მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

ღირსი მაკარი დიდი, მეგვიპტელი (+390-391)

 

სწავლანი წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა მაკარი მეგჳპტელისანი ძმათა მიმართ

 

თავი მეშვიდე

 

1. თქუმული მისივე, წმიდისა მაკარისვე, თავი 7
2. სრულნი ქრისტეანენი, რომელნი მიწევნულ არიან საზომსა სისრულისასა და მიახლებულ არიან მეუფისადა, იგინი მარადის ჯუარსა თანა იესუსსა არიან, და ვითარცა წინაწარმეტყუელთა ზე საცხებელი იყო ყოველთა უპატიოსნეს
3. და მის მიერ იცხებოდეს მღდელნი, წინაწარმეტყუელნი და მეფენი, ეგრეთვე აწ სულიერნი იგი ცხებითა მით იქმნებიან ცხებულნი მადლისანი, რაჲთა იყვნენ იგინი მღდელ და წინაწარმეტყუელ საიდუმლოთა მათ ზეცისათა.
4. და ესენი არიან ძენი და უფალნი და ღმერთნი შეკრულნი და წარტყუენულნი ჯუარცუმულნი და განჩინებულნი.
5. რამეთუ არიან მრავალნი, რომელთა თანა არს მადლი იგი ღმრთისაჲ და განუსუენებს.
6. და არს უკეთურებაჲცა მათ შორის და ორნივე იგი სულნი ერთსა გულსა შინა არიან – ნათლისაჲ და ბნელისაჲ.
7. ვიცი, ძმაო, რამეთუ მე გეტყჳ, რომელსა-ეგე გესმის სიტყუაჲ ჩემი, ვითარმედ: „რაჲ ზიარებაჲ არს ნათლისაჲ ბნელისა თანა“, ანუ „რაჲ მიახლებაჲ არს ტაძრისაჲ ღმრთისაჲ კერპთა თანა“?
8. ხოლო მეცა მოგიგება შენ ვითარმედ, რაჲ ზიარებაჲ არს ბნელისაჲ ნათლისა თანა, ანუ წმიდაჲ იგი ნათელი ოდეს დაბნელდების, ანუ უბიწოჲ იგი ოდეს შეიცვალების იქმნების.
9. რამეთუ წერილ არს : „ნათელი იგი ბნელსა შინა ჩას და ბნელი იგი მას ვერ ეწია“.
10. ხოლო არა ჯერ-არს, რაჲთა ერთსახედ გულისჴმა-ვყოფდეთ საქმეთა, რამეთუ ვიეთნიმე ესრეთ განისუენებენ მადლითა ქრისტესითა, რომელ უძლიერეს იქმნებიან მათ თანა მყოფისა მის ცოდვისა
11. და აქუნდის ლოცვაჲ და განსუენებაჲ ფრიადი ღმრთისა მიმართ, სხჳსა ჟამისაებრ ებრძვიან გულისსიტყუანი შეგინებულნი და მოიპარავს მათ ცოდვაჲ არამედ იყვნიან იგინი მადლსა შინა ღმრთისასა.
12. ხოლო გამოუცდელნი იგი, რაჟამს მცირედცა მოვიდის მათ თანა მადლი, ჰგონებდიან, ვითარმედ არღარა არს რომელსა ცოდვაჲ.
13. არამედ რომელთა აქუს მეცნიერებაჲ, იგინი ვერ იკადრებენ თქუმად, თუ – „არა არს ჩუენ თანა ბრძოლაჲ ბოროტთა გულისსიტყუათაჲ“, დაღაცათუ მადლი იგი მათ თანა იყოს.
14. რამეთუ ვპოენით ვიეთნიმე ძმანი, რომელთა ესეზომი მადლი აქუნდა, ვიდრემდის იტყოდეს ხუთსა და ექუსსაცა წელსა, ვითარმედ: „განჴმა სრულიად გულისთქუმაჲ“.
