მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

ღირსი მაკარი დიდი, მეგვიპტელი (+390-391)

 

სწავლანი წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა მაკარი მეგჳპტელისანი ძმათა მიმართ

 

თავი მესამე

 

1. თქუმული მისივე, თავი 3
2. სული კაცისაჲ ურჩებითა შორს განდგა ღმრთისაგან, რამეთუ ვითარცა მჴეცნი ივლტიან ნათლისაგან დღისა და შევლენან მაღნართა შინა უდაბნოჲსათა,
3. ეგრეთვე სული განეშორა ნათლისა მისგან ჭეშმარიტისა ნებითა თჳსითა და შემოვიდა სოფელსა ამას, რომელ არს მაღნარი და უდაბნოჲ და სიბნელე და უცნებაჲ სულისაჲ.
4. და შეიყუარა მან ბნელი და დაუტევა ნათელი და განეყენა ცხორებასა და შეიყუარა სიკუდილი, დაუტევა წყაროჲ იგი ცხორებისაჲ და შეიყუარა წყაროჲ იგი სიბნელისა და სიკუდილი და განიძარცა მან სარწმუნოებაჲ და სიყუარული და სიწმიდე, შიმშუდე და მოთმინებაჲ,
5. რამეთუ არა დაადგრა იგი სიტყუასა შინა ღმრთისასა და შეიმოსა მან ურწმუნოებაჲ და რისხვაჲ და გულისწყრომაჲ და უკეთურებაჲ და შური და სილაღე, ვითარცა სამოსელი ნეფსით თჳსით.
6. ამისთჳს ურჩ ექმნა იგი პირველსა მას ჴმასა მტკიცესა და ისმინა მეორე იგი ჴმაჲ ბნელი და არამტკიცე და ესრეთ ნეფსით თჳსით დაუტევა დიდებული იგი და დაუსრულებელი საუკუნე და შეიყუარა სოფელი და განაბნია თავი თჳსი სულმან ყოველსა ამას ქუეყანასა ზედა.
7. ხოლო პირველითგანვე წინაწარმეტყუელნი და მართალნი ისწრაფოდეს, რაჲთამცა შეკრიბეს სული იგი განბნეული და სრულმცა-ყვნეს იგინი და ვერ შეუძლეს.
8. მაშინ სახიერმან და კაცთმოყუარემან მეუფემან, რომელსა ყოველივე უპყრია განზრახვითა თჳსითა, სიტყუაჲ იგი, ცხორებისაჲ ღმერთი ჭეშმარიტი უწინარეს საუკუნეთა, „ესე სიტყუაჲ ჭეშმარიტად კაც იქმნა და დაემკჳდრა ჩუენ შორის“,
9. ვითარცა მონადირე, რომელი ნადირსა ინადირობნ, და მან სული იგი განბნეული სოფლისა ამისგან შეკრიბა და ყო იგი სრულ და შეუგინებელ და უბიწო.
10. ხოლო აწ ჩუენცა, რომელთა მოგჳღებია სახჱ სიტყჳსაგან ღმრთისა, მოვნადირნეთ და შევკრიბნეთ გულნი ჩუენნი გამოჩინებითა სიტყჳსაჲთა და ვიქმნნეთ ჩუენ უპოარ და არარას მოვიგებთ ჩუენ ამის საწუთროჲსასა.
11. და ესრეთ განვიმზადნეთ გულნი ჩუენნი, ვითარცა გუასწავლის ჩუენ სული წმიდაჲ დავითის მიერ და იტყჳს: „განმზადებულ არს გული ჩემი შენდამი, ღმერთო, გაქებდე და გიგალობდე შენ.
12. განიღჳძე, დიდებაო ჩემო, განიღჳძე“.
13. რამეთუ ვითარცა, შეყენებული რომელი არნ სახლსა შინა ბნელსა და ვერ ხედავნ თავსა თჳსა, ეგრეთვე სული ურჩებისათჳს მისისა შეყენებულ იქმნა ცოდვისა მიერ სოფელსა ამას შინა და ვერ იცნობს იგი შუენიერებასა თჳსსა.
14. და ოდესმე განიმზადის გულმან მან თავი თჳსი, რაჲთა კადნიერებით თქუას: „განმზადებულ არს გული ჩემი შენდამი, ღმერთო.
15. განმზადებულ არს გული ჩემი, განიღჳძე დიდებაო ჩემო, განიღჳძე“.
16. და მაშინ მოვიდეს სიტყუაჲ იგი ცხოველი და გამოუცხადოს თჳსი იგი დიდებაჲ.
17. რამეთუ ვინაჲთგან განსცა სულმან თავი თჳსი ნეფსით სულთა უკეთურთა, ეუფლებიან მას იგინი და აღიძრვიან მის შორის ვნებანი ბოროტნი.
18. და პირველად სული იგი ნაყროვნებისაჲ მოაგონებს მრავალთა საჭამადთა და სასუმელთა და ფუფუნებასა მრავალნი და მოაჴსენებს წელთა მრავალთა, რაჲთამცა შეიკრიბნა საჴმარნი ფრიადნი.
19. ხოლო ამას ყოველსა ამისთჳს იქმს ეშმაკი, რაჲთა ამით ესევითარითა მიზეზითა ამის საწუთროსა შთააგდოს იგი ზრუნვათა და საუკუნეთა მათ კეთილთა.
20. რამეთუ შუებაჲ და ფუფუნებაჲ, ვითარცა პირველად ვთქუ, მოიყვანებს ვეცხლისმოყუარებასა და ანგაჰრებასა და სხუათა შეგინებულთა გულისსიტყუათა, და ესრეთ თითოეული სული თჳსსა ვნებასა აღსძრავს.
21. ხოლო ესე უწყოდა სიტყუამან ჭეშმარიტებისამან, უფალმან ჩუენმან იესუ ქრისტემან, რომელმან გჳჩუენა ჩუენ გზაჲ კეთილი სახარებისა მიერ და თქუა: „ნუ ჰზრუნავთ ხვალისათჳს“, და სიტყჳთა ამით განსდევნის იგი სულთა მათ უკეთურთა ანგაჰრებისათა,
22. რაჲთა არა გულისთქუმითა მივხედვიდეთ საჭამადსა, და არა ვზრუნვიდეთ ჟამთა მრავალთათჳს, არამედ ვიქმოდით სიტყუასა მას უფლისასა, რომელსა იტყჳს სახარებასა შინა,
23. ვითარმედ: „მსგავს არს სასუფეველი ღმრთისაჲ მარცუალსა მდოგჳსასა, რომელი აღიღის კაცმან და დასთესის თჳსსა ყანასა“.
