მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

ღირსი მაკარი დიდი, მეგვიპტელი (+390-391)

 

სწავლანი წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა მაკარი მეგჳპტელისანი ძმათა მიმართ

 

თავი მეოთხე

 

1. თქმული მისივე თავი 4
2. რამეთუ ვითარცა სხუაჲ არს იფქლი და სხუაჲ არს ცხრილი და სხუაჲ არს მწმდელი მისი, რომელი წმედნ ცხრილითა მით იფქლსა.
3. აჰა ესერა, იფქლი ცხრილსა შინა კაცისა მიერ დაუცხრომელად იქცევის.
4. ეგრეთვე საქმეთა მიერ ქუეყანისთა ყოველნი შეუკრვან უკეთურსა მას და აღსძრავს მათ და აბრკოლებს გულისსიტყუათა მიერ ამაოთა და ბილწთა და გულისთქუმათა მიერ და საკრველთა ამის სოფლისათა და ესრეთ აცთუნებს და მიმოუტაცია ყოველი ცოდვილი ნათესავი ადამისი,
5. ვითარცა უფალი მოციქულთა ეტყოდა ბრძოლისა მისთჳს ეშმაკისა, რომელი მათ ზედა მომავალ იყო და თქუა,: „რაოდენგზის გამოგითხოვნა თქუენ ეშმაკმან, რაჲთამცა აგცრნა, ვითარმცა იფქლი და მე ვევედრე მამასა ჩემსა, რაჲთა არა მოგაკლდეს სარწმუნოებაჲ თქუენი“.
6. რამეთუ ბრძანებაჲ იგი დამბადებელისაჲ, მიეცა კაენს ცხადად, ვითარმედ – „იწროებით და ძრწოლით იყო ქუეყანასა ზედა“, იგი სიტყუაჲ დაფარულად სახე არს ცოდვილთაჲ,
7. რამეთუ ვინაჲთგან გარდაჰჴდა მცნებასა ნათესავი ადამისი და იქმნა იგი ცოდვილ, მისი სახე არს ფარულად და ირყევის იგი თითოსახეთა გულისსიტყუათაგან ძრწოლით და შიშით და ყოვლითავე აღძრვისა,
8. ხოლო უკეთური იგი მძლავრი ამის სოფლისაჲ გულისთქუმითა ბოროტითა და ყოვლითავე ღონითა აჭირვებს ყოველსავე სულსა, რომელი არა შობილ არს ღმრითსაგან, გემოჲთა ჴორცთაჲთა ძრწოლითა და შიშითა აცთუნებს მათ.
9. რამეთუ უფალიცა გამოაჩინებს მათ, რომელნი ცთომასა და ნებასა ეშმაკისასა შედგომილ არიან, გამოაჩინებს მათ რამეთუ მსგავს კაენისა არიან უკეთურებითა.
10. ამხილებდა მათ და ეტყოდა ვითარმედ: „თქუენ ნებასა მამისა თქუენისასა ჰყოფთ კაცისმკლველისასა, რამეთუ იგი კაცისმკლველი არს დასსაბამითგან და ჭეშმარიტებასა შინა არა დაადგრა“.
11. ამისთჳსცა ყოველი ცოდვილი ნათესავი პირველისა ადამისი შიშით და ძრწოლით ეშმაკისა მიერ იქცევინ და საშჯელი იგი კაენისი ფარულად მოუგია.
12. და ვითარცა ერთისა მის ადამისგან ყოველი ნათესავი კაცთაჲ განეფინა ქუეყანასა ზედა, ეგრეთვე ერთი იგი უკეთურებაჲ ყოველსავე ცოდვილსა ზედა ნათესავსა კაცთასა მიეფინა და
13. ერთი იგი მთავარი სიბოროტისაჲ აჭირვებს და სოფლისა გულისსიტყუათა შინა აქცევს, ამაოებათა და შფოთთა შინა.
14. რამეთუ ვითარცა ერთი ქარი კმა-ეყოფვის შერყევად ყოველთავე ხეთა და ნერგთა და მცენარეთა ქუეყანისათა, ანუ ვითარცა ერთი იგი ბნელი ღამისაჲ ყოველსა ქუეყანასა ზედა განეფინების,
15. ეგრეთვე მთავარი იგი უკეთურებისაჲ არნ ბნელი რაჲმე სიტყჳერი სიბოროტისაჲ და სიკუდილისა მომატყუებელი.
16. და არს იგი, ვითარცა ქარი რაჲმე ბოროტი, ფარული და მწარჱ, რომელი აღელვებს ნათესავსა კაცთასა და აქცევს დაუდგრომელთა გულისსიტყუათა შინა და გულისთქუმათა ამის სოფლისაჲთა აცთუნებს გულთა მათთა.
17. და სიბნელითა და უგულისჴმოებითა და გულფიცხელობითა აღავსებს ყოველსა სულსა, რომელი არა ღმრთისაგან შობილ იყოს და სხუასა სოფელსა, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: „ჩუენი მოქალაქობაჲ ზეცათა შინა არს“...............