15. და შემდგომად ამისა, რაჟამს ჰგონებდეს, ვითარმედ სრულიად თავისუფალ არიან, მაშინ დამალულნი იგი ბოროტნი ზედა აღუდგეს, და ვიეთმე მათგანთა უცხო-უჩნდა და იტყოდეს, ვითარმედ: „ეგოდენთა ჟამთა შემდგომად აღსდექით ჩემ ზედა, ჵ ბოროტნო?!“
16. ხოლო ვერვინ მეცნიერთაგანი იკადრებს თქუმად, თუ ვინაჲთგან მადლი ჩემ თანა არს, განთავისუფლებულ ვარ მე ცოდვისაგან, რამეთუ ორნივე იგი ერთსა გონებასა შინა არიან: მადლი ღმრთისაჲ და ცოდვაჲ.
17. ხოლო გამოუცდელნი, მცირედი მადლი რაჟამს მიიღონ, ჰგონებენ, ვითარმედ გჳძლევია ვნებათა და ქრისტეანე ვართ.
18. ხოლო მე ვიტყჳ ვითარმედ: ესრეთ არიან საქმენი ესე, ვითარცა ოდეს იყოფვის ცათა შინა მზჱ წმიდაჲ და არა არნ მის ზედა ღრუბელი, და ჰაერი ბნელი და დააბნელის ბრწყინვალებაჲ იგი მისი,
19. ეგრეთვე არიან, რომელნი არა სრულიად განწმედილ იყვნენ და იყვნენ მადლსა შინა ღმრთისასა და იყვნენ იგინი ბნელსა შინა ცოდვისასა და არა კეთილსა შინა,
20. არამედ გულისსიტყუანი და აღძრვანი მათნი ღმრთისა მიმართვე იყვნიან, ვითარცა მზე ღრუბელთა შინა: დაღაცათუ ვერ ბრწყინავს, არამედ იგი მზე არს.
21. ხოლო კუალად, რომელნი იყვნენ სიღრმესა მას კეთილისასა, იგინიცა მონა და მორჩილ არიან ბოროტთა მათ გულისსიტყუათა.
22. ხოლო ფრიადი განკითხვაჲ უჴმს კაცსა, რაჲთა გულისჴმა-ყოს კეთილად სახჱ ესე სიტყუათა ჩემთაჲ.
23. არამედ გეტყჳ შენ, ვითარმედ მოციქულნიცა, რომელთა თანა იყო სრულიად ნუგეშინისმცემელი იგი, არა იყვნეს უზრუნველ, არამედ სიხარულსა მას თანა იყო შიშიცა მადლისა მიერ და არა კერძისა მიერ უკეთურებისა, რამეთუ მადლი იგი ჰფარვიდა მათ, რაჲთა სადაჲთ მიდრკენ.
24. და ვითარცა რაჲ ყრმამან მცირემან, მიამთხჳის რაჲმე ქვითა მცირითა ზღუდესა დიდსა და, ვერარაჲ ავნის მას, ანუ ვითარცა ისარი უძლურისაჲ, ვერარას ავნებს ჯაჭუსა მტკიცესა, არამედ სიფიცხლითა მისითა უკუღმართვე შეიქცის,
25. ეგრეთვე უკეთურისა იგი კერძი ვერას ავნებდა მათ, რამეთუ ემოსა ძალი იგი ქრისტესი სრულიად იყვნეს იგინი სრულ და აქუნდა თავისუფლებისა იგი ჴელმწიფებაჲ, რაჲთა იქმოდინ სიმართლესა.
26. რამეთუ ვიეთნიმე იტყჳან, ვითარმედ შემდგომად მადლისა მოვალს სულსა ზედა უზრუნველობაჲო.
27. ხოლო ღმერთი სრულთაგანცა ეძიებს ნებასა სულისასა მსახურებად სულისა, რომელნი შეერთნენ და პატივ-სცენ მას.
28. და მოციქული იტყჳს: „სულიმცა ნუ დაივსების“.
29. ხოლო მათ შორის ვიეთმე არა უნდა დამძიმებაჲ, არამედ თავთა თჳსთა კმა-ეყოფოდეს.
30. სხუანი აღიღებდეს ერისკაცთაგან და გლახაკთა განუყოფდეს.
31. და ესე მის საზომისა უზეშთაეს არს.
32. და რომელთამე აქუს მადლი იგი და თჳსთა თავთა ზრუნვენ, თუ ვითარ სათნო ეყვნენ ღმერთსა.
33. ხოლო სხუანი ისწრაფიან, რაჲთა სხუათაცა სულთა არგონ და ფრიადსა ჭირსა თავს-იდებენ მათთჳს.