24. რამეთუ ვითარცა მფრინველი, რომელი ფრინავნ ქუეყანასა ვაკესა და იდევნებინ იგი სხუათა მფრინველთაგან ველურთა, ხოლო უკუეთუ მიხედნეს მფრინველმან მან და იხილოს ხჱ დიდი და შევიდეს რტოთა მისთა,
25. განერების იგი მდევართა მათ მისთაგან, ეგრეთვე სული განბნეულ არს საწუთროსა ამას შინა და ფრინავს იგი აღმოსავალითგან დასავალამდე და ჩრდილოჲთგან სამხრადმდე.
26. იდევნების იგი ბოროტთა სულთაგან საქმეთა შინა ამის სოფლისათა.
27. ხოლო ოდეს იხილოს სულმან ხჱ იგი ჭეშმარიტებისაჲ და მიივლტოდის მისა და შევი~დს რტოთა მისთა, განერების იგი სულთაგან უკეთურთა და ვერღარა მიეახლებიან მას, არამედ გარეგნით უმზირიან მას, თუ ოდეს-ძი გამოვიდეს ხისა მისგან და შეიპყრან იგი.
28. ხოლო ოდეს მოვიდეს სული რტოთა მათ სიტყჳსათა, ჯერ-არს მოთმინებაჲ, ვიდრემდის განეხუნენ თუალნი გულისანი და გულისჴმა-ყოს ნაყოფი იგი და ჭამოს მისგან, რაჲთა არღარა ვიდოდის გარეგან სიტყჳსა.
29. ხოლო გზაჲ სიტყჳსაჲ ესრეთ გულისჴმა-ვყოთ, რაჲთა ვიყვნეთ ჩუენ, ვითარცა კაცი, რომელი ვალნ გზასა სამეუფოსა და ჰნებავნ მისლვაჲ ქალაქად, რომელსა შინა იყოფებინ მეფე და ხედავნ იგი სასწაულთა მის გზისათა და არა მიდრკებინ მარჯუენით, გინა მარცხენით,
30. არამედ უფროჲსღა ისწრაფინ და გულისჴმა-ყოფნ, თუ რაჲზომ შორავნ იგი ქალაქსა მას, რამეთუ ნიშნებითა მის გზისაჲთა გულისჴმა-ჰყოფნ სიშორესა მის ქალაქისასა.
31. ეგრეთვე ჩუენცა გულისჴმა-ვყოთ გზაჲ იგი სულისაჲ, ვითარცა მაცხოვარმან მიჩუენა ჩუენ.
32. ხოლო რომელი იქცეოდის საქმეთა შინა საწუთროჲსათა, შეცთომილ არს იგი და ვალს მაღნართა შინა და ეკალთა და კუროჲსთავსა ზედა.
33. ხოლო ოდეს მოვიდეს გზასა მას სიტყჳსასა, იხილავს ნიშანსა და იცნობს ადგილსა მას, რომელსა მიწევნულ არს გზასა მას ჭეშმარიტებისასა.
34. ხოლო პირველი ნიშანი გზასა შინა სიტყჳსასა ესე არს, რომლისათჳს იტყჳს: „ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათაჲ“.
35. ესერა, ჰნატრის გლახაკთა სულითა, რომელნი დაგლახაკებულ არიან სულითა ამის საწუთროჲსაგან და არარაჲ მოუგია საქმეთაგან მისთა.
36. ხოლო მდიდარნი არიან იგი სიტყჳთა მით ჭეშმარიტებისაჲთა და უძღებ არიან იგი, ვიდრემდე მისწუთენ იგი სრულსა მას სიმდიდრესა სულისასა და თანა-აც სულსა, რაჲთა ხედვიდეს, უკუეთუ მიწევნულ არს იგი ამას ნიშანსა.
37. რამეთუ ესრეთ წარემართების სული და მიიწევის მეორესა მას ნიშანსა, რომელსა იტყჳს: „ნეტარ იყვნენ მგლოვარენი გულითა, რამეთუ იგინი ნუგეშინისცემულ იყვნენ“.
38. არა მათ ჰნატრის, რომელმან გულისჴმაყოს, თუ ვინაჲ არს ანუ სადაჲთ, რამეთუ ცხორებასა შინა იყო და ეზიარა იგი სიკუდილსა და შევიდა კუალად გზასა მას ჭეშმარიტებისასა და აქუს ბრძოლაჲ სულთა მიმართ უკეთურებისათა და რაჲთა იგლოვდეს იგი.
39. ამისთჳს ნუუკუჱ დაეცეს კუალად და მოკუდეს, და იყოს იგი გლოვასა შინა და არა მიიღებდეს დიდებასა, გინა სიხარულსა ამის საწუთროჲსასა, არამედ რაჲთა ხედვიდეს დიდებასა მას პირველისა კაცისასა, რომელი აქუნდა უწინარეს ურჩებისა მისისა.
40. და რაჲთა ესრეთ იგლოვდეს მის დიდებისათჳს და ესრეთ ეგოს, ვიდრემდის მოვიდეს ნუგეშინისმცემელი იგი და ნუგეშინის-სცეს მას.
41. „ნეტარ იყვნენ მშჳდნი, რამეთუ მათ დაიმკჳდრონ ქუეყანაჲ“, რამეთუ ვინაჲთგან თჳსითა ნებითა სულმან მისცა ქუეყანაჲ თჳსი წინააღმდგომსა და სახითა მით ფუფუნებისაჲთა ჰმსახურებს სული ცოდვასა,
42. და არა აქუს ჴელმწიფებაჲ სიმდიდრესა თჳსსა და ვერ შემძლებელ არს იგი თჳსითა ძალითა განდევნად მტერისა.
43. ხოლო უკუეთუ მივიდეს იგი იესუს მიმართ, რჩულისმდებელისა მის სულიერისა, ჰპოებს იგი შეწევნასა.
44. რაჟამს სტანჯვიდეს სულსა მას წინააღმდგომი, ხოლო იგი არა ერჩდეს მას და მიხედავს იგი რჩულისმდებელსა მას.
45. მრავალთა მათ ჭირთა შინა სულგრძელ არს და მოითმენს და ევედრების ღამე და დღე და მოელის, თუ ოდეს დაწეროს შჯულისმდებელმან ქრისტჱ შჯული იგი სულისაჲ გულსა მას შინა მშჳდსა და მყუდროსა.
46. მაშინ განიდევნების წინააღმდგომი იგი მიიღებს სული თჳსსავე ქუეყანასა.
47. ეგევითართა მშჳდთა ჰნატრის უფალი და იგინი დაიმკჳდრებენ ქუეყანასა მას გულისასა.
48. ეგევითარი იგი გული ქებით ადიდებს უფალსა, რომელმან იჴსნა გლახაკი ჴელთაგან მაჭირვებელთა მისთაჲსა.
49. „ნეტარ იყვნენ, რომელთა ჰშიოდის და სწყუროდის სიმართლისათჳს, რამეთუ იგინი განძღენ“.
50. რომელსა ჰშიოდის და სწყუროდის სიმართლისათჳს, იგი არა მოწყინე არს, არცა განმცხრომელ, არცა განიბნევის გონებაჲ მისი,
51. არამედ ეკრძალების იგი და მტკიცე არს სიტყუასა ჭეშმარიტებისასა და დაფუძნებულ არს იგი და დამყარებულ სარწმუნოებითა და მოელის იგი სიტყუასა, რომელ არს პური ცხორებისაჲ.
52. „ნეტარ იყვნენ მოწყალენი, რამეთუ იგინი შეიწყალნენ“.
53. რომელსა თავი თჳსი არა ეწყალოდის, იგი ვერ შემძლებელ არს სხჳსა შეწყალებად.
54. რომელი განეყენოს გემოთაგან ამის სოფლისათა, ვალს იგი გზასა მას, მიმყვანებელსა სავანედ წმიდათა.
55. ეგევითარი იგი სული მოწყალე არს და დიდებულითა მით მოქალაქობითა თჳსითა ეწყალის მოყუასიცა თჳსი და სახე კეთილის ექმნების მას.
56. „ნეტარ იყვნენ წმიდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ“.
57. ეგევითარი იგი გული იხილავს თავსა თჳსსა შორის ორთავე – პირველსაცა სიტყუასა და მეორესა, და იტანჯვინ რაჲ მეორისა მის სიტყჳსაგან, არა ჰმორჩილობნ მას და, აჭირვებნ რაჲ პირველი იგი სიტყუაჲ და მეორესა მას დაუტეობს.
58. და ესრეთ იხილის რაჲ სიტყუამან ღუაწლი იგი სულისაჲ, აღმოუბრწყინვის მის შორის ნათელი იგი სახარებისაჲ და განსდევნის მისგან ყოველსა უცნებასა ბოროტსა.
59. მაშინ ღირს იქმნების სული იგი მიღებად ნაყოფისაგან ხისა მის, რომელი-იგი არს სიტყუაჲ ჭეშმარიტებისაჲ.
60. ეგევითარი გული იქმნების საუნჯესა ზეცისასა კეცის ჭურებითა.
61. ეგევითარი გული თჳთ საუნჯის მის მცველსა მას ქრისტესა მოელის და შეიმოსს იგი სამოსელსა დიდებისასა უხრწნელისა და უხრწნელთა მათ სერაბინთა ინაჴით-იდგამს სრულთა მათ თანა
62. და ჰმსახურებს იგი ეკლესიასა მას შინა პირმშოთასა და თაყვანის-სცემს იგი სულითა მამასა და ჭეშმარიტებითა.
63. ხოლო აწ, ძმანო, ვიხილოთ თითოეულმან გული თჳსი, რაჲზომი-ძი გზაჲ წარუვლია, ანუ თუ რაჲ ზომითა შორავს ქალაქსა მას.
64. ნუუკუჱ გუეგონოს, ვითარმედ გზასა ჭეშმარიტებისასა ვალთ და გუაქუნდეს გარეგანი ხატი პატიოსნებისაჲ და შინაგანი კაცი არა შეგუეკრძალოს,
65. და ესრეთ ვიპოვნეთ ცთომილნი ტყეთა და მაღნართა შინა, რომელ არს საწუთროჲ ესე ბნელი და უცნებაჲ სულისაჲ სავსეჱ ყოვლითა შეგინებულებითა.
66. ამისთჳს თანა-აც სულსა, რომელი ხედვიდეს შინაგანითა თუალითა, რაჲთა არა შთავარდეს მახეთა მათ წინააღმდგომისათა.
67. რამეთუ ვითარცა უკუეთუ ნადირისაჲ ასოჲ შევარდეს მახესა, ყოველივე გუამი მისი შეიპყრობის და ჴელთა მონადირეთასა მივალს, ეგრეთვე გულისჴმა-ვყოთ სულისათჳსცა, ვითარცა სული წმიდაჲ იტყჳს წინაწარმეტყუელისა მიერ,
68. ვითარმედ: „მახჱ განუმზადეს ფერჴთა ჩემთა, დაამდაბლეს სული ჩემი“, რამეთუ პირველად ეშმაკნი ერთსა რასმე ასოსა შეიპყრობენ და ესრეთ მის მიერ ყოველსავე სულსა ჴელად იგდებენ.
69. და გემოთა მიერ სანოაგეთაჲსა მოვალს სულსა ზედა სიმძიმჱ ჴორცთაჲ.
70. მოიჴსენე სიტყუაჲ იგი წერილისაჲ, რომელსა იტყჳს, ვითარმედ: „ჴორცთა და სისხლთა სასუფეველი ცათაჲ ვერ დაიმკჳდრონ“, რამეთუ, რომელსა ენებოს „შესლვაჲ სახლსა ძლიერისასა და ჭურჭელთა მისთა წარტაცებაჲ“, მას არა უყუარს სიმძიმჱ ჴორცთაჲ, არამედ განძლიერდების სულითა.
71. ხოლო ვერვინ განძლიერდეს, გარნა თუ ვითარცა მოციქული იტყჳს, ვითარმედ: „სიბრძნჱ ღმრთისაჲ სიცოფე არს სოფლისაჲ წინაშე კაცთა“, ამისთჳს ჯერ-არს პირველად დამდაბლებაჲ და უცხოებაჲ ამის სოფლისაგან,
72. რამეთუ მოვიდა სიტყუაჲ მამისაჲ და გზა-გუექმნა ჩუენ და გჳჩუენა გზაჲ ზეცათაჲსა მის ქალაქისაჲ და გუასწავა ჩუენ, რაჲთა მდაბლითა გულითა ცოფ ვიქმნეთ სოფელსა ამას შინა.
73. ვითარცა წინაწარმეტყუელი ესაიჲ თჳთ იტყჳს უფლისათჳს, ვითარმედ: „ვიხილეთ ძჱ კაცისაჲ და შუენიერებაჲ მისი უპატიო იყო და მოკლებულ უფროჲს ძეთა კაცთასა“.
74. ხოლო აწ თანა-აც ყოველსა, რომელსა ენებოს ძედ ღმრთისა ყოფაჲ, რაჲთა იხილოს თავი თჳსი, უკუეთუ არს შუენიერებაჲ მისი მოკლებულ და უპატიო უფროჲს ყოველთა ძეთა კაცთასა.
75. და უკუეთუ იგინა და არა აღიძრა, და უკუეთუ ზურგი მისი მისცა გუემად და ღაწუნი მისნი ყურიმლის-ცემად და პირი მისი არა გარე-მიიქცია სირცხჳლისაგან და ნერწყჳსა,
76. და უკუეთუ არა უყუარს პატივი ანუ შუენიერებაჲ ამის სოფლისაჲ, არამედ იდევნების და იგუემების ძალისა მისგან წინააღმდგომისა და იყუედრების და შეურაცხ იქმნების ყოველთა მიერ და თავსა თჳსსა დაიმდაბლებდეს.
77. და დაითრგუნვოდის იგი ყოველთა მიერ და „არა აქუნდეს, სადამცა მიიდრიკა თავი თჳსი“ და განისუენა,
78. და რაჲთა იბრძოდის იგი ფარულად და ცხადად, ხილულად და უხილავად, და მრავლითა ჭირითა და ღუაწლითა მოითმენდეს შრომასა მას და გონებასა თჳსსა წინააღუდგებოდის და წარემართებოდის.
79. და უკუეთუ ესე ყოველი მოიგოს, მაშინ იქმნას იგი ძე მაღლისა და ქუეყანასა ზედა ვიდოდის, „და მოქალაქობაჲ მისი აქუნდეს ცათა შინა“ და აიძულებდეს იგი თავსა თჳსსა,
80. რაჲთა იქმნას იგი ბრძენ ქალაქისა მის ზეცათაჲსა და ესრეთ იხილოს უფალმან ღუაწლი და შრომაჲ და ბრძოლაჲ სულისაჲ მის, რამეთუ შეაიწრა თავი თჳსი საწუთროსა ამას.
81. მაშინ ძჱ იგი ჭეშმარიტებისაჲ გამოუჩნდების გულსა შინა მისსა, რომელმან თქუა, ვითარმედ: „დავიმკჳდრო თქუენ თანა და ვიდოდი თქუენ შორის“.
82. მაშინ განძლიერდების სული, მაშინ შეიკრვის ძლიერი იგი მის მიერ და წარიტაცებს იგი ჭურჭელსა მისსა და ნატყუენავსა მას ძლიერისასა მოიტაცებს, რომელნი-იგი არიან, ვითარცა თევზნი ბადესა შინა შეპყრობილნი, სულნი ცოდვისა მიერ.
83. ეგევითარი სული ვალს გუელთა ზედა და ღრიაკალთა და დასთრგუნავს ლომსა და ვეშაპსა და ასპიტსა, და იქედნესა ზედა იქცევის და შევალს იგი ბუდესა მას ვეშაპისასა და წარსტყუენავს შვილთა მისთა ძალითა ფრიადითა.
84. ჵ სულო, პატიოსანო, ჭურჭელო ღმრთისაო, რომელმან თჳსითა განზრახვითა მოატყუ თავსა თჳსსა სიგლახაკე და უპოარებაჲ და ღრუბლისა მიერ ბნელისა დაიფარე და შთაჰჴედ სიღრმესა ზღჳსასა
85. და გემღერიან გუელნი და შეიჭმები მათ მიერ ვითარცა თევზი, გულისჴმა-ყავ თავი შენი, თუ სადა შეპყრობილ ხარ, იცან თავი შენი, თუ სადაჲთ მოხუედ.
86. აჰა ესერა, აღმოგიყვანა, ჵ ჭურჭელო დიდის მეუფისაო, რომელსა ტაძრად ღმრთისა გეწოდა, და იქმენ შენ საყოფელ გუელთა.
87. ხოლო ვითარცა მეკეცემან ქმნის ჴელითა თჳსითა ჭურჭელი პატიოსანი საჴმრად თჳსა და გუელი შევიდის და შეაგინის, ესრეთ გულისჴმა-ყავ თავი თჳსი, ჵ კაცო........
88. ვითარცა სახლისა უფალი მოუწოდს კაცსა მუშაკსა თჳსსა მას ვენაჴსა, რაჲთა ქმნნეს მცნებანი და იცნას თავი თჳსი, მაშინ უკუეთუ მიიხუნეს სულმან მცნებანი ქუეყანასა მას გულისა თჳსისასა,
89. დაასხამს კეთილსა მას ნერგსა და გამოიღის ვენაჴმან ფრიადი ნაყოფი და განეფინის იგი მცნებათა ქუეშე ღმრთისათა და იფარვინ მიერ, არა განჴმის იგი სიცხისაგან, რომელ-იგი არს ძალი წინააღმდგომისაჲ.
90. მაშინ სული იგი შევალს დიდსა სიხარულსა და მოელის თჳსსა მას უფალსა, თუ ოდეს მოვიდეს და იხილოს ნერგი იგი კეთილი და შუებული ქუეყანასა მას შინა გულისასა.
91. მაშინ სახლისა უფალი იგი იხარებნ მუშაკსა მას ზედა და სული იგი განისუენებნ სიტყუასა მას ზედა.
92. ხოლო აწ აღმოჰფხუარ, ძმაო, ფარული იგი კლდჱ ქუეყანისაგან გულისა შენისა და ყოველივე იგი წულილი ქვაჲ, გარე განაგდე „ეკალი და კუროჲსთავი“ და ნუ მოიწყინებ არამედ, რამეთუ არა მარტოჲ ხარ, არამედ ძალი იგი საღმრთოჲ შეგეწევის შენ.
93. ამისთჳსცა ნუ მოიწყინებ, ისწრაფე, რაჲთა მიიწიო და განისუენო და შვილ მაღლისა გეწოდოს, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: „შვილნი ჩემნი სიტყუასა ზედა ჩემსა არიან“.
94. ამისთჳსცა ნეტარ არიან, რომელნი მოსწრაფებით რბიან, რომელნი–იგი მიიწინენ და განისუენონ.
95. ხოლო ვაჲ არს სულისა მისთჳს, რომელმან არა იზრუნოს ქუეყანაჲ იგი გულისა თჳსისაჲ და არა ევედროს მეუფესა, რაჲთამცა მოსცა მას კუერი და მოქლონი რკინისაჲ და გამოაგდომცა ფარული იგი და უნაყოფოჲ კლდჱ
96. და არცა იზრუნა მან ეკალთა და კუროჲსთავთაჲ, არამედ არს ქუეყანაჲ იგი ესრეთ კორდ და უნაყოფჲ და იგი დღითი დღე ადროებს და გარეგანი ოდენ სახჱ დაუმარხავს, ხოლო შინაგანსა არა მიუხედვან.
97. და არს ამპარტავანებით და ზუაობით „ჩუენებად კაცთა“.
98. ხოლო ეგევითარი იგი სული აქავე მიიღებს მადლსა თჳსსა.
99. და რაჲ ყოს, ოდეს იგი განვიდეს ჴორცთაგან?
100. ოდეს თითოეულმან უჩუენოს ვენაჴი თჳსი მეუფესა, რაჲ არქუას სულმან, რაჟამს იხილოს ქვეყანაჲ თჳსი ოჴრად და უნაყოფოდ?
101. და სხუათა მათ სულთა ხედვიდეს, ვითარმედ შურეს ქუეყანაჲ მათი და იყვნენ იგინი ფრიადითა დიდებითა, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: „განბრწყინდენ პირნი მათნი, ვითარცა მზჱ“.
102. მაშინ გულისჴმა-ყოს სულმან მან, ვითარმედ აცთუნის იგი ამპარტავანებამან და ცუდად მზუაობრობამან.
103. ხოლო უკუეთუ იხილოს და გულისჴმა-ყოს სულმან, ვიდრე ჴორცთა შინა იყოსღა, ვითარმედ ემღერიან მას სულნი იგი უკეთურნი, ჴმა-ყავნ ღმრთისა მიმართ ყოვლითა გულითა და თქუნ: „სული ჩემი, ვითარცა ქუეყანაჲ წყურიელი არს შენდამი.
104. მსთუად შეგესემინ, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა...“ და ეგევითარი იგი, რომელი დაამდაბლებდეს თავსა თჳსსა, ფრიადსა ძალსა შინა არს, ვითარცა იტყჳს,
105. ვითარმედ: „გული შემუსრვილი და სული მდაბალი არა შეურაცხ-ყოს“ და „მსხუერპლ ღმრთისაჲ არს სული მდაბალი, და გული და სული შემუსრვილი და მდაბალი შემძლებელ არს წინააღდგომად სულთა მათ უკეთურთა“ და გამოძიებად არსებისა თჳსისა.
106. ნეტარ არიან, რომელნი მოსწრაფებით რბიან მცნებათა შინა, რამეთუ იგინი მიიწინენ სისრულესა.
107. ამისთჳს მოვიდა უფალი ქუეყანად, რაჲთა ჩუენ ვირწმუნოთ ჭეშმარიტებაჲ და გარდამოჴდა და აღჴდა, რაჲთა ჩუენ შეუდგეთ მას.
108. იქმნა იგი, ვითარცა ჩუენ ვართ, რაჲთამცა ჩუენ ვიქმნეთ, ვითარცა იგი არს.
109. მჴედარი იგი დიდებული, რომელი იქმნ ერთგულებით ნებასა მეუფისასა და უჩუენებნ მას, რაჲთა შევიდეს მწყობრსა შინა უცხოთესლთასა წინააღმდგომად და ბრძოლად და აღჴოცად მტერთა მათ,
110. რაჲთა მიიღოს მან თჳსი იგი ქუეყანაჲ და იხილოს დიდებაჲ თჳსი, რომელი აღუთქუა მას მეუფემან, „რომელი თუალმან არაჲ იხილა და ყურსა არა ესმა და გულსა კაცისასა არა მოუჴდა“.
111. ეგევითარმან შეიმოსოს საჭურველი სიტყჳსაებრ მოციქულისა, რომელსა იტყჳს ვითარმედ: „შეიმოსეთ ჯაჭჳ იგი სიმართლისაჲ“ და შემდგომი ამისი.
112. და ესრეთ ჟამსა მას ბრძოლისასა აღჳრ-ასხამს ცხენსა თჳსსა, რაჲთა კუალსა ზედა გონებისასა ვიდოდის ცხენი იგი,
113. ხოლო უკუეთუ მიუშუას ჴელითა მით გონებისაჲთა, მაშინ პოვის ჟამი ცხენმან და უგუნურებისაებრ თჳსისა წარიტაცის ზედამჯდომარჱ იგი თჳსი და დასცის შორის მწყობრსა უცხოთესლთასა.
114. მაშინ იცინოდიან მას უცხოთესლნი იგი, რამეთუ დიდებული იგი მჴედარი შეპყრობილ იქმნა მათ მიერ, მიერითგან იჴმარიან იგი რჩულისაებრ მათისა.
115. ხოლო მჴედრად ვიტყჳ სულსა, რამეთუ იგი არს უფალი ჴორცთაჲ და ჰყვანან მას იგინი, ვითარცა ცხენნი.
116. ამისთჳს თანა-აც სულსა, რაჲთა იპყრას კეთილად ლაგამი იგი ჴორცთაჲ და უძღოდის მას სულისა მიმართ წმიდისა, უკუეთუ კულა დამორჩილდეს სული ნებასა ჴორცთასა და ვიდოდის იგი გულისსიტყჳსაებრ თჳსისა,
117. ეგევითართა სულთა სული წმიდაჲ წინასწარმეტყუელისა მიერ ეტყჳს: „ნუ იყოფით ვითარცა ცხენი და ჯორი, რომლისა თანა არა არს გულისჴმის–ყოფა“.
118. რამეთუ სული, რომელი ნებასა ჴორცთა თჳსთასა შეუდგეს, იგი არს, ვითარცა ცხენი და ჯორი, და არა არს მის თანა გულისჴმის-ყოფაჲ სიყუარულისაჲ, რამეთუ სადა არს რისხვაჲ და შური და ჴდომაჲ და ამპარტავნებაჲ, მუნ არა არს გულისჴმის-ყოფაჲ სიყუარულისაჲ.
119. ამისთჳს, ვითარცა პირველად ვთქუ, სული, რომელი აღასრულებდეს ნებასა და გემოსა ჴორცთასა, იგი წარიტაცების მათ მიერ და შეურაცხ იქმნების.
120. ხოლო აწ, ძმანო, არა მცირედი ღუაწლი გჳნებს, რაჲთა განვაპოთ სიკუდილი და განვლოთ ცხორებად.
121. წერილ არს, ვითარმედ: „სასუფეველი ცათაჲ თქუენ შორის არს“, განსუენებაჲ და სიხარული.
122. ხოლო აწ ვისწრაფოთ, რაჲთა არა სასუფეველისა წილ იპოვოს ჩუენ თანა სიკუდილი და წარწყმედაჲ სულისაჲ და მბრძოლი და წარმტყუენველი ჩუენი.
123. ამისთჳს თანა-აც სულსა, რაჲთა არა განისუენოს ყოვლადვე, ვიდრემდე დაჰფლას წარმტყუენველი თჳსი, რომელ არს გუამი ესე.
124. „მაშინ დაილიოს ყოველივე სალმობაჲ და მწუხარებაჲ და სულთქუმაჲ“, რამეთუ აღმოეცენა წყალი „ქუეყანასა წყურიელსა“ და იქმნა უდაბნოჲ იგი განმამრავლებელ წყალთა, რამეთუ, აჰა ესერა, აღუთქუა უფალმან, რაჲთა გუალული იგი უდაბნოჲ და წყურიელი აღივსოს წყლითა ცხოველითა.
125. პირველად წინაწარმეტყუელისა მიერ იტყჳს: „მე მივსცე წყალი წყურიელთა, რომელნი-იგი ვლენან ურწყულთა შინა“.
126. ხოლო მოვიდა რაჲ უფალი და „ხატად და მსგავს ჩუენდა იქმნა“, რაჲთა გუასუას წყალი იგი ცხოველი და წყურილი იგი სულთაჲ დააცხრვოს, რომლითა შეპყრობილ იყო და ესრეთ იტყჳს უფალი:
127. „რომელმან სუას წყლისა ამისგან, რომელი მე მივსცე, მას არა მოეწყუროს უკუნისამდე“, რამეთუ იყოს იგი მის შორის წყარო წყლისა მდინარისა ცხორებად საუკუნოდ.
128. ხოლო ჯერ-არს, ძმანო, რაჲთა სიტყუაჲცა იგი მოციქულისაჲ გამოვიძიოთ და გულისჴმა-ვყოთ, რომელსა იტყჳს, ვითარმედ: „რომელმან ტაძარი ღმრთისაჲ განხრწნას, განხრწნას იგი ღმრთმან.
129. რამეთუ ტაძარი ღმრთისაჲ წმიდა არს, რომელ ხართ თქუენ“.
130. არამედ ფრიად გულისჴმა-ვყოთ სიტყუაჲ იგი, რამეთუ თჳთვე კუალად იტყჳს, ვითარმედ: „განიწმიდენით გონებანი თქუენნი და ყოველივე მაღალი, რომელი ამაღლდების გულისჴმის-ყოფასა ზედა ღმრთისასა“.
131. რამეთუ მეფე, რომელმან აღაშენა ქალაქი და ტაძარი მას შინა და დასხნა მუნ საუნჯენი დაფარულნი და მისცა იგი მნესა თჳსსა და ჰრქუა მას: „ამას ყოველსა მოგცემ შენ ჴელმწიფებით, დაჰმარხე ქალაქი ესე და ყოველი რაჲ არს მას შინა,
132. ესე ხოლო გამოგიცხადე შენ, გაქუნდინ საშუებელად შენდა, და ერთი ესე, რომელი გამცენ შენ, ნუ შჭამ მაგისგან, რაჲთა არა სიკუდილითა მოჰკუდე.
133. აჰა ესერა, ზღუდენი ჩემნი მაღალ არიან და ბჭენი ჩემითა სიბრძნითა ქმნილ არიან, რაჲთა ვერვის ძალ-ედვას განღებაჲ მათი, არამედ შენდა ოდენ მოცემულ არს ჴელმწიფებაჲ განღებად და დაჴშვად.
134. ხოლო აწ ნუ ისმენ მძლავრისა მის სიტყუასა, რაჲთა არა წარიტყუენო და იყო მონაჲ მისი და იქმოდი საქმეთა მისითა“.
135. და ესე ამცნო მას და წარვიდა.
136. მაშინ მოუჴდა მას უცხოჲ ვინმე მძლავრი და ჰრქუა მას: „რად არა ხარ შენ ჴელმწიფე ყოველსა ზედა, რომელ არს ქალაქსა მაგას შინა?
137. შემიწყნარე მე და ისმინე განზრახვაჲ და იყო შენ სწორ მეფისა“.
138. ხოლო მნესა ესმა რაჲ ესე, მეყსეულად დაავიწყდა მას მეფე იგი თჳსი და მცნებაჲ იგი და ნებითა თჳსითა განუღო კარი ქალაქისაჲ და შეიწყნარა მძლავრი იგი და მჴედრები მისი.
139. მაშინ აღეძარცუა მნესა მას სამოსელი იგი, რომელი ემოსა და იპოვა იგი მეყსა შინა შიშუელი, რამეთუ აჭირვებდეს და აშრომებდეს მას მჴედარნი იგი მძლავრისაჲ მისნი, რაჲთამცა იქმოდა ბრძანებასა მათსა.
140. ხოლო მეფესა მას აქუნდა ჴელმწიფებაჲ ყოფად, რაჲცა ენებოს.
141. და ესრეთ უშიშად მოიძია მნე იგი თჳსი და იხილა იგი ესევითარსა უპატიოებასა შინა და ჰრქუა მას: „მიგანდვე შენ ქალაქი ჩემი, რად განმეშორე? რაჲსათჳს შეურაცხ-მყავ მე?
142. რომელი-რაჲ იყო ქალაქსა მაგას შინა ყოველი ჴელმწიფებასა ქუეშე შენსა იყოა და რად ურჩ მექმენ მცნებასა ჩემსა და დაემორჩილე მძლავრსა მაგას?
143. და აწ გხედავ შენ, ვითარმედ ხარ შენ მონებასა მისსა.
144. მე დავაფუძნე ქალაქი, რაჲთა ჰსუფევდე ჩემ თანა, ხოლო შენ განმეშორე მე და აწ ვხედავ თავსა შენსა, ვითარმედ ხარ შენ გლახაკ და შიშუელ.
145. ხოლო უკუეთუ გნებავს კუალად პირველსავე მას დიდებასა მოსლვაჲ, ვითარცა-იგი დაუტევენ მცნებანი და ისმინე მძლავრისაჲ მის, ეგრეთვე კუალად დაუტევე სიტყუაჲ მისი და მოიქეც ჩემდავე და ისმინე ჩემი და იქმოდე ნებასა ჩემსა.
146. არამედ ფრიადითა შრომითა და „ოფლითა პირისა შენისაჲთა მიღებად-გიც პირველი დიდებაჲ შენი, მოცემულ იყო შენდა უშრომელად და შენ წარსწყმიდე სამკჳდრებელი შენი“.
147. ხოლო აწ, ძმანო, გულისჴმა-ვყოთ თითოეულმან, თუ რაჲ წარგჳწყმედია და მოვიგოთ ჩუენ გლოვაჲ იგი წინაწარმეტყუელისაჲ, რამეთუ „სამკჳდრებელი ჩუენი მიეცა უცხოთა“ ურჩებისათჳს ჩუენისა და აღსრულებისათჳს ნებათა ჩუენთაჲსა.
148. და რამეთუ გუეჰამებიან ჩუენ შეგინებულნი და სოფლისა გულისსიტყუანი, რაჟამს გონებაჲ ღმრთისაგან განეშოროს და მოიცალოს მან მცნებათაგან ღმრთისათა,
149. მაშინ შეექცევის იგი გულისსიტყუათა მათ ბოროტთა, რომელთა მიერცა შეპყრობილ არიან, ამისთჳს, ვითარმედ ფრიად განეშორა სული ღმრთისაგან და ვიქმნენით ჩუენ, ვითარმცა არა გუესუა მამაჲ.
150. ამისთჳს თანა-აც, რომელსა აქუნდეს ტკივილი სულისათჳს თჳსისა, „რაჲთა განიწმიდნეს გულისსიტყუანი თჳსნი და ყოველი სიმართლჱ, რომელი ამაღლდების გულის-ჴმის-ყოფასა ზედა ღმრთისასა“.
151. და უკუეთუ კაცი ესრეთ იღუწიდეს, რაჲთამცა ტაძარი იგი ღმრთისაჲ შეუგინებელად დაჰმარხა, მაშინ მოვალს მისა, რომელმან-იგი თქუა: „დავიმკჳდრო და ვიდოდი თქუენ შორის“.
152. მაშინ მიიღებს სული იგი თჳსსა მას სამკჳდრებელსა და იქმნების ტაძარ ღმრთისა და განაძებს იგი უკეთურსა მას მჴედრობითურთ თჳსით და მიერითგან სუფევს სული იგი.
153. იხილეთ, ვითარ შეიყუარა ღმერთმან და პატივ-სცა მას ხატითა და მსგავსებითა თჳსითა და ადიდა იგი.
154. ხოლო მან უგულებელს-ყო და განარისხა იგი.
155. რამეთუ, ვითარცა დაენერგვის ნერგი მცირე და არს იგი ხატი და მსგავსებაჲ სრულისა ხისაჲ, ეგრეთვე სული ვითარცა ნერგი დაენერგა სამოთხესა შინა, რაჲთა აღორძნდეს და ნაყოფი გამოიღოს.
156. ხოლო ურჩებითა გარდაჰჴდა იგი მცნებასა და ბოროტითა მით გონებითა გამოიღო ნაყოფი იგი ცოდვისაჲ და ვითარცა თჳსითა ნებითა აღორძნდა სიბოროტესა შინა,
157. ეგრეთვე თანა-აც, და თჳსითავე ჴელმწიფებითა აღმოჰფხურას ნერგი იგი სიბოროტისაჲ, დამყნას თჳსსავე ზეთისხილსა ზედა, სიტყჳსა მისებრ მოციქულისა.
158. ხოლო რაჲთა სცნა, ვითარმედ ღმერთი სულსა ნერგსა მიამსგავსებს, ისმინე, რასა იტყჳს ღმერთი წინაწარმეტყუელისა მიერ, რაჟამს-იგი ნეტარებითა მით გარე-მიაქცევდა სულსა განზრახვისა მისგან უკეთურებისა და აყენებდა დადგრომად გზასა ცოდვილთასა,
159. რაჲთა წარემართოს სული იგი და დღე და ღამჱ შჯულსა მისსა იმარხვიდეს, იწურთიდეს და ესრეთ იტყოდის: „იყოს იგი, ვითარცა ხჱ, დანერგული თანაწარსადინელსა წყალთასა, რომელმან გამოსცეს ნაყოფი თჳსი ჟამსა თჳსსა“.
160. ხოლო სული, რომელი გზასა ურჩულოებისასა ვიდოდის და განზრახვათა შინა ბოროტთა, ეგევითარისა მის სულისათჳს იტყჳს: „არა ესრე უღმრთონი, არა ეგრე, არამედ ვითარცა მტუერი, რომელ აგავის ქარმან პირისაგან ქუეყანისა“.
161. გულისჴმა-ყავ აწ განყოფანი ორთა მათ სულთანი: რამეთუ რომელი შრომით და მოწყალებით შეყოფილ იყოს მცნებათა ღმრთისათა, მის ზედა მოვალს სიმდიდრჱ სულისა წმიდისაჲ და ესრეთ განძლიერდების სული იგი და მოვალს „საზომსა“, რომელი გჳჩუენა ჩუენ უფალმან.
162. ხოლო სული, რომელი ცოდვასა შინა იყოს და განზრახვასა შინა ბოროტსა და გული უთქმიდეს დადგომად გზასა ცოდვისასა, იგი სუბუქ არს და ვიდრეცა ენებოს მტერსა, წარიტაცებს და ემღერის მას ვითარცა ჰაერთა შინა.
163. რამეთუ წინაშე ღმრთისა ყოველი ცხად არს და მან უწყნის განზრახვანი გულთა ჩუენთანი და გზანი სულთა ჩუენთანი უწყნის.
164. ამისთჳსცა, ძმანო, გევედრები, განვაქარვოთ ვნებაჲ ჩუენი ჴორციელი, და არა ვიტაცებოდით მტერისა მიერ, „ვითარცა მტუერი“ ქარისაგან.
165. არამედ შევეყვნეთ მცნებათა უფლისათა, რაჲთა სიმდიდრე იგი სულიერი მოვიგოთ და ვისწრაფოთ აღორძინებად მსგავსად ნერგისა, რომელი პირველ ვთქუთ.
166. რამეთუ ვითარცა ჩჳლი, რომელი იშვის, არნ იგი ხატ სრულისა კაცისა, ეგრეთვე სულიცა ხატ არს დამბადებელისა.
167. და ვითარცა ჩჳლი, რომელი აღიზარდებოდის, უფროჲს და უფროჲსად მიიღებს სიყუარულსა მამისა თვისისა, ხოლო ოდეს მოვიდეს სრულსა ჰასაკსა, მაშინ იცნობს სრულიად ძჱ მამასა და მამაჲ ძესა და გამოეცხადებიან მას საუნჯენი მამისა თჳსისანი ხოლო,
168. რაჟამს-იგი განისწავლოს სიბრძნითა სულისაჲთა, ეგრეთვე სულსა ეგულებოდა წარმართებაჲ უწინარეს ურჩებისა და მოსლვაჲ საზომსა სრულსა.
169. არამედ ურჩებისაგან სიჩჩოჲსაცა იგი სიყუარული დაფარულ იქმნა და მცირედ რაჲმე დაშთომილ არს მისგან და შევიდა იგი სიღრმესა უგულისჴმოებისასა და უფსკრულსა დავიწყებისასა და მღჳმესა ცთომისასა შთავიდა.
170. და დაიმკჳდრა ბჭეთა ჯოჯოხეთისათა და განეშორა სული ფრიად მცნებისაგან უფლისა და ვერღარა შემძლებელ იყო პოვნად მისა ანუ თუ შემეცნიერებად მისა.
171. არამედ ღმერთი პირველად წინაწარმეტყუელთა მიერ ასწავებდა მას, რაჲთამცა მოიქცა, ხოლო უკანაჲსკნელთა მათ ჟამთა მიუწთომელმან და მოუგონებელმან, რომელსა არცა დასაბამი აქუს, არცა დასასრული, ნეტარმან სამებამან, განუყოფელმან განზრახვითა მიუწთომელი იგი არსებაჲ,
172. ამან ღმერთმან ჩუენმან, მიუთხრობელმან და გამოუთქუმელმან თჳთ თავისა თჳსსა მცნება იქმნა განგებულებით და ჩუენთჳს თჳთ თავი თჳსი მოავლინა.
173. და მო-რაჲ-ვიდა ძჱ მამისა მიერ, რომელმან განაქარვა ცთომაჲ და ბჭენი იგი ჯოჯოხეთისანი განუღებელნი განახუნა და სულისა მიმართ ცთომილისა,
174. რაჲთა თჳთ სულმან სახჱ იპოვოს და შეუდგეს მას, ვიდრე პირველად ხატადმდე და მაშინ შეეყოს მცნებასა მას და შეერთოს მას, რაჲთა ურჩებისა მისგან მოვიდეს სიყურულსა მას პირველსა.
175. ხოლო პირველისა მის სიყუარულისაგან მცნებისა მიერ პოვოს განსუენებაჲ, რომელ არს სრული იგი სიყუარული.
176. აჰა, სიყუარული იგი და მოწყალებაჲ გამოუთქუმელი მეუფისაჲ!
177. თავსა თჳსსა მფრინველსა მიამსგავსებს, რაჲთა შეცთომილი იგი სული მიივლტოდის ფრთეთა ქუეშე მისთა და ესრეთ იტყჳს ცხოველსმყოფელი „რაოდენგზის ვინებე შეკრებაჲ თქუენი, ვითარცა მფრინველმან რაჲ შეიკრიბნის მართუენი თჳსნი ქუეშე ფრთეთა თჳსთა და არა ინებეთ“.
178. რამეთუ იტყჳს: „რომელსა უყუარდე მე, შეყუარებულ იყოს მამისა მიერ ჩემისა და მეცა შევიყუარო იგი და გამოეცხადოს მას თავი ჩემი“.
179. და სხუასა მრავალსა გუასწავებს ჩუენ და რაჲთა შევიდეთ ფრთეთა ქუეშე დედისა ჩუენისათა, რომელ არიან მცნებანი მისნი, რაჲთა ესრეთ განჴურდეს სული სიტყჳსა მიერ და განძლიერდეს.
180. მაშინ მოეჴადების მას საბურველი იგი და იშვების სულითა, რაჟამს-იგი გამოცხადნის ქრისტე შორის მისსა.
181. და მერმე შეეყოფვის გარეშეუწერელსა მას წყაროსა, დაუსაბამოსა მას გონებასა.
182. აწ გულისჴმა-ყავ, სულო, უკუეთუ ხარ ფრთეთა ქუეშე დედისა შენისათა და ნუ გამოხუალ მიერ, რაჲთა არა წარსწყმდე გუელთა მიერ, რამეთუ მოვიდა მაცხოვარი, რაჲთა გაცხოვნოს და განაახლოს სული და წარწყმიდოს უცხოჲ იგი, რომელ არს ბრმაჲ და ღამისა თესლი.
183. რაჲთა გამოაჩინოს უფალმან თჳსი სიყუარული მის ზედა, რაჲთა განვლნეს სულმან მან „მთავრობანი და ჴელმწიფებანი“ და შეეყოს ნაყოფიერი ნათელი ნათელსა ნეტარსა.
184. ეჰა, ფრთენი იგი განმარტებულნი, ეჰა, მოწყალებაჲ იგი დიდი დედისაჲ. ამენ.