18. ხოლო მცირედნი ვინმე არიან ფრიად, რომელთა მოიგეს კეთილსა დაწყებასა ზედა დასასრულიცა კეთილი და განვლეს, ვიდრე აღსასრულადმდე დაუცემელად და ერთი იგი სიყუარული დაიმარხეს ღმრთისა მიმართ და მისთჳს ყოვლისაგან ქუეყანისა მოსწყჳდნენ თავნი მათნი.
19. რამეთუ მრავალნი მიიღებენ მადლსა ზეცისასა და ტრფიალებითა საღმრთოჲთა განიგურიმებიან.
20. არამედ ღუაწლთა მათთჳს და ტკივილთა და განსაცდელთა, რომელთაჲ თანა-აც თავს-დებაჲ უკეთურისა მიერ, ვერ მოითმინიან, არამედ მიდრკიან თითოსახეთა გულისთქუმათა, რამეთუ თითოეულსა მათსა თჳსი ნებაჲ აქუს,
21. რაჲთამცა შეიყუარა რაჲმე ამის სოფლისაჲ და არა მოეკუეთნიან თავნი მათნი ყოვლისაგანვე სიყუარულისა მისისა.
22. და ამისთჳს დაშთეს და დაინთქნეს უფსკრულსა შინა ამის სოფლისასა თჳსისა ნებისა უძლურებისათჳს და დაჴსნილობისა და სიყუარულისათჳს ამაოჲსა.
23. რამეთუ რომელთა ენებოს, რაჲთა ვიდრე აღსასრულამდე კეთილსა მოქალაქობასა შინა იყვნენ, მათ თანა-აც, რაჲთა სიყუარულსა მას თანა ღმთისასა სხუაჲ სიყუარული არა შეჰრიონ ნეფსით მათით, არცა შეიწყნარონ,
24. რაჲთა არა დაეხრწიოს მათ გზაჲ მათი და შეიქცენ უკუღმართ და წარწყმდენ.
25. რამეთუ ვითარცა დიდ და მიუთხრობელ არიან და გამოუთქუმელ კეთილნი იგი ღმრთისა მიერ აღთქუმულნი, ეგრეთვე დიდი სარწმუნოებაჲ და სასოებაჲ და შრომანი და მოღუაწებანი და განსაცდელნი უჴმან, რომელსა ენებოს მათი მოგებაჲ,
26. რამეთუ არამცირედნი რაჲმე კეთილნი არიან, რომელნი-იგი კაცისათჳს განმზადებულ არიან, არამედ მოუგონებელ არიან ყოვლადვე.
27. მითხარღა ჵ კაცო, სასუფეველისათჳს ცათაჲსა გსურიან და ქრისტეს თანა სუფევაჲ უკუე გნებავს, და ჭირთა და განსაცდელთა მცირედისა ამის ჟამისათა ვიდრე სიკუდილადმდე არა თავს-ვიდებთ?
28. არა გესმისა სიტყუაჲ იგი უფლისაჲ, რომელსა იტყჳს ვითარმედ: „რომელსა ჰნებავს შემდგომად ჩემდა, უვარ-ყავნ თავი თჳსი და აღიღენ ჯუარი თჳსი და შემომიდეგინ მე?“
29. და კუალად იტყჳს: „უკუეთუ არა მოიძულოს კაცმან მამაჲ თჳსი და დედაჲ თჳსი, ცოლი და შვილნი, ძმანი და დანი და სულიცა თჳსი, ვერ ძალ-უც მოწაფე ჩემდა ყოფად“.
30. ხოლო მრავალთა კაცთა სურის სასუფეველისათჳს და დამკჳდრებაჲ საუკუნოჲსა მის ცხორებისაჲ ჰნებავს და ნებათა მათთა მოკუდინებაჲ არა ჰნებავს,
31. არამედ შედგომითა ნებისა მათისაჲთა და ეშმაკისა, რომელ-იგი არს დამთესველი ამაოებისაჲ, და არა უვარ-ყოფითა მისითა ეგულების ცხორებისა მოგებაჲ.
32. ხოლო ესე შეუძლებელ არს, რამეთუ სიტყუაჲ უფლისაჲ ჭეშმარიტ არს, ვითარმედ: იგინი დარჩებიან დაუცემელად, რომელთა მცნებისაებრ ღმრთისა უვარ-ყვნეს თავნი მათნი ყოვლითურთ და განაგდეს მათგან ყოველივე ამის სოფლისა საკრველი და გულისთქუმაჲ და განცხრომანი და უცალოებანი,
33. და იგი ოდენ არს მარადის წინაშე თუალთა მათთა და მცნებათა მათთა დაცვისათჳს სურიან.
34. ამისთჳსცა საცნაურ არს, ვითარმედ თჳთეული თჳსითა ნებითა განმოვარდების სასუფევლისაგან, რამეთუ არა უარ-ყვის თავი თჳსი და არცა ინების ყოვლითა გულითა შრომაჲ, არამედ სიყუარულსა მას თანა ღმრთისასა სხუაჲცა რაჲმე სიყუარული შეჰრთის.
35. და არა არნ სიყუარული იგი მართლიად უფლისა მიმართ, არამედ აღრეულ არნ იგი გემოთა და გულისთქუმათა საწუთროჲსათა.