34. და ესენი კუალად მათსა უზეშთაეს არიან და.
35. სხუათა ჰნებავს, რაჲთა პატივსცემდეს კაცნი და რაჲთა აჩუენეს, ვითარმედ ქრისტესნი არიან.
36. ხოლო სხუანი ისწრაფიან, რაჲთა დაფარნენ თავნი მათნი კაცთაგან.
37. და ესენი მათსა უზეშთაეს არიან.
38. სხუათა აქუს მადლი ღმრთისაჲ და სახელისა მისისათჳს მისცემენ ჴორცთა მათთა ვნებად.
39. კუალად ესენი ფრიად დიდ არიან.იგინიცა ვითარმედ სისრულესაცა შინა იპოების უზეშთაესი გონებათაჲ ღმრთისა მიმართ ნებისაგან ბუნებითისა?
40. ხოლო ვითარცა გლახაკმან ვინმე იხილის ძილსა შინა თავი თჳსი მდიდრად, ვითარმცა ემოსა სამოსელი ბრწყინვალჱ და აღეძარცუა უნდოჲ იგი სამოსელი თჳსი რაჲ სიხარულისაგან აღდგის და იხილის თავი თჳსი სიგლახაკესავე მას შინა,
41. ეგრეთვე რომელნი სიტყუათა სულიერთა იტყოდინ, დაღაცათუ ეგონოს, ვითარმედ ჭეშმარიტსა იტყჳან და არა აქუნდეს საქმჱ სიტყუათა მათთა გულსავსებით და ძალითა გონებათა შინა, იგინი საუცარსა შინა არიან.
42. და ვითარცა დედაკაცი, რომელსა ემოსის სამოსელი ბრწყინვალჱ და დგის იგი სამეძვოსა შინა და არაწმიდებასა, ეგრეთვე ესენი არიან,
43. რამეთუ არიან გულნი მათნი სულთა არაწმიდათა სამეძვო და მათ ჰნებავს სიმართლისათჳს ზრახვაჲ და ჭეშმარიტებასა მას საქმეთასა ყოვლადვე არა მიწდომილ არიან.
44. რამეთუ ვითარცა შეუძლებელ არს თევზისა ცხორებაჲ თჳნიერ წყლისა, ანუ კაცისა სლვაჲ თჳნიერ ფერჴთა, ანუ ხედვაჲ თჳნიერ თუალთა, ანუ ზრახვაჲ თჳნიერ ენისა, ანუ სმენაჲ თჳნიერ ყურთა,
45. ეგრეთვე, უკუეთუ არა იყოს კაცისა თანა იესუ და ძალი იგი საღმრთოჲ, შეუძლებელ არს ცნობაჲ საიდუმლოჲ სიბრძნისა ღმრთისაჲ, ანუ განმდიდრებაჲ სულთა, ანუ ქრისტეანე-ყოფაჲ.
46. არამედ იგი არიან მჴედარნი იგი მჴნენი და მოყუარენი ღმრთისანი შინაგანი იგი კაცი წარემართების მადლითა ღმრთისაჲთა.
47. რამეთუ ბრძენნი იგი წარმართნი სიტყჳთა ისწავლიან და სიტყჳს-გებასა მოიგებენ, ხოლო მონანი ღმრთისანი უსწავლელ არიან სიტყჳთა და იხარებენ მადლსა ზედა ღმრთისასა და მოიგებენ იგინი ღმრთისმოშიშებასა და სიმართლესა.
48. ხოლო აწ განსაჯე, ვინ უკეთეს და უშუენიერეს არიან: რომელნი სიტყუათა და ზღაპრობითა ესვიდენ, ანუ რომელნი ჭეშმარიტებისა საქმეთა ესვიდენ ძალითა ღმრთისაჲთა, რამეთუ წერილი იტყჳს, ვითარმედ: „სასუფეველი ცათაჲ არა სიტყჳთა არს, არამედ ძალითა და საქმეთა“.
49. და სიტყჳთ თქუმაჲ საქმისაჲ ადვილ არს.
50. რამეთუ ადვილ არს თქუმაჲ, თუ „პური ესე იფქლისაჲ არს“.
51. ხოლო თჳთოსახედ აღსრულებაჲ მისი არა ადვილ არს და იგი არს ჭეშმარიტი და საქმჱ გამოცდილთაჲ.
