარებისაგან წმიდისა სულისა, და ვითარმცა მოიგო მან ნაყოფი სულიერი თჳნიერ საუნჯისა სულიერისა.
16. სულმან, რომელმან პოვის უფალი სარწმუნოებით ძიებითა და მოღუაწებითა მრავლითა, იგი ყოველსავე ნაყოფსა სულიერსა ადრე მოიგებს და ყოველთა მცნებათა სულისა წმიდისათა ადვილად აღასრულებს წმიდად და უბიწოდ მის თანა და მის მიერ.
17. კუალად სხუაჲ სახჱ ვიჴმაროთ: ვითარცა კაცი მდიდარი, რომელმან ყვის სერი და მოუწოდის მოყუარეთა თჳსთა და წარმოუდგის მათ ტაბლაჲ სავსე სანოვაგითა მრავალფერითა და წარაგის საუნჯისაგან თჳსისა ფრიად და არა ეშინინ,
18. თუ ნუუკუჱ დაელიოს საუნჯე იგი მისი, რამეთუ აქუს მას სიმდიდრჱ დიდი და ესრეთ მრავალასახითა სათნოებითა განახარის მეპურისტენი იგი.
19. ხოლო რომელი იყოს გლახაკ და ნაკლულევან, მან, უკუეთუ ინებოს ვიეთიმე მოწოდებაჲ ყოველნივე ჭურჭელნი იგი ტაბლისა მისისანი სხუათაგან მოითხოვნის, და ვითარცა აღდგიან წოდებულნი იგი ტაბლისა მისისაგან ნაკლულევანისა,
20. მეყსეულად წარიღის თითოეულმან ჭურჭელი თჳსი და იგი დარჩის სიგლახაკესავე შინა თჳსსა, რამეთუ არა აქუნ თჳსი სიმდიდრჱ, რაჲთამცა მით იხარებდა, ეგრეთვე, რომელნი იყვნენ მდიდარ სულითა წმიდითა და აქუნდეს საუნჯჱ იგი ზეცისაჲ მათ შორის და ზიარებაჲ სულისაჲ,
21. უკუეთუ იტყოდიან ვიეთნიმე სიტყუასა სარგებელისასა, რაჲთამცა განარინეს სულნი მათნი, თჳსისა მის სიმდიდრისა და თჳსისა საუნჯისაგან ეტყჳნ და ახარეენ სულთა მათთა, რომელთა ესმინ სიტყუაჲ იგი სულიერი და არა ეშინის თუ ნუუკუჱ დააკლდების მათ რაჲ,
22. რამეთუ აქუს მათ სულიერი იგი და ზეცისა საუნჯე მათ შორის, რომლისაგან ახარებენ სულიერთა მათ მეინაჴეთა.
23. ხოლო რომელი–იგი იყოს გლახაკ და არა მოეგოს სიმდიდრე იგი ქრისტესი და არცა აქუნდეს წყაროჲ იგი სულიერი სულსა შინა მისსა, რომლისაგან გამოვიდეს ყოველივე კეთილი სიტყუაჲ და საქმჱ და მოგონებაჲ საღმრთოჲ და საიდუმლონი გამოუთქუმელნი, და ენებოს,
24. რაჲთამცა მანცა თქუა სიტყუაჲ სარგებელისაჲ, ვითარცა ჯერ-არს, და განანათლნამცა მსმენელნი იგი და არა მოეგოს მას საქმით და ჭეშმარიტებით სიტყუაჲ ღმრთისაჲ,
25. არამედ ოდენ იჴმარებნ სიტყუათა თითოეულისა წიგნისაგან, ანუ ასმიედ მამათაგან სულიერთა და მას მოუთხრობნ და ახარის მათ და მიიხუნიან სიტყუანი იგი მისნი.
26. და შემდგომად თქუმისა მისისა თითოეული სიტყუაჲ წარვიდის, სადაჲთაცა მოვიდა, ხოლო დარჩის გლახაკ და შიშუელ, რამეთუ არა აქუნ შინაგან საუნჯე სულისაჲ, რომლისაგანმცა პირველად თჳთ იხარებდა და ეგრეთმცა ახარებდა სხუათა.
27. ამისთჳს ჯერ-არს, რაჲთა პირველად ვითხოოთ ღმრთისაგან სარწმუნოებით და ტკივილითა გულისაჲთა და მჴურვალითა ცრემლითა, რაჲთა მოგუცეს თჳსი იგი ჭეშმარიტი სიმდიდრჱ,
28. საუნჯე იგი ქრისტესი, ძალითა სულისა წმიდისაჲთა, რაჲთა ესრეთ ჩუენცა ვპოოთ პირველად თავთა ჩუენთა შორის სარგებელი და ცხორებაჲ საუკუნოჲ, რომელ არს უფალი.