36. და ერთითა სახითა გულისჴმა-ვყოთ ყოველივე, რამეთუ კაცი ყოველსა გულისჴმა-ჰყოფს, ვითარმედ ბოროტ არს, რომელსა-იგი იქმს, არამედ სიყუარულისაგან მისისა იძლევის.
37. და პირველად გულსა შინა კაცისასა იქმნების ბრძოლაჲ და დაიდგმის საზომი იგი და უღელი სიყუარული ღმრთისაჲ და სიყუარული ამის სოფლისაჲ და მერმე გამოვალს გარეშე და გინა თუ შფოთსა დახუდის კაცი, მაშინ განიკითხავნ თავსა თჳსსა და იტყჳნ: „ვთქუა, ანუ არა ვთქუა?“.
38. და იგონებნ ღმერთსა და შიშსა მისსა და კუალად ჰნებავნ თავისა თჳსისაცა დიდებისა მოტყუებაჲ და არა უვარ-ყვის თავი თჳსი.
39. ხოლო უკუეთუ დამძიმდეს სიყუარული სოფლისაჲ უღელსა მას შინა გულისასა, მაშინ მოვალს სიტყუაჲ იგი ბოროტი ბაგეთამდე.
40. მერმე, ვითარცა მშჳლდსა, მოიზიდავნ გონებაჲ ენასა და მის მიერ, ვითარცა ისართა, განუტეობნ სიტყუათა უჯეროთა მოყუსისა მიმართ, რომელნი-იგი იყვნიან გარეშე მცნებისაგან ღმრთისა, რამეთუ დამძიმდის იგი სიყუარულითა ამის სოფლისაჲთა ნეფსით თჳსით და ეძიებნ დიდებასა თჳსა.
41. და ესრეთ ჰგურემნ მოყუასსა თჳსსა სიტყჳთა უჯეროჲთა, ვიდრემდე განეფინის ცოდვაჲ იგი ასოთამდე და ვიდრე ჴელისა მიყოფამდე, ანუ წყლულებამდეცა.
42. და ერთმანერთისა იგი ასოები ურთიერთას იბრძვინ, ნუუკუე სიკუდილამდეცა მივიდის.
43. აწ იხილეთ ძმანო, თუ სადაჲთ დაიწყო და სადა მოჰჴდა აღსასრული მისი, რამეთუ დამძიმდა იგი სიყუარულითა დიდებისა სოფლისაჲთა ნეფსით თჳსით.
44. ხოლო ესე ყოველი ბოროტი წარეკიდების, რამეთუ არა უვარ-ყვის თავი თჳსი, არამედ უყუარნ სოფელი ესე.
45. ხოლო ეგრეთვე მსგავსად გულისჴმა-ყავ ყოველსავე ცოდვასა ზედა, რაჟამს-იგი უკეთურებაჲ გონებასა მისსა მიიზიდავნ მისა მიმართ გულისთქუმითა და სიყუარულითა და გემოვნებითა ამის სოფლისაჲთა და ესრეთ აღესრულების ყოველივე საქმჱ ბოროტი:
46. ესრეთ მრუშებაჲ და პარვაჲ, ესრეთ ანგაჰრებაჲ და სიმაღლე, ესრეთ დიდებისმოყვარებაჲ და ცუდად მზუაობრობაჲ და შური და ვეცხლისმოყუარებაჲ და ყოველივე საქმჱ ცოდვისაჲ.
47. და მრავალგზის კეთილსა რასმე აღასრულებნ დიდებისათჳს ცუდისა კაცთაჲსა, რომელ-იგი შერაცხილ არნ ღმრითსაგან უსამართლოებისა და პატიჟისა სწორად და სხუათა ცოდვათა.
48. „რამეთუ ღმერთმან განაბნინის ძუალნი კაცთა მოთნეთანი“, რამეთუ ეშმაკი მრავალღონე არს და ჰნებავს, რაჲთამცა კეთილიცა ჩუენი ბოროტად გარდააქცია.
49. ერთი რაჲმე სიყუარული, რომელი აქუნ კაცსა შეკრულ არნ ნეფსით თჳსით და იგი ექმნის მას ჯაჭუ და საკრველ და ტჳრთ მძიმე და დამანთქმელ ზღუასა მას შინა ამის სოფლისასა და არა უტევებნ მას ღმრთისა მისლვად, რამეთუ რომელიცა შეიყუარა, მას მიერცა მიიზიდვის.
50. და ამას ჰკიდავს უღელი იგი გულისაჲ დ გამოიცადების ყოველივე ნათესავი კაცთა ქრისტეანეთაჲ, რომელნი ქალაქთა შინა არიან, გინა თუ მთათა, ანუ თუ მონასტერთა, ანუ უდაბნოთა ადგილთა,
51. თუ ღმერთი ოდენ უყუარს, ანუ სხუაჲ რაჲმე შეიყუარის ამის საწუთროჲსა და არა არს სიყუარული მისი სრულიად ღმრთისა მიმართ.
52. რამეთუ შეიყუარნის ვინმე საჴმარნი, სხუამან შეიყუარა ოქროჲ და ვეცხლი, სხუამან შეიყუარა მონებაჲ მუცლისაჲ, სხუამან – გულისთქუმანი ჴორცთანი, სხუამან – სიბრძნჱ სოფლისაჲ დიდებისათჳს კაცთაჲსა,
53. სხუამან შეიყუარა მთავრობაჲ, სხუამან – დიდებაჲ და პატივი კაცთაჲ, სხუამან – რისხვაჲ და ძჳრისჴსენებაჲ, რამეთუ მისცის თავი თჳსი ადრე ვნებასა მას და ამისთჳს უყუარს იგი.
54. სხუამან შეიყუარა ამაოჲ მეუდაბნოებაჲ, სხუამან – შური, სხუაჲ ყოველსავე დღესა და ღამესა განსცხრებინ, სხუასა უყუარს შჯულისა მასწავლელობაჲ დიდებისათჳს კაცთაჲსა, სხუაჲ უდებებით და დაჴსნილობით იყოფების, სხუაჲ შეკრულ არს სიყუარულსა სამოსლისა წმიდისასა,
55. სხუჲამან დედათა მიმართ სიყუარული რომელ არიან მიზეზნი ყოვლისა ბოროტისა, სხუასა მიუცემია თავი თჳსი ზრუნვასა სოფლისასა, სხუასა უყუარს ძილი, ანუ სიცილი, ანუ ცუდად მეტყუელებაჲ, ანუ მცირითა რაჲთმე, ანუ დიდითა ამის სოფლისა ნივთითა უკუეთუ შეკრულ იყოს,
56. არა უტევებს მას იგი ზჱ აღმართებად, რამეთუ რომელსაცა ვნებასა კაცი ახოვნად არა ებრძოდის, იგიცა უყუარს და მის მიერცა შეკრულ არს და იგი ექმნების მას დამახრწეველ და ჯაჭუ შემკრველ,
57. რაჲთა ვერ მივიდეს იგი ღმრთისა და რაჲთა ვერ ჰმსახუროს მას ჯერისაებრ და პოვოს ცხორებაჲ საუკუნოჲ.
58. ხოლო სული, რომელსა უფლისა ჰსუროდის, ყოველივე სიყუარული მისი მისა მიმართ ოდენ არნ და მისა შეკრულ არნ გონებაჲ მისა, რაჲზომცა ძალ-უც და მის მიერ მოიგებს შეწევნასა მადლისასა და უვარ-ჰყოფს იგი თავსა თჳსსა და ნებასა გონებისა თჳსისასა არა შეუდგების,
59. რამეთუ იგი ზაკუვით ვალს ჩუენ თანა და სიბოროტისა მისთჳს მაცთუნებელისა ჩუენისა, რომელი-იგი მარადის გუებრძვის ჩუენ, არამედ ყოვლითურთ მისცემს თავსა თჳსსა სიტყუასა და განჰჴსნის თავსა თჳსსა ყოვლისაგანვე ცხადისა და დაფარულისა,
60. რაჲზომცა შემძლებელ იყოს და ესრეთ შეუძლოს ვიდრე აღსასრულამდე წმიდად ყოფად და განრომად ჭირთაგან და ღუაწლთა.
61. რამეთუ რომელიცა ვის უყუარდეს, მის მიერცა მიიღებს შეწევნასა და მის მიერ დამძიმდების, გინა თუ სოფლისაჲ რაჲმე უყუარდეს, რომელი მას არა უჩნდეს, იგი ექმნების მას საკრველ და არა უტევებს ზე აღმართებად ღმრთისა მიმართ.
62. გინა თუ კუალად, უყუარდეს უფალი და მცნებანი მისნი, იგი შეეწევის მას და ადვილ-უჩან ყოველი მცნებანი უფლისანი, რაჲთა სიყუარული მისი მისა მიმართ იყოს და კეთილისა მიმართ მიივლტინ და სუბუქ-უჩნ მას ყოველივე ჭირი და ტკივილი
63. და ძალითა მით საღმრთოჲთა განაპებს სოფელსა და ძალთა მათ უკეთურთა და საბრჴეთა მათთა, რომელთა მოინადირებენ სულთა უფსკრულსა შინა ამის სოფლისასა.
64. და ესრეთ განერის მათგან თჳსითა სარწმუნოებითა და მოსწრაფებითა და უფლისა შეწევნითა, რომელიცა შეიყუარა და მიემთხჳა ცხორებასა საუკუნესა, რომლისათჳსცა ჰსუროდა.
65. ხოლო უკუეთუ გნებავს, სახითა ცხადითა გამოვაჩინოთ, თუ ვითარ მრავალნი ნებითა თჳსითა და სიყუარულითა რაჲთმე ამის სოფლისაჲთა წარიწყმიდნეს, თავნი მათნი ცეცხლითა, გინა თუ ზღჳთა, ანუ წარმართთა მიერ წარიტყუენნეს,
66. გულისჴმა-ყავთ სახლი რაჲმე ანუ აგარაკი, რომელსა შეედვის ცეცხლი და რომელმან ინება თავისა თჳსისა განრინებაჲ, ვითარცა ცნა, მეყსეულად აღდგა და შიშუელი ივლტოდა და ყოველივე დაუტევა, რაჲთამცა სული ოდენ მისი განარინა და ესრეთ განერა.
67. ხოლო სხუასა ვისმე უნდა, რაჲთამცა აღიღო რაჲმე სახლისაგან: თჳსი სამოსელი, ანუ ჭურჭელი რაჲმე, და შევიდა აღებად და ვიდრეღა გამოვიდოდა, ეუფლა ცეცხლი სახლსა მას და დაიპყრა იგი შინაგან და ესრეთ დაიწუა და წარწყმდა.
68. იხილეა, ვითარ თავისა ნებითა სიყუარულისათჳს ამის სოფლისა დაიწუა ცეცხლსა შინა?
69. კუალად ეგრეთვე მსგავსად: ვალნ ნავი ზღუასა შინა და მოიწიის ჭირი მის ზედა და დაიქცის ნავი იგი და, რომელიცა განიძარცჳს და ესრეთ შევიდა წყალსა შინა,
70. რათამცა განარინა თავი თჳსი და იცემებინ იგი ღელვათაგან და ცურავნ მათ ზედა, რამეთუ არნ იგი სუბუქ და ესრეთ განვლის მწარე იგი ზღუაჲ და განარინის სული თჳსი.
71. ხოლო სხუამან ვინმე ინების აღებაჲ სამოსელთაცა თჳსთაჲ და ჰგონებნ მითურთ განრომასა და მათ დაამძიმეს იგი და დაინთქა უფსკრულთაცა ზღჳსათა და მცირედისა ამის შესაძინელისათჳს წარწყმიდა თავიცა თჳსი.
72. იხილეა, რამეთუ ესეცა ნეფსით თჳსით მოკუდა?
73. კუალად ეგრეთვე იქმნა ჴმაჲ უცხოთესლთა და, რომელმან ინება განრომაჲ, ვითარცა ესმა, მეყსეულად აღდგა და შიშუელი ივლტოდა.
74. ხოლო სხუამან არა ირწმუნის, ვითარმედ უცხოთესლნი მოსვლაჲ არს, ანუ ეწყალინ რაჲმე სიმდიდრისა თჳსისაგანი და ინების ჭურჭელისა რაჲსამე თჳსისა თანა აღებაჲ და ესრეთ დაეყოვნის სივლტოლად.
75. მაშინ დაესხნიან მას უცხოთესლნი იგი და წარიყვანიან ტყუედ ქუეყანასა მათსა და ჰმონებნ მათ იძულებით მწარედ.
76. იხილეა, რამეთუ ესეცა დაჴსნილებითა თჳსითა და უგუნურებითა და სიყუარულითა ამის სოფლისაჲთა წარწყმდა?
77. ეგრეთვე რომელნი არა შეუდგენ მცნებათა ღმრთისათა და არა უარყვნენ თავნი მათნი და შეიყუარონ უფალი ოდენ, არამედ შეკრულ იყვნენ საკრველითა სოფლისა სიყუარულისაჲთა, გინა თუ სხჳთა რაჲთამე ჴორციელითა საქმითა,
78. მოვიდეს ცეცხლი იგი საუკუნოჲ და პოვნეს იგინი სიყუარულსა სოფლისასა და ესრეთ დაწუნეს და წარწყმიდნეს იგინი, და დაინთქნენ მწარისა მისგან ბოროტისა ზღჳსა მიერ და წარიტყუენვიან უცხოთესლთა მიერ, რომელ არიან სულნი უკეთურნი, და წარწყმდებიან.
79. ხოლო უკუეთუ გნებავს, რაჲთა იხილო სისრულე ჭეშმარიტისა ღმრთისა სიყუარულისაჲ, საღმრთოთა წერილთაგან გულისჴმა-ყავ.
80. იხილე იობ, ვითარ ყოველივე განიძარცუა, რომელიცა მოეგო: შვილნი, მონაგებნი, მონანი, და ყოველივე სიმდიდრე მისი.
81. და ესრეთ განაშიშულა თავი თჳსა და სამოსელიცა, რომელი ემოსა, დაუტევა და მიუგდო იგი ეშმაკსა და არარაჲ სიტყუაჲ გმობისა თქუა წინაშე უფლისა, არცა პირითა, არცა გულითა, არამედ უფროჲსად აკურთხევდა უფალსა და თქუა: „უფალმანვე მომცა და უფალმანცა მიმიღო.
82. ვითარცა ენება უფალსა, ეგრეცა ქმნა.
83. იყავნ სახელი უფლისაჲ კურთხეულ ამიერითგან უკუნისამდე“.
84. იხილე მკჳრცხლი იგი უფლისა სიყუარული, რამეთუ არარაჲ უმეტეს მისსა შეიყუარა, დაღაცათუ იყო მდიდარ ფრიად.
85. ............რომელთა ყოვლითა სულითა შეიყუარონ უფალი და განაშორნენ თავნი მათნი ყოვლისაგანვე სიყუარულისა ჴორციელისა.
86. ხოლო მცირედნი ვინმე იპოებიან, რომელთა ეგევითარი სიყუარული მოიგონ და ყოველნივე გემონი და გულისთქუმანი სოფლისანი გარემიაქცინეს და სულგრძელებით ზედამოსლვანი განსაცდელთანი მითმინნეს, რამეთუ მრავალნი რაჲ განჰვლიდიან მდინარეთა, წარიტაცნის იგინი წყალმან.
87. ხოლო ამისთჳსცა არავინ იპოვა, რომელმანცა ახოვნად განვლო წყალი იგი?
88. ხოლო მდინარედ ეწოდების მრღჳეთა მათ გულისთქუმათა და განსაცდელთა ამის სოფლისა წყალთა სულთა მათ უკეთურთასა.
89. და კუალად ვინაჲთგან მრავალნი ნავნი დაინთქმიან ზღუათა შინა, არამცა იპოვნესა, რომელთამცა მშჳდობით განვლეს და ნავთსაყუდლად მიიწინეს?
90. ამისთჳს ჯერ-არს, რაჲთა გუაქუნდეს სარწმუნოებაჲ დიდი და სულგრძელებაჲ და მოთმინებაჲ, ტკივილი და ღუაწლი, შიმშილი და წყურილი კეთილისათჳს და სიმახჳლე და ურცხჳნელობაჲ თხოვასა შინა და გულისჴმის-ყოფაჲ და განკითხვაჲ.
91. რამეთუ მრავალთა ჰნებავს თჳნიერ ტკივილისა და შრომისა და ოფლისა სასუფეველისა მოგებაჲ, ხოლო ესე შეუძლებელ არს, რამეთუ ვითარცა სოფელსა შინა წარვიდოდიან კაცნი ვიეთნიმე კაცისა ვისსამე მდიდრისა შრომად და აღებად ფასისა,
92. გინა თუ მკად, გინა თუ სხუად რადმე საქმედ და იყვნიან მათგანნი ვიეთნიმე ფიცხელ და დაჴსნილ და ჯეროვნად შურიან და ენების მათ, რაჲთამცა სწორი სასყიდელი მიიღეს მათ, რომელთა-იგი დღე ყოველ ქმნეს ყოვლითა გულსმოდგინებითა.
93. ეგრეთვე ჩუენ ვიკითხავთ წერილთა და გუესმის, თუ ვითარ სათნო-ეყვნეს ღმერთსა.
94. ვითარ აბრაჰამ მოყუარე ღმრთისაჲ იყო და პირისპირ ეუბნებოდა მას.
95. და თუ ვითარ ყოველნივე მამანი მოყუარე და თანამკჳდრ ღმრთისა იქმნნეს.
96. და თუ რავდენნი ჭირნი მოითმინნეს ღმრთისათჳს და ვჰნატრით მათ და გუნებავს სწორთავე მოღუაწებათა მოთმენაჲ და გსურიან მადლთა მათთჳს და ნიჭთა საღმრთოთა,
97. ხოლო შრომათა მათთა თანა-წარვჴდებით და პატივნი იგი მათნი, რომელნი ღმრთისაგან მოუგიან, გჳყუარან და გუნებავს, თუმცა გუაქუნდა ჩუენცა, ხოლო ჭირთა და ტკივილთა და მოღუაწებათა მათთა არა ვიტჳრთავთ.
98. გეტყჳ შენ, ვითარმედ ესე ყოველთავე კაცთა ჰნებავს და სურიან.
99. მეძავთა და მემრუშეთა და უსამართლოთა კაცთა ჰნებავს, რაჲთა თჳნიერ შრომისა და მოღუაწებისა პოეს სასუფეველი ცათაჲ, არამედ ამისთჳს არიან მათ შორის ჭირნი და განსაცდელნი მრავალნი,
100. რაჲთა გამოჩნდენ, თუ რომელთა ჰნებავს ჭეშმარიტად ცხორებაჲ და თუ ვიეთ ჭეშმარიტებით და ყოვლითა გულითა უყუარს უფალი ვიდრე სიკუდილამდე და არარაჲ იყო წინაშე მათსა უფროჲს მის სასურველისა.
101. ამისთჳსცა სამართლად ჰპოებენ სასუფეველსა ცათასა, რამეთუ უარსყვნეს თავნი მათნი სიტყჳსაებრ უფლისა და უფროჲს სულისა მათისა შეიყუარეს ამისთჳს სრულისა მის სიყუარულისა მათისა მოსაგებელად სრულნი ნიჭნი ზეცისანი მიეცნეს.
102. რამეთუ აღთქუმანი იგი ღმრთისანი და ჭირთა შინა და იწროებასა და მოთმინებათა და სარწმუნოებასა დაფარულ არიან და ვითარცა იფქლი, რომელი დაითესის ქუეყანასა ზედა,
103. ანუ ხჱ, რომელი დაიმყნის ხესა ზედა, პირველად უპატიო და შიშუელ იქმნების და დალპების და ესრეთ კუალად დაშუენდების და მრავალნაწილსა ნაყოფსა გამოიღებს.
104. და უკუეთუ პირველ არა მიიღონ უპატიოებაჲ, ვერ მიიღებენ შუენიერებასა მას საუკუნესა, ვითარცა მოციქული იტყჳს, ვითარმედ – „მრავლითა ჭირითა ჯერ-არს ჩუენდა შესლვად სასუფეველსა ცათასა“,
105. და უფალი იტყჳს, ვითარმედ: „მოთმინებითა თქუენითა მოიპოვნეთ სულნი თქუენნი“ და კუალად იტყჳს: „სოფელსა ჭირი გაქუნდეს“და ამისთჳს ჯერ-არს, რაჲთა მოვიგოთ ტკივილი და მოსწრაფებაჲ და ჭირი და სიფიცხლე და ურცხუენელობაჲ თხოვასა უფლისა მიმართ,
106. რაჲთა შეუძლოთ განრომად გულსითქუმათა და ვნებათაგან და საბრჴეთაგან სოფლისათა და ნიავ-ქართა ბოროტისათა და უკეთურთა მათ სულთა ზედა აღდგომასა მოთმინებითა და სიფიცხლითა და უფროჲსად სიყუარულითა და სრწმუნოებითა უფალთაჲთა,
107. რაჲთა ამათ სათნოებათა მიერ მოვიგოთ ზეცისა იგი საუნჯე, რომელ არს სულისა წმიდისა ძალი, აქავე სულთა შინა ჩუენთა.
108. რამეთუ ნეტარი მოციქული პავლჱ ამის ზეცისა საუნჯისათჳს, რომელ არს სულისა წმიდისა მადლი, გუასწავებს ჩუენ, რაჟამს-იგი ჭირთა თჳსთა სიმრავლესა წარმოიტყჳს და თჳსთა გჳჩუენებდა, თუ რაჲ თანა-აც თითოეულსა თხოვაჲ.
109. და ესრეთ იტყოდა ვითარმედ: „ვიცი, უკუეთუ ქუეყანისა ესე სახლი ჩუენი საყოფელი დაირღუეს, აღშენებული გუაქუს ღმრთისა მიერ სახლი ჴელით უქმნელი და საუნჯჱ ცათა შინა“.
110. ამისთჳს თანა-აც, რაჲთა იღუაწოს თითოეულმან და ისწრაფოს მოგებითა სათნოებათაჲთა, რაჲთა გულსავსე იყოს აქაჲთვე, ვითარმედ მოუგია სახლი იგი. რაჲთა რაჟამს დაირღუეს სახლი ესე გუამისა ჩუენისაჲ, ვპოოთ სხუაჲ სახლი ზეცათაჲ, რომელსა შინა დაადგრეს სული ჩუენი.
111. ვითარცა კუალად იგივე იტყჳს: „გან-ღათუ-ვიძარცუნეთ, არავე შიშუელ ვიპოვნეთ“ ზიარებისაგან და შეერთებისა წმიდისა სულისა, რომელსა შინა განისუენებს სარწმუნოჲ სული?
112. რამეთუ ამისთჳს, რომელნი-იგი ჭეშმარიტებითა და ძალითა ქრისტეანე არიან, მინდობილ არიან და უხარის, რაჟამს ჴორცთაგან განვიდოდინ, რამეთუ იციან მათ, ვითარმედ აქუს მათ სახლი იგი ჴელით უქმნელი, რომელ-იგი არს ძალი სულისა წმიდისაჲ, რომელი დამკჳდრებულ არს მათ შორის.
113. დაღაცათუ უკუე დაირღუეს სახლი იგი ჴელით ქმნული ჴორცთაჲ, არა ეშინის მათ, რამეთუ აქუს მათ ზეცისა იგი სულიერი სახლი, დიდებაჲ იგი ზეცისაჲ უხრწნელი და მან დიდებამან დღესა მას აღდგომისასა აღაშენოს და ადიდოს სახლი იგი ჴორცთაჲ, ვითარცა მოციქული იტყჳს,
114. ვითარმედ: „რომელმან აღადგინა ქრისტე მკუდრეთით, მანვე განაცხოველნეს მოკუდავნიცა ეგე ჴორცნი თქუენნი სულისა მისისა მიერ, რომელი დამკჳდრებულ არს თქუენ შორის“.
115. და კუალად იტყჳს: „რაჲთა ცხორებაჲცა იგი იესუსი გამოცხადნეს მოკუდავთა ამათ ჴორცთა ჩუენთა შინა“, და კუალად იტყჳს: „რაჲთა დაინთქას მოკუდავი იგი ცხორებისა მიერ“.
116. ხოლო აწ, ძმანო, ვიღუაწოთ სარწმუნოებითა და სათნოებით მოქალაქობითა, რაჲთა აქავე მოვიგოთ სამოსელი იგი, რომელი არა ვიპოვნეთ შიშუელ, რაჟამს-იგი ჴორცნი განვიძარცუნეთ და არავინ იყოს, რომელმანცა ადიდა გუამი ჩუენი მას დღესა შინა.
117. რამეთუ თითოეული რაჲზომცა მადლსა ღირს იქმნას სულისა წმიდისა სარწმუნოებითა აქავე და მოსწრაფებითა, ეგოდენცა მას დღესა იდიდოს გუამი მისი და რომელ ვინ აწ დაიუნჯოს სულსა შინა თჳსსა, მაშინ გამოცხადნების და გამოჩნდების გარეგან ჴორცთა მისთა ზედა.
118. და ვითარცა ხეთა რაჲ წარმოვლიან ზამთარი და მოვიდის მათ ზედა ძალი უხილავი გინა თუ მზისაჲ, გინა თუ ქარისაჲ, მაშინ გამოიღიან გარეშე, ვითარცა სამოსელი, ფურცელი და ყუავილი და ნაყოფი,
119. ეგრეთვე მსგავსად ყუავილნი თივისანი მას ჟამსა წიაღთაგან ქუეყანისათა აღმოეცენებიან და დაიფარვის ქუეყანაჲ შროშნებითა მით, რომელთათჳს თქუა უფალმან, ვითარმედ: „არცა თუ სულომონ შეიმოსა ყოველსავე დიდებასა თჳსსა ვითარცა ერთი მათგანი“.
120. ხოლო ესე ყოველნი ხატ და სახე არიან ქრისტეანეთა აღდგომისა.
121. ეგრეთვე ყოველთა ღმრთისმოყუარეთა სულთა და ჭეშმარიტთა ქრისტეანეთაჲ არს პირველი იგი თუჱ გაზაფხულისაჲ, რომელ არს აპრილი.
122. რომელ-იგი არს დღე აღდგომისა ღმრთისა ჩუენისა იესუ ქრისტესი და ძალითა მზისა მის სიმართლისაჲთა შინაგანით გამოვალს დიდებაჲ იგი წმიდისა სულისაჲ, რომელი ჰფარავს გუამთა წმიდათასა დიდებითა ამით, რომელი აქუნდა აქაჲთვე შინაგან დაფარულად.
123. რამეთუ რაჲცა ვის აქაჲთ აქუნდეს შინაგან, იგი გამოეცხადების მას მას დღესა შინა გარეგან რამეთუ ყოველივე.............
124. რამეთუ ყოველივე სიკეთე შუენიერებისაჲ და ბრწყინვალებისა მის მზისაჲ მაშინ აღესრულების მათ შორის, სული იგი ღმრთეებისაჲ, რომლისა შეწყნარებად აქავე ღირს იქმნნეს.
125. ხოლო ვითარ ვინ იღუაწოს და ვითარ ირწმუნოს და ისწრაფოს ყოვლითა სათნოჲთა მოქალაქობითა და მოელოდის სასოებითა და მოთმინებითა, რაჲთა ღირს იქმნას და მოღებად ძალი იგი ზეცისაჲ და დიდებაჲ იგი სულისა წმიდისაჲ,
126. რაჲთა, მაშინ რაჟამს ყოველივე დაბადებული იცვალებოდის, პოოს მან სამოსელი, რომლისა მიერ ცხოვნდეს, ვითარცა მოციქული იტყჳს:.............
127. ვითარმედ: „ჩუენ განცხადებულითა პირითა დიდებასა უფლისასა განვიცდით.
128. მასვე ხატსა მივიცვალებით დიდებითი დიდებად“.
129. ხოლო განცხადებულად პირად შინაგანსა კაცსა იტყჳს...........
130. აღიტაცნეს იგინი და მიერითგან სულით და ჴორცით უკუნისამდე უფლისა თანა სუფევდეს.
131. ამისთჳს თანა-აც თითოეულსა ჩუენგანსა, რაჲთა ისწრაფოს და იღუაწოს ყოველთა სათნოებათა შინა,
132. და რაჲთა ითხოვდეს უფლისაგან, რომელ აქაჲთვე იქმნას თანამდებ დიდებისა მის შინაგანი იგი კაცი და მიიღოს სულმან ზიარებაჲ მის სიწმიდისაჲ, რაჲთა ესრეთ განვწმიდეთ ყოვლისაგან შეგინებისა.
133. და აღდგომასა მას, რაჟამს იყვნენ შიშუელ გუამნი ჩუენნი, ვპოოთ სამოსელი, რომელმან დაფაროს სირცხჳლი ჩუენი და გუაცხოვნნეს და განგჳსოენოს უკუნისამდე სასუფეველსა ცათასა.
134. რამეთუ ეგულების ქრისტესა მოსლვაჲ ზეცით და ყოველნივე თესლნი ადამისნი აღადგინნეს საუკუნითგანი დაძინებულნი მსგავსად წერილისა და განყვნეს ყოველნივე ორად და რომელთა ზედა იყოს სასწაული მისი, რომელ არს საბეჭდავი,
135. მათ მოუწოდოს ვითარცა თჳსთა და მარჯუენით კერძოსა დაადგინნეს, ვითარცა თჳთ იტყჳს, ვითარმედ: „ცხოვართა ჩემთა ჴმისა ჩემისაჲ ისმენონ“ და „ვიცნობ ჩემთა მათ და მეცნიერ ვარ ჩემთა მიერ“.
136. და მაშინ შეიმოსონ დიდებაჲ ღმრთისაჲ გუამთა მათთა კეთილთა საქმეთა მიერ და პოონ დიდებაჲ იგი სულისაჲ, რომელი აქაჲთვე მათ შორის აქუნდა და ესრეთ განბრწყინდენ საღმრთოჲთა მადლითა და ზეცად აღიტაცნენ შემთხუევად უფლისა ჰაერთა შინა წერილისაებრ
137. და მარადის უფლისა თანა იყვნენ და მის თანა სუფევდენ დაუსრულებელთა კეთილთა საუკუნეთა და უკუნისამდე, ამენ.