52. ეგრეთვე უბნობაჲ უვნებელობისა და სიმართლისა და სისრულისათჳს ადვილ არს, ხოლო გამოცდილებით მიწევნაჲ საქმესა მას სისრულისასა მცირედთაჲ არს.
53. და სახარებაჲ განცხადებულად გუასწავებს, თუ ვითარ ვინ იქმნას მოყუარე მეუფისა, რამეთუ თქუა, ვითარმედ: „ნუ განრისხნები, უკუეთუ ვინმე გცეს მარჯუენესა ყურიმალს შენსა და, მიუპყარ მას მეორეცა“ და შემდგომი ამისი.
54. ხოლო მოციქული წულილ-წულილად გუასწავებს, ვითარ ჯერ-არს მოთმინებაჲ, ანუ თუ ვითარ მოიგებვის.
55. და პირველად ვითარცა ჩჩჳლსა სძესა გუაწოვებს და, რაჲთა ესრეთ მოვიდეთ სისრულედ.
56. ხოლო სხუად სახედ ვთქუა, ვითარმცა სახარებაჲ იტყოდა, ვითარმედ: „ჰქმენით სამოსელი სრული მატყლისაგან“.
57. ხოლო მოციქული გუასწავებს, თუ ვითარ არს დაქუსვაჲ და დაწყებაჲ და მოქსოვაჲ მისი.
58. რომელნიცა სიტყუათა სულიერთა იტყოდინ და არა იქმოდიან, მსგავს არიან იგინი კაცსა, რომელი ვალნ სიცხესა დიდსა ვაკესა შინა უდაბნოსა
59. და ფრიადისა წყურილისაგან გამოსახავნ გონებასა შინა თჳსსა წყაროსა რასმე გრილსა, ჰამოსა და ტკბილსა, რომლისაგან გამოდინ წყალი ბრწყინვალჱ და ვითარმცა სუმიდა მისგან, ხოლო მისნი ბაგენი გარდამეტებულისა წყურილისაგან გამჴმარ იყვნიან და შემწუარ.
60. კუალად მსგავს არიან კაცსა, რომელსა არაოდეს ეხილვოს გემოჲ თაფლისაჲ და მოუთხრობნ სხუათა სიტკბოებასა მისსა.
61. ეგრეთვე არიან, რომელნი იტყოდიან სისრულისათჳს და უვნებელობისა და მათ არაჲ ექმნას მისგანი, რამეთუ არა ესრეთ არს ჭეშმარიტებაჲ, ვითარ– იგი იტყჳან.
62. და უკუეთუ მოსცეს მას ღმერთმან გულისჴმის-ყოფაჲ მცირედი, მაშინ ცნას, რამეთუ არა ჭეშმარიტსა იტყოდა, არამედ სხუებრ იტყოდა იგი და სხუებრ განაგო სულმან წმიდამან.
63. რამეთუ ჭეშმარიტი ქრისტეანობაჲ საზრდელი არს სულისაჲ და სანოვაგე ჰამოჲ და რაჲზომცა ვინ მიიღებდეს მისგან, უფროჲსად მოესურვების მისთჳს და იქმნების გონებაჲ იგი უძღებ.
64. და ვითარცა უკუეთუ ვინმე მისცეს კაცსა წყურიელსა სასუმელი გულისსათქუმული და ჰამოჲ, ხოლო მან მიიღოს იგი არა ოდენ წყურილისათჳს, არამედ სიტკბოებისათჳსცა მისისა და სურვილისა სუამნ მას, ეგრეთვე განუძღებელ არს სიტკბოებაჲ სულისა წმიდისაჲ.
65. ხოლო ამას ყოველსა არა სიტყჳთა ოდენ გულისჴმა-ვჰყოფთ, არამედ საქმენი არიან სულისა წმიდისანი, რომელნი ფარულად გონებასა შინა ღირსთასა აღესრულებიან.
66. ხოლო არიან ვიეთნიმე, რომელნი განშორებულ არიან სიძვისა და პარვისაგან და სხუათა ესევითართა საქმეთაგან და ჰგონებენ, ვითარმედ წმიდა არიან იგინი.
67. არამედ არა თუ ვითარცა მათ ჰგონია, ესრეთ იყომცა ჭეშმარიტებაჲ, რამეთუ უკეთურებაჲ და ცოდვაჲ ჯერეთ გარეგანსა შინა მათსა არს.
68. ხოლო წმიდაჲ იგი არს, რომელსა წმიდა ჰყოფდა შინაგანი კაცი.
69. გარნა სადა იყოს ჭეშმარიტებაჲ, მუნ წარმოვარდების ბრძოლაჲ ცთომისაჲ, რამეთუ ისწრაფის, რაჲთამცა დაფარა ჭეშმარიტებაჲ.
70. ვითარცა ჰურიათა თანა, რაჟამს იყო მაშინ მღდელობაჲ და სული წმიდაჲ და, მისივე ნათესავისაგან იდევნებოდეს მონანი ღმრთისანი,
71. ხოლო აწ ვინაჲთგან კრეტსაბმელი ტაძრისაჲ მის განიპო და განეშორა სული წმიდაჲ საკურთხეველისა მისგან შჯულისა და მივიდა წარმართთა ეკლესიად,
72. კუალად თჳსთაგანვე იდევნებიან მორწმუნენი და იწამებიანცა ღმრთისმოყუარენი, რამეთუ ჭეშმარიტებასა უკუეთუ წინააღმდგომნი არა ესხნენ, არა გამოჩნდების.
73. ხოლო არიან ვიეთგანნიმე ძმათა შორისცა, რომელთა ფრიადნი ნიჭნი უტჳრთვან, არამედ ფრიადი კრძალულებაჲ უჴმს, რაჲთა არა დაეცნენ.
74. რამეთუ ერთი ძმაჲ წარიტყუენა ოდესმე, ვითარცა შეპყრობილი ვიეთგანმე, ძალისა მისგან საღმრთოჲსა და მიიტაცა და იხილა ზეცისა ქალაქი იერუსალჱმი და მუნნი იგი ხატნი ნათლისანი და ნათელი უზომოჲ.
75. და ესმა ჴმაჲ, რომელი ეტყოდა: „ესე არს ადგილი იგი განსასუენებელი მართალთაჲ“.
76. და ამას ზედა აღზუავნა მცირედ და ეგონა, ვითარმედ მისთჳს ითქუა სიტყუაჲ იგი და მიერითგან იპოვა იგი უფსკრულთა შინა და სიღრმესაცა ცოდვისასა და ბევრეულთა ბოროტთა შინა.
77. ხოლო უკუეთუ შინაგანი იგი დაეცა, ვითარ შემძლებელ არს გარეგანი იგი თქუმად,: „მარხვითა და უცხოებითა და მოწყალებითა წმიდა ვარ“.
78. რამეთუ არა საჩინოთა მათ ბოროტთაგან განყენებაჲ არს სისრულე, არამედ შინაგანისა მის გონებისა სისრულე განწმენდაჲ.
79. შევედ შენ, ჵ კაცო, გულისჴმის-ყოფითა გულისსიტყუათა შენთაჲთა გონებასა შინა შენსა, ტყუესა მას და მონასა ცოდვისასა და იხილე უღრმესი იგი გონებისაჲ და უშინაგანესი ადგილი, რომელ არიან საუნჯენი სულისანი, და მუნ ჰპოო გუელი იგი დამკჳდრებული და დაბუდებული,
80. რომელი-იგი მომაკუდინებელი არს სულისა შენისაჲთა, რამეთუ უფსკრული მიუწდომელი არს გული კაცისაჲ.
81. და უკუეთუ გუელი იგი მოგიკლავს და უკუეთუ უშჯულოებაჲ და ყოველივე არაწმიდაჲ წარგიდევნია შენგან, მაშა, იქადოდე უფლისა მიერ.
82. ხოლო უკუეთუ ესე ყოველი არა მოგიგია, მაშა, დამდაბლდი, ვითარცა გლახაკი და ცოდვილი და მოუჴედ უფალსა და ევედრებოდე საიდუმლოთა შენთათჳს, რამეთუ ყოველივე ძუელი და ახალი წერილი და მოციქულნი და თჳთ უფალი სიწმიდესა გუასწავებენ.
83. და ყოველსა კაცსა გინა თუ ჰურიასა, გინა თუ წარმართსა უყუარს სიწმიდჱ, დაღაცათუ ვერ მოიგებენ მას.
84. ხოლო თანა-გაც, რაჲთა გამოიძიო, თუ ვითარ ანუ რომლითა სახითა მოვალს სიწმიდე გულისაჲ და ჰპოო, რამეთუ სხჳთა არარაჲთა იქმნების, არამედ ძალითა ოდენ იესუსითა, რომელი-იგი ჩუენთჳს ჯუარს ეცუა, რამეთუ იგი არს გზაჲ და ჭეშმარიტებაჲ.................
85. რამეთუ ვითარცა კაცი სიმდიდრისმოყუარე არა განძღების ყოვლადვე შეკრებითა საჴმართაჲთა, არამედ რაჲზომცა შეჰკრებნ, უფროჲსად განდიდნებინ სიყუარული იგი მისი საჴმართა მიმართ, და ვითარცა კაცი წყურიელი,
86. რაჲ სუამან სასუმელსა ტკბილსა და მოსწყჳდის მისგან ვინმე მალჱ, მაშინღა აღაგზნის უფროჲსად წყურილი მისი და გულისთქუმაჲ, ეგრეთვე, რომელმან იხილოს გემოჲ სიტკბოებისა ღმრთისაჲ, ვერ განძღების ყოვლადვე.
87. არამედ რაჲზომცა მდიდარ იყოს, უფროჲსღა გლახაკად შეურაცხია თავი თჳსი და რაჲზომცა მიიღებდეს სიტკბოებასა მას, უფროჲსად მოემშევის და მოეწყურების მას მისა მიმართ.
88. ეგევითარნი იგი ქრისტეანენი არა პატივსცემენ სულთა თჳსსა, არამედ ვითარცა შეურაცხნი არიან წინაშე ღმრთისა და ვითარცა მონანი ყოველთა კაცთანი.
89. არამედ ფრიად განისუენებს ღმერთი ეგევითარსა მას გულსა ზედა სიმდაბლისათჳს მისისა, რამეთუ „უფალი ამპარტავანთა წინააღუდგების, ხოლო მდაბალთა მოსცემს მადლსა“.
90. ამისთჳსცა, ძმანო, ნუმცა ვინ ზუაობთ თავთა თჳსთა ზედა, ვითარმცა იყო რაჲმე, ანუ აქუნდა რაჲმე, რამეთუ სიმაღლჱ და ამპარტავანებაჲ საძაგელ არიან წინაშე ღმრთისა.
91. და იხილე, რამეთუ სიმაღლემან გამოიყვანა ადამ სამოთხით რამეთუ, ესმა ვითარმედ: „იყვნეთ თქუენ, ვითარცა ღმერთნი“, და აღზუავნა სასოებასა მას ზედა ამოსა.
92. და ამისთჳს სძაგს ფრიად ღმერთსა ამპარტავანებაჲ.
93. ხოლო კუალად გულისჴმა-ყავ, ვითარ ღმერთმან და მეუფემან და ძემან ღმრთისამან „დაიმდაბლა თავი თჳსი და ხატი მონებისაჲ შეიმოსა“, ვითარ დაგლახაკნა მდიდარი იგი და თავს-იდვა გინებაჲ, ნერწყუვაჲ და ყურიმლის-ცემაჲ, ჯუარცუმაჲ და სიკუდილი.
94. ხოლო უკუეთუ ღმერთი ესრეთ დამდაბლდა, მაშა შენ, რომელსა-ეგე ჴორცნი სისხლნი გმოსიან და ხარ შენ მიწა და ნაცარი და ყოვლითურთ საძაგელება და არაწმიდება, ვითარ იკადრებ ზუაობად და სიქადულად ფრიად?
95. რამეთუ უკუეთუმცა იყავ შენ ბრძენ, რომელი-ეგე უფალსა მოუცემია, მაგისთჳსცამცა იტყოდე, ვითარმედ: „უფალმან მომცა ესე და არა არს ესე ჩემი, არამედ უცხო არს ბუნებისაგან ჩემისა და მასვე ოდეს ენებოს, აღიღებს მას ჩემგან“.
96. და ესრეთ, უკუეთუ რაჲმე კეთილი შეგემთხჳოს, ჰმადლობდი ღმერთსა.
97. ხოლო უკუეთუ ბოროტი რაჲმე იპოოს შენ თანა, თავსა თჳსსა აბრალებდი და თქუ, ვითარმედ: „მე ვარ ცოდვილი, რომელმან განვარისხე უფალი“.