29. მაშინღა შემძლებელ ვიქმნეთ სხუათაცა რგებად, რაჟამს იყოს ქრისტჱ ჩუენ შორის დამკჳდრებულ და მისგან გამოვიდოდის ყოველივე სიტყუაჲ სულიერი და საიდუმლოჲ ზეცისაჲ.
30. რამეთუ ესრეთ ჯერ-იჩინა სახიერებამან მაცხოვარისამან, რაჲთა დაემკჳდროს ყოველსავე მორწმუნესა თანა და რომელსა უყუარდეს იგი და ეძიებდის მას,
31. რამეთუ თჳთ იტყჳს: „რომელსა მე უყუარდე, შეყუარებულ იქმნას იგი მამისა მიერ ჩემისა და შევიყუარო იგი და გამოუცხადო მას თავი ჩემი“.
32. კუალად იტყჳს, ვითარმედ: „მოვიდეთ მე და მამაჲ ჩემი და მის თანა სავანე-ვყოთ“.
33. ხოლო ყოველნივე საქმენი მადლისანი დიდთა საზომთანი არიან, რომელნი-იგი ახლოს იყვნეს სისრულესა, რამეთუ პირველთქუმუნლნი ესე მადლნი მრავალჟამ აღესრულებიან მათ შორის და დაუცხრომელადცა მათ თანა იყვნიან და მადლითი მადლად იცვალებინ სული იგი.
34. ხოლო ოდეს სისრულესა მიიწიოს და შეეყოს სრულიად სულსა წმიდასა და განწმინდეს ვნებათაგან სრულიად და შეეყოს ნუგეშინისმცემელსა სულისასა,
35. რაჟამს-იგი მშჳნვიერი იქმნის სულიერ, მიერითგან იქმნების იგი ყოვლითურთ ნათლად და ყოვლითურთ სულ და სიხარულ და განსუენება და სიყუარული და იქმნის სული იგი სათნოებათა შინა ძალითა სულისა წმიდისაჲთა.
36. და ვითარცა ქვასა, მდებარესა ზღუასა შინა ყოვლითურთ წყალი ჰმოსია, ეგრეთვე ესევითარნი სულნი ყოვლითურთ სათნობითა შემკულ არიან
37. და ესრეთ მიემსაგავსებიან ქრისტესა და ნაყოფთა მათთა ყოველნივე ხედვენ, რამეთუ იგინი შინაგან წმიდა და უბიწო არიან, გარეგანმცა ვითარ არაწმიდად აქუნდეს?
38. არამედ მარადის წინაშე ყოველთასა ნაყოფნი იგი წმიდისა სულისანი ბრწყინვენ.
39. ხოლო აწ, ძმანო, ჩუენცა ვევედრნეთ უფალსა და მოვიგოთ სარწმუნოებაჲ და სიყუარული და სასოებაჲ დიდი, რომელმან მოგუცეს მადლი იგი ზეცისაჲ და ნიჭი ს წმიდისა სულისაჲ,
40. რაჲთა იგი სული წარმიძღუეს ჩუენ ყოველსავე ნებასა ღმრთისასა და განგჳსუენოს ჩუენ განსუენებითა მისითა, რაჲთა ეგევითარითა მით მადლითა მივსწუთეთ სისრულესა მას სავსებისა ქრისტესასა, ვითარცა მოციქული იტყჳს: „რაჲთა აღვივსნეთ ყოვლითავე სავსებითა ქრისტესითა“.
41. და კუალად იტყჳს: „მივეწინეთ ყოველნი კაცსა სრულსა საზომსა ჰასაკისა სავსებისა ქრისტესსა“.
42. რამეთუ უფალმან აღუთქუა ყოველთავე მორწმუნეთა თჳსთა, რომელნი ჭეშმარიტებით ევედრებიან მას, რაჲთა მისცეს მათ გამოუთქუმელი იგი სულისა წმიდისა ზიარებაჲ.
43. ამისთჳსცა ჯერ-არს, რაჲთა სულითა და ჴორცითა შეუვრდეთ უფალსა და მისა განვაწესნეთ თავნი ჩუენნი და შეუდგეთ ქრისტესა და წმიდა ჯუარსა მისსა, რაჲთა ესრეთ ღირს ვიქმნეთ პოვნად კეთილთა მათ საუკუნეთა და ვიქმნნეთ ღირს უფლისა ჩუენისა,
44. რომელი-იგი ჩუენთჳს ჯუარს-ეცუა და მოკუდა, რაჲთა ჩუენ განგუათავისუფლნეს მონებისაგან ცოდვისა და მკჳდრ-მყვნეს სასუფეველსა მისსა საუკუნესა ყოველთა წმიდათა მისთა თანა,
45. რამეთუ მისი არს დიდებაჲ და სიმტკიცე, ძალი და თაყუანის-ცემაჲ თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.
